კორუფციული გარიგება პარტიებს შორის

კორუფციული გარიგება პარტიებს შორის

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ნინო ბურჯანაძის პარტიის, "დემოკრატიული" მოძრაობისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" გაერთიანებას იმთავითვე მოჰყვა მრავალი კითხვის ნიშანი. საზოგადოება შოკში ჩააგდო ბურჯანაძისა და "ქდმ"-ს ალიანსმა. გიორგი თარგამაძე და მისი პარტიის ლიდერები, ბურჯანაძეს პრორუსულ ძალასა და კრემლის პროექტს ეძახდნენ წლების მანძილზე, ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდის წევრები კი "ქდმ"-ს "ნაცმოძრაობის" სატელიტად და მიხეილ სააკაშვილის ჯიბის პარტიად ნათლავდნენ და ერთ მშვენიერ დღეს ვიგებთ, რომ "ქდმ"-ს თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს და ერთად გამოვლენ არჩევნებზეო.

ადგილობრივმა არჩევნებმა ისე ჩაიარა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გუშინ კი სააგენტო "ნიუპოსტმა" გაავრცელა სკანდალური წერილი, რომელიც სააგენტოს ინფორმაციით, უცნობმა პირმა გამოუგზავნა:

"2014 წლის 6 ივნისს საიდუმლო ვითარებაში, ისე რომ არც ერთი ჟურნალისტისთვის არ უცნობებიათ გაიმართა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყრილობა, რომელზეც გიორგი თარგამაძესთან ერთად გადადგომის შესახებ განაცხადა პარტიის მთელმა ხელმძღვანელობამ: ლევან ვეფხვაძემ, მაგდა ანიკაშვილმა და ნიკა ლალიაშვილმა. ყრილობას არ ესწრებოდნენ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ ნაცვლად დარბაზში ნინო ბურჯანაძის პარტიის ე.წ. "დემოკრატიული მოძრაობის" რამდენიმე ათეული აქტივისტი იყო წარმოდგენილი. ყრილობამ, არც მეტი და არც ნაკლები, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი თარგამაძის ნაცვლად ნინო ბურჯანაძე აირჩია, რომელმაც დატოვა საკუთარი პარტია ("დემოკრატიულ მოძრაობას" ამჟამად ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს). "ქდმ"-ს გენერალურ მდივნად არჩეული იქნა ზაზა ვეკუა. დღემდე ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი საგულდაგულოდ მალავს გაქრისტიან-დემოკრატებას, და განცხადებებს კვლავინდებურად "დემოკრატიული მოძრაობის" სახელით აკეთებს, თუმცა ქრისტიან-დემოკრატების ვებ-გვერდი: წწწ.ცდმ.გე გათიშულია და იგი ავტომატურად მისამართდება "დემოკრატიული მოძრაობის" მისამართზე:  წწწ.დემოცრატს.გე.

საარჩევნო კამპანიის დროს ბურჯანაძემ სრულად ისარგებლა "ქდმ"-ს კუთვნილი საბიუჯეტო რესურსებით: 2-2 წარმომადგენელ თითოეულ საარჩევნო უბანზე (სულ - 700 000 ლარი) და უფასო სარეკლამო დროით (დაახლოებით 13 მლნ ლარი). რაღა თქმა უნდა, გიორგი თარგამაძესა და ლევან ვეფხვაძეს ეს "საჩუქარი" ნინო ბურჯანაძისთვის უანგაროდ არ გაუკეთებიათ: "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში", მოარული ხმების მიხედვით, თარგამაძემ, ვეფხვაძემ და კომპანიამ საკუთარი პარტიის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნინო ბურჯანაძისგან სოლიდური ჰონორარები მიიღეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გარიგებას ყოველნაირად შეუწყო ხელი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ: ჯერ იყო და ამომრჩეველს დაუმალა, რომ არჩევნებში არანაირი საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ოპოზიცია" არ მონაწილეობდა და სინამდვილეში არჩევნებში წარმოადგენდა "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას". ამის შემდეგ კი #3 სუბიექტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები დაარეგისტრირა ნინო ბურჯანაძის ხელმოწერით, რომელიც ამ დროისთვის არ წარმოადგენდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" დამფუძნებელი წევრები და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთაც სულ ახლახან შეიტყვეს ამ კორუფციული გარიგების შესახებ, დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ".

ამ წერილის მიხედვით ისე გამოდის, რომ ბურჯანაძემ თითქოს რაღაცის საფასურად მიიღო "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი.

"ალია" თავდაპირველად ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლებთან დაკავშირებას და ამ სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარის მოპოვებას შეეცადა. გიორგი თარგამაძემ მხოლოდ ეს გვითხრა: "მე ნახევარი წელია პოლიტიკას არ შევხებივარ, წამოვედი. არც კი გავცნობივარ მაგ განცხადებას, რაზეც მელაპარაკებით. გავეცნობი და თუ საჭიროდ ჩავთვლი, კომენტარს გავაკეთებ". ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს წერილში ნახსენებმა ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა. "ქდმ"-ს მხრიდან, წერილში მოხსენიებულთაგან, მხოლოდ ნიკა ლალიაშვილის ჩაწერა მოვახერხეთ:

ბატონო ნიკაპარტიის ლიდერებს ბრალს გდებენრომ გარიგებაში შეხვედით ნინო ბურჯანაძესთან და პარტია მიჰყიდეთ.

- რა უნდა ვთქვა, სისულელეა. ნინო ბურჯანაძე აირჩია პარტიის ყრილობამ თავმჯდომარედ.

აბარატომ გამოაპარეთ პარტიის ყრილობა ადგილობრივი ორგანიზაციის ზოგიერთ ხელმძღვანელსრატომ არ მიიწვიეთ ყრილობაზე?

- ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყრილობა ჩატარდა ყველა წესის დაცვით, ვინც საჭირო იყო, ყველა მოწვეული იყო ყრილობაზე და ყრილობა ლეგიტიმური და კანონიერი იყო. პარტია ხომ არ არის რაღაც შპს, არა? ცოცხალი ორგანიზმია და მისი წევრებისგან შედგება. პარტიას აქვს თავისი ღირებულებები, პოლიტიკური შეხედულებები. ყველა პარტიის მიზანია, ადრე თუ გვიან, მოვიდეს ხელისუფლებაში და იყოს მმართველი პარტია. შესაბამისად, პარტიის წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ, თუ ისინი აირჩევდნენ პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძეს, შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ამაში ვერაფერ ალოგიკურს ვერ ვხედავ.

თქვენი ოპონენტირომელმაც სააგენტოს ეს წერილი მიაწოდააცხადებსრომ ნინო ბურჯანაძემსავარაუდოდჰონორარი გადაუხადა გიორგი თარგამაძესა და ლევან ვეფხვაძესიმის საფასურადრომ პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყოფაქტობრივადიმას ამბობსრომ ბურჯანაძემ "ქდმიყიდა.

- თუკი ბურჯანაძე ამბობდა, "ქდმ" "ნაცმოძრაობის" სატელიტი პარტიააო, თუკი "ქდმ" ჩასაძირად და დასაშლელად განწირული პარტია იყო, რაში სჭირდებოდა ნინო ბურჯანაძეს, რომ ასეთი, გაუფასურებული პარტია იყიდა? ყველაფერი ლოგიკურია. პარტიის ლიდერების ნაწილი საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან და ბუნებრივია, პარტიის წევრებმა ისეთი ლიდერი აირჩიეს, რომელიც, მათი აზრით, იმ მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ, რაც მათ დასახული აქვთ. ვიღაცებმა არ მისცეს ნინო ბურჯანაძეს ხმა და ეს ბუნებრივია. ისიც ბუნებრივია, რომ პარტიის წევრთა რაღაც რაოდენობა ვერ მოხვდა ყრილობაზე. არ მინდა ვინმე დავაკნინო, მაგრამ რადგან ისინი კორუფციულ გარიგებაზე ლაპარაკობენ, ამ ბინძურ ცილისწამებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. შესაძლოა, ლუკმაპურის საშოვნელად გამოსულები არიან, მათ ვიღაც რაღაცას დაჰპირდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

"ალიას" კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" რომელიმე ლიდერის კომენტარიც სურდა, მაგრამ კატეგორიულად განაცხადეს, გიორგი ახვლედიანის გარდა, ვერავინ დაგელაპარაკებათო და ახლა მეორე ქდმ-ელთან მოგვიწია საუბარი.

- ინკოგნიტო ავტორის მიერ გავრცელებულ წერილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს, მაგრამ ძალიან მარტივად დგას საკითხი. ჩვენ როცა ნინო ბურჯანაძეს პარტიასთან კოალიციაში შესვლა გადავწყვიტეთ, ამის წინააღმდეგი "ქრისტიან-დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოჩა ჯოჯუა წავიდა. მას სურდა სხვა გაერთიანებაში შესვლა, ჯავახაძე-ედპ-დავითაია, 8 პარტია რომ უნდა გაერთიანებულიყო და ვერ გაერთიანდა. მერე ჩვენ, პარტიის ლიდერები, მას კატეგორიულად არ დავეთანხმეთ, ვუთხარით, რომ ჩვენი არჩევანი "დემოკრატიულ მოძრაობასთან" მჭიდრო კონსოლიდაცია იყო. ჯოჯუამ განაცხადა, მაშინ მე დავტოვებ პარტიასო და დატოვა. "თბილისის ორგანიზაცია" მხოლოდ 2 კაცი იყო, მასთან ერთად რომ წავიდა. ეს აპრილში მოხდა. ახლა, რა მორალური, პოლიტიკური და იურიდიული უფლებით აცხადებს, რომ ჩვენი ყრილობა იყო არალეგიტიმური, "ქდმ"-სთვის უნდა იბრძოლოს. სასამართლოშიც აპირებს ჩივილს. გაუშვი, იჩივლოს...

წერილის მიხედვითძალიან ბევრი ადამიანი იმ ყრილობას არ ესწრებოდასადაც ნინო ბურჯანაძე აირჩიეთ პარტიის თავმჯდომარედეს ხალხი "ქდმ"- რეგიონული და  რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები იყვნენ.

- ადრე იყვნენ თავმჯდომარეები, მაგრამ 2013 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები წავაგეთ, პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყველა რეგიონული და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ბოლოს და ბოლოს, ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე გადადგა და საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან. ყრილობა რომ ჩავატარეთ, მოვიწვიეთ იმ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ვინც ჩავთვალეთ, რომ ახალ ვითარებაში გამოადგებოდნენ პარტიას, ვისთანაც ურთიერთობის გაგრძელებასაც აღარ ვთვლიდით საჭიროდ, ისინი აღარ მოვიწვიეთ. ამის გამო გაგვინაწყენდნენ. ზოგი იმის გამო განაწყენდა, რომ ვერ მოხვდა საკრებულოში ან გამგებელი ვერ გახდა.

ყრილობაზე ჟურნალისტები არ მიგიწვევიათამის გამოც არისსაიდუმლო ვითარებაში ყრილობის გამართვას რომ გაბრალებენ და სამართლიანადაც.

- ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ყრილობა პიარისთვის არ უნდა ჩაგვეტარებინა, არ იყო მისი გაშუქება საჭირო მედიით. ყრილობას, რომელზეც მედიის წარმომადგენლებსაც დავპატიჟებთ და პიარ-დატვირთვაც ექნება, სექტემბერში გავმართავთ.

გიორგიყოფილი ჟურნალისტი ხართ და ნამდვილად არ გესწავლებათპარტიის ყრილობაზე მედიას რომ არ მიიწვევბუნებრივად ჩნდება ლოგიკურისაფუძვლიანი ეჭვირომ ის საიდუმლო ვითარებაში ჩატარდა.

- ეს აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათის ყრილობა იყო, ეს არ იყო ყრილობა, საიდანაც საზოგადოებისთვის რაღაც გზავნილები უნდა მიგვეწოდებინა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინკოგნიტო ავტორის განცხადებაში ნათქვამიარომ გავრცელებული ხმების თანახმად, "თარგამაძემვეფხვაძემ და კომპანიამ საკუთარი პარტიის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნინო ბურჯანაძისგან სოლიდური ჰონორარები მიიღეს".

- ამის შესახებ სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს, ეს არის აბსურდული ჭორი, გიორგისა და ლევანის წინააღმდეგ აგორებული. ეგ ამბავი ვისგან მოდის, ეს უკვე არ ვიცი, იქნებ მითხრას მაგ ვიღაცამ, რა ჰონორარზეა ლაპარაკი.

ამის შემდეგ "ალია" გოჩა ჯოჯუას დაუკავშირდა, მის მიმართ გიორგი ახვლედიანის ბრალდებები გააცნო და კომენტარი სთხოვა:

- ძალიან მარტივად არის ყველაფერი. როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებაზე, თავიდან პროცესში ვიყავი ჩართული და ინფორმაციებიც მქონდა. როცა გაცხადდა, რომ ბურჯანაძე უნდა გამხდარიყო ლიდერი, მერე დაიწყო ინფორმაციის დაბლოკვა, კულუარული გარიგებები. ამის გამო გავემიჯნე მე მაგათ, ბურჯანაძისა და ამ დახურული პროცესის გამო. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ზურგსუკან, კულუარული გარიგებები. კი, მართალს ამბობს გიორგი ახვლედიანი, მე მართლა მომხრე ვიყავი დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნისა, მაგრამ მარტო ჯავახაძესთან და ედპ-სთან ერთად არა, რაც მეტი გაერთიანდებოდა, მით უკეთესი. რეალურად რა მოხდა? კოალიციას "ერთიანი ოპოზიცია" დაერქვა და ოთხი სუბიექტი იყო მხოლოდ, ხალხი მოატყუეს. ეს იყო ფარსი, "ქდმ"-ს მეშვეობით მოხდა არჩევნებზე გასვლა. მაშინ იმდენი საკანონმდებლო ნორმა იყო დარღვეული, შეგვეძლო ნინო ბურჯანაძის პარტიის არჩევნებიდან მოხსნა, მაგრამ გავჩერდით, რადგან ხალხს არ ეფიქრა, რომ ოპოზიციონერი ბურჯანაძის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ხელისუფლების წისქვილზე ვასხამდით წყალს.

ყრილობა იყო ფარსი. რას ჰქვია, პარტიის მთავარმა კომიტეტმა ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები მოვალეობის შემსრულებლად გაამწესა და ამიტომ, ვინც საჭიროდ ჩავთვალეთ, ის მოვიწვიეთო? ამის უფლება მთავარ კომიტეტს არ აქვს, ეს პარტიის ყრილობის გადასაწყვეტია, ყრილობა კი არ ჩატარებულა. ამ ფარსზე სულ 75 დელეგატი იყო, აქედან "ქდმ"-ს წევრი იყო მხოლოდ 15. არადა, 205 დელეგატი ჰყავთ გაფორმებული. ახლა დასდევენ ხალხს, ცდილობენ, გადაიბირონ და ათქმევინონ, ვითომ ყრილობაზე იყვნენ. ეს ხალხი მე მიკავშირდება. ქდმ-ს იმ წევრების ნაწილიც, ვინც ყრილობაზე იყო, გაბრაზებული და გაოგნებულია, ჩვენ არ ვიცოდით, თუ ბურჯანაძე უნდა აერჩიათ თავმჯდომარედ, ასეთი სპექტაკლი რომ უნდა დაედგათ, აზრზე არ ვიყავით, თორემ არ წავიდოდითო. მათ ხმა არ მიუციათ ბურჯანაძისთვის და ახლა ამ ხალხსაც  გვერდზე ვუდგავარ. უამრავი ადამიანი, ვის მხრებზეც გადაიარა ამხელა პარტიამ ამდენი წლის განმავლობაში, არაფრად არ ჩააგდეს და ყრილობაზე არ დაუძახეს. ეს ყრილობა რომ გასაიდუმლოებული იყო, ამის დასტურია ჟურნალისტთა არმიწვევაც. რას ჰქვია, პიარს არ აკეთებ და ჟურნალისტებს ამის გამო არ ეძახი? პარტიის ყრილობაა, პრეტენზია გაქვს, რაღაცას წარმოადგენ და მედიას არ ეძახი? ე.ი. მალავ რაღაცას, ასაიდუმლოებ, ასეთი რამ საქართველოშიც კი პირველად მოხდა. ნინო ბურჯანაძემ გამოიყენა პარტია, მიიღო კონკრეტული სარგებელი და კარგი იქნება, ახლა თუ გვერდზე გადგება და ჩვენს დავაში არ ჩაერევა.

მე ყველანაირი მორალური, იურიდიული და პოლიტიკური უფლება მაქვს, ვიბრძოლო და პარტია არ დავუთმო და ასეც იქნება. ჩემს გვერდით უამრავი ადამიანია, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა "ქდმ"-სთვის და მათი, უკაცრავად და გადაგდება მოინდომეს, თვალსა და ხელს შუა უნდათ, რომ პარტია ააცალონ. ამას ვერ გააკეთებენ. სასამართლოში შევიტანთ სარჩელს და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" არ დავთმობთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

"ალიას" ცესკო-ს კომენტარიც სურდა ამ თემასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ცესკო-ს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ქეთი დანგაძე ჩავაყენე საქმის კურსში, რის შესახებ მსურდა კომენტარი. მან მითხრა, რომ ცესკო-ს პრესსპიკერს, ეკა აზარაშვილს გადასცემდა ინფორმაციას და მასთან დარეკვა მირჩია. ეკა აზარაშვილს არაერთხელ დავურეკე, მაგრამ მან ჩემს ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, ასეთი შინაარსის სმს-ი მივწერე: "ეკა, გაზეთ "ალიას" ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი გაწუხებთ. თქვენი ან თამარ ჟვანიას კომენტარი მინდა "ქრისტიან-დემოკრატებისა" და ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო სავარაუდო გარიგებასთან დაკავშირებით. ვინც ამას აცხადებს, ისინი თამარ ჟვანიას გარიგების ხელშემწყობად ასახელებენ. გთხოვთ, მიპასუხოთ!".

ეკა აზარაშვილმა არც ამის შემდეგ უპასუხა ჩემს ზარებს. თუ თამარ ჟვანია ან ეკა აზარიაშვილი მოისურვებენ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, "ალია" მისცემს მათ ამის საშუალებას.