საუკუნეებია რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა, მისი მიმართულებები და ვექტორები არ იცვლება: ტერიტორიული ექსპანსია და გაფართოება მეზობლების ხარჯზე, სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით მეზობლების საშინაო საქმეებში ჩარევა, სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა სხვა ქვეყნებში, ხისტი საგარეო პოლიტიკა და კუნთების თამაში, ეკონომიკური და სამხედრო ბლოკადა და სანქციები, სხვათა საზღვრების უხეშად დარღვევა, რბილი და სამხედრო ძალის შეზავება, მეხუთე კოლონის მხარდაჭერა სხვა ქვეყნებში, “ჰიბრიდული“ ომი, სხვა ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება და დაშანტაჟება, რეჟიმების დაცვა ან შეცვლა სხვა ქვეყნებში, საინფორმაციო ომის წარმოება, ახალი იმპერიული კავშირების (სსრკ და ევრაზიული კავშირი) შექმნა, დადებული ხელშეკრულებების არარად მიჩნევა, თითქოს რუსული მოსახლეობის ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნების ხელმძღვანელთა მოსყიდვა, მკვლელობა და დაშანტაჟება და ა.შ. (სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასეთ მეთოდებზე, ოღონდ კარგად შეფუთულზე, არც სხვა დიდი ქვეყნები ამბობენ უარს, თუმცა არა ისე აშკარად, ხისტად და აგრესიულად, როგორც რუსეთი).
ასეთი იყო და არის რუსეთის საგარეო პოლიტიკა კარახანიდან (საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისიის მოადგილე) კარასინამდე (თანამედროვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე). იცვლებიან დიპლომატები და რუსეთის თანამდებობის პირები, მაგრამ საგარეო პოლიტიკის შინაარსი უცვლელი რჩება.
XX საუკუნეში რუსეთში ორი კოლაფსი მოხდა - 1917 წლის თებერვლის რევოლუციას მეფე-იმპერატორის გადადგომა, სამოქალაქო ომი და რუსეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა. კომუნისტურმა რუსეთმა დიდი მსხვერპლის ფასად ფართოდ შეძლო სუვერენიტეტის შენარჩუნება და ფეხზე წამოდგომა. მალე სტალინმა რუსეთი უძლიერეს დერჟავად აქცია, რომელმაც სამამულო ომში კბილებამდე შეიარაღებული სუპერსახელმწიფოს-გერმანიის დამარცხება შეძლო (ამ დროს მას სურსათისა და შეიარაღების მნიშვნელოვან ნაწილს აწვდიდა ძირითადად აშშ და ნაწილობრივ ინგლისი).
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთმა (იგივე სსრკ) თავის დადების ზენიტს მიაღწია, თუმცა ხრუშჩოვის პერიოდიდან თავქვე დაექანა და ჯერ დასუსტება, მერე კი დაშლა დაიწყო. საგარეო პოლიტიკა არც ამ პერიოდში შეცვლილა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა ასობით მილიარდი დახარჯა საბჭოთა კავშირის დასასუსტებლად, მისი დაშლა მაინც უფრო შინაგანმა მიზეზებმა განაპირობა. რუსეთში უკვე მეორედ, (XX საუკუნეში) მოხდა კოლაფსი და იგი ფაქტიურად მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდა ელცინის ეპოქაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აღარ შესწევდა ძალა, იგი მაინც აგრესიული რჩებოდა: გავიხსენოთ როგორ დაემუქრა ელცინი ატომური იარაღით დასავლეთს, მოაწყო აგრესია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ფაქტიურად წაგვართვა ეს ტერიტორიები და ა. შ.
ბევრმა ეს ჩათვალა რუსეთის და ისტორიის დასასრულად (ფუკუიამა) და აქედან არასწორი დასკვნა გააკეთა. 1993 წელს საქართველოსთვის არდახმარება და რუსეთის არდასჯა დასავლეთს საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ამას დაემატა დასავლეთის სრული დაუდევრობა და წინდაუხედაობა და ნავთობზე გა გაზზე (რუსეთის ძირითად საექსპორტო ნედლეულზე) ფასების ასტრონომიული ზრდა (130-160 დოლარამდე), რამაც რუსეთის მუხლებზე წამოდგომის და მერე ფეხზე დადგომის და ომის დაწყების საშუალებაც მისცა ჯერ საქართველოში, მერე კი უკრაინაში.
დაუსჯელობით გათამამებული რუსეთი ახლა სირიას მიადგა და მსოფლიო პოლიტიკაში გლობალური მოთამაშის პრეტენზია განაცხადა. მან შეძლო ამ წაყრუებითესარგებლა და ყირიმი წაართვა უკრაინას, აფხაზეთი და ცხინვალი ჩამოაშორა საქართველოს და მათი დამოუკიდებლობა ცნო, შეძლო თავისი მოკავშირის ასადის რეჟიმის შენარჩუნება სირიაში, ყოველთვიურად ატერორებს და აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვრების გადმოწევით და მუქარით, ასევე ემუქრება კვლავ უკრაინასა და მოლდავეთს, ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც კი, ჩუმად აქეზებს ჩრდილო კორეას აშშ-ს წინააღმდეგ და ა. შ.
ერთი სიტყვით, მგელი მგლობას არ იშლის. ერთი საუკუნეა ასე გრძელდება და როდემდე გასტანს ეს ყოველივე არავინ იცის. ერთი რამე კია - რუსეთი ყოველთვის მხოლოდ ძალას უწევდა ანგარიშს და უკან მაშინ იხევდა. დასავლეთმა ან მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის ძლიერ დასასუსტებლად (მხოლოდ სანქციები, თანაც არასრული, საკმარისი არაა, თუმცა ამ სანქციებმაც რუსეთი საკმაოდ დაასუსტა ეკონომიურად, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით), ან აცნობოს ზოგიერთ ქვეყანას, რომ არ შეუძლია მათი სათანადო დახმარება რუსეთის წინააღმდეგ და შემდეგ ისინი თავად გამოიტანენ დასკვნებს. აქ ლაპარაკია რუსეთის ძლიერ დასუსტებაზე და არა დაშლაზე, რაც არავის არ აძლევს ხელს შემდგომი არაპროგნოზირებადი სიტუაციიდან გამომდინარე.
ცხადია ისიც, რომ არც საქართველოსთვის და არც უკრაინისთვის აშშ რუსეთს ომს არ დაუწყებს. ამას არც არავინ ითხოვს, მაგრამ აშშ-ს შეუძლია ეკონომიკურად, ფინანსურად, სამხედრო-ტექნოლოგიური სახით აღმოუჩინოს დახმარება ამ ქვეყნებს, როგორც 1947 წელს აღმოუჩინა დახმარება ევროპის სახელმწიფოებს, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოსაგვარებლად, ამ ქვეყნებში ინვესტიციების ჩასადებად. თუ რუსეთი ამის შემდეგაც არ შეწყვეტს თავის აგრესიულ ქმედებებს, მაშინ უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა გამოცხადდნენ ნეიტრალურ ქვეყნებად, რომლებიც არც ერთ ბლოკში არ გაწევრიანდებიან და ა. შ.
აშშ-ს რესპუბლიკელები რუსეთის მიმართ ყოველთვის ხისტი პოზიციით გამოირჩეოდნენ და არ უთმობდნენ დაუთმობელს მას. თავად რუსეთმაც უნდა გაიგოს და შეეგუოს იმას, რომ ყველა იმპერია ადრე თუ გვიან ინგრევა და რომ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის საკვანძო მეზობელ ქვეყანასთან საქართველოსთან ასეთი პოლიტიკა ადრე თუ გვიან კრახით დამთავრდება. შესაბამისად რუსეთმა უნდა გამოაცხადოს რომ უკან მიაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და აბრუნებს მათ საქართველოს შემადგენლობაში მათი დაცვის ყველანაირი კონსტიტუციური გარანტიებით, უფართოესი უფლებებით. შესაბამისად საქართველოც ამის მერე დათანხმდება ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე.
მაიკ პენსის მრავლისმთქმელი ვიზიტი ნიშნავს, რომ აშშ ცვლის მიდგომებს როგორც რუსეთის, ისე უკრაინა-საქართველოს და სხვა დაჩაგრული ქვეყნების მიმართ. ესტონეთი-საქართველო-მონტენეგრო ნიშნავს, რომ აშშ-ს ბალკანეთში, კავკასიაში და ბალტიისპირეთში სერიოზული ინტერესები და გათვლები აქვს. იმედია, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძვრება და საქართველოსთან მიმართებაშიც (აშშ-რუსეთი) რაღაც დადებითად შეიცვლება. ცარიელი სიტყვები და ფუჭი დაპირებები ჩვენ აღარავისგან გვჭირდება, მათ შორის არც აშშ-სგანაც, თუმცა ძირითადი საქმე მაინც ჩვენი გასაკეთებელი იქნება და ეს არ უნდა დავივიწყოთ.