ქართული ნაციონალიზმი

ქართული ნაციონალიზმი

ქართული პოლიტიკური პარტიები სამარცხვინოდ დამარცხდნენ: მათ ვერ დაიცვეს საქართველო და მტერს ჩააბარეს იგი. 1924 წელს სრულიად მოუმზადებლებმა ააჯანყეს ქართველი ერი, რასაც მოჰყვა ათასობით რჩეულ ქართველთა „დაკლვა“ და ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნივთიერი და სულიერი დაზარალება.

ამ დამარცხებულ პარტიებს არც შეუძლიათ ხალხის ხელმძღვანელობა და არცა აქვთ ამისი უფლება. თუ უწინ ქართველი ხალხის ინტერესებს ვერ უპასუხებდნენ თავიანთ იდეური და პოლიტიკური შინაარსით, დღეს საქართველოში შექმნილი ახალი სულისკვეთებისა და ვითარების გარეშე დარჩნენ იგინი სრულიად.

საჭირო იყო ახალი ძალა, რომელმაც საქართველო სწორე გზაზე უნდა დააყენოს. ამ ახალ ძალად თეთრი გიორგი წამოიჭრა. ის წარმოიშვა საქართველოს ცხოვრების დღევანდელმა სინამდვილემ და მისი ინტერესების საჭიროებამ.

ხუთი წელიწადია რაც თეთრი გიორგი აქტიურ მოქმედების ასპარეზზე გამოვიდა, მაგრამ უკვე დიდია და მრავალმნიშვნელოვანი შედეგები მისი მოღვაწეობისა. ძნელია აღნუსხვა ყოველივე იმისი, რაც თეთრი გიორგის მოძრაობამ შეჰქმნა. თუ ადვილია იმისი შეფასება, რაც ხელშესახებია, პირიქით, ძნელია იმისი შეფასება, რაც თეთრმა გიორგიმ პატრიოტულ შეგნებისა და აზროვნების სფეროში შეიტანა. ხოლო ყველაზედ უფრო ადვილი შესაფასებელია თეთრი გიორგის მოღვაწეობის ერთი მხარე. ყოველ ერს მრავალ პრინციპთა შორის აქვს ერთი რომელიმე მთავარი პრინციპი, რომელზეც მთელი მისი ცხოვრებაა აგებული. ეს პრინციპია მისი უმთავრესი მამოძრავებელი და ცხოველმყოფელი ძალა. ინდოელთა ეს პრინციპი სარწმუნოებაა, ანტიურ რომში სამართალი და სახელმწიფო იყვნენ, საქართველოში კი მთავარი პრინციპი იყო პატრიოტიზმი. ეს უზენაესი პრინციპი იყო ჩვენი ცხოვრების ლაიტ-მოტივი, საქართველოს ვითარების დედა-ძარღვი.

რუსების ბატონობამ ქართულ პატრიოტიზმს მოუსპო მისი უმთავრესი რეალური გამომჟღავნება: სახელმწიფოებრივი შემოქმედების ასპარეზი, დანარჩენი ასპარეზები კი დიდად შეუზღუდა. ჩვენი სოციალისტური პარტიები საერთაშორისო ლოზუნგებით გამოვიდნენ, რაც ისედაც დაქვეითებული პატრიოტული შეგნების ნგრევას უდრიდა. ეროვნულმა დემოკრატებმა ქართველ ხალხს ეროვნული იდეა ვერ მისცეს და მის წინაშე რუსულად შეგნებული დემოკრატიული იდეებით წარსდგნენ, ისიც კი ვერ უთხრეს, რომ ეროვნულ არსებობისათვის დამოუკიდებლობა იყო აუცილებელი.

სოციალ-დემოკრატებმა ხომ ჩვენი ხალხის პოლიტიკური ენერგია მთლად სოციალისტურ-კომუნისტური შემოქმედების სფეროში გადაიტანეს და ეროვნულ გზას სრულიად ააცილეს იგი.

ამნაირად ქართველი ხალხის პატრიოტული შეგნება დიდად დაეცა. შედეგი ამისა ყველამ ვნახეთ და ქართველმა ხალხმა საკუთარ ზურგზედ იგრძნო. ერი, რომელიც ჰკარგავს თავისი არსებობის მთავარ პრინციპს, გაწირულია. პატრიოტიზმს მოკლებული ხალხი ეროვნულად გადაგვარდება, და კიდეც იდგა ჩვენი ერი გადაგვარების გზაზედ, რაის დამამტკიცებელი ის ფაქტია, რომ მისი წიაღიდან წარმოიშვენ სოციალ-დემოკრატიული პარტია და იმისთანა პოლიტიკური მოღვაწენი, როგორნიც არიან სტალინი, ორახელაშვილი, ორჯონიკიძე, რამიშვილი და სხვები.

ამიტომ, უწინარეს ყოვლისა საჭიროა საქართველოში პატრიოტიზმის აღდგენა მთელის მისის მთლიანობით. დამოუკიდებლობის დაკარგვამ ქართველ ხალხს პატრიოტული გრძნობა გაუღვიძა. ხოლო საჭიროა ამ ახლად გაღვიძებული ეროვნული შეგნების გაღრმავება, მისი თეორიული დასაბუთება: პატრიოტულ გრძნობის ქცევა შეგნებულ და ჩამოყალიბებულ ნაციონალიზმად, ე.ი. ეროვნული იდეოლოგიის შექმნა. ეს ეროვნული პრობლემა თეთრმა გიორგიმ ღრმად შეიგნო და ამიტომ კიდევაც შეჰქმნა მთლიანი ეროვნული იდეოლოგია. მან ქართველ ხალხს მისცა ინტეგრალური ნაციონალიზმი. ეს უკვე დიდი, უზარმაზარი საქმეა, რომლის ღირებულებას და მნიშვნელობას სავსებით მხოლოდ მომავალი დააფინანსებს.

ამნაირად თეთრმა გიორგიმ უკვე დიდი განძი შეიტანა საქართველოს ეროვნულ სალაროში. დიახ, ეროვნული იდეოლოგია უკვე შექმნილია და ის გახდება ქართველი ხალხის გზის მაჩვენებელ ლამპრად. თეთრი გიორგის მიერ შექმნილი ეროვნული იდეოლოგია შემოიკრებს მთელ ქართველ ხალხს ეროვნული მთლიანობის პრინციპის გარშემო. ამას მომავალი გვიჩვენებს.