ქართველი სტუდენტობა გერმანიაში

ქართველი სტუდენტობა გერმანიაში

გერმანიაში მყოფ ქართველ სტუდენტთა კავშირი საჭიროდ სთვლის ქართველ საზოგადოების და ქართველ სტუდენტობის საყურადღებოდ შემდეგი ცნობა გამოაქვეყნოს:

ყველასათვის ცნობილია, რომ სამი წლის წინ ევროპაში მოსწავლე ქართველ ახალგაზრდობის რიცხვი მეტად მცირე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, პირველად ჩამოვიდა სტუდენტების მოზრდილი ჯგუფი, უცხოეთში სწავლა-განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა თანდათან იზრდება და ამ ხნის განმავლობაში საქართველოდან ჩამოსულ სტუდენტთა რიცხვი დღითი-დღე მატულობს, რაც, რა თქმა უნდა, ფრიად სასიხარულო მოვლენად უნდა ჩაითვალოს.

ერთი ნაწილი ამ სტუდენტებისა თავიდანვე უზრუნველყოფილი იყო და თავის საკუთარ ხარჯზე სწავლობდა, მაგრამ დიდი უმრავლესობა  კი საკუთარ სახსარს მოკლებული იყო და გარეშე დახმარებას საჭიროებდა. დღემდის არსებობდა საშუალება ამ უკანასკნელთ ეს დახმარება აღმოჩენოდა. უმთავრესი წყარო ამ დახმარებისა იყო ეგრედ წოდებული „ქრისტიან-სტუდენტთა საერთაშორისო კავშირის ევროპის განყოფილება“, რომელიც მხოლოდ სემესტრის დროს იძლეოდა განსაზღვრულ დახმარებას. მაგრამ ეს დახმარება ისე მცირეა, რომ სტუდენტისთვის აუცილებელი იყო კიდევ სხვა საარსებო საშუალებათა გამონახვა.

აქ აღსანიშნავია კერძო შეძლებულ პირთა დახმარება და შემოწირულება, რომელსაც არა სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ დღეს კი, სამწუხაროდ, მეტად ცუდი მდგომარეობა შეიქმნა: ამ კერძო პირებმა სრულებით შეწყვიტეს ყოველგვარი დახმარება. მეორეს მხრით ქრისტიან-სტუდენტთა კავშირიც ამ ჟამად დახმარებას არ იძლევა, და აგრეთვე ნაკლები იმედია, რომ მომავალი სემესტრიდან სტუდენტობა ამ ორგანიზაციიდან რამე დახმარებას მიიღებს.

იმ შემთხვევაშიც კი, რომ ეს დახმარება სტუდენტობამ მიიღოს, მდგომარეობა მაინც კრიტიკული რჩება, ვინაიდან აღნიშნული დახმარება საარსებო მინიმუმის დაახლოებით ერთ მეოთხედს უდრის.

გერმანია დღეს ეკონომიურ კრიზისს განიცდის, უმუშევრობა ყოველ დღე იზრდება და რაიმე სამუშაოს შოვნა, განსაკუთრებით კი უცხოელისათვის ყოვლად შეუძლებელია. ამიტომ ზოგიერთი სტუდენტი იძულებულია აქედან უცხოეთში წავიდეს, მეცადინეობა მიატოვოს და იქ უბრალო მუშათ დადგეს, რომ შიმშილობა თავიდან აიცილოს.

ასეთ პირობებში, ცხადია, სტუდენტი არჩევდა სახლში დაბრუნებას, თუმცა ბევრ მათგანს რამდენიმე (2-3 სემ.) სემესტრი-ღა უკლია სწავლის დასრულებას, მაგრამ გზის ფულის შოვნის საშუალებაც არ არის.

ასეთი მდგომარეობის წყალობით ბევრი სტუდენტი დაავადმყოფდა და სტუდენტთა კავშირს კი არაფერი მოეპოვება, რომ გაჭირვებაში მყოფ სტუდენტებს რაიმე დახმარება აღმოუჩინოს.

ამნაირად სტუდენტობა დღეს სრულიად უსახსროდ არის დარჩენილი და მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ ვკარგავთ იმედს და განვაგრძობთ მუშაობას, მაგრამ ეს ყოველივე ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნდა აღგვენიშნა, როგორც აქ მყოფ სტუდენტთა მშობლების და ნათესავების საყურადღებოდ, აგრეთვე იმ სტუდენტების, რომელნიც აქეთ წამოსვლას დააპირებენ.

გერმანიაში მყოფ ქართ. სტუდ. კავშირის გამგეობის თავმჯდომარე: ირაკლი ურუშაძე

მდივანი მირონ წულეისკირი

ბერლინი, 21 აპრილი, 1923 წელი