"თემურ ალასანია მხოლოდ მიტინგების დასაშლელი იარაღის შეძენით არ იყო დაინტერესებული"

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზში იარაღის გამოფენას საქართველოს პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაესწრო, რომელიც მიტინგების დასაშლელად გათვალისწინებული თანამედროვე საშუალებების შეძენას ცდილობდა. ეს ინფორმაცია "რადიო ფრანსის" ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. "კვირის პალიტრა" გიორგი ფოფხაძეს დაუკავშირდა:

- წელიწადში ერთხელ საფრანგეთში იარაღის გამოფენა იმართება, სადაც იარაღით მოვაჭრე ქვეყნებისა და ფირმების პროდუქციაა წარმოდგენილი. ასეთ გამოფენებზე თითქმის ყველა სახის იარაღია, დაწყებული საჰაერო თუ საზღვაო ტექნიკით, დამთავრებული პისტოლეტებითა და ავტომატებით. მე, როგორც "რადიო ფრანსის"  წარმომადგენელს ევროკავშირსა და ნატოში, ასეთ გამოფენებზე მუდმივი აკრედიტაცია მაქვს. იარაღის შესყიდვის მსხვილ კონტრაქტებსაც ასეთ გამოფენებზე დებენ. სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიებთან სახელმწიფოს ოფიციალური პირები აფორმებენ კონტრაქტებს, კერძოდ, თავდაცვის ან შს სამინისტროს წარმომადგენლები. როგორც მაცნობეს, ამ გამოფენაზე საქართველო თემურ ალასანიამ წარადგინა, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველია. რა უნდოდა გამოფენაზე თემურ ალასანიას? როგორც ვიცი, მან გაამჟღავნა, რომ დავალებული ჰქონდა მიტინგების დასაშლელი იარაღის შეძენა, რაც შსს-ს პრეროგატივაა.

საზოგადოდ, ასეთ გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანა მიტინგების დასაშლელ უსაფრთხო თანამედროვე საშუალებებს ყიდულობს და ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ საქმეს შს სამინისტროს წარმომადგენელი კურირებს და არა პრეზიდენტის ბიძა. მაქვს უტყუარი და არაერთ სანდო წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომ თემურ ალასანიას სხვა დავალებაც ჰქონდა სააკაშვილისგან - უნდა გაემართა მოლაპარაკება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, ე. წ. რადარების შეძენის თაობაზე. როგორც ჩანს, ალასანიას დაავალეს, მარტო წასულიყო პარიზში და თავდაცვის სამინისტროს გვერდის ავლით შეესყიდა შეიარაღება.

გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება და უსათუოდ წავალ (ამ დღეებში ბრიუსელში მომიხდა ყოფნა და ამიტომ ჩემი კოლეგების ინფორმაციას დავეყრდენი). ალბათ, ვნახავ პრეზიდენტის ბიძას, თუ ჩემი განცხადების შემდეგ უკან არ გაიწვიეს. ვეცდები პირადად დავუსვა რამდენიმე კითხვა... დასავლურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ თემურ ალასანია იარაღის არალეგალურ მოვაჭრეებთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, ფრანგები იმასაც დააკვირდებიან, საქართველო მისი მეშვეობით ხომ არ შეიძენს იარაღს, რომ შემდგომ არაბულ ქვეყნებს მიჰყიდოს.

როგორ ფიქრობთსაქართველოში პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში გადავა?

- ჩემი აზრით, სააკაშვილს ეს ხელს აძლევს კიდეც. ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, პირველად ვის უმტყუნებს ნერვები. არც ის გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილი საკუთარი სახლიდან გამოაგდოს. ამ შემთხვევაში ჩვენ მართლაც ვიქნებით პირველი ქვეყანა, რომლის უმდიდრესი ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდება. არც იმას გამოვრიცხავ, ბიზნესმენი ხელისუფლებამ ქვეყნიდან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გააძევოს.

ხელისუფლება შეეცდება სიტუაცია არჩევნებამდე არ მიუშვას,

რადგან მისთვის არასასურველი ვითარება გამოიკვეთა; ხალხმრავალმა აქციებმა მოსახლეობის ანტისახელისუფლებო განწყობა აშკარა გახადა.

მახსოვს ეროვნული მოძრაობის წლები, ქუთაისში 5 ათას კაცზე მეტი ზვიად გამსახურდიამაც კი ვერ შეკრიბა... ხელისუფლებამ, როგორც უნდა დათვალოს ივანიშვილის მხარდამჭერები ქუთაისში, ამ აქციის გრანდიოზულობას მაინც ვერ დაამცრობს. არა აქვს მნიშვნელობა, 20 ათას კაცზეა ლაპარაკი თუ 55 ათასზე. სხვათა შორის, ფრანსუა ოლანდმა 65-მილიონიან საფრანგეთში 22 ათასი კაცი გამოიყვანა ქუჩაში, რაც ყველაზე მასშტაბურ აქციად შეფასდა საფრანგეთის ისტორიაში.

სააკაშვილს ისღა დარჩენია, რომ არეულობის ინსპირირება მოახდინოს, რათა დასავლეთს დაანახოს,

აჰა, ბატონო, ოპონენტები ახლაც ქუჩიდან მებრძვიან და არჩევნებში მონაწილეობა არ სურთო. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღშფოთებული ხალხი ქუჩაში გამოვარდეს და ხელისუფლების წასვლა არჩევნებამდე მოითხოვოს.

ამიტომ როგორმე ოქტომბრამდე უნდა მივიდეთ და საარჩევნო ყუთებთან გამოვხატოთ ჩვენი ნება. ვეცადოთ, ნერვებმა არ გვიმტყუნოს. მერე კი, თუ არჩევნებს გააყალბებენ, ხალხის ქუჩაში გასვლა დასავლეთის თვალში გამართლებული იქნება. არჩევნების შემდგომ ყველამ უნდა დავიცვათ საკუთარი ხმები.

"ზურაბ ჟვანიას მკვლელობა პირდაპირ კავშირშია თემურ ალასანიასთან"

უფლებათა დამცველმა და პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ არაერთხელ დასდო ბრალი თემურ ალასანიას იარაღით უკანონო ვაჭრობასა და სხვა მძიმე დანაშაულში. მან "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში განაცხადა: "ალასანია იარაღით მოვაჭრე თეთრხელთათმნიანი კრიმინალი და მაფიოზია... ზურაბ ჟვანიას მკვლელობა პირდაპირ კავშირშია თემურ ალასანიასა და მის ინტერესებთან. მას იარაღით სავაჭროდ თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების ტენდერის გზით ხელში ჩაგდება სურდა. ჟვანიასა და ალასანიას ინტერესები სწორედ აქ გადაიკვეთა, რის შემდეგაც ზურაბ ჟვანია მოკლეს".