როგორ წერდა გურამ ფანჯიკიძე ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს

როგორ წერდა გურამ ფანჯიკიძე ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს

„სპირალი”, „თვალი პატიოსანი,” „მეშვიდე ცა” - ეს იმ ნაწარმოებთა არასრული ჩამონათვალია, საიდანაც იწყება გურამ ფანჯიკიძის ცხოვრების ყველაზე რთული, მაგრამ საინტერესო გზა, რომელსაც ტრაგიკული დასასრული აქვს. „ხარბია კაცის გული. მრცხვენია თქმა, თვარა, კიდე ქე მინდა სიცოცხლე” - ალბათ, ისიც ამას ამბობდა, ნოდარ დუმბაძის გმირის - ოლღა ბებიას მსგავსად, როცა შუა ზღვაში თავი ცუდად იგრძნო და ნაპირზე გამოსვლა დააპირა, მაგრამ ყველაფერი წამებში მორჩა. მწერლის განვლილ ცხოვრებას მისი უფროსი ქალიშვილი იხსენებს.

მაია ფანჯიკიძე: მე ვარ უფროსი შვილი. 36 წლის ვიყავი, უკვე ორი შვილი მყავდა, მამა რომ გარდაიცვალა. შესაბამისად, მე უფრო მეტი ურთიერთობა მქონდა მამასთან, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ქუთაისის ჟურნალის გამოცემაზე მუშაობდა. ძალიან მიყვარდა მასთან ერთად სიარული, არ მეზარებოდა, ყველგან დავყვებოდი. მართალია, ხშირად არ ეცალა ჩემთვის და მისი მეგობრების შვილებთან ვერთობოდი, მაგრამ მის გვერდით ყოფნა, ის სუფრები, რომლებიც ყოველდღე იშლებოდა ქუთაისში და ხალხი, ვისთანაც მამას ჰქონდა ურთიერთობა, ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის.

რედაქცია არ ჰქონდა და ჟურნალს სახლში აკეთებდა. დაწყებული ავტორებიდან, დამთავრებული გრაფიკოსებით, ყველა ჩვენთან მოდიოდა. ძალიან საინტერესო რუბრიკები შემოიღო არალიტერატურულ საკითხებზე, რაც მაშინ, ფაქტობრივად, არსად იბეჭდებოდა: განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს აწყობდა. მიყვარდა მის გვერდით ჩამოჯდომა, როცა სტუმრები იყრიდნენ თავს, გაფაციცებით ვუსმენდი. კარგად მახსოვს ეს ადამიანები და სადღეგრძელოები. ყველა, ვინც რამეს წარმოადგენდა საქართველოში, ნამყოფია ამ სახლში.

დღესაც რომ მხვდება ხალხი და იგებენ, ვისი შვილი ვარ, თქვენთან ამა და ამ დროს მიქეიფიაო, - მეუბნებიან, არა მარტო ქუთაისში, თუკი სადმე მიდიოდა და მიაჩნდა, რომ ჩემი წაყვანა შეიძლებოდა, მივყავდი, მაგალითად, მოსკოვში. ძალიან მაინტერესებდა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა. სტუდენტი რომ გავხდი, გერმანიაში წავედი. დედაჩემს არასდროს წავუყვანივარ, არასდროს გავუცილებივარ, სულ მამაჩემი იყო ჩემ გვერდით. დედა უფრო მეტად იყო სახლში, ვიდრე მამა. დასასვენებლად მთელი ოჯახი ერთად დავდიოდით. მხოლოდ ერთხელ წაგვიყვანა ბათუმში მამამ მე და ჩემი ძმა, იმიტომ რომ, დედა ნათიაზე იყო ფეხმძიმედ. მაშინ მე ვიყავი 11 წლის, ჩემი ძმა კი - 8-ის. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა და მერე შაყირობდა - ძუძუს ვაჭმევდი ბავშვებს, მე ვიყავი კაციც და ქალიცო. როგორც წესი, ივლისში მივდიოდით რაჭაში, აგვისტოში კი ზღვაზე, ბიჭვინთაში ვისვენებდით. საინტერესო ადამიანი იყო, რომელიც ძალიან უყვარდა ხალხს. სადაც არ უნდა შესულიყო, ცენტრალური ფიგურა იყო, იმ წუთას იქცევდა ყურადღებას. ამიტომ მეამაყებოდა მის გვერდით ყოფნა. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი და ყოველთვის იყო თამადა. მის ირგვლივ დღესასწაული ეწყობოდა და, როგორც ჩანს, მინდოდა, რომ ამ დღესასწაულის მონაწილე ვყოფილიყავი.

მისი ნაწარმოებების მიხედვით თეატრებში სპექტაკლები იდგმებოდაროგორ გახსენდებათ რეჟისორებთან და მსახიობებთან მისი ურთიერთობა?

- 70-იან წლებში მამას ნაწარმოებების მიხედვით ორი სპექტაკლი დაიდგა - „თვალი პატიოსანი” და „მეშვიდე ცა”, ერთი - რუსთაველის თეატრში, მეორე - მარჯანიშვილში. ძალიან კარგად მახსოვს, პრემიერის შემდეგ მთელი დასი დაპატიჟა სახლში და უზარმაზარი სუფრა გაიშალა.

ყოველთვის მისაღებ ოთახში იჯდა და ჩვენც სულ აქ ვტრიალებდით, იქით გახვიდოდი, აქეთ გამოხვიდოდი, მისთვის უნდა ჩაგევლო. ის იყო დადებითი ენერგიის მფრქვეველი ადამიანი. წამოიღებდა გრძელი შნურით ნათურას, მაგიდასთან დაჯდებოდა და წერდა. ამ დროს ჩვენ მივდი-მოვდიოდით, იყო ხმაური, კარის გაჯახუნება, ტელეფონზე ლაპარაკი, ტელევიზორი ჩართული და არაფერი ხელს არ უშლიდა. მოსწონდა ხმაური. ერჩივნა, ყველაფრის შუაგულში ყოფილიყო, რაც ხდებოდა. გარეთაც ასე იყო. არ გამოუტოვებია არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ცხოვრებაში, სადაც არ იყო ამ ყველაფრის ცენტრში, რაც ხდებოდა, იქნებოდა ეს აფხაზეთის ომი თუ ნებისმიერი სხვა მოვლენა.

არ მახსოვს, სახლში მოსულიყო და წიგნი არ მოეტანა. წიგნს მაგიდაზე დადებდა, მოიხსნიდა საათს, ერთი დიდი ვერცხლის ბეჭედი ჰქონდა, მოიხსნიდა და იმასაც იქ დადებდა. ქორწინების ბეჭედი ერთხელ სადღაც მინდორში დაეკარგა და მას შემდეგ აღარ ჰკეთებია. არასდროს მომხდარა, ტელევიზორთან წამოწოლილიყო გაზეთით ხელში და დალოდებოდა, ახლა რაღაც დაიწყება და ვუყუროო, ასეთი რამ არ მახსოვს. უყურებდა კონკრეტულად საინფორმაციო გამოშვებას და ფეხბურთს, რომელზეც გიჟდებოდა. არავითარი საყოფაცხოვრებო საქმე მას არ ეხებოდა. ერთადერთი, საზამთროს ყიდვაზე გიჟდებოდა და მოჰქონდა იმდენი, რომ ვერ ვერეოდით. სანამ ბაბუა, მამაჩემის მამა, ცოცხალი და ჯანზე იყო, ასეთ საქმეებში ის გვეხმარებოდა. ცნობილი პედაგოგი გახლდათ და, მერე, პენსიაზე რომ გავიდა, ჩვენთან ცხოვრობდა. ძალიან ინტერესიანი კაცი იყო და, მგონი, ეს ინტერესი მისგან მოდის, რაც მამაჩემსაც ჰქონდა და მეც ჭარბად მაქვს. არაჩვეულებრივ საჭმელებს აკეთებდა, ოღონდ, ხშირად არა. მისი კერძები ცნობილი იყო.

თუ ათვითცნობიერებდითრომ თქვენ ცნობილი და არაჩვეულებრივი მწერლის შვილი ხართ?

- ჩემს დას ვეუბნებოდი, რომელიც ჩემზე თერთმეტი წლით უმცროსია, შენ ცნობილი ქართველი მწერლის შვილი ხარ, მე კი დამწყები მწერლის შვილი ვიყავი-მეთქი. მე რომ სკოლაში შევედი, იმ პერიოდში გამოვიდა მისი პირველი რომანი. ასე რომ, ის მომენტი, რომ ცნობილი კაცის შვილი ვიყავი, შეგნებულ ასაკში წამომეწია, ჩემი და, ნათია კი ამ სიტუაციაში დაიბადა. უაღრესად მოსიყვარულე იყო, გიჟდებოდა ჩვენზე, რასაც ჩახუტებით, კოცნით გამოხატავდა.

მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო: კარგი სტუდენტი უნდა ყოფილიყავი, რომ გერმანიაში წასულიყავი სასწავლებლად. უნივერსიტეტში ყოველ წელიწადს გაცვლითი პროგრამა იყო და ორ სტუდენტს გერმანიის უნივერსიტეტში უშვებდნენ. ის, რომ იქ გაგექაჩა ოთხი წელი სწავლა, იოლი არ იყო. მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, სასწავლებლად ასე შორს წავსულიყავი, არადა, ძალიან მინდოდა. უნდოდა, მალე გავთხოვილიყავი და ბევრი შვილიშვილი ჰყოლოდა. ვეუბნებოდი: მამა, გთხოვ, გამიშვი. უნივერსიტეტი რომ წარგადგენს, საკმარისი არ არის. წარდგენილი სტუდენტები მერე მოსკოვში, განათლების სამინისტროში მიდიან გასაუბრებაზე და კომისია წყვეტს, გაგიშვას თუ არა. წავიდეთ მოსკოვში, იქნება არ მოვეწონო იმ ხალხს და ჩავიჭრა. მაშინ მეცოდინება, რომ არ გამოვიდა ეს ამბავი, მეც დავწყნარდები და შენც-მეთქი. დამთანხმდა. წავედით მოსკოვში გასაუბრებაზე. ნახა, როგორ კანკალებდნენ სტუდენტები, გამოდიოდნენ ატირებულები, მე კი წარმატებით გავიარე გასაუბრება და სიამაყის გრძნობა გაუჩნდა, რომ მისი შვილი არა მარტო თბილისშია კარგი, ეს მოსკოვშიც თქვეს. არაფერი უთქვამს. ჩამოვედით. მოკლედ, შეეგუა იმ აზრს, რომ წავიდოდი და, ამით ქვეყანა არ დაიქცეოდა, ჩამოვიდოდი, გავთხოვდებოდი და შვილები მეყოლებოდა. ასეც მოხდა.

მთავარი ის იყო, აბსოლუტურად ყველას ეგონა, რომ ეს მამაჩემმა „ჩამიწყო“. აი, ეს აქვს გამოჩენილი კაცის შვილობას, რომ, სანამ დაგიჯერებენ, ძალიან ბევრი რამ უნდა დაამტკიცო, - ის, რომ ყველაფერს შენით მიაღწიე და არა იმით, რომ ძალიან კარგი მამა გყავს. თავს იკლავდა მამაჩემი, ოღონდ არ წავსულიყავი და, ამ დროს, ირგვლივ, აბსოლუტურად ყველა, ვინც კარგად არ მიცნობდა, ფიქრობდა, რომ მამაჩემმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქ გავეშვი.

როგორი იყო ეს ადამიანი უბრალო ადამიანებთან ურთიერთობისას?

- შეეძლო, ყველასთან საერთო ენა გამოენახა. რაჭაში ოცი წლის წინ სახლი ააშენა, ამიტომ იქაურობა ძალიან უყვარდა. მამა-პაპისეული სახლი უკვე ძალიან პატარა იყო ჩვენი და მისი ძმის ოჯახისთვის. ჩასვლისთანავე გადმოდგებოდა ვერანდაზე, ერთს გაისროდა და ყველამ იცოდა, რომ გურამი ჩამოვიდა. მერე კი იწყებოდა მათი თავშეყრა. ყველას უნდოდა მასთან სიახლოვე, საუბარი. მახსოვს, ფეხბურთის თამაში რაჭაში, მინდორზე, მდინარის პირას, თამაშის შემდეგ კი იქვე იშლებოდა სუფრა.

როგორია თქვენი მშობლების გაცნობისა და შეუღლების ისტორია?

- მამამ რაღაც დაწერა და გამოაქვეყნა გაზეთში, რომელსაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი გამოსცემდა. დედა გამოეხმაურა - წერილი მისწერა, სადაც უმტკიცებდა, რომ ეს ასე კი არა, ასეაო და ამის გამო შეხვდნენ ერთმანეთს რომ დალაპარაკებოდნენ. ამის შემდეგ, ძალიან მალე შეუღლდნენ.

როცა მამა დასასვენებლად მიდიოდაიქაც მუშაობდა?

- ზღვაზე დღე რომ ჩაეგდო და წყალში არ შესულიყო, ამას განიცდიდა. ამ დროს ნაპირზე იჯდა და მუშაობდა. ბიჭვინთაში როცა ვისვენებდით, არ სვამდა, ის პერიოდი სამუშაოდ ჰქონდა. მწერალი იყო და საკმაოდ უშნო კალიგრაფია ჰქონდა. რომ დაამთავრებდა, აუცილებლად წააკითხებდა დედას. ხანდახან, მაგიდაზე რომ დარჩენია ფურცლები, მივპარულვარ და წამიკითხავს. ძალიან უხარისხო, ყვითელ ფურცლებზე წერდა. რაღაც მძიმე მედალიონი ჰქონდა და მას დებდა ფურცლებზე, რომ ფურცლები არ გაფრენილიყო. ეს მედალიონი 50 წლისთავზე მოუჭრეს. ელჯუგა ამაშუკელმა ლომი დაუხატა. მედალზე ეს ლომი, ორმოცდაათი წელი და მისი სახელი და გვარია გამოსახული. ასეთ რაღაცეებზე გაბრაზება არ იცოდა მამას თავი ძალიან მამაც და ძლიერ ადამიანად მიაჩნდა.

როგორ გადაიტანა ქალიშვილების გათხოვებაქართველი მამები ხომ ამას ძალიან განიცდიან?

- ყოველ წელიწადს მეუბნებოდა - ახალ წლამდე გაძლევ ვადასო. 24 წლის გავთხოვდი, გვიან არ გავთხოვილვარ, ნათიასთან კი ეს ვერ მოასწრო. ოცს რომ გადასცილებოდა, ალბათ მასაც ასე ეტყოდა. ირაკლიც სულ ბავშვი იყო. ამას წინათ ვეუბნებოდი: ბიჭო, როგორ გამოგატანეთ ეს გოგო, ვერ ვხვდები, იმიტომ რომ, შენც ზუსტად ასეთი იყავი, როგორიც ახლა შენი შვილია-მეთქი. ირაკლი, ფაქტობრივად, მამაჩემის ხელში გაიზარდა, და გიჟდებოდა თავის სიძეზე. ნათია რომ გათხოვდა, თბილისის ომის მერე დაქცეული პერიოდი იყო. ამიტომ, ქორწილი ვერ გადაუხადა და ამაზე ძალიან გული სწყდებოდა. იცით, როგორი კაცი იყო? შემიძლია ვთქვა, რომ მამაჩემს ყველაზე ძალიან ვუყვარდი. ჩემი ძმაც და ნათიაც, ზუსტად იმავეს გეტყვიან, რადგან, ყველას უტოვებდა იმ განცდას, რომ ის იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.

ბატონი გურამის გარდაცვალება ყველასთვის ძალიან მძიმე და დაუჯერებელი მოვლენა იყოშეგიძლიათ გაიხსენოთ მისი სიცოცხლის ბოლო დღეები?

- მამას არასდროს მოუწევია. იყო ჯანმრთელობის, ენერგიის, ვაჟკაცობის, ხალისის, სიცოცხლის განსახიერება და ვერ წარმომედგინა, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლებოდა, ჩამქრალიყო. ამიტომ, ყველასთვის გამაოგნებელი იყო მისი სიკვდილი.

თბილისის „დინამო” დამატებით თამაშზე უნდა გასულიყო იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატში თამაშის უფლება მოეპოვებინა. გერმანიის ქალაქ ლევერკუზენის გუნდს „ბაიერნს” უნდა შეხვედროდა. ლევერკუზენი ძალიან ახლოს არის ბონთან, სადაც საელჩოში ვმუშაობდი. ამ გუნდის მენეჯერი მოვიდა საელჩოში და გვითხრა: ჩვენ ერთი თვითმფრინავით მივდივართ, სულ ოცი კაცი ვართ, მთელი თვითმფრინავი ცარიელია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჰუმანიტარული დახმარება შევაგროვოთ და თბილისში ჩავიტანოთ. თან, გვინდა, რომ ბავშვებისთვის უფასო ბილეთებიც წავიღოთ. იქნებ, თქვენც წამოხვიდეთ და ამ ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაში დაგვეხმაროთო. მე დამევალა ამის კოორდინაცია.

მოკლედ, დიდი ამბებით ჩამოვიდნენ. მე და კოტე გაბაშვილის ცოლი, მანანა წამოვედით. დედაჩემი და მამაჩემი ქობულეთში იყვნენ და ჩემი ძმისშვილი ჰყავდათ წაყვანილი. 26 აგვისტოს ჩამოვედი და მეორე დღეს უკან უნდა წავსულიყავი. 27-ში დილით მამა მირეკავს თავისი მობილურიდან სახლის ნომერზე. მაშინ ახალი შემოსული იყო მობილურები და ბავშვივით იცოდა აღფრთოვანება ახალ ტექნიკაზე. ყველგან არ იჭერდა და პლაჟზე წავიდა, სადაც იჭერდა. ველაპარაკე და გავედი სახლიდან. სასტუმრო „მეტეხში” ვარ, საქმეებს ვაგვარებ, მოვრჩი ყველაფერს, სტადიონზე უნდა წავიდეთ და ფეხბურთის დასრულების შემდეგ, ისევ ამათი თვითმფრინავით უნდა დავბრუნდე უკან. მოვედი სახლში, რომ გამოვიცვალო ტანსაცმელი, ჩემოდანი ავიღო და სტადიონზე წავიდე და საშინელი ამბავი მხვდება. ეს იყო დაუჯერებელი რამ - კაცს დილით ველაპარაკე, საღამოს კი მეუბნებიან, აღარ არისო. მახსოვს, მომინდა, რომ იატაკზე დავწოლილიყავი და ისე მეტირა, მეგონა, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ.

მამა ზღვაში შესულა, დედა პლაჟზე მჯდარა. იმ დღეს არ ყოფილა კარგი მზე, მოღრუბლული იყო. ფანტასტიკურად ცურავდა. საერთოდ, ყველა კარგად ვცურავთ, ცურვაზე გვატარებდა. პლაჟზე რომ ვისხედით, ვერ იტანდა, სულ მოძრაობაში უნდა ყოფილიყავი და გეცურა. ასეთი გადარეული სიყვარული იცოდა ყველაფრის. დღის გაცდენა რომ არ შეეძლო, ამიტომაც შევიდა. მაგრამ, დედამ დაინახა, რომ მალე გამობრუნდა, ეტყობა ცუდად იგრძნო თავი და ნაპირისკენ წამოვიდა. ბიჭები შევიდნენ და გამოიყვანეს, სანამ დედა აზრზე მოვიდოდა.

2000 წელი, ანუ, ერთი საუკუნისა და ათასწლეულის დასასრული და ახლის დასაწყისი მისთვის იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა და სულ ამბობდა: რა მაგარია, ამას ხომ მოვესწრებიო. ვინც არ უნდა თქვას, რომ რაღაც დაწერა და რაღაც თქვა, მამაჩემი არ იყო კაცი, რომელიც სიკვდილზე ფიქრობდა - ეს გამორიცხულია. 2000 წელი რომ დადგა, მინდოდა, მეთქვა: მამა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და შენ არ ინერვიულო, რომ ვერ მოესწარი-მეთქი.

 

 

 

 

 

 

 

Guka121 ძალიან კარგი იყო ❤️ "სპირალს" ვკითხულობდი და დამაინტერესა მისმა ბიოგრაფიამ
2 წლის უკან