ამერიკელმა მეცნიერებმა თითქმის 60 წლის წინ ჩატარებული ტესტის შედეგები აიღეს და მონაწილეთა დღევანდელი მონაცემები შეისწავლეს. გამოკითხვაში თავის დროზე 440 000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
ამერიკის მთავრობის მიერ 1960 წელს ჩატარებულ გამოცდებში სახელწოდებით “პროექტი ტალანტი”, სპეციალისტები ამოწმებდნენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას რამდენიმე დისციპლინაში და მათ ზოგად უნარებს. ტესტში ამ ტიპის კითხვები შედიოდა:
დაახლოებით როდის ცხოვრობდა ლეონარდო და ვინჩი? პასუხებს შორის 5 არჩევანი იყო: პირველი საუკუნე, მე-5, მე-10, მე-15 და მე-20 საუკუნე.
ფოსტა დაიკეტა და სასწრაფოდ გჭირდებათ საფოსტო მარკა. სად მოძებნით? პახუხები: უახლოეს აფთიაქში; სუპერმარკეტში; მარკების კოლექციონერთან; დაურეკავთ ფოსტალიონს; უახლოეს ბენზინის გასამართ სადგურზე.
რატომ დამონტაჟდა ჩამკეტი სისტემა პანამის არხზე? მოსწავლეებს აქაც 5 არჩევანი ჰქონდათ: პანამის არხი ზღვის დონეზე მაღალია; ატლანტის ოკეანე წყნარ ოკეანეზე მაღალია, ან პირიქით; პანამის არხი ვიწროა, ან განიერი.
“პროექტ ტალანტის” მოსწავლეები დღეს საშუალოდ 70 წლის შუახნის ადამიანები არიან. მკვლევრებმა მათ შორის ალცჰაიმერის შემთხვევები აღრიცხეს და ეს მონაცემები სასკოლო ტესტში მიღებულ შედეგებს შეადარეს.
მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ მოსწავლეებს შორის, ვინც სკოლაში კარგად სწავლობდა და მათემატიკაში, ლინგვისტიკაში, თუ ზოგად უნარებში უკეთეს ნიშნებს იღებდა, ამ ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკი გაცილებით ნაკლები იყო მათთან შედარებით, ვინც ბავშვობაში და მოზარდ ასაკში გამოცდაზე უფრო დაბალ ნიშნებს იღებდა. პროცენტულად ეს მონაცემები ასე გამოყურება: დაბალი მოსწრების მქონე კაცებში დემენციის და ალცჰაიმერის რისკი 17 პროცენტით მეტია, ქალებში - 16 პროცენტით.
ნაშრომზე ვაშინგტონში მოქმედი American Institutes for Research-ი მუშაობდა.