პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დაპირისპირებას არასამთავრობოები ოპერატიულად გამოეხმაურნენ. გამოხმაურება ჰქვია, თორემ სინამდვილეში მათი ჩვეულ, დიდაქტიკურ, „მაღალშტილში“ დაწერილი კიდევ ერთი „სწავლა-შეგონებაც“ ამ ბოლო დროს პარლამენტის თავმჯდომარეზე პრეზიდენტის ბანაკის მხრიდან განხორციელებული შეტევის რიგითი ეპიზოდია. იქნებ არც ღირდეს ამისთვის ზედმეტი ყურადღების დათმობა, მაგრამ ეს რიგითი ეპიზოდი იმდენად ნიშანდობლივია, შექმნილ ვითარებას იმდენად მკაფიოდ ასახავს, რომ გავბედავ და ორიოდე სიტყვით ამ „გამოხაურებას“ მეც გამოვეხმაურები. ვეცდები, ზედმეტი „ხმაური და მრისხანება“ არ გამომივიდეს. ეს იოლი სულაც არ არის, რადგან თავის შეკავება, როცა ქვეყანა სულ უფრო მეტად ემსგავსება წესების გარეშე ბრძოლის, სადაც ყველაფერი მოსულა, არენას, დამეთანხმებით, რკინის ნერვებს მოითხოვს...
...არასამთავრობოების „გამოხმაურება-განცხადებას“ „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს - (http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/446106-arasamthavroboebi-irakli-kobakhidzis-ganckhadeba-sajaro-mosamsakhureebis-mier-shesadzloa-aghqmuli-iyos-rogorc-khelisuflebis-mimarth-kritikuli-azris-gamothqmis-akrdzalva.html) და მკითხველს იოლად შეუძლია დარწმუნდეს, რომ ისინი კვლავაც დაჟინებით ამტკიცებენ იმას, რისი დამტკიცებაც, საღი აზრიდან გამომდინარე, უბრალოდ -წარმოუდგენელია! რა ვქნათ, იქნებ დაუჯეროთ, რომ „მაწონი შავია“?! ხოლო თუ გავბედავთ და მათ „მოძღვრებას“ არ დაუჯერებთ, მაშინ საკუთარ თავსაც და თქვენც გირჩევთ, გვარიანად მოშლილ ნერვებს გაუფრთხილდეთ....
აი, მათი ახირებული და კატეგორიული სახის მტკიცებულება, რომელიც საღად მოაზროვნე ადამიანს, თუ კარგი ნერვები არ აქვს, წყობიდან გამოიყვანს: „პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სამართლებრივ უზუსტობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა. კერძოდ, „საქართველოს საჯარო სამსახურის“ ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ პოზიციაზე დასაქმებული პირები არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად“.
თურმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე და იქ ხელფასის მიმღები ანა დოლიძე საჯარო მოსამსახურე საერთოდაც არ ყოფილა და გამომდინარე, ირაკლი კობახიძეს არავითარი უფლება არ ჰქონდა მის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების გამო რაიმე შენიშვნა („მითითებაო“ - თავად ასე „ხისტად“ უწოდებენ) გამოეთქვა!
იმთავითვე ცხადია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსთან დაკავშირებული მთელი ეს იწილო-ბიწილო ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. მართლაც, თუ საპარლამენტო მდივანს საჯარო მოსამსახურედ არ მივიჩნევთ, მაშინ ელემენტარულ შეკითხვას - „თუ საჯარო მოსამსახურე არა, მაშ ვინ, რა სტატუსის მქონე სუბიექტია (როგორც გურულები ამბობენ - „რა მოხელე-ნაჩალნიკია“) იგი?“- პასუხი უნდა გაეცეს, ხოლო საღი აზრიდან გამომდინარე, ლოგიკური პასუხი ამ მარტივ შეკითხვას საერთოდაც არ მოეძებნება.
არასამთავრობოების ამგვარ სოფიზმს, რომ ანა დოლიძე საჯარო მოსამსახურე არ არის, ანუ მტკიცებას, რომ თურმე „მაწონი შავია“, სამწუხაროდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონიდან ერთგვარი ფორმალური საბუთი ნამდვილად გამოეძებნება: ეს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოყვანილ, საჯარო სამსახურის განმარტებისას დაშვებულ ლოგიკურ უზუსტობას უკავშირდება. მართლაც, კანონის ამ გაუმართავი ჩანაწერის (კერძოდ: „საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა)...)“ მიხედვით გამოდის, რომ ამ კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის ჩამონათვალში მითითებული პირები (მათ შორის ნამდვილადაა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც), რომელთა მიმართ კანონის მხოლოდ რამდენიმე მუხლი ვრცელდება, თურმე საჯარო სამსახურში არ არიან (?!).
ცხადია, ამგვარი, ლოგიკას მოკლებული, მთლიანად ამ, საერთო ჯამში - კარგი კანონის სულისკვეთებას აშკარად აცდენილი და საწინააღმდეგო განმარტება კანონის ხარვეზად უდავოდ უნდა მივიჩნიოთ.
ხარვეზი ხარვეზად, მაგრამ კანონის ხარვეზის გამოყენება იმის დასამტკიცებლად, რომ „მაწონი შავია“, რასაკვირველია, რბილად რომ ვთქვათ - პროფესიული არაკეთილსინდისიერებაა, ხოლო თუ პირდაპირ, ღიად ვიტყვით - ვიწრო, უმეტესწილად არაჯანსაღი, ინტერესების გამო კანონის ვირეშმაკული ინტერპრეტაციაა, რასაც არც თუ იშვიათად მიმართავენ ხოლმე ჩვენი ვითომ პროფესიულობით განთქმული არასამთავრობოები.
რასაკვირველია, კანონიდან გამომდინარე, ასეთ პროფესიულ ვირეშმაკობასაც სინამდვილეში სერიოზული არც ფორმალური დასაბუთება, თუ ზემოთ აღნიშნულ ლაფსუსს არ მივიღებთ მხედველობაში, არ გააჩნია, რადგან ამავე კანონის ამავე, მე-3 მუხლის წინა ორ, „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში სავსებით ცხადად და ცალსახად არის განმარტებული სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფო მოსამსახურის ცნებები. კერძოდ:
„ა) სახელმწიფო სამსახური – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას;
ბ) სახელმწიფო მოსამსახურე – პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე;“
როგორც ვხედავთ, კანონის ამ მკაფიო განმარტებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ცალსახად სახელმწიფო მოსამსახურეს (მაშასადამე, ავტომატურად - ზოგადად, საჯარო მოსამსახურესაც) უდავოდ წარმოადგენს, ანუ - მიუხედავად მისი და ამ არასამთავრობოების ახირებული და ვირეშმაკული დაჟინებისა, კანონით „მაწონი შავი“ ნამდვილად არ გახლავთ.
ჭეშმარიტი პროფესიულობა და სამოქალაქო პოზიცია ახირებულობა და ვირეშმაკობა კი არ არის, არამედ პირიქით: პატიოსანი და პროფესიონალი აქ სოფისტურ მტკიცებას კი არ მოჰყვებოდა, რომ თურმე „მაწონი შავია“, ე.ი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურე არ არის, არამედ სწორედაც კანონის ამ უზუსტობზე გაამახვილებდა ყურადღებას და მისი გასწორებისკენაც მოუწოდებდა ხელისუფლებას, მაგრამ, ვაი, რომ ამ ჩვენი ცოდვით სავსე არასამთავრობოების ცხოვრების ნირი პატიოსნება და პროფესიულობა ნაკლებად არის, მათი რეალური ინტერესებიცა და „პროფესიული მოწოდებაც“ კარგად ჩანს და მთლიანად ამ „გამოხმაურების“ ყოველ წინადადებაში თავს იჩენს, განსაკუთრებით კი იქ მჟღავნდება, სადაც თავიანთ საკბილოდ ამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ჩვეული „სამოქალაქო აგრესიის“ შენიღბვას დიდქატიკურ-შეგონებითი სტილითა და ვითომ სხვათა უფლებების, ამ შემთხვევაში - საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური უფლებების, დაცვის თვალთმაქცური მოტივით ცდილობენ! თავად განსაჯეთ:
„...პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი, რაც აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა ეთიკის წესებზე. ეთიკის წესები ემსახურება საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ანგარიშვალდებულად და ეფექტიანად შესრულების მიზანს და არა პოლიტიკოსების საჯარო მოსამსახურეთა კრიტიკისგან დაცვის მიზანს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეც არის პირი, რომელიც პოლიტიკოსს ირჩევს და სრული უფლება აქვს, მასზე საკუთარი აზრი გააჩნდეს...“
ნებისმიერი მიუკერძოებელი მკითხველი, მსმენელი თუ მაყურებელი უთუოდ დამეთანხმება, რომ ირაკლი კობახიძეს არსად და არასდროს არ უთქვამს, არც რაიმე ფორმით არ მიუნიშნებია, რომ საჯარო მოსამსახურეს არა აქვს უფლება, გააჩნდეს პოლიტიკური შეხედულებები და თუნდაც ამა თუ იმ პოლიტიკოსზე საკუთარი პოზოტიური თუ ნეგატიური აზრი. ხოლო მისი რომელიმე განცხადების მსგავსი კონტექსტით - თითქოს იგი ცდილობს კრიტიკისგან დაიძვრინოს თავი, აღქმა, ცხადია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ფუჭი მცდელობაა.
ვის, თუ არა ჩვენს არასამთავრობოებს, კარგად უნდა მოეხსენებოდეთ, რომ პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ საჯარო მოსამსახურის ლოიალობა საჯარო სამსახურის მოწყობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპთაგანია. ეს პრინციპი კრიტიკისგან პოლიტიკოსთა დაცვის მიზანს კი არა, სწორედაც იმას ემსახურება, რომ კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად, მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულდეს საჯარო სამსახურის მთავარი ფუნქცია - განხორციელდეს ზუსტად ის პოლიტიკა, ანუ - მიღწეული იქნას სწორედ ის მიზნები და გადაწყდეს სწორედ ის ამოცანები, რაც ხალხისგან მანდატმიღებულ, ე.ი. საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკოსებს დაუსახავთ.
რასაკვირველია, პოლიტიკოსის კრიტიკაც შეუძლია საჯარო მოსამსახურეს და ეს მისი პირდაპირი მოვალეობაც კი არის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი კრიტიკა - პროფესიულ არგუმენტებზე და არა პოლიტიკურ სპეკულაციებზე დაყრდნობით! საქმიანი კრიტიკა დასაშვები და აუცილებელიცაა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საქმის ვითარების ობიექტურად და კომპეტენტურად, პროფესიული კუთხით შეფასებული გარემოებებიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში რაიმე საკითხის პოლიტიკური მიზანშეწონილობისა თუ მიზანშეუწონლობის, მით უმეტეს, ამა თუ იმ პოლიტიკოსის ავ-კარგიანობის განსასჯელად პოლიტიკური სპეკულაციების მოწყობითა და თანაც ამ პოლიტიკურ თემებზე საჯაროდ, სამარცხვინოდ მძაფრი სანახაობის დადგმით! საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პოლიტიკური დებატების, თანაც საჯაროდ გამართვა არამც და არამც არ არის საჯარო მოსამსახურის საქმე, რადგან ლოიალობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა მისი ვალდებულებაა, მეტიც - მისი ქცევის განმაპირობებელი ერთ-ერთი უმთავრესი ეთიკური პრინციპია!
თუ საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პოლიტიკურ დებატებში შევა მოქმედ პოლიტიკოსთან (აქ მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფალთაგანია თუ ოპოზიციონერი ეს პოლიტიკოსი - ორივე შემთხვევა მავნე და საშიშია!), ეს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას იმთავითვე გულისხმობს და ამ შემთხვევაში მის ლოიალობასა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე საუბარიც ზედმეტია! ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვა, ცხადია, არა! მაგრამ როცა იგი სამსახურშია და თავის უშუალო მოვალეობებს ასრულებს, რაც შეიძლება დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან და საქმეს მხოლოდ კომპეტენტურობიდან გამომდინარე, პროფესიული თვალსაზრისით უნდა შეხედოს - ეს მისი ვალდებულებაა, სწორედ კომპეტენტურობაში და არა პოლიტიკურ სპეკულაციებში, უხდიან მას ჯამაგირს! ხოლო სამსახურისგან თავისუფალ დროს, კი ბატონო, თუკი სურს, მიიღოს პოლიტიკაში, გინდ ხელისუფლებისა და გინდ ოპოზიციის მხარეს - ეს მისი ასარჩევია, მონაწილეობა, მაგრამ არამც და არამც თავისი თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებითა და საჯარო მოსამსახურის სახელით! არამედ, კეთილი ინებოს, მოსამსახურის მუნდირი გარდერობში ჩამოკიდოს და როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც არა საჯარო, არამედ კერძო პირი, ზუსტად ისე მონაწილეობდეს - არც მეტი და არც ნაკლები!
საჯარო სამსახურის პოლიტიზება პოლიტიკური ხელისუფლების სასარგებლოდ და მის აქტიურ, „მებრძოლ ჯარისკაცად“, თავგამოდებულ დამცველად პოლიტიკური პაექრობისას - უწინარესად არჩევნებში, ერთი დიდი უბედურებაა, რაც სააკაშვილის ჟამიანობისას მეტად მწარედ ვიწვნიეთ და ძლივს გადავიტანეთ, მაგრამ საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება იმას როდი ნიშნავს, რომ ამჯერად ეს საჯარო სამსახური ხელისუფლებას უნდა ჩაუდგეს კრიჭაში და ოპოზიციის თავგამოდებული ჯარისკაცის (რასაც სინამდვილეში სულ უფრო მეტად ემსგავსებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები) როლი მოირგოს!
არადა, არასამთავრობოების „გამოხმაურება“, ვითომ საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური უფლებების დაცვის თვალთმაქცური მოტივით, სინამდვილეში სწორედ აქეთკენ, ე.ი. ოპოზიციური მიმართულებით საჯარო სამსახურის პოლიტიზების, რაც უარეს უბედურებას მოგვიტანს, ღია მოწოდებაა!
„ჩვენ თქვენსკენ ვართ, არიქა, მიდით, „მიაწექით“ და ნუ მოგერიდებათ ანა დოლიძესავით მოქცევა, ე.ი. ხელისუფლების კრიჭაში ჩადგომა, მისი პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკა და თუნდაც უშვერი ლანძღვაო (რისი უფლებაც თავს მისცა ანა დოლიძემ)“ - სწორედ ეს წაქეზება გახლავთ ამ არასამთავრობოების „გამოხმაურების“ ნამდვილი და ერთადერთი მიზანი! ვეჭვობ, ზუსტად ეს - ე.ი. ცეცხლზე ნავთის დასხმა, ნაპერწკლიდან გაჩენილ ხანძარზე ხელის მოთბობა, არის მათი ჭეშმარიტი „მოწოდება და პროფესია“!
საჯარო სამსახურის ოპოზიციური მიმართულებით პოლიტიზება, საბოლოო ჯამში, როგორც თავად საჯარო სამსახურის, ასევე პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების, ე.ი. მთლიანად სახელმწიფოს პარალიზებას გამოიწვევს! მართლაც - აბა რას ან როგორ გააკეთებენ რაიმე ხეირიანს პოლიტიკოსები, თუკი მათ საჯარო სამსახური, რომელიც პოლიტიკის გატარების სწორედაც უმთავრესი ინსტრუმენტია, აუმხედრდებათ?! ანდა, როგორ, რა მიმართულებით და ვის სასარგებლოდ იმუშავებს პროფესიული საჯარო სამსახური, თუკი იგი ხალხის მიერ ნდობამოპოვებული და გამომდინარე, პოლიტიკის განსზღვრა-განხორციელებისთვის მანდატ მიღებული პოლიტიკოსების ნებას, რაც ამ შემთხვევაში ხალხის ნებაც არის, არ შეასრულებს და უარესიც - კრიჭაში ჩაუდგება?!
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონს ძველისგან სასიკეთოდ გამოარჩევს, ეს სწორედ პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და არა პოლიტიკოსი მოსამსახურეების ერთი-მეორისგან მკაფიოდ გამიჯვნაა! თუ მოსამსახურე სახელმწიფო-პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ არის, ხელისუფლების მიმართ ლოიალობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მისი ვალდებულება და ქცევის ერთ-ერთი მთავარი წესია!
პარლამენტის თავმჯდომარემ ანა დოლიძესთან პოლემიკისას თქვა სწორედ ეს, საყოველთაოდ და იოლად გასაგები, მარტივი, სულაც -ანბანური ჭეშმარიტება. ეს ყველამ, განსაკუთრებით კი-ვისაც საჯარო საქმიანობის პრეტენზია აქვს, იმთავითვე უნდა იცოდეს. ანა დოლიძის მიმართ შენიშვნის არსიც მხოლოდ ეს იყო - მისი, როგორც არა კერძო მოქალაქის, არამედ საჯარო პირის სტატუსით საჯარო გამოსვლებისას, მით უმეტეს - საპარლამენტო ტრიბუნიდან, იგი მოვალე ბრძანდება მაქსიმალურად თავი აარიდოს პოლიტიკურ სპეკულაციებს, განსაკუთრებით - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების და უარესიც - მთლიანად პარლამენტის, პოლიტიკურად მოტივირებულ განსჯა-კრიტიკას, მათ ჭკუის სწავლებასა და დამოძღვრას, რაც ყურისმომჭრელად მკვახე და მაღალი ტონალობით გაბედა პრეზიდენტისგან წაქეზებულმა ანა დოლიძემ!
უნდა გამოეთქვა თუ არა ირაკლი კობახიძეს მსგავსი შენიშვნა? - უდავოდ! მისი, როგორც სხდომის წამყვანის არა მხოლოდ უფლება, არამედ პირდაპირი პროცესუალური მოვალეობა იყო გაეფრთხილებინა გამომსვლელი, რომელიც თავს უფლებას აძლევდა და მისთვის განსაზღვრულ ქცევის წესს ჯიუტად არ ემორჩილებოდა, მაღალ და მკვახე ტონალობაში აგრძელებდა ქვეყნის უმთავრესი და უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს დამოძღვრას, აფრქვევდა საკუთარ ან პრეზიდენტის „ოპოზიციურ“ პოლიტიკურ შეხედულებებს და ერთი სიტყვითაც არაფერი უთქვამს საქმის ობიექტური გარემოებების შესახებ - საერთოდ არც გახსენებია, რადგან იმთავითვე არც გააჩნდა, განსახილველი საკითხის თაობაზე რაიმე კომპეტენტურად, პროფესიული სტანდარტებით და არა პოლიტიკური შეხედულებებით, დასაბუთებული არგუმენტი!
ყალბად გაგებული ეს „პოლიტიკური გაბედულება“ მაშინათვე, დიდად აქო და ადიდა პრეზიდენტმა და ანა დოლიძის „თავდადება“ თითქმის სამოქალაქო გმირობად შეაფასა! ხოლო ამ ჩვენი ცოდვით სავსე არასამთავრობოებმა ეს საქციელი ხომ მაგალითად და ორიენტირად დაუსახეს არა მხოლოდ პრეზიდენტის ისედაც ანგაჟირებული ადმინისტრაციის, არამედ ყოველ საჯარო მოსამსახურესაც!
სრულიად ნათელია, რომ კანონიდან გამომდინარე, ანა დოლიძე არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რადგან ასეთ თანამდებობათა ამომწურავი ჩამონათვალი თავად კანონშია მოყვანილი და ამ ნუსხაში საპარლამენტო მდივნები არ შედიან. ამიტომ ხელისუფლების მიმართ ლოიალობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის ვალდებულება მასზეც უდავოდ, ყოველ მიზეზს გარეშე, ვრცელდება! ამის საპირისპიროდ კი პრეზიდენტის ბანაკის არასამთავრობოები იმას გვიმტკიცებენ, რომ ლოიალობა მოსამსახურისათვის თურმე სულაც ზედმეტი ბარგია და თანაც იმასაც, რომ ანა დოლიძე მოსამსახურეს სულაც არ წარმოადგენს!
მართლაც საინტერესოა, თავად ეს არასამთავრობოები რა პასუხს გასცემენ თავში დასმულ ამ ელემენტარულ კითხვას: თუ არც პოლიტიკური თანამდებობის პირია და საერთოდ, საჯარო მოსამსახურეც კი არ არის, მაშ ვინ არის, მაინც რა სტატუსი აქვს ამ უბრწყინვალეს ქალბატონს, ანა დოლიძეს?!
როგორც ჩანს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, უბრწყინვალესი ქალბატონი მათი ამქრის წევრია და ამიტომაცაა განსაკუთრებული პერსონა: ისეთი სუბიექტი, რომელსაც ყველა და ყოველივე შეუძლია განსაჯოს, აკრიტიკოს და თუ მოეპრიანა, უშვერად ლანძღოს კიდეც, ხოლო თავად კი ყოველგვარი კრიტიკის მიღმაა და უბრალო შენიშვნა, მით უმეტეს - „მითითება“ ვერავინ უნდა შეჰკადროს და გაუბედოს!
ასეთი მაინც რა „მოხელე-ნაჩალნიკია“ და რა შეიძლება ვუწოდოთ მსგავს განსაკუთრებულ პერსონას?! აქ, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ამ კითხვას სერიოზული პასუხი არა აქვს, ცოტა ვიხალისოთ - ზოგიერთისათვის კარგად დავიწყებული რუსული მოვიშველიოთ და თანაც, არასამთავროთა აბრივიატურიდან მომდინარე ალუზიაც არ დავივიწყოთ. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, ანა დოლიძე სწორედაც რომ „ასობა“, ე.ი. რუსული გაგებით - განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული, ყოველთვის და ყველასთან მართალი და მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში მყოფი ზე-სუბიექტია, ამასთან, იგი არასამთავრობოების არსის გამომხატველი, მათი „თვითობის“ ბრწყინვალე ხატებაცაა, ე.ი. არა მხოლოდ რუსულად, არამედ ქართულ-აბრივიატურულადაც ასევე „ასო-ბას“ წარმოადგენს! თავად არასამთავრობოების მიერვე ასეთი განსაკუთრებული „ასობები“ მათ ერთგვარ „სუპერ-ეგოდაც“ კი აღიქმებიან. გასაკვირი არც ის არის, რომ ასეთ არასამთავრობოებს და მათ სხივმოსილ სუპერ-ეგოებს ნებისმიერი როლი და ფუნქცია საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ მოირგონ და სხვადასხვა ჰიპოსთაზით მოგვევლინონ: მაგ. იყვნენ სახელმწიფო სამსახურში და ამავდროულად არ მიიჩნეოდნენ მოსამსახურედ, რადგან მათი რაიმე ვალდებულებით (ამ შემთხვევაში - საჯარო მოსამსახურის ვალდებულებებით) ბოჭვა ხომ „სამოქალაქო ღვთისგმობა“ და წარმოუდგენელი მკრეხელობაა! მკრეხელობა კი იმიტომაც არის, რომ ა.ს.ო.-თა ორთოდოქსული შეხედულებებით „ასო-ბა“ყოველთვის და ყველგან სრულიად თავისუფალი, ნარნარად მოფარფატე წმინდა სულია და მას, როცა უნდა და როგორიც უნდა, იმ სახეს და სტატუსსაც, წამსვე მიიღებს: ხან პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს, ხან რომელიმე პოლიტიკური მხარის - მაგ. პრეზიდენტის, სრულუფლებიან წარმომადგენელს, ხან სხვათა უფლებების დაცვით ზეშთაგონებული სამოქალაქო სექტორის სახეა, ხან ჭკუის დამრიგებელი ყველაზე ავტორიტეტული დიდაქტიკოსის ჰიპოსთაზშია, ხან ყოვლის (და არა მხოლოდ პოლიტიკისა ან სამართლის) მცოდნე ბრძენთა-ბრძენისა, ხან ადვოკატია, ხანაც პროკურორი, თუმცა ნებისმიერი ჰიპოსთაზისას, ყოველთვის უზენაესი და უცდომელი მსაჯულიცაა! მოკლედ: ა.ს.ო.- ებისა და მათი სუპერ-ეგო „ასობებისგან“ თურმე ყველაფერი მოსულა და ჩვენც, სხვა რა გზა გვაქვს? ისინი ნებისმიერ მოვლენილ ჰიპოსთაზში უნდა მივიღოთ და არა მხოლოდ ავიტანოთ, არამედ ხელის გულზეც უნდა ვატაროთ! ღმერთმა ნუ ქნას და თუკი ვინმე, მაგ. პარლამენტის თავმჯდომარე თუნდაც შენიშვნას შეჰბედავს, უნდა აღვშფოთდეთ და მათი უბრწყინვალესობის შეურაცხმყოფელი სასტიკად დავგმოთ და შევაჩვენოთ! მერე რა, რომ იგივე პრეზიდენტისგან განსხვავებით, ეს მათი უბრწინვალესობანი ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს სულაც არ წარმოადგენენ!
...რასაკვირველია, ზედმეტი დრამატიზება არ ღირს, სინამდვილეში საკითხი ხომ ძალზე მარტივია: პრეზიდენტის ბანაკის, მთელი მისი ადმინისტრაცია-არასამთავრობოებისა თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, ხმაურიანი საქმიანობის ერთადერთი სფერო ამ ბოლო ჟამს სხვა აღარაფერია, თუარა ხელისუფლებასთან მისი დისკრედიტაციისა და შედეგად, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ზეგავლენის და სარგებლის მოპოვების მიზნით, მუდმივი, თანაც ყოვლად უსაგნო და საზოგადოებრივად ფუჭი, უარესიც - მავნე პოლიტიკური კინკლაობა! განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გარდა ამგვარი წვრილმან-პოლიტიკანურისა, პრეზიდენტის ბანაკის არასამთავრობოების მკაფიოდ გამოხატულ დესტრუქციულ საქმიანობას არც სხვა მოტივაცია, არც შინაარსი და უკვე აღარც ფორმა არა აქვს. საზოგადოებრივად ღირებულს ისინი აღარაფერს აკეთებენ, ამ წვრილმანი პოლიტიკანური ჩხირკედელაობით და სოფისტიკით არიან დაკავებულნი, ანუ სამოქალაქო სექტორის სახეს საბოლოოდ კარგავენ, რაც არც ქვეყანას მოუტანს სიკეთეს და ბუნებრივია, სრული დისკრედიტაციის გამო, მათაც გვარიანად დააზარალებს!
მათი თავი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ვიღას ვენდოთ და რას უნდა დაუჯეროთ ამ საყოველთაო დისკრედიტაციის ვითარებაში? როცა ამდენი თავგზააბნეული „ასობობას“ იჩემებს, როცა ამ დაჩემებულთაგან ყველაფერი მოსულა, როცა დღე და ღამ ინტერნეტით, ტელევიზიით, რადიოთი თუ პრესით, შინ თუ გარეთ, ვისაც არ ეზარება, დაჟინებით გვიმტკიცებს - თურმე „მაწონი შავია“, ეს კი შენც გეხება და არიქა, სანამ კიდევ დროა, თავს უშველე და შემოგვიერთდიო, როცა უკვე ლამის მთელი ქვეყანა სათითაოდ გაიძახის: „ყველა კი ბზუის, მაგრამ ჩემს გარდა, ყველა ტყუისო“, განა ვინმეს კიდევ დაეჯერება?! - საკითხავი, სწორედ ეს არის!