ასლან აბაშიძის მოწამვლის გასაიდუმლოებული ფაქტი

ასლან აბაშიძის მოწამვლის გასაიდუმლოებული ფაქტი

"ალიას“ დღევანდელი რესპონდენტი 4 წელი ასლან აბაშიძის ოჯახში ცხოვრობდა და მსახურობდა მზარეულად. ის წარმოშობით ადიგენის რაიონიდანაა. როგორც თავად აცხადებს, 4 წელი ადამიანურად იცხოვრა. ხელის გულზე ატარებდნენ, მაგრამ ბოლოს „სამეფო კარის ინტრიგებს“ ლამის შეეწირა და ცოცხალმა ძლივს გამოასწრო თბილისში.

ქალბატონი ყველაფერს კი გვიყვება, მაგრამ წუხს, ინკოგნიტოდაც რომ დავრჩე, ჩემი და აბაშიძეთა ოჯახის ნაცნობი, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ყველა მიხვდება, ვინ ვარ, მაგრამ არა უშავს პირობითად ნელი დამიძახეთ და საუბარი დავიწყოთო:

- 4 წელი ვემსახურე აბაშიძეთა ოჯახს, მზარეული ვიყავი, კარგი ხელი მაქვს და გემრიელი საჭმელი გამომდის. ბათუმში ნათესავები მყავს, ისინი აბაშიძეებს ენათესავებიან და მათი რეკომენდაციით მოვხვდი აბაშიძეთა ოჯახში. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ქმარ-შვილიც ჩავიყვანე ბათუმში, ბინაც მომცეს, ანაზღაურებაც მაღალი მქონდა და ჩემი მეუღლეც დაასაქმეს კარგ სამსახურში. მართალია, მუდმივი კონტროლისა და თვალთვალის ქვეშ ვიყავი, მაგრამ ამას შევეჩვიე. მთავარი ის იყო, სამსახური მქონდა და ოჯახი მყავდა კარგად.

გურმანი იყო ასლან აბაშიძე?

- ძალიან უყვარდა გემრიელი და მრავალფეროვანი საჭმელები, მაგრამ მე მხოლოდ ქართული, ტრადიციული საჭმელების გაკეთება მევალებოდა, ოჯახში თუ წვეულება ჰქონდათ, მაშინ სხვა მზარეულებიც მუშაობდნენ, მე არც უცხოურ დელიკატესებს ვამზადებდი, ისიც სხვებს ევალებოდათ. ასლან აბაშიძეს გამორჩეულად უყვარდა ხბოს ხორცით მომზადებული კერძები, ფრანგული სალათები. ყველანაირ სალათას, ხილს თუ ბოსტნეულს გემრიელად მიირთმევდა პატარა გიორგი აბაშიძე, მაშინ ის ჩოგბურთში ვარჯიშობდა და ლამის იყო, აძალებდნენ კიდეც ხილეულსა და ბოსტნეულს.

რატომ და როდის გამწვავდა თქვენსა და აბაშიძეების ოჯახს შორის ურთიერთობა?

- ერთ საღამოს ასლან აბაშიძე დაღლილი მოვიდა შინ და სასწრაფოდ სუფრა გავშალე. ახლა აღარც მახსოვს, რა მივიტანე სუფრაზე, რაც მზად მქონდა, ის კერძები და სალათები, არაფერი არ შეუკვეთავს. იყო შემთხვევები, როცა დაარეკინებდა თანაშემწეს ან თავად დაურეკავდა ქალბატონ მაგულის და შეუკვეთავდა რაიმეს ვახშმისთვის, ესა და ეს გამიმზადონ. შინ მხოლოდ საუზმობდა და ზოგჯერ ვახშმობდა, სადილს სამსახურში მიირთმევდა. მოკლედ, 1996 წლის მაისი იყო, მოვიდა ასლან აბაშიძე შინ და მივართვი ვახშამი. მსუბუქად გეახლათ ხორციანი ბლინები, რაღაც სალათი ჭამა, ჩაი დააყოლა და დაიძინა. მე შინ წავედი. ღამე ასლანი ცუდად გამხდარა, გულისრევა და ფაღარათი ერთდროულად დასწყებია, რამდენიმე ექიმი გამოუძახიათ, მერე საავადმყოფოშიც გადაუყვანიათ და გამოკვლევა ჩაუტარებიათ. ანალიზებს უჩვენებია, რომ მოწამლული იყო. იმავე ღამით დააბრუნეს შინ, მაგრამ თურმე, საწოლ ოთახში შესვლისას გონება დაუკარგავს და ძირს დაცემულა. ატყდა თურმე ერთი ამბავი, ძლივს მოასულიერეს. ჯანდაცვის მინისტრი თავის მოადგილეებიანად თავზე ადგა და ღამეს უთენებდნენ. ცხადია, მთელი პოლიცია, უშიშროება, მისი მრავალრიცხოვანი დაცვა მოვილიზებული იყო და გამოძიება მიდიოდა, რით და როგორ მოიწამლა ასლანი.

დილით, როცა ოჯახის უახლოესი ადამიანები შეიყარნენ, მაგული გოგიტიძეს უთქვამს, ჩემი აზრით, ნელის შეეძლო ასლანის მოწამვლა, ვახშამი ისე მოამზადა და მოართვა ასლანს, კაცს არ დაუნახია, იქნებ, საწამლავი გაურიაო. ეს მისმა ძმამ, სოსო გოგიტიძემაც აიტაცა, რომელიც უკვე განაგებდა აჭარის უშიშროებას და პრინციპში, მთლიანად აჭარას. სოსომ ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხი ჩამოაცილა ასლანს, ბევრი გაიქცა უცხოეთში, ბევრი თბილისში ჩამოვიდა, მისი პროვოკაციები რომ ვერ აიტანეს. ამით მისი გარემოცვა დაასუსტა და აბაშიძეზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა. სწორედ სოსომ დაღუპა აბაშიძეც და მისი გარემოცვა-სანათესაოც.

დილით უშიშროება დამადგა და სოსო გოგიტიძესთან მიმიყვანეს სახლში. დავიფიცებ, რომ სოსო „კაიფში“ იყო. მითხარი, ვინ დაგავალა ასლან აბაშიძის მკვლელობაო. ვტიროდი და ვიძახდი, რომ ასლანის მოწამვლას გულშიც არ გავივლებდი, არ ვიყავი ასეთი ბინძური ადამიანი. მერე ცემა დამიწყო: მითხარი, ვინ შემოგგზავნა ჩემი დის ოჯახში და ვის დავალებებს ასრულებო.

ხომ არ დაუკონკრეტებია პიროვნებებირომელთა დავალებითაცმისი ვარაუდითაბაშიძე მოწამლეთ?

- კი, ედუარდ შევარდნაძეს და ცხონებულ ზურაბ ჟვანიას მიხსენებდა, მაგათი აგენტი ხარ და აღიარეო. ძალიან მაგრად მცემა, მაგრამ რაც არ ვიცოდი, რას ვაღიარებდი? მერე ასანიძეების აგენტობას მაბრალებდა, მაგრამ ძმები ციხეში იყვნენ. როსტომ დოლიძეც მიხსენა სოსომ, თან მცემდა. მერე აბაშიძის სახლში მიმიყვანა, მაცივარი გააღო და რაც ჩემს მიერ დამზადებული საჭმელი იყო, ყველა ძალით გამასინჯა, მათ შორის ის ხორცის ბლინები და სალათი, ასლანმა რომ წინა საღამოს მიირთვა. ცხადია, არაფერი მომსვლია, რადგან ჩვეულებრივი საჭმელები იყო.

მაგრამვიღაცამ ხომ მოწამლა აბაშიძე?

- კი, ვიღაცამ მართლა მოწამლა, 12 დღე იწვა, აქედან 4-5 დღე გონებას კარგავდა პერიოდულად. თურქეთიდან ჩამოუყვანეს ექიმები. ეს ამბავი ძალიან გასაიდუმლოებული იყო. დღემდე არავინ იცის და პირველად გიყვებით. აჭარაში პრესა-ტელევიზიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ აბაშიძე შვებულებაში იმყოფებოდა. დღემდე ნამდვილად არავინ იცის ეს ისტორია.

სოსო გოგიტაძე მაინც არ მეშვებოდა, ხელვაჩაურის ტყეში წამიყვანა რამდენიმე კაცთან ერთად. მცემეს, საფლავი გამითხარეს, მოგკლავთ და დაგმარხავთო. ვტიროდი, ვეხვეწებოდი, უდანაშაულო ვარ-მეთქი, მაგრამ რას დამიჯერებდა? ეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი და ვერ მტეხავდა, ამაზე ცოფდებოდა. იქიდან აჭარის პოლიციის სამინისტროში წამიყვანეს, ხან დენზე შემაერთეს, ხან ცელოფანი ჩამომაცვეს თავზე და ხან ხელკეტები მირტყეს. რამდენჯერმე დავკარგე გონება. ერთი დღე-ღამე იქ ვიყავი, სოსო არ მომცილებია. მერე კვლავ ტყეში წამიყვანეს, სოსომ იარაღი ამოიღო და ყურთან გამისროლა სამი თუ ოთხი ტყვია, გული წამივიდა, მეგონა, მკლავდა. გონს რომ მოვედი, ის წათრეული იყო, მისი ერთი მოადგილე და უშიშროების 2 თანამშრომელი იყო დარჩენილი. მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ. იმ მინისტრის მოადგილემ წამიყვანა შინ. ბედზე, ჩემი შვილები მაშინ ბათუმში არ იყვნენ, მე და ჩემი მეუღლე კი სწორედ იმ მინისტრის მოადგილემ გამოგვაპარა, უფრო სწორედ, თავისი თბილისელი ნათესავის მანქანაში ჩაგვსვა. ის მაინც მოდიოდა თბილისში და ჩამოვედით ასე. პრინციპში, სოსო გოგიტიძეს ჩემთვის თავი უკვე დანებებული ჰქონდა, მაგრამ იმ კეთილმა კაცმა მითხრა, უმჯობესია, გაიქცეთ, თორემ სოსოს როდის მოუვლის ხუშტურები და როდის მოგადგებათ, არავინ იცისო.

ბოლოს, თბილისში ჩამოსულმა გავიგე ჩემი არხებით, რომ ასლანისთვის სერიოზული მოწამვლა დაუდგენიათ თურქ ექიმებს, მაგრამ ის ვერ გაერკვიათ, რა ნივთიერებით იყო მოწამლული. თუ არ ვცდები, სისხლში მისი კვალი ვერ აღმოაჩინეს და დაახლოებით ათამდე მომწამვლელ ნივთიერებაზე ვარაუდობდნენ. დამნაშავე და შემკვეთი ვერ აღმოაჩინეს.

რატომ აქამდე არ ამხელდით ამ ამბავს?

- აბაშიძე და სოსო გოგიტიძე ყველგან მომწვდებოდნენ, ან მე გამამწარებდნენ ან ჩემი ოჯახის წევრებს. საკუთარი თავის მტერი ხომ არა ვარ? ახლა კი მოგიყევით. არ ვიცი რატომ, ალბათ, ძველებურად აღარ მეშინია იმ ოჯახის და იმიტომ. ჰო, გოგიტიძემ ის ოჯახიც ააწიოკა, ვინც მე რეკომენდაცია გამიწია სამსახურზე. იმ ოჯახს ვერ გავამხელ, მაგრამ ოჯახის ყველა წევრი სამსახურებიდან დაითხოვეს, ბიზნესი ჰქონდათ, ისიც წაართვეს და ოჯახის ერთი წევრი იარაღის ტარების უკანონო ბრალდებით დააკავეს, მაგრამ მალე გამოუშვეს. აბაშიძეების ნათესავები იყვნენ, მაგრამ მაინც არ დაინდეს, მთელი თვე უშიშროებაში დაარბენინებდნენ იმის გასაგებად, ვისი შეგზავნილი ვიყავი აბაშიძეების ოჯახში.