ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მოქალაქეები ყოველ დასახლებაში, სოფელსა, ქალაქსა თუ დიდი ქალაქის უბანში - ადგილობრივ საზოგადოებას - თემს (ლათინაურად- კომუნას) შეადგენენ, ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც კანონით მუნიციპალური ხელისუფლება იქმნება, ე.ი. დიდ ქალაქსა ან დასახლებათა გაერთიანებაში - მუნიციპალურ თანასაზოგადოებას. სწორედ თემი და ამ თემების მუნიციპალური თანასაზოგადოება წარმოადგენენ ამ უფლების - ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავარეს სუბიექტებს.
რა არის ამ უფლების დედააზრი, მისი შინაარსი? ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის თანახმად ამ უფლების არსია „საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილის“ მოწესრიგება და მართვა; ჩვენი კანონმდებლობა კი ამ „მნიშვნელოვან“ საზოგადოებრივ საქმეებს, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა მოაწესრიგოს და მართოს, „ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს“ უწოდებს.
თვითმმართველობის ღირებულება მოქალაქეებისათვის და, შესაბამისად, თუ გნებავთ - მისი „ხარისხიც“ სწორედ ასე ფასდება: რისი გადამწყვეტია, რისი გამტანი და რის შემძლეა, ე.ი. საზოგადოებრივი საქმეების რამდენად „მნიშვნელოვან წილს“ განაგებს ადგილობრივი თვითმმართველობა?!
ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებრივი ღირებულება, მისი საჭიროება და ეფექტიანობა საბოლოო ჯამში ორ ძირითად კითხვაზე პასუხით უნდა გავარკვიოთ:
1) რამდენადაა მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობა? ანუ: საკმარისია თუ არა მისი უფლებამოსილებები, რამდენად ღირებული, სათანადო, ფართო და საზოგადო სიკეთეების მისაღწევად არსებითია საკითხთა ის წრე, რაც თვიორგანიზებულმა საზოგადოებამ თავადვე, უშუალოდ ან მის მიერ არჩეული, მისდამი ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით უნდა გადაწყვიტოს?
2) რამდენად არის შემძლე ეს ადგილობრივი საზოგადოება, რომ საზოგადო სიკეთის მისაღწევად თვითორგანიზდეს, საკუთარ თავს თავადვე უპატრონოს და საკუთარი გამგებლობა თავისსავე სასიკეთოდ განახორციელოს? ანუ: რამდენად საკმარისია მის ხელთ არსებული რესურსები - აქვს თუ არა მას სათანადო მატერიალური შესაძლებლობა (ფული და ქონება), ჰყავს თუ არა საკმარისად უნარიანი ადამიანები, გამართული აქვს თუ არა დემოკრატიული, სამართლიანი და ეფექტიანი ადმინისტრაციული პროცედურები, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები მოქალაქეთა ინტერესებს ასახავდნენ, რეალური სარგებლის მოტანა შეეძლოთ, სასიკეთოდ ცვლიდნენ საზოგადო ყოფას, ემსახურებოდნენ საზოგადო სიკეთესა და კეთილდღეობას?
სამწუხაროდ, არც გამგებლობის სფეროსა და მით უმეტეს, შეძლების თვალსაზრისით, ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობა იმ მნიშვნელობისა არ არის, როგორიც თანამედროვე ქართველობას შეშვენის და ეკადრება!
ადგილობრივ უფლებამოსილებებს, მათ უკმარობას ჩვენი კეთილდღეობისათვის ჩემი ადრინდელი ბლოგი „ტარიფების ომი: კომუნალური რეფორმა თუ კომუნალური რევოლუცია“ (იხ. http://www.for.ge/view.php?for_id=17801&bloger_id=6&cat=12) ეძღვნება, ამიტომ აქ დიდად სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ამ წერილიდან მცირე ფრაგმენტს მოვიყვან მხოლოდ: „ადგილობრივ თვითმმართველობას კომუნალურ ხელისუფლებას უწოდებენ ხშირად ევროპაში, რადგან სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება - თვითმმართველობა გახლავთ მოქალაქეთათვის ყველაზე მნიშვნელოვან, კომუნალურ მომსახურეობათა ორგანიზებაზე, მათ ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობაზე პასუხისმგებელი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძირითადი კომუნალური მომსახურეობანია - წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება. ჩვენთან ეს მომსახურეობანი თვითმმართველობის გამგებლობაში სულაც არ გახლავთ, მაშასადამე სინამდვილეში არცა გვყოლია კომუნალური ხელისუფლება და საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობაზე, მის განვითარებაზე, ხშირად სრულიად უსაგნო ამიტომაც არის.“
ეს წერილი 2012 წლის 20 ოქტომბერს, ე.ი. 1 ოქტომბრის არჩევნებში ისტორიული გამარჯვების დღეებში გამოქვეყნდა. მაშინ დიდი იყო მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება კომუნალურ რეფორმასაც, რომლის გარეშე თვითმმართველობის მნიშვნელობაზე საუბარი ერთობ ძნელია, განახორციელებოდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა.
დიახ, მივიღეთ ახალი ე.წ. კოდექსი (წესითა და რიგით, ე.ი. ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების თანახმად ამ კანონს სახელად „კოდექსი“ არ უნდა ერქვას), თუმცა ძირითადი კომუნალური მომსახურეობანი კვლავაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიღმაა. თითქოს წყალმომარაგება მაინც (ელექტრომომარაგებასა და გაზმომარაგებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!) ახალი კოდექსით თვითმმართველობის გამგებლობას განეკუთვნა, მაგრამ პრაქტიკულად ესეც ცენტრალურ დონეზე რეგულირდება. მართლაც - ტარიფები და მომსახურეობის წესები ისევ ეროვნული მარეგულირებელი კომისიისა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ან განკერძოებულია, ანაც სახელმწიფო შპს-ს - „წყალომარაგების გაერთიანებულ კომპანიას“ ეკუთვნის. ინვესტიციებიც ან კერძოა ანდაც მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონული განვითარების ფონდი თუ გაიღებს. მაშ რაღაა თვითმმართველობისა?! მხოლოდ კოდექსის მე-16 მუხლის ჩანაწერს, ე.ი. ფარატინა ქაღალდს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, თვითმმართველობისა არც არაფერია! ე.ი. კომუნალური ხელისუფლება ისევ არა გვყავს, როგორც 2012 წელს არ გვყავდა და თუ გვყავს, წყალმომარაგების ამ წყალ-წყალა საკითხისა არ იყოს - მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე!
ძალიან პესიმისტური და სრულიად უიმედო რომ არ გამოვიდეს ჩვენი მსჯელობა, ესეც უნდა ვთქვათ: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასახარელი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში ასახულია, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის პრინციპებს შეეხება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტის მე-7 პრიმა თავს თვითმმართველობის სათანადოდ მოწყობის უმნიშვნელოვანესი პრინციპები ემატება: სუბსიდიარობის პრინციპი, აგრეთვე უფლებამოსილებსა და მის რესურსებს შორის შესაბამისობის პრინციპი. სუბსიდიარობა ნიშნავს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი უფლბემოსილებების განაწილებისას უფლებამოსილება უნდა გაადაეცეს იმ ხელისუფლებას, რომელიც ხალხთან უფრო ახლოსაა, ე.ი. კონსტიტუციის ახალი პროექტიდან გამომდინარე, ბოლოს და ბოლოს ჩვენც გვეღირსება კომუნალური ხელისუფლება! გარდა ამისა, კონსტიტუციის პროექტის თანახმად ამ კომუნალური ხელისუფლების, ე.ი. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელთ არსებული სახსრები მისი უფლებამოსილებების თანაზომიერი უნდა იყოს, ე.ი. ადგილობრივ თვითმმართველობას შეძლებაც საკმარისი უნდა გააჩნდეს, რომ თავს თავადვე უპატრონოს!
რესურსებისა და უფლებამოსილებების თანაზომიერება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპია და ხშირად სწორედ ამ კუთხით იზომება ხოლმე თვითმმართველობის „მნიშვნელოვნება“. ასე მაგალითად: უცხოელი ექსპერტები, როცა ისინი ჩვენს თვითმმართველობას აფასებენ, უწინარესად ამას იკითხავენ ხოლმე: „მაინც რის შემძლეა, რამდეს ხარჯავს თქვენი თვითმმართველობა? როგორია მისი წილი მთელს აკრეფილ გადასახადებში?“ როცა ვპასუხობთ, რომ წლიდან წლამდე ეს წილი 10-15%-ს არ აღემატება, რომ აგერ უკვე ორი ათწლეული სრულდება, რაც ქაღალდზე კი გვაქვს ეს დალოცვილი ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგრამ ვერაფრით ვეღირსეთ, რომ მან მთელი იმ ფულის, რაც საჯარო სექტორში გადასახადების გადამხდელთა ჯიბეებიდან გროვდება, თუნდაც მეხუთედი მაინც დახარჯოს, ე.ი. მეხუთედი პასუხისმგებლობა მაინც ჰქონდეს ამ საჯარო, უწინარესად კი კომუნალური საქმეებისწარმართვისა, თანაგრძნობით შემოგვხედავენ ხოლმე, თავს სინანულით გადააქნევენ და სანუგეშოდ გვეუბნებიან, არა უშავს, სამაგიეროდ, ყველაფერი წინა გაქვთ და მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობით მოტანილი სიკეთეცაო!
...ამ დროს გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ გამახსენდება ხოლმე - ჩვენც, უწიგნურისა არ იყოს, რომელსაც წინა აქვს კითხვის უდიდესი ბედნიერება, ერთობ „მისალოცები“ ვყოფილვართ-მეთქი!
...კონსტიტუციის პროექტში მოცემული თანაზომიერების ამ პრინციპის (რომელიც 2004 წლიდან საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ისევე როგორც სუბსიდიარობაც, პრინციპთაგანია და მათი დაცვა, კონსტიტუციის ტექსტში სულაც რომ არ ეწეროს, ისედაცაა ქვეყნის საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება!) შესრულება ჩვენი თვითმმართველობის განვითარების ყველაზე მეტად პრობლემური საკითხია, რადგან ამ თვალსაზრისით ვითარება მართლაც რომ ძალზე მძიმეა! ამ შემთხვევაში ქართველები არა მხოლოდ მისალოცები, სწორედაც რომ გამოსალოცები ვართ, ეგება გამოლოცვა მაინც მოგვიხდეს და რამე გვეშველოს. რადგან წლიდან წლამე ვითარება არამც და არამც არ იცვლება ხოლო 2017 წელს გაუარესებულიც არის.
სახსრების შესაბამისობის ყველაზე კარგი საზომი წლის ბიუჯეტებია. თვითმმართველობის შესაფასებლად ის კი არ უნდა ვითვალოთ (როგორც მავანნი გვიმტიცებენ), რამდენი თვითმმართველი ქალაქი გვაქვს, ის კი არ უნდა ვამტკიცოთ - რაც მეტი იქნება ასეთი ქალაქი, უკეთესი ხარისხის დემოკრატია გვექნებაო, არამედ, უპირველეს ყოვლისა - ფული, რომელიც საქალაქო თუ სასოფლო თემისა და მთლიანობაში მუნიციპალური თანასაზოგადოების კეთილდღეობისათვის უნდა იხარჯებოდეს! თუ ეს ფული საკმარისია, ბევრი მტკიცებაც არ უნდა - მაშ, კარგად ყოფილა თვითმმართველობის საქმე და პირიქით, თუ ფული ცოტაა ან ძალიან ცოტა, მაშინ კი ცუდად ან ძალიან ცუდად!
რა თქმა უნდა, ფული არასდროს და არსად არ არის საკმარისი, მით უმეტეს -ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში! თუმცა, ყაირათიანობასა და ფულის სათანადოდ განაწილებას სწორედ ღარიბ ქვეყანაში აქვს გაცილებით დიდი მნიშვნელობა!
ამიტომაც, თვითმმართველობის მნიშვნელობის შესაფასებლად, მოდით, პირველ რიგში, ვნახოთ, როგორ ნაწილდება ჩვენთან გადასახადის გადამხდელთა ფული ქვეყანაში სახელმწიფოსა და თვითმმართველობებს შორის, ე.ი. რამდენია საბიუჯეტო წელს ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტში (ნაერთი ბიუჯეტი „საბიუჯეტო კოდექსის“ ტერმინია და სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქვეყნის ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ჯამს წარმოადგენს) მუნიციპალური ბიუჯეტის (რაც ყველა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ჯამია) შემოსავლების ხვედრითი წილი.
წესით და რიგით, ინფორმაცია ნაერთი ბიუჯეტის შესახებ ფინასთა სამინისტროს ვებ-გვერდზე უნდა ქვეყნდებოდეს. მეც ავდექი, ამ ვებ-გვერდს ვესტუმრე და დავიწყე ძიება, თუ რამდენი ფული გროვდება მთლიანად ქვეყნის საჯარო სექტორში დააქედან რამდენია თვითმმართველობების წილი. თქვენც არ მომიკვდეთ, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან ვერა გავიგე რა! საქმე იმაშია, რომ ამ ვებ-გვერდზე (იხ.http://www.mof.ge) ქვეყნის მუნიციპალური ბიუჯეტის ოდენობას ვერ გაარკვევ, არ ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ვიფიქრე, გამოვითხოვ-მეთქი, მაგრამ ლოდინსა და გამოთხოვასთან დაკავშირებულ იწილო-ბიწილოს ვამჯობინე ჩემით მეანგარიშა, ამისათვის საკანონმდებლო მაცნეში (იხ. https://matsne.gov.ge) სათითაოდ მოვიძიე ყველა მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის ბიუჯეტი, შევადგინე მუნიციპალური ბიუჯეტების ცხრილი. ამასთან, საინტერესო იყო რაიმე მნიშვნელოვანი პარამეტრით ამ საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების სურათი დაგვენახა. ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრად მოსახლეობის რაოდენობა მივიჩნიე. მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვის შედეგები დასახლებებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით იოლად ხელმისაწვდომია საქსტატის (იხ. www.geostat.ge) საიტზე. ამიტომ შესაბამისი მონაცემების მოპოვება არ გამჭირვებია.
გარდა ამისა, ვინაიდან თემა აქტუალურია, ცალკე შევადგინე თვითმმართველი ქალაქების, აგრეთვე ახლად შექმნილი თვითმმართველი ქალაქებისა და მათი თანამოსახელე თემების ცხრილი. ყველა ეს მონაცემი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ გახლავთ და ერთად თავმოყრილი სახით ჩემი შედგენილია, აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სავარაუდოდ, ამ ცხრილებს სულ მალე ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია გამოაქვეყნებს და ის ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს ვებ-გვერდზე:www. nala.ge
ეს ცხრილები ცხად წარმოდგენას იძლევა ჩვენში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე; საილუსტრაციოდ რამდენიმე მონაცემს წარმოგიდგენთ: 2017 წელს ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების ჯამი 11, 283 მლრდ ლარს შეადენს; აქედან მუნიციპალური ბიუჯეტი 1, 594 მლრდ. ლარია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლები - 209, 63 მლნ ლარი, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მონაცემები ვერ მოვიძიე, თუმცა ის იმდენად მცირეა, რომ საერთო სურათს ვერ შეცვლის. სურათი კი საკმაოდ მძიმეა: ნაერთ ბიუჯეტში მუნიციპალური ბიუჯეტის ხვედრითი წილი სულ 14%-ია. ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტო თბილისის ბიუჯეტია 801 მლნ. ლარი, ე.ი. ქვეყნის მუნიციპალური ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ყველა სხვა თვითმმართველობის წილი ნაერთ ბიუჯეტში მხოლოდ და მხოლოდ7%-ია!
შესადარებლად უნდა ვთქვათ, რომ ევროპაში, საითკენაც მივისწრაფით, ყველაზე დაბალი ხვედრითი წილი მუნიციპალური ბიუჯეტისა 30%-ია და სამხრეთ ევროპული და აღმოსავლეთ ევროპის (ყოფილი სოც.ქვეყნები) სახელმწიფოებისათვის არის დამახასიათებელი. ხოლო ჩრდილოეთ ევროპაში ეს ხვედრითი წილი 60-65%-საც (!) კი აღწევს.
ერთ სულზე გადაანგარიშებით მუნიციპალური ბიუჯეტი ჩვენში საშუალოდ 429 ლარია - სწორედ ამდენს ხარჯავს წელიწადში ერთ მოქალაქეზე საშუალოდ თვითმმართველობა. ასევე შედარებისათვის, უნდა ვთქვათ, რომ ევროპაში ეს მაჩვენებელი სულ ცოტა 1000-1500 ევროს (შედარებით ხელმოკლე იგივე ყოფილ სოც. ქვეყნებში, მაგ. რუმინეთში) შეადგენს, ხოლო ჩრდილოეთ ევროპაში, მაგ. ფინეთში 7000 ევროსაც (!) კი უტოლდება.
რასაკვირველია, ჩვენისთანა ღარიბი ქვეყანა ევროპულს ვერ შეედრება, მაგრამ საჯარო სახსრების გადანაწილებისას ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ასეთი მძიმე დისპროპორცია ხომ შეუძლია რომ აღმოფხვრას, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობას მართლაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია ქვეყნის პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული!
დისპროპრცია რომ მართლაც კატასტროფულია, იოლად დარწმუნდებით: სახელმწიფო ბიუჯეტი ერთ მოქალაქეზე გადაანგარიშებით წელიწადში 2 555 ლარს შეადგენს, მაშინ როცა მუნიციპალური ბიუჯეტი საშუალოდ ერთ სულზე მხოლოდ 429 ლარია, ხოლო თუკი თბილისის გარეშე ვიანგარიშებთ, (თბილისში ეს მაჩვენებელი 717 ლარს უტოლდება) სულ რაღაც 305 ლარი, ე.ი. 8,4-ჯერ ნაკლები! ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მოქალაქისათვის თვითმმართველობა რვაჯერ (!) უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო! ესეც შენი დეცენტრალიზაცია! სწორედ ამიტომ, ერთობ ახირებულად გამოიყურება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე წუწუნი, მაშინ, როცა თვითმმართველობის სავალალო სიღატაკეზე სიტყვაც კი არავის დასცდენია. უარესიც: მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ახლა მოწუწუნეთა რიგებშია და ამ წუწუნს დირიჟორობს კიდეც, ძალიანაც ტრაბახობდა თვითმმართველობის მისეული ვითომდა რეფორმით!
ესაა რეფორმა? რა რეფორმაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა მუნიციპალიტეტები (თბილისის გამოკლებით) ჯამში მხოლოდ გადასახადის გადამხედელთაგან აკრეფილი ფულის 7%-ს განაგებენ და იოლი წარმოსადგენია, რამდენად უმნიშვნელო ყოფილა ჩვენში ადგილობრივი თვითმმართველობა! მართლაც, თუკი აკრეფილი ფულის ყოველი 100 ლარიდან 82 ლარი ცენტრალური ხელისუფლებისაა, 2 ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, 7 ლარი თბილისის თვითმმართველობისა და მხოლოდ 7 ლარიღა რჩება დანარჩენ 73 მუნიციპალიტეტს, რაღაზე შეიძლება საუბარი?!რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეს 7 ლარი როგორ დაიხარჯება? სულაც რომ წყალში გადაიყაროს ან პირიქით - ბოლო თეთრამდე მხოლოდ საქმეს მოხმარდეს კიდეც, დიდად არც არაფერი შეიცვლება ჩვენი მოქლაქისათვის! ისიც საინტერესოა -საერთოდ რაღა აზრი აქვს 7%-იანი თვითმმართველობის პირობებში ეს ქალაქები, რომელთა ბედი ასე ამაღელვებელი ყოფილა ჩვენი მოლიბერ-დემოკრატო ელიტისთვის (ცხადია, უწინარესად ასს-ს - ე.ი. არა სამთავრობო სექტორსა და მის შემადგენელ ასო-ებს - არასამთავრობო ორგანიზაციებსვგულისხმობ) ცალკე იქნებიან თუ არა? ბარემ ის 100-დან 7 ლარიც ცენტრალურმა მთავრობამ დახარჯოს, ამდენ დავიდარაბას, ჯახირსა და წვალებას, რაც თვითმმართველობის ორგანოების არჩევასთან, მათ საქმიანობასთან და თუნდაც მხოლოდ „საქალქო“ დემოკრატიაზე გაუთავებელ მსჯელობა-დისკუსიებთანაა დაკავშირებული, ეს არ ჯობია?!
გარდა შვიდ-პროცენტიანობისა, ასევე გამაოგნებელია ბიუჯეტების კატასტროფულად უთანაბრო განაწილება მუნიციპალიტეტებს შორის. ასე მაგალითად: თვითმმართველ ქალაქებში ერთ სულზე გადაანგარიშებით მუნიციპალური ბიუჯეტი მერყეობს 240 ლარიდან (ქ. რუსთავი, რომელიც საქართველოში ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული ქალაქია) - 2195 ლარამდე (ქ. ამბროლაური!) და შეადგენს საშუალოდ 630 ლარს, მაშინ როცა ე.წ. სათემო მუნიციპალიტეტებში იგი მერყეობს 165 ლარიდან (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, რომელიც საქართველოში ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული თემია) 1334 ლარამდე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და საშუალოდ შეადგენს - 252 ლარს, რაც 2,5-ჯერ ნაკლებია თვითმმართველი ქალაქების დაფინანსებაზე! ხოლო ყველაზე ღატაკი თემის (საგარეჯო - 165 ლარი სულზე) დაფინანსება 13, 3-ჯერ (!) ნაკლებია ყველაზე მდიდარი (რაც ჩვენს პირობებში „ზომიერად“ ღარიბს ნიშნავს და არა მართლაც შეძლებულს) „ახალი“ თვითმმართველი ქალაქის (ამბროლაური - 2195 ლარი სულზე) დაფინასებაზე.
დაფინასნების უთანაბრობა ასევე კატასტროფულია ახლად გამოყოფილი ქალაქებისა და მათი თანამოსახელე თემების მაგალითზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით "შთამბეჭდავია" თელავი; ქალაქის ბიუჯეტი ერთ სულზე გადაანგარიშებით შეადგენს -525, 5 ლარს, თელავის თემის სოფლებისა კი სულ რაღაც 176 ლარია სულზე, რაც 3-ჯერ ნაკლებია! დახლოებით იგივე სურათია სხვაგანაც.
უთანაბრობა კატასტროფულია რეგიონულ ჭრილშიც: ასე მაგალითად, აჭარის მუნიციპალური ბიუჯეტი ერთ სულზე შეადგენს 639 ლარს, ამას ემატება ერთი ამდენი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებაც - ერთ სულზე 627 ლარი, რაც ჯამში შეადგენს - 1266 ლარს; მაშინ როცა ყველაზე ნაკლებ დაფინანსებულ რეგიონში -კახეთში, ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 215 ლარია, ანუ თითქმის 6-ჯერ ნაკლები!
როგორც ვხედავთ, საბიუჯეტო დაფინანსების მონაცემებიდან გამომდინარე, ქვეყანა ღარიბია, თვითმმართველი ქალაქები - უაღრესად ღარიბნი, ხოლო სათემო მუნიციპალიტეტები საერთოდაც - ღატაკზე მეტად ღატაკნი! აი, ესაა დღევანდელი თვითმმართველობების რეალური სურათი, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროთ.
თუ არა მხოლოდ ფულად სახსრებს, არამედ თვითმმართველობის ხელთ არსებულ ქონებასაც და მის ხვედრით წილს მთლიანად ქვეყნის საჯარო ქონებაში, შევაფასებთ, დავინახავთ, რომ ვითარება კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება!
ასე მაგალითად: სხვადასხვა მონაცემებით (სამწუხაროდ, მიწის ბალანსი ქვეყანაში 2004 წლიდან აღარც კი დგება!) სასოფლო სამეურნეო მიწის ფონდი საქართველოში შეადგენს 3025,8 ათას ჰა-ს, საიდანაც მუნიციპალურ საკუთრებაში პრაქტიკულად არაფერია, დარეგისტრირებულია მხოლოდ 1070,5 ათასი ჰა, საიდანაც 380, 4 ათასი ჰა - სახელმწიფო საკუთრებაშია! რაში სჭირდება სახელმწიფოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა? იგი არც ხნავს, არც თესავს, არც სათიბად იყენებს მიწას და არც საძოვრად! ეს მაშინ, როცა ქართული სოფელი საერთოდ მოკლებულია მიწაზე სათემო საკუთრებას! სასოფლო მიწა სახელმწიფოს მხოლოდ გასაყიდად თუ გაახსენდება და რა ენაღვლება, ხმის ამომღები მაინც არავინაა (სამაგიეროდ, აგერ ქალაქების ბედზე არიან მრავლად ჭირისუფალნი!) და ჰყიდის ამ სასოფლო, ე.ი. იმ მიწას, რომლის ნამდვილი მესაკუთრე და პატრონი, თუკი სამართალია, სწორედ სოფელი, მისი თემი უნდა იყოს! ან ეს მიწა სოფელს უნდა დაუბრუნოთ, ან სასოფლო კი არა სადახლო-საჩარჩო, ე.ი. დახლზე გასაყიდად შემოდებული მიწა უნდა დავარქვათ!
იგივეს თქმა შეიძლება არა სასოფლო სამურნეო მიწაზეც. ამას წინათ თვითმმართველობის ასოციაციის მიერ მოწყობილ რეგიონულ შეხვედრებზე გამართული მსჯელობისას ერთ-ერთი ახლად გამოყოფილი ქალაქის მერმა თავისი სატკივარი გულახდილად გაგვიზიარა: სკვერის მოსაწყობად ქალაქში ეკონომიკის სამინისტროს მივმართე, რათა სულ რაღაც 200 კვ. მიწა (რასაკვირველია, შესაბამისი დოკუმენტაცია და მათ შორის აზომვითი ნახაზიც მომზადდა) თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოეცა, მაგრამ სანამ პასუხს მივიღებდი, ქონების მართვის სააგენტომ -არიქა, ამა და ამ ქალაქში თურმე აზომილი, გასაყიდად გამზადებული მიწა (აზომვაც ეზარებათ, თორემ აქამდე ერთი გოჯიც არ დარჩებოდათ გასაყიდი!) გამოჩნდაო, სასწრაფოდ აუქციონით გაასხვისა ეს ნაკვეთიო!
ესეც ჩვენი ნაქები „საქალაქო“ თვითმმართველობა!
თუკი თვითმმართველობას არც კომუნალური მომსახურეობანი ეკითხება, არც სათანადო ფული აქვს, არც მიწა და არც რაიმე სხვა საზოგადოდ ღირებული ქონება, მაშ რა საჭიროა იგი?! (იმისა არ იყოს: „თუ ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს, მაშ, რა საჭიროა იგი?!)
რა უნდა ვქნათ?!
ცხადია, თუკი ვინმეს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება მართლაც სურს და არა მხოლოდ „განვითარებაზე“ ფუჭი და უსაგნო საუბარი, უწინარესად მისი შესაძლებლობების არსებით გაზრდაზე უნდა იფიქროს და არა ოდენ „საქალაქო თვითმმართველობის აყვავებაზე“, რომელიც თურმე „თანამედროვე სამყაროს განვითარების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ტენდენცია“(?!) ყოფილა.
თვითმმართველობის შესაძლებლობების არსებითი გაზრდა იმას ნიშნავს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში, რომელზეც ამჟამად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აუცილებლად უნდა აისახოს ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტში მუნიციპალური ბიუჯეტის ხვედრითი წილის საარჩევნო ციკლების მიხედვით ეტაპობრივი ზრდა, რომლის ორიენტირად ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტთა შორის სახსრების ფართობითი განაწილების მინიმალური ევროპული სტანდარტის (30%) მიღწევა უნდა იყოს, დაახლოებით ასეთი დინამიკით: დღევანდელი 7%-დან (თბილისის გამოკლებით) პირველი საარჩევნო ციკლის ბოლოს (2021წლისთვის) – 15% მაინც; მეორე საარჩევნო ციკლის ბოლოს (2025 წელი) - 20% მაინც, მესამე საარჩევნო ციკლის ბოლოს (2030 წლამდე პერიოდი) სულ ცოტა 25% მაინც!
გარდა ამისა, აუცილებელია მუნიციპალურ ბიუჯეტებს, განსაკუთებით საქალაქო და სათემო ბიუჯეტებს, შორის კატასტროფული ფინანსურ-ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრაც. საცხოვრებელი ადგილი არ შეიძლება წარმოადგენდეს ერთის პრივილეგიასა და მეორის დისკრიმინაციის საფუძველს! ერთ სულზე გადაანგარიშებით საბიუჯეტო შემოსავლებს შორის განსხვავება უნდა არსებითად შემცირდეს და არა 13-ჯერ (როგორიც დღეს არის), არამედ მაქსიმუმ 1,5-2-ჯერ (როგორიც დასაშვებია რომ იყოს) მეტი შესაძლოარომ იყოს ყველაზე შეძლებულსა და ყველაზე ხელმოკლე მუნიციპალიტეტების დაფინანსებათა შორის ფარდობითი განსხვავება.
მხოლოდ ასეთი კუთხით შეიძლება თვითმმართველობის განვითარებაზე საქმიანად მსჯელობა. თუ არა და, ე.ი. თუკი მხოლოდ იმაზე ვიმტვრევთ თავს, ქალაქები ცალკე უნდა იყვნენ თუ მუნიციპალიტეტში დაბრუნდნენ, შედეგად ისევ არა გამოგვივა რა!