ტფილისში ლენინის ხსოვნის საღამო გაიმართა

ტფილისში ლენინის ხსოვნის საღამო გაიმართა

სამშაბათს, თებერვლის 5-ს, ტფილისის ხელოვნების სასახლეში სრულიად საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კავშირის მიერ გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, ვ. ლენინის ხსოვნის აღსანიშნავად.

დარბაზში დასვენებულია ლენინის სურათი თალხით მორთული.

საღამო გახსნა კავშირის თავმჯდომარემ სანდრო ეულმა. მან დამსწრეთ მიმართა მოკლე სიტყვით და მოუწოდა მათ ფეხზე ადგომით პატივი ეცათ ბელადის ხსოვნისთვის.

ხორო კ. ფოცხვერაშვილის ლოტბარობით ასრულებს სამგლოვიარო ჰიმნს. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა ამხ. რაჟ. კალაძემ. მან აღნიშნა ლენინის გენიოსური ჭკუა, შეეხო მის ფოლადურ პიროვნებას და აღნიშნა, რომ უდიდესი პატივისცემა მისი ხსოვნისა იქნება, თუ მისი მოწაფენი დავდებთ ფიცს, რომ ვემსახურებით ერთგულად მის უკვდავ იდეებსო.

პროლეტარიატმა დაკარგა უდიდესი მასწავლებელი და მის შესასწავლად არის საჭირო მრავალი წლები.

რ. კალაძის სიტყვის შემდეგ ხორომ შეასრულა ინტერნაციონალი. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა ს. თოდრიამ, რომელიც შეეხო ლენინის პიროვნებას. მან აღნიშნა თუ როგორი იყო მისი დამოკიდებულება ამხანაგებთან, ამასთანავე გაიხსენა ეპიზოდები ლენინთან შეხვედრისა, როდესაც ამხ. თოდრია მუშაობდა სტამბაში, სადაც აწყობდა გაზეთს ლენინის რედაქტორობით.

თოდრიას შემდეგ სიტყვას ლენინის შესახებ ამბობს ი. გედევანიშვილი.

საღამო დასრულდა ლექსების კითხვით, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს: ს. ეულმა, პ. სამსონიძემ, ერთაწმინდელმა, იონა ვაკელმა, შაქრო ნავთღულელმა, გ. ხეჩუაშვილმა, შინატეხელმა და სამგლოვიარო ჰიმნით, რომელიც დასწერა ლენინის სიკვდილზე ახალგაზრდა მუსიკოსმა ელიოზიშვილმა.