ინტერნეტგვერდ კომერსანტ.გე-ზე ქონებრივი დეკლარაციების ბოლო მონაცემების მიხედვით გამოქვეყნდა ინფორმაცია ჩვენი ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
რეიტინგის სათავეში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელია, მისი ქონება დეკლარაციაში ასეა აღწერილი:
საცხოვრებელი სახლი ნუცუბიძის პლატოზე (115 კვ. მეტრი), ავტოფარეხი, ავტომობილი "მერსედეს-ბენცი", საბანკო ანგარიშები: 4.200 ლარი, 2.129 დოლარი, ნაღდი ფული: 16 ათასი ლარი, 12 ათასი დოლარი, 8.500 ევრო.
მას მოსდევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი შემდეგი ქონებით: საცხოვრებელი სახლები გორგასლის ქუჩასა (100 კვ. მეტრი) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე (30 კვ.მ), საბანკო ანგარიშები: 16.873 ევრო, 3.500 დოლარი, ნაღდი ფული 4 ათასი დოლარი. დაგვეთანხმებით, ლტოლვილთა ბედზე მზრუნავი მინისტრის პირობაზე გვარიანი ქონება უშოვია სუბელიანს.
მესამეა ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, რომლის ქონებასაც შეადგენს: საცხოვრებელი სახლი ყიფშიძის ქუჩაზე (144 კვ.მ), ავტოფარეხი, საცხოვრებელი სახლი ლაგოდეხის რაიონში, საბანკო ანგარიშებზე 6. 896 დოლარი და 29.460 ლარი, ნაღდი ფული 15 ათასი დოლარი.
მეოთხეა ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, მისი ქონების ჩამონათვალი ასეთია: საცხოვრებელი სახლი ძოწენიძის ქუჩაზე (162 კვ.მ), ავტოფარეხი, "მერსედეს-ბენცის" ორი ავტომანქანა, საბანკო ანგარიშები: 5.148 ლარი, 170 დოლარი, ნაღდი ფული 1.300 ლარი.
მეხუთე ადგილზეა ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, რომლის ქონებაც ასეთია: საცხოვრებელი სახლი ყიფშიძეზე (75 კვ. მეტრი), საბანკო ანგარიშები 27 ათასი ლარი, 2. 909 ევრო, ნაღდი ფული 3 ათასი ლარი.
მეექვსეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელსაც დეკლარაციაში საკუთარი ქონება ასე აქვს აღწერილი: სახლი დიღომში (115 კვ.მეტრი), საბანკო ანგარიში 1.500 ლარი, ნაღდი ფული 20 ათასი დოლარი, 10 ათასი ლარი.
მას მოსდევს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე შემდეგი ქონებით: საცხოვრებელი სახლი 75 კვ. მეტრი, მიწის ნაკვეთი ბაკურიანში (528 კვ.მ), მოტოციკლი "კავასაკი", საბანკო ანგარიშები: 2.127 ლარი, ნაღდი ფული 7 ათასი დოლარი და 2.500 ლარი.
ყველაზე ღარიბი და უქონელი კი ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ყოფილა, რომლის ქონებასაც, დეკლარაციის თანახმად, შეადგენს: საცხოვრებელი სახლი ვანკუვერში (70 კვ.მეტრი) და საბანკო ანგარიშზე არსებული 1.000 ლარი. თუმცა ქალბატონმა ვერამ გული არ უნდა გაიტეხოს, ის ახლახან გახდა მინისტრი, თანაც როგორც ამბობენ, ქალისთვის მთავარი ქონება მისი სილამაზეა.