სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიამ და მის მიერ თავისებურად დასმულმა აქცენტებმა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მისცა ანალიტიკოსებს. ვერსიები მრავალგვარია, დაწყებული იქიდან, თუ ვის ინტერესს ატარებს ეს ქალბატონი, დამთავრებული იმით, რომ ასეთია სალომე ზურაბიშვილის ბუნება და, მისი უმართავი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა, ისეთი რამ წამოსცდეს, რაც ქართველი ხალხისთვის მთლად სასიამოვნოდ მოსასმენი არ არის.
ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევით ხომ არ მზადდება ნიადაგი რომელიმე ახალი ლიდერისთვის, რომელიც არჩევნების შემდეგ არსებულ უკმაყოფილებას გამოიყენებს და ევრაზიულ არჩევანს შემოგვთავაზებს?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს ტაბუირებული თემები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ხოლო ტაბუ, ანუ პანდორას ყუთი როცა იხსნება, ვიღაცამ შეიძლება ამით ისარგებლოს მომავალში და ეს ვიღაც იქნება ევრაზიული არჩევანის მომხრეობა.
გია ხუხაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმ პრიზმაში, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, განეკუთვნება არა მოღალატურ კატეგორიას, როგორც მისი ოპონენტები უსამართლოდ ამბობენ, არამედ, ელემენტარულად, პოლიტიკურ კეკლუცობასა და პოლიტიკურ სიბრიყვეს. მიუხედავად იმისა, ასეთ საკითხთან მიმართებით მართალს ამბობ, თუ ტყუილს, სწორი ხარ თუ არასწორი, შეუძლებელია, ამ ომთან დაკავშირებით სააკაშვილისა და ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნა. მით უმეტეს, ჰააგაში, სტრასბურგში, მომავალში კიდევ ბევრი პერიპეტიები იქნება. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის განცხადებები, მინიმუმ, ამ პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კონცეფციასთან დაკავშირებით აგვისტოს ომთან მიმართებით საგრძნობლად გვაზიანებს.
„არ გამოვრიცხავ, ვიღაც ჭკვიანი მის პოლიტიკურ სიბრიყვესა და უმწიფრობას იყენებდეს, ტესტავდეს და ტაბუს მოხსნის ოპერაცია მიმდინარეობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან საქართველოში. შესაძლოა, მთლად ახალი ლიდერი არ შემოგვთავაზონ, მაგრამ შემოგვთავაზონ ქვეყნის განვითარების ახალი კონცეფცია. სააკაშვილმა ბევრი უბედურება დაატრიალა, მათ შორის, 2008 წელსაც, მაგრამ ამაზე საჯარო დისკუსია, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის მაშინდელმა ძალიან ცუდმა ხელისუფალმა დაბომბა თავისი მოსახლეობა ცხინვალში, რუსეთის ინტერესშია. რუსეთიც სხვას არაფერს ამბობს, ჩემს მოსახლეობას ესროლეს და ამიტომაც შევედი ცხინვალში მოსახლეობის დასაცავადო. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი გამოდის რუსეთის და არა საქართველოს ადვოკატი. ეს ძალიან პრობლემურია. ეს ყველაფერი მავანმა შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით გამოიყენოს, რასაც ჰქვია რუსეთის რეაბილიტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. რა თქმა უნდა, ევრაზიული კავშირისკენ ვექტორი იქნება ამ მიმართულებით მოსალოდნელი“, - განმარტა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ სჯერა ვერსიის, თითქოს სალომე ზურაბიშვილის არჩევით მზადდება ნიადაგი რომელიმე ახალი ლიდერისთვის, რომელიც არჩევნების შემდეგ არსებულ უკმაყოფილებას გამოიყენებს და ევრაზიულ არჩევანს შემოგვთავაზებს. დავით ზარდიაშვილის მოსაზრებით, ამ შეთქმულების თეორიას არავითარი საფუძველი არ აქვს, რადგან არაფერი არ მზადდება. უბრალოდ, სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ამ არჩევნებში.
პირველი, ეს არის მისი ცოდნა და გამოცდილება და ის საუკეთესოდ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. ამ თვალსაზრისით მას ვერავინ შეედრება, როგორც გამოცდილ მომლაპარაკებელს და დიდი შესაძლებლობის მქონე ადამიანს, რასაც თვითონ ლავროვიც აღიარებდა. მეორეა, მისი გულწრფელობა, სიმართლის თქმის უნარი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობა ამ თვალსაზრისით და პრინციპულობა, რომ ის უკან არ დაიხევს.
„ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ თქვა, დაფიქრდით, ადამიანებო, ის სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტი იქნება. მართალია, მას მმართველობითი ფუნქციები არ აქვს, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციები გააჩნია. ის არის ქართველი ერის უზენაესი წარმომადგენელი სამოქალაქო თვალსაზრისით. ის იქნება ნომერ პირველი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და ამას უნარები სჭირდება. სწორედ ეს არის საგარეო ურთიერთობებში წარდგენის უნარი და ის პრინციპულობა, რაც შიდა ურთიერთობებშიც ძალზე მნიშვნელოვანია. პლუს ამას, ეს არის მისი ისტორიული წარმომავლობა, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ ეტაპს ასრულებს. საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეწყდა რუსული ოკუპაციის შედეგად და ამით გარკვეული ეტაპი დასრულდა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ, ჩამოვიდნენ და დღეს ხელისუფლების სათავეში არიან“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, ახალ ლიდერს ხედავს თუ არა ქართულ პოლიტიკაში აცხადებს, რომ ვერ ხედავს ალტერნატივას პარტიულ პოლიტიკურ სისტემაში.
ამ მხრივ კრიზისია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველოშიც არ ჩანან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს არსებულ მმართველ პარტიას რეალურ კონკურენციას გაუწევენ და ეს კონკურენცია გამოიხატება არა ნეგატივში, არამედ სიკეთის შექმნაში. ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ, როცა საპარლამენტო რესპუბლიკა ფესვებს გაიდგამს, სწორედ მაშინ პარტიულ პოლიტიკური სისტემაც მოძლიერდება და ალტერნატივაც შეიქმნება.