2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს. თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველი ტურით დასრულდება, ახალი კონსტიტუცია 18 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან ამოქმედდება. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს. მაგრამ არჩევის წესი ერთადერთია, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებით მომდევნო არჩევნებმდე (2024) გადავადდა. 2018 წლის შემოდგომიდან მისი უფლებამოსილებები იქნება ისეთი, როგორიც ახალ კონსტიტუციაშია გაწერილი. კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად კი საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ეს საპარლამენტო რესპუბლიკებშია, სიმბოლური ფიგურა ხდება - შეზღუდული უფლებამოსილებებით და არბიტრის ფუნქციით, რომელსაც ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის შეასრულებს. მიუხედავად ამისა, კანდიდატების უმრავლესობა ამომრჩევლებს რადიკალურ ცვლილებებს ჰპირდება და ახალი პრეზიდენტის შესაძლებლობებისთვის შეუსაბამო დაპირებებს გასცემს.
პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური არ არის?
არის.საქართველოს პრეზიდენტი კვლავ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია, თუმცა აღმასრულებელი ფუნქციების გარეშე. ის სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფიგურაა:
- არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური
- ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი
- საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი
- სახელმწიფოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში
თავის უფლებამოსილებებს პრეზიდენტი კონსტიტუციის და ორგანული კანონების თანახმად, დიდწილად მთავრობის თანხმობით ან მისი წარდგინებით, ასევე პარლამენტის თანხმობით ახორციელებს.
რა შეუძლია?
მხოლოდ მთავრობის თანხმობით ან წარდგინებით
- წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების
განხორციელება საგარეო ურთიერთობებში, მოლაპარაკებების წარმოება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება, სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების მიღება და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაცია;
- საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება;
- პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნა;
- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება;
- პარლამენტისთვის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა;
- მთავრობის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობით ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერება ან დათხოვნა, თუ მან თავისი მოქმედებით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.
- კონსტიტუციურ კანონზე ხელის მოწერა და გამოქვეყნება
დამოუკიდებლად რას წყვეტს?
- საქართველოს სახელმწიფოს სახელით აფორმებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
- ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს;
- მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში;
- წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს;
- იწყალებს მსჯავრდებულებს;
- ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
- მიმართავს ხალხს;
- წელიწადში ერთხელ ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტს მოხსენებას წარუდგენს.
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს?
არა. ეს უფლება პრეზიდენტს 2013 წლის არჩევნების შემდეგ არ აქვს იმ კონსტიტუციური ცვლილებების გამო, რომელიც 2010 წელს მიიღეს. მთავარი კანონის ახალი რედაქციითაც, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25000 ამომრჩეველს, მაგრამ არა პრეზიდენტს.
თუმცა კანონების და სამართლებრივი აქტების ამოქმედებას პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ასეთ დოკუმენტებს პრემიერმინისტრის ხელმოწერაც (თანახელმოწრა) უნდა ახლდეს, სხვაგვარად ის ვერ ამოქმდდება.
არსებობს ისეთი სამართლებრივი აქტებიც, რომელსაც პრემიერმინისტრის თანახელმოწერა არ სჭირდება და ის დაკავშირებულია
- პარლამენტის არჩევნების დანიშვნასთან, მის დათხოვნასთან, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევასთან;
- კონსტიტუციური შეთანხმების დადებასთან;
- კანონის ხელმოწერასთან და გამოქვეყნებასთან, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებასთან;
- ისეთი თანამდებობის პირების წარდგენასთან, გამწესებასთან ან დანიშვნასთან როგორებიც არიან პრემიერმინისტრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე;
- სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებასთან;
- მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტასთან;
- მსჯავრდებულთა შეწყალებასთან;
- საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვასთან;
- საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებასთან.
პარლამენტთან რა ურთიერთობა აქვს?
პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს:
- პარლამენტი მიღებულ კანონს პრეზიდენტს 10 დღის განმავლობაში უგზავნის. მან 2 კვირის ვადაში ხელი უნდა მოაწეროს მას და გამოაქვეყნოს, ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. თუ პარლამენტი კენჭს უყრის ამ შენიშვნებს და მიიღებს, ის კანონის საბოლოო რედაქციას 5 დღეში გადაუგზავნის პრეზიდენტს, რომელიც ასევე 5 დღეში მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს.
თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაიზარებს, დეპუტატები კენჭს უყრიან კანონის პირვანდელ რედაქციას და მისი მიღების შემთხვევაში დოკუმენტს პრეზიდენტს 3 დღის განმავლობაში გადაუგზავნიან, ის კი 5 დღის ვადაში მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს.
თუ პრეზიდენტი პარლამენტიდან გადაგზავნილ კანონს დადგენილ ვადებში ხელს არ მოაწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით უკან არ გადაუგზავნის, ვადის ამოწურვიდან 5 დღის განმავლობაში მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
განსხვავებით კანონისგან, პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ კანონს პრეზიდენტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით ვერ დაუბრუნებს.
- პრეზიდენტი ნიშნავს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. ასევე მას შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრების (არანაკლებ 1/4) ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის მოიწვიოს რიგგარეშე სესია, ან მორიგი სესიის მიმდინარეობისას - რიგგარეშე სხდომა. მაგრამ თუ წერილობითი მოთხოვნიდან 48 საათის განმავლობაში ის მოწვევის აქტს არ გამოსცემს, პარლამენტი მომდევნო 48 საათში თავისი რეგლამენტის თანახმად შეიკრიბება.
- პარლამენტი ვალდებულია შეიკრიბოს საგანგებო სესიაზე, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ან საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს.
- პრეზიდენტს შეუძლია ასევე პარლამენტის დათხოვნა შეუძლია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებენ. ასეთ დროს ის არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. მაგრამ კონსტიტუციით განსაზღვრულია ისეთი ვითარებაც, როცა პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ვერ დანიშნავს.
მთავრობაზე რა გავლენა აქვს?
ფაქტობრივად არანაირი. მართალია პრემიერმინისტრს თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც მთავრობის ხელმძღვანელს ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი. მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრს არ დანიშნავს ის მაინც დანიშნულად ჩაითვლება.
დღემდე მოქმედი რეგულაციით პრეზიდენტს უფლება ჰქონდა მთავრობისთვის რაიმე საკითხი განსახილველად წარედგინა და განხილვაზე, მთავრობის სხდომაში მონაწილეობა მოეთხოვა. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ასეთი ჩანაწერი აღარ არის.
მოსამართლეებსაც ვეღარ დანიშნავს?
საქართველოს პრეზიდენტის სასამართლო სისტემასთან ურთიერთობა 9 მოსამართლისგან შემდგარი საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრის და იუსტიციის საბჭოს 14 წევრიდან ერთის დანიშვნის უფლებით შემოფარგლება.
თუმცა პრეზიდენტს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის და ისეთ საკითხებზე დავის უფლება, როგორიცაა
- შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილება;
- საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობა;
- პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობა და ამ პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა;
- რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობა.
და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს?
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევა-ინიცირება პრეზიდენტის დისკრეცია იყო ყოველთვის და ახალ კონსტიტუციაშიც ასეა.
პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წარდგენასა და ბანკის პრეზიდენტის დანიშვნასა და გათავისუფლებაში მონაწილეობს, თუმცა მის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის წევრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტად უნდა დანიშნოს პირი, რომელსაც მას ბანკის მმართველი საბჭო წარუდგენს.
საგანგებო ან საომარ მდგომარეობას ხომ პრეზიდენტი აცხადებს?
დიახ, პრემიერმინისტრის წარდგინებით საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში. საომარ მდგომარეობაზე გადაწყვეტილება მისი გამოცხადებიდან ამოქმედდება და გადაწყვეტილებას პარლამენტი შეკრებისთანავე ამტკიცებს. მაგრამ თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, ის კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
საგანგებო მდგომარეობასაც პრეზიდენტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში პრემიერმინისტრის წარდგინებით აცხადებს. ამ გადაწყვეტილებასაც პარლამენტი ამტკიცებს შეკრებისთანავე, მაგრამ თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, ის კენჭისყრისთანავე დაკარგავს იურიდიულ ძალას.
საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტი ორგანული კანონების ძალის მქონე დეკრეტებსაც გამოსცემს, მაგრამ ისევ პრემიერმინისტრის წარდგინებით. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტიც ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან და იმავე პროცედურას გადის: ის დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს, პარლამენტი მას ამტკიცებს შეკრებისთანავე და თუ პარლამენტი ამას არ აკეთებს, დეკრეტი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
თუ საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერმინისტრი და ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, მაგრამ პრემიერმინისტრის წარდგინებით და ის ამოქმედდება მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში.
პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას ასევე თავდაცვის ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებასაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
პრემიერმინისტრის წარდგინებით წყვეტს პრეზიდენტი განსაკუთრებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესაძლებლობას, რომელსაც ის დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დამტკიცებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი არის ასევე ეროვნული თავდაცვის საბჭოს (საომარი მდგომარეობის დროს შექმნილი სათათბირო ორგანოს) წევრი და მისი თავმჯდომარე. ამ საბჭოს განსაზღვრული წევრები ჰყავს (პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური), თუმცა პრეზიდენტს უფლება აქვს საბჭოში დამატებით მოიწვიოს პარლამენტის და მთავრობის ცალკეული წევრი.
პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იოლია?
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება.
იმ შემთხვევაში თუ ის თავის უფლებამოსილებას ვადამდე ვერ ამოწურავს და შეწყვეტს, მის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.
იმავდროულად, პრეზიდენტი იმ თანამდებობის პირთა სიაშია, რომლის გადაყენებაც მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება. იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება იყოს კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა. ამ წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია. რის შემდეგაც კანონმდებლები საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცემენ, რომელიც მას განიხილავს და ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნას წარუდგენს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი დასკვნით დაადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია ან მის ქმედებაში იყო დანაშაულის ნიშნები, პარლამენტი საკონსტიტუციოს დასკვნას 2 კვირის ვადაში განიხილავს და პრეზიდენტს კენჭისყრით (პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით) თანამდებობიდან გადააყენებს. თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეუძლებელია თუ ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.