მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისათვის მდგრადი და პლურალისტული პოლიტიკური სისტემა თანამედროვე პირობებში მხოლოდ პარტიულ-წარმომადგენლობითი ვეღარ იქნება; იგი მხოლოდ მონაწილეობითი დემოკრატიის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას და ეფექტიანადაც განვითარდეს. მეტიც - თავად პარტიები რომ გადარჩნენ და განვითარდნენ, მათ ჰაერივით სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა.
როგორც ვიცი, პარლამენტი ახალ რეგლამენტზე იწყებს მუშაობას. მონაწილეობითი სისტემების განვითარება უნდა გახდეს ამ ახალი რეგლამენტის მთავარი მიმართულება, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი. რას ვგულისხმობ?
უწინარესად იმას, რომ პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, იმავდროულად მთავარ მონაწილეობით პოლიტიკურ ორგანოდაც უნდა ჩამოყალიბდეს! როგორ? დაახლოებით ასე:
1. პარლამენტი მართლაც, პრაქტიკულადაც და არა მხოლოდ ქაღალდზე, უნდა გახდეს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო - იგი რეალურად უნდა განსაზღვრავდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას; ხოლო ამისათვის მან უნდა მიიღოს არა მხოლოდ კანონები, არამედ კანონის ძალის მქონე აქტები, რომლითაც ამა თუ იმ სფეროში როგრც ხანგრძლივ, ასევე საშუალო და უახლოეს პერსპექტივაში პოლიტიკა განისაზღვრება (მაგ - ქვეყნის მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის სტრატეგია 10-15 წლიანი პერიოდისათვის, მაგრამ, ცხადია - არა მხოლოდ ეს);
2. პარლამენტის მიერ როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება მონაწილეობით ინსტრუმენტებს უნდა დაეფუძნოს - ამისათვის საჭიროა ეს საქმიანობა წარიმართებოდეს თუნდაც მოქმედი ადმინისტრაციული სამართლით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მონაწილეობითი პრინციპების შესაბამისად - საპარლამენტო პროცესებში გარანტირებული უნდა იყოს საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე - დაწყებული საკითხის ინიცირებიდან, ვიდრე გადაწყვეტილების მიღებდე, ყველას - ნებისმიერი მოქალაქის მონაწილეობა.
ყველაზე მინიმალური, რაც ამ თვალსაზრისით დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს - რეგლამენტმა უნდა განსაზღვროს, რომ პარლამენტის ყველა ნორმატიული აქტის (როგორც საკანონმდებლო აქტების, ასევე დადგენილებების) პროექტები ინიცირებისთანავე,ე.ი. იმთავითვე, უნდა პროაქტიულად გამოქვეყნდეს; ასევე პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს საკანონმდებლო წინადადებებიცა და სხვა პოლიტიკური დოკუმენტებისპროექტებიც (განვითარების სტრატეგიები, პროგრამები და ა.შ.); რაც მთავარია - ყველას მიეცეს საშუალება და შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებების წარდგენისა;
3. მონაწილეობითი ინსტრუმენტი აუცილებლად თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტქნოლოგიებისა და სიტემების ბაზაზე უნდა აშენდეს. ასეთი სისტემაა მაგ. „კრაუდსორსინგი“, რომლის პოლიტიკაში ეფექტიანად გამოყენების საუკეთესო მაგალითია ისლანდიელი ხალხის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღება.
რა არის კრაუდსორსინგი და როგორ შეიძლება მისი ეფექტიანი გამოყენება მონაწილეობით დემოკრატიაში? წარმოდგენა ამის შესახებ თუნდაც ვიკიპედიის (რომელიც თავისთავადაც - ასევე კრაუდსორსინგულ სისტემას წარმოადგენს!) სტატიიდან შეგიძლიათ შეიქმნათ.
რასაკვირველია - კრადუდსორსინგი აქტუალური უნდა გახდეს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ - ადგილობრივ, ე.ი. მუნიციპალურ დონეზე და საკრებულოების, რაც ადგილობრივი პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანოა, საქმიანობაც ასევე ეფექტიან მონაწილეობით ინსტრუმენტებს უნდა დაეფუძნოს.
ვიმეორებ: რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა - დღეს ეს არის დემოკრატია! დემოკრატიას, განსაკუთრებით თანამედროვეობაში, არა იმდენად პარტიები, არამედ უწინარესად - სწორედ მოქალაქეები (და არავითარ შემთხვევაში - მხოლოდ ყველაზე დამსახურებული და მთავარი მოქალაქე - ბიძინა) ქმნიან.
ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ პარტიებს (მით უმეტს - ბიძინას) უნდა ვებრძოლოთ, თუმცა მათ მონაწილეობითობის ეს პრინციპი აუცილებლად უნდა შევთავაზოთ - საქართველოში იმდენი პარტიაა, რამდენი მოქალაქეც არის, ხოლო მმართველი პარტია კი ერთადერთია - ესაა ქართველი ხალხი!
ხოლო მარტო არსებული პარტიების ან თუნდაც დამსახურებული და მთავარი მოქალაქის - ბიძინას იმედად - ოდენ ჩვენი მტერი იყოს.