ქართული ენის საკითხი დიდ ყურადღებას იპყრობს. იგი გადასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც. ფაქტთა ანომალიამ აალაპარაკა ისინიც კი, ვინც კმაყოფილებით შესცქეროდა არსებულ მდგომარეობას. კომპარტიის საუკეთესო ხელმძღვანელნი და მუშაკნი, მათი ყრილობები ხაზს უსვამენ რუსული შოვინიზმის ზრდას და მოითხოვენ ნაციონალური კულტურისა და ენის მფარველობას.
კომპარტიის მე-12 ყრილობაზე ხშირად ამბობდნენ სიტყვიდან საქმისაკენო. ეს მეტად სასურველია, მაგრამ ამის თქმის შემდეგაც შეიძლება სიტყვად დარჩეს სიტყვა „სიტყვიდან საქმისაკენ“. რომ ეს ასე არ მოხდეს, რომ ენის გატარებას რეალური სახე მიეცეს, ამისათვის სათანადო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მართალია დღეს კიდევ საკმაოდ აღმოჩნდებიან ისეთნი, რომელნიც ფარულად თუ აშკარად წინ აღუდგებიან ქართული ენის სახელმწიფოებრივ ენათ ქცევას.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ობიექტური დაბრკოლებაც იქნება სახელმწიფოებრივ დაწესებულებათა ნაციონალიზაციისათვის. დღეს მრავალ საპასუხისმგებლო ადგილზე ქართულ ენის არმცოდნე პირები არიან, რომელთა შეცვლა ქართული ენის მცოდნე პირებით არც ისე ადვილი საქმეა. მიუხედავად ამისა როგორც პირველი, ისე მეორე დაბრკოლება აუცილებლად უნდა იქნეს გადალახული. ქართული ენის გატარების საკითხი იმდენათ დიდ მნიშვნელოვანია, რომ მას უნდა დაექვემდებაროს შედარებით უმნიშვნელო დაბრკოლებანი.
ვინც შეგნებულად ხელს უშლის ქართული ენის გატარებას, ის შოვინისტია და შესაფერისად უნდა მოვექცეთ. ყველა უნდა გრძნობდეს, რომ საბჭოთა სახელმწიფოს კონსტიტუციის მუხლები ფარატინა ქაღალდი არ არის, რომელიც ცხოვრებაში არ ხორციელდება, არამედ ნება-სურვილია მშრომელი ხალხისა, რომლის გატარებისთვისაა მოწოდებული საბჭოთა მთავრობა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში დღეს არავის შეუძლია ძველ სულითა და გულით სეირნობა და საქმის კეთება „განუყოფელი რუსეთის“ იდეით.
ვისაც სურს თანამშრომლობა ჩვენთან, ვინც მოწადინებულია ჩვენში მუსაობას, მას ფართო ასპარეზი გაეხსნება, თუ კი მშრომელთა კეთილდღეობისათვის იმოქმედებს და გაიგებს ჩვენი ხალხის ენას, მის ნება-სურვილს. ხოლო ვინც საქართველოს მხოლოდ გეოგრაფიულ ცნებად სთვლის, სადაც შეიძლება ადგილობრივი ხალხის ანგარიშ გაუწევლად მუშაობა, იგი მიიღებს სასტიკ წინააღმდეგობას საქართველოს მშრომელი ხალხისაგან
დღეს მაინც საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ქართული ენის უფლების საკითხი. რუსულის არმცოდნე არ უნდა გრძნობდეს თავს გერის მდგომარეობაში. არ კმარა ქართულის მცოდნეთა ჩაყენება დაწესებულებების სათავეში. არც ის კმარა, რომ განმეორებითი ცირკულიარები უგზავნოთ დაწესებულებათა უფროსებს ქართული ენის დაცვისათვის. ეს ყოველივე ისევ სიტყვის სფეროა და არა საქმის. ფაქტიურად მაშინ მოხდება დაწესებულებათა ნაციონალიზაცია, როდესაც დაწესებულებათა შტატი ქართული ენის მცოდნე იქნება და ქართული ენა კი სავალდებულო.
გადაუდებელ ამოცანათ უნდა მივიჩნიოთ ქართული ენის აღდგენა. სიტყვიდან-საქმისაკენ დაუყოვნებლივ.