ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შეძენის სურვილი აქვს და ამ მიზნით არხის მფლობელთან მოლაპარაკებებს იწყებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქუაშვილმა ტელეკომპანიის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო "ინტერპრესნიუსს" "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამის შესახებ თავადაც აქვს ინფორმაცია.
ელიაშვილის განმარტებით, ტელეკომპანია "იბერია" იბრუნებს სიხშირეს, რომელიც მას უკანონოდ წაართვეს.
"ოქუაშვილს უბრუნდება კუთვნილი, უკანონოდ წართმეული ლიცენზია და მას პირველ რიგში, თანამშრომლები სჭირდება და შემდეგ - აპარატურა. მოგეხსენებათ, ბიზნესმენია და ფული აქვს. "მე-9 არხს" შეიძენს ისეთს, როგორიც არის", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ელიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს არის წინადადება და ახლა ის ადამიანები, ვინც ამ საკითხებს წყვეტენ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან.
ლუბა ელიაშვილის თქმით, კიდევ არაერთი წინადადება არსებობს, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იბერია" ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნოდა. იგი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. ამ წლების განმავლობაში ზაზა ოქუაშვილი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ტელეკომპანია "მე-9 არხმა" მაუწყებლობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. არხის მფლობელები მზად არიან, ტელეკომპანია მესამედ ფასად გაყიდონ.
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს "აქცეპტი" ფლობს. ამასთან, შპს "აქცეპტის" 80%-ს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს, ხოლო 20%-ს - კახა კობიაშვილი.