მანგლისის რაიონის კომისარმა კვაჭაძემ შემდეგი მოხსენება წარმოუდგინა ტფილისის სამაზრო კომისარს ბ. გომართელს:
ჩემთან ხშირათ შემოდიოდა განცხადებანი ახალსოფლის საზოგადოების მცხოვრებთაგან, რომ 14 იანვრიდან მანგლისისა და აღბულაღის რაიონების საზღვრებში გამოჩნდა დაგეთ-ხაჩინელ სომხების ოციოდე კაცისაგან შემდგარი ყაჩაღთა ბრბო, რომელიც თავს ესხმის აღნიშნულ საზოგადოების სოფლებს და ართმევს პურსა და თივას, მირეკავს პირუტყვებს და სხ.
როდესაც ამ თავდასხმელებმა მიიღეს საშიში სახე, ჩემ მიერ გაგზავნილი იქმნა რაზმი სამი მილიციონერისა და ადგილობრივ მცხოვრებთაგან 30 კაცისაგან უფროსი მილიციონერის, შტაბს-კაპიტან მეტრეველის მეთაურობით. რაზმი კვალ და კვალ დაედევნა ყაჩაღთა ბრბოს. გზაზე მდებარე სოფლების მცხოვრებნი რაზმს უცხადებდნენ, რომ რამდენიმე საათის წინ გაიარა 15 შეიარაღებული კაცისაგან შემდგარმა ბრბომ, რომელიც პირუტყვებს მიერეკებოდაო..
კვალ და კვალ დევნის შემდეგ მდევარი რაზმი მიუახლოვდა მდინარე ხრამს ნახევარი ვერსის მანძილზე, სადაც თავმოყრილი იყო გატაცებული პირუტყვები, გაიყო სამ ნაწილათ და ისე შემოერტყა ამ ადგილს. ამ დროს ორი მაღლობიდან გაუჩინეს ჩვენს რაზმს დიდი ცეცხლი, როგორც თოფებით, ისე ტყვიის მფრქვეველებისაგან.
როგორც სროლიდან სჩანდა, ბრბო შესდგებოდა 150-200 კაცისგან. ჩვენი რაზმი იძულებული გახდა სროლითვე ეპასუხნა და ბრძოლაში ჩაბმულიყო, რაც 5 საათი გაგრძელდა.
შედეგი ამ სროლისა: ჩვენის მხრით მოგვიკლეს უფროსი მილიციონერი, შტაბს-კაპიტანი მეტრეველი, რომლის გვამი ძლიერი ცეცხლის გამო ბრძოლის ველიდან ვერ იქმნა გამოტანილი და დაგვიჭრეს ერთი ჯარისკაცი. ყაჩაღთა მხრით მოკლულია 25 კაცამდე, ამათგან 11 ნახული გვამიდგან ახსნილი იქმნა 11 ვინტოვკა და ორი ხელის ყუმბარა.
ვინაიდან ჩვენ რაზმს ეჭირა უხერხული პოზიციები და რადგან ბრბოს მაღლობები ეჭირა, რაზმმა ბრძოლით დაიხია 22 იანვრის საღამოსვე და მხოლოდ 23 იანვრის 2 საათზე შესძლო ცეცხლის ალიდან გამოსვლა.
რაზმი დაბრუნდა მანგლისში 24 იანვარს. მიღებულია სასწრაფო ზომები მოკლულ მეტრეველის გვამის გამოსატანად და ასეთ გამოსვლების სალიკვიდაციოთ, მაგრამ ადგილობრივი ძალებით ამ ბრბოების გაწმენდა სხვა ძალების დაუხმარებლად შეუძლებლად მიმაჩნია, რადგან ბრბოებს უჭირავს მთის მწვერვალები, რომლებზედაც გაშენებულია ძველებური ციხეები.
აცნობებს რა ამას, კომისარი კვაჭაძე შუამდგომლობს, რომ აღძრულ იქმნეს მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა ადგილობრივ მცხოვრებლებს გაეწიოს დახმარება, რომ ეხლავე აღმოფხვრილ იქმნეს მრავალრიცხოვანი ბრბოების თარეში, თორემ შემდეგ ეს ძლიერ საბედისწერო ხასიათს მიიღებს და არც ისე ადვილი იქნება მათი დასჯაო.