თბილისის მერმა საახალწლოდ ნაციონალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებს და ჟურნალისტებს, ყვითელი ავტობუსის მძღოლებს და მეტროს 2000-მდე თანამშრომლებს ვაკის პარკში მდებარე რესტორან "სენატში" უმასპინძლა.
ტელევიზიის თანამშრომლები და თბილისის სხვადასხვა უბნის გამგებლები 17 იანვარს რესტორან "სენატში" ერთად იყვნენ.
მერის პირადი პრესსამსახურის უფროსი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადამეტებულია და სრულ რეალობას არ ასახავს. თუმცა, კონკრეტიკისგანაც, თუ რამდენი ადამიანი დაპატიჟა უგულავამ, რა თანხა დაუჯდა ეს და საიდან, რა სახსრებით, საკუთარი ხარჯებით თუ ბიუჯეტიდან გადაიხადა ეს ფული, თავს იკავებს.
„ძალიან ბევრი უზუსტობა მოვისმინე თქვენს შეკითხვებში. ძალიან ბევრი უზუსტობაა, რასაც ვერ დავეთანხმები. ხოლო ის, რომ ახალ წელს ადამიანები აღნიშნავენ ერთად, ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია. ზოგადად ის ფაქტები, რაც თქვენ მითხარით, არის გადაუმოწმებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ის, რომ სხვადასხვა ადამიანები ახალ წელს სხვადასხვა წრეში აღნიშნავენ, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ მივიჩნევთ საჭიროდ. ხოლო ამ ფაქტების დადასტურება და გადამოწმება არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან საჭიროდ. რამდენიმე ადამიანმა უბრალოდ ერთად აღნიშნა ახალი წელი", - განუცხადა „რეზონანსს" მერის პირადმა პრესსამსახურმა თათა ქურხაშვილმა.
„ზუსტად ვიცი, რომ მთელი ჟურნალისტობა შეჰყარა გიგი უგულავამ. ის და მისი მეუღლე პირადად უძღვებოდნენ ამ სუფრას. მიღება, დაპურება და ჟურნალისტების ქეიფი, სადღაც 500 ჟურნალისტი, მხოლოდ ჟურნალისტი არა, ზოგადად ტელევიზიის თანამშრომლები, ხელმძღვანელობა თუ ისე თანამშრომლები, „მაესტროს" და „კავკასიის" გარდა ყველა არხის წარმომადგენლები უფროს-უმცროსიანად, ვაკეში მდებარე რესტორან „სენატში" იყვნენ. უზარმაზარი პურმარილი იყო გაშლილი.
მერიამ და პირადად გიგი უგულავამ დაპატიჟა ეს ხალხი. საინტერესოა რა თანხით დაპატიჟა და როგორ, ეს მაინტერესებს, თორემ ვინ ვისთან ერთად ზის სუფრასთან, ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს.
ამის გარდა, მაქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიური სუფრა გაუშალა ყვითელი ავტობუსის მძღოლებს და რამდენადაც ვიცი, მეტროს თანამშრომლებსაც. მძღოლები - სადღაც 2000 კაცი, იგივე რესტორანში მიიწვია. უგულავა მათაც პირადად მასპინძლობდა. იყო სადღეგრძელოები - „ჩვენ გავიმარჯვებთ", „უგულავა რა კაი ბიჭია" და ფეხზე ადგომით უგულავას გამარჯვების სადღეგრძელოებს სვამდნენ", - განუცხადა „რეზონანსს" ალექსანდრე ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს გიგი უგულავა წინასაარჩევნოდ აკეთებს, ცდილობს ჟურნალისტები მოხიბლოს და ამასთანავე მძღოლებიდან და მეტროს თანამშრომლებისგან ხმებიც მიიღოს.
„ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნოდ. ეს არის ამაზრზენი რამ - სუფრით მოსყიდვა და კეთილგანწყობის მოპოვება. ჯერ ერთი, რა ფულით? რატომ იხდიან ამხელა სუფრებს? უგულავა თავისი ხელფასიდან თუ პატიჟებს, კისერი უტეხია, კი, ბატონო, მაგრამ თავისი ხელფასიდან აკეთებს 500 და 2000 კაციან სუფრებს? ეს ყველაფერი ბიუჯეტის ფულია. თავისი ხელფასით ამას ვერ იზამდა ეს სასაცილოა. ეს არის გაჭირვებული ხალხის ფული. დადის უგულავა და აქეიფებს ამ ხალხს. ჯერ მედიის კეთილგანწყობა მოიპოვა, მერე - ყვითელი ავტობუსების მძროლების",- ამბობს ელისაშვილი.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „კავკასია", სადაც თავად მუშაობს, მერს რესტორანში არ მიუწვევია. თუმცა, რომც დაეპატიჟებინა, მისი არხის თანამშრომლები ამ მიპატიჟებაზე უარს იტყოდნენ, მაგრამ დაინტერესდებოდნენ რა თანხებით აკეთებდა ამას გიგი უგულავა.
ავტობუსის მძღოლები კიდევ გასაგებია - რომ არ წასულიყვნენ ამ სუფრაზე, სამსახურიდან გააგდებდნენ, მაგრამ ტელევიზიის თანამშრომლები, ჟურნალისტები რომ მივიდნენ, ეს რა უსინდისობაა? რა უბედურებაა? ამ ახალი წლის დღეებში ვინმეს საჭმელი არ ჰქონდა? სუფრაზე არ ელოდნენ სადმე, თუ რა ხდება?
გიგი უგულავას დაძახილზე წასვლა სირცხვილია. კითხვა არ გაუჩნდა რომელიმე ჟურნალისტს, რა ფულით აქეიფებდნენ იქ იმ გადატენილ სუფრაზე? და ეს ხალხი თავის თავს ჟურნალისტს ეძახის მაშინ, როცა უგულავა მშიერი ხალხის ფულით სადღაც ეპატიჟება და ისინიც მიდიან ისე, რომ კითხვები არ უჩნდებათ, თუ უჩნდებათ და არ სვამენ უბრალოდ...
„კავკასია" და „მაესტრო" არ დაუპატიჟიათ, მაგრამ რომც დაეპატიჟათ, რომელ მისვლაზეა ლაპარაკი. იმას, რაზეც სხვას ვაძაგებ, მე არ გავაკეთებდი. თუ მეც ასე მოვიქეცი, მაშინ მე უფრო უტიფარი და უსირცხვილო გამოვდივარ. რა მინდოდა იქ? უბრალოდ, ვინმეს რამე რომ ეთქვა, ვიკითხავდი საიდან, რა ფულით აკეთებთ ამას-თქო? ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებას და ვინ იხდის ამ თანხებს-თქო", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რა თანხა დაუჯდა გიგი უგულავას საახალწლო სუფრები, ამის შესახებ ელისაშვილს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რა ფასებია რესტორნებში, არც ამის გამოანგარიშება უჭირს.
„რაც შეეხება დახარჯულ თანხებს, ზუსტი ციფრი არ ვიცი და არ მინდა ტყუილი ვთქვა, მაგრამ ივარაუდეთ. სადღაც გამოქვაბულში ხომ არ ვცხოვრობთ, რომ არ ვიცოდეთ დღეს რესტორანი რა ჯდება. მინიმუმ 50 ლარი მაინც ხომ ჯდება ერთი ადამიანი ყველაზე ცოტა. იქ კიდევ ისეთი სუფრა იყო, ბევრად მეტი დაჯდა. ძალიან დახუნძლული სუფრა ჰქონდათ. შესაბამისად, გადაამრავლეთ 2500 კაცზე და საკმაოდ დიდ თანხას მიიღებთ. ეს მე რაც ვიცი. შეიძლება კიდევ ვინმე ჰყავდა დაპატიჟებული და რა თანხაზე ახვალთ, ნახავთ.
საიდან ამხელა თანხები? რატომ? ეს კითხვა რატომ არცერთს არ გაუჩნდა? მსგავსი საქციელისთვის ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური საზოგადოება და ქვეყანა მოხსნიდა ასეთ მერს, რომელიც ბიუჯეტის ფულით დადის და აქეიფებს ხალხს და სუფრით ყიდულობს ადამიანების ხმებს. ეს არის მარაზმი", - ამბობს ელისაშვილი.