ბოლო დროს, მოდის ინდუსტრიაში, კერძოდ სამოდელო სააგენტოებში საგრძნობლად იმატა ანორექსიით დაავადებულ მოდელთა რაოდენობამ. მოდელების ჯანმრთელობისა და მათი წონის საკითხი საზოგადოებისა და მოდის კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში 2006-2007 წლებში მოექცა, როდესაც ანორექსიისგან ორი ცნობილი მოდელი გარდაიცვალა.
რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ესპანეთსა და ინდოეთში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს აკრძალვა ისეთი ფოტოსესიებისა და დეფილეების გამართვაზე, რომელში მონაწილე გოგონების სხეულის მასის ინდექსი 18,5-ზე ნაკლებია. ორი თვის წინ მსგავსი კანონი ისრაელმაც მიიღო.
ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი ჟურნალის Vogue-ის მიერ დღეს, გავრცელებული განცხადების თანახმად, ჟურნალის რედაქტორებმა მთელ მსოფლიოში უარი განაცხადეს ზედმეტად გამხდარ მოდელებთან მუშაობაზე.
განცხადებას ხელს აწერს ჟურნალის 19 მთავარი რედაქტორი.
„Vogue-ს სჯერა, რომ კარგი ჯანმრთელობა სილამაზის საწინდარია. Vogue-ის რედაქტორებს მთელი მსოფლიოდან სურთ, რომ ჟურნალი ასახავდეს მათ მხარდაჭერას ჯანმრთელი მოდელების მიმართ, რომლებიც მის გვერდებზე გამოჩნდებიან,“ - ნათქვამია განცხადებაში