საქართველო ევროპაა თუ აზია?

საქართველო ევროპაა თუ აზია?

გასული საუკუნის მიწურულს - 1999 წლის 26 ივნისის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს „ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა“ მიანიჭა „ღირსების ოქროს მედალი - 2000“, რომელიც ბოლო ასი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის გაიცემა.

ამავე ნომერში დაბეჭდილი იყო დიდი მეცნიერის ვრცელი წერილი „საქართველო ევროპაა თუ აზია?“

მკითხველებს ერთხელ კიდევ ვთავაზობთ აღნიშნული წერილის იმ ნაწილს, სადაც ავტორი კოლხეთის თემას ეხება.

„ევროპა“ და „აზია“ ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით საერთო კონტინენტს წარმოადგენს და გაერთიანებულია „ევრაზიის“ სახელწოდებით. ამ საერთო კონტინენტის დაყოფა „ევროპულ“ და „აზიურ“ ნაწილებად არსებითად პირობითია.

გეოგრაფიული სახელები „ევროპა“ და „აზია“ ანტიკური სამყაროდან მომდინარეობს და ძველი ბერძნული საკუთარი სახელებია, მეტად გავრცელებული ბერძნულ მითოლოგიაში.

ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, „ევროპა“ ფინიკიელი მეფის ქალიშვილი იყო, რომელიც გაიტაცა ღვთაება ზევსმა, ხარად გარდაქმნილმა კუნძულ კრეტაზე. აქ მათ შეეძინათ შვილი „მინოსი“, კუნძულ კრეტის მეფე. მეფე მინოსს უკავშირდება სწორედ კრეტაზე ცნობილი სასახლის - ლაბირინთის აშენება, ბერძენ გმირ თეზევსის ხართან - მინოტავრთან - აქ შებრძოლება და არიადნეს ძაფის დახმარებით ლაბირინთიდან მისი გამოყვანა.

თვით ბერძნული სახელები „ევროპა“ და „აზია“ სემიტური წარმომავლობის სიტყვებს უკავშირდება, შესაბამისად „საღამოს“, „მზის ჩასვლისა“ და „გამოსვლის“, „მზის ამოსვლის“ მნიშვნელობებით.

შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ „ევროპა“ ბერძნულ მითოლოგიაში სწორედ ფინიკიელი მეფის ქალიშვილი იყო. ძველი ბერძნებისათვის საზღვარი სამხრეთ ევროპასა და აზიას შორის კოლხურ მდინარე „ფაზისზე“ გაიგივებულია დღევანდელ „რიონთან“, თუმცა „ფაზისის“ სახელწოდებით ბერძნულ სამყაროში სხვა მდინარეებიც აღინიშნებოდა, შესაძლოა, მდინარე „ჭოროხიც“.

ამდენად, „ევროპის“ საზღვრად სამხრეთში ტრადიციული წარმოდგენების თანახმად, მდინარე რიონი უნდა მივიჩნიოთ და ზოლი „ევროპასა“ და „აზიას“ შორის არა კავკასიონის ქედის გასწვრივ გავავლოთ, არამედ საქართველოს არსებული მდინარეების დინების მიხედვით ვივარაუდოთ.

ამ თვალსაზრისით „კოლხეთიც“, „კოლხეთის სამეფოც“ ძველი ბერძნებისათვის მთლიანად ევროპაში იყო მოთავსებული და „ევრაზიული“ კონტინენტი საკუთრივ „ევროპულ“ ნაწილს განეკუთვნებოდა.

„ზანური ენა“ - დღევანდელი მეგრულ - ლაზურის წინაპარი ენა - იყო სწორედ კოლხური სახელმწიფოს ენა, რომელზედაც, როგორც ივარაუდება, მეტყველებდა აია-ქვეყნის, ე. ი. „კოლხეთის“, მეფე აიეტი. ამ ენას აკაკი შანიძე „კოლხურს“ უწოდებს. სწორედ ამ ენიდან ისესხეს ბერძენმა არგონავტებმა „ტყავის“ აღმნიშვნელი კოლხური სიტყვა ტყოვი-ტკოვი „ოქროს საწმისის“ გამოსახატავად, რომლის მოსაპოვებლად ისინი უძველეს ხანაში კოლხეთისაკენ გამოემართნენ.

ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასი წლისთავი, რომელიც მთელმა ქართველმა ხალხმა უნდა აღნიშნოს, სწორედ კოლხეთის ქართულ-ქართველურ სახელმწიფოდ მიჩნევამ განსაზღვრა. სწორედ ძველი კოლხეთით, კოლხური სახელმწიფოებრიობით თარიღდება უძველესი ქართული სახელმწიფოებრიობა.

უახლესი გამოკვლევების მიხედვით, კოლხური სახელმწიფოებრიობის არსებობა ჩვენ უკვე ძვ. წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნისათვის უნდა ვივარაუდოთ, რამდენადაც მიკენური ეპოქის ბერძნულ წარწერებში დოკუმენტურად დასტურდება მრავალი სახელი, რომლებიც „არგონავტების მითიდან“ იყო ჩვენთვის ცნობილი, მათ შორის ისეთი სახელები, როგორიცაა „ქვეყანა „აია“, „კოლხიდა“, „იასონი“ და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს და საზოგადოდ სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი, უძველესი წარმოდგენების მიხედვით, „ევრაზიული“ კონტინენტის სწორედ ევროპულ ნაწილში მდებარეობს, განსხვავებით რიონისა და ჭოროხის სამხრეთით მდებარე რეგიონებისაგან (ანატოლია, ირანის ზეგანი, მესოპოტამია), რომლებიც ამავე წარმოდგენების თანახმად, კონტინენტის „აზიურ“ ნაწილს განეკუთვნება და თანამედროვე გეოგრაფიულ ნომენკლატურაში „წინა აზიის“ ან „სამხრეთ-დასავლეთი აზიის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

თამაზ გამყრელიძეაკადემიკოსი