საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, რადიო "ეხო მასკვისა" და ტელეკომპანია "რაშა თუდეის" ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე მოდურ და გემოვნებიან ქალად მიიჩნევა. ის თბილისში აპრილში ჩამოვიდა და "ყველა სიახლეს" მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც გაზეთის წინა, მე- 17 ნომერში დაიბეჭდა. შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით და სოფოს მოდასა და ჩაცმის სტილზეც ვთხოვეთ თვალსაზრისის გამოხატვა:
- ადრე მიყვარდა გამოპრანჭვა, მაგრამ რაც დრო გადის, ჩაცმაზე უფრო ნაკლებს ვფიქრობ. საღამოობით ხშირად მიწევს ისეთ წვეულებაზე წასვლა, სადაც ვიცი, რომ გადამიღებენ, ამიტომ განსაკუთრებულად ვიმოსები. მიყვარს სხვადასხვა სტილის სამოსის ერთმანეთთან შეხამება. მიმაჩნია, რომ დიდი გოიმობაა ერთი ბრენდის ამოჩემება. შესაძლოა გეცვას ძალიან იაფფასიანი სამოსი ძვირად ღირებულთან ერთად, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან ლამაზად იყოს შეხამებული. მთავარია, შინაგანად იყო კარგად და ჯანმრთელად.
- რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?
- არის კლასიკური ბრენდები, რომლებიც ადრე არ მომწონდა, მაგრამ ახლა ვგიჟდები. ასეთია უკვდავი "შანელი", რომლის ნაწარმიც 20 წლის შემდეგაც შეგიძლია ჩაიცვა. მომწონს "ჰერმესი" და "ივ სენ ლორანიც".
- დღეს თითქმის მთელი თბილისი "ჰერმესის" ჩანთებს ატარებს...
- თბილისში ყოველთვის ასე იყო. მახსოვს, წინათ, როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი, აქ გრძელი შავი ტაფტის კაბები იყო მოდური, რომელიც გამოსაშვებ საღამოებზე აცვიათ. ქართველ გოგონებს დამახასიათებელი გარეგნობა აქვთ, რაც ძალიან მაგონებს იტალიურ ნეორეალიზმს. მიმაჩნია, რომ თბილისში უფრო გემოვნებით იმოსებიან გოგონები, ვიდრე მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი ჩანთა უჭირავთ, ყველას აქვს შინაგანი სამყაროს გადმოცემის ნიჭი, რუსეთში კი კარგად ჩაცმულად მაშინ მიგიჩნევენ, თუ თავიდან ფეხებამდე "დოლჩე და გაბანას" სამოსი გაცვია.
- ქართველი მამაკაცების ჩაცმულობა მოგწონთ?
- ცოტა წინ წავედით, დავიხვეწეთ და ეს მამაკაცების ჩაცმულობაზეც აისახა, მაგრამ არ ვაკვირდები, ვის რა აცვია.
- ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში გსიამოვნებთ მაღაზიებში სიარული?
- ბოლო ხანს საზღვარგარეთ უფრო სამოგზაუროდ დავდივარ, თუმცა შოპინგისთვის ძალიან კარგია იტალია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოდის მექა. ასევე, კარგია ნიუ- იორკიც.
- ვის მიიჩნევთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად?
- მომწონს დიზაინერ იულიანა სერგეენკოს აგრეთვე, ჩემი მეგობრის, დარია სპირიდოროვნას სტილი, გამოვარჩევდი ილხამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევასა და სოფო ნიჟარაძეს.
- როგორ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას?
- სამუშაოზე მუდამ მაკიაჟით ყოფნა მიწევს, ამიტომ ეთერს მიღმა, თუ გადაღება არ არის, მაკიაჟს თითქმის არ ვიკეთებ. მყავს საკუთარი სტილისტი, რომელიც ჩემს საეთერო მაკიაჟზე ზრუნავს. ამერიკაში ცხოვრებისას გავიარე თვენახევრიანი კურსები და შემიძლია თვითონ გავიკეთო მაკიაჟი.
- რომელ პარფიუმერიულ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?
- ვხმარობ "აი დის" პროდუქციას, რომელიც მინერალებზეა დამზადებული. თვალის ჩრდილები, კრემები - ყველაფერი პუდრივით არის, შეგიძლია არც ჩამოიბანო - სახეს არ ვნებს.
- ქართული ბრენდებიდან რომელს გამოარჩევთ?
- ძალიან მომეწონა "სამოსელი პირველი". რამდენიმე დღის წინ შევიძინე ქვედაკაბა და პიჯაკი. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ სამოსზე. ეს არის მაღალხარისხიანი, ლამაზი და ქართული ორნამენტებით გაფორმებული ტანსაცმელი, რომელიც ძვირიც არ ღირს და ზუსტად ვიცი, რუსეთში ასეთი არავის ეცმება.
- თბილისში პლასტიკური ოპერაციების ბუმია. თქვენ თუ ხართ ამის მომხრე?
- თუ შემაწუხებელი რაღაც არ გჭირს, პლასტიკურ ქირურგიას არ უნდა მიმართო. როგორიც დაიბადა, ისეთი უფრო კარგია ადამიანი. უბრალოდ, უნდა იცოდე თავის მოვლა - არ მოსწიო, არ დალიო, სწორად იკვებო, ივარჯიშო. მსოფლიოში პლასტიკურ ქირურგიას თითქმის აღარავინ მიმართავს. რომელ პლასტიკურ ქირურგსაც უნდა დაელაპარაკო, გეტყვის, რომ უმთავრესად არაინვაზიური ტექნოლოგიებით მუშაობს. ჭრა- კერვა აღარ არის მოდური. მილიონი სხვა საშუალებაა იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე - არ არის საჭირო, კანის გადაჭიმვა, ცხვირის მოჭრა და ორგანიზმში 200 კილოგრამი სილიკონის შეყვანა.
- ახერხებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას?
- სამწუხაროდ, ვერა. როგორ უნდა მოვახერხო? თუმცა ვცდილობ. ადამიანი თვითონ არ უნდა მოექცეს ცუდად საკუთარ თავს. ბევრი ჭამა საკუთარი თავისადმი უპატივცემლობაა. მეც მიყვარს ჰამბურგერი და დესერტი, მაგრამ ვცდილობ, თავი შევიკავო.
- რომელი აქსესუარები მოგწონთ განსაკუთრებით?
- შარფები და კლატჩები. ძალიან ბევრი კლატჩი მაქვს.
- რა არის მთავარი იმისთვის, რომ ქალი კარგად გამოიყურებოდეს?
- ყველაზე ლამაზი ქალები, ვისაც კი ვიცნობ, ისინი არიან, ვინც თავს შინაგანად გრძნობენ კარგად. შეიძლება ლამაზად გეცვას, მაგრამ თუ შინაგანი სხივი არ მოდის, ეს ყველაფერი იკარგება. ასე რომ, შენი თავი უნდა გიყვარდეს.