ჩიხი  - სუვერენიზაცია დეზინტეგრაციით თუ რეინტეგრაცია დესუვერენიზაციით?

ჩიხი - სუვერენიზაცია დეზინტეგრაციით თუ რეინტეგრაცია დესუვერენიზაციით?

ტერიტორიული მოუწყობლობა უმწვავეს პრობლემად რჩება ჩვენი მოსახლეობისათვის. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მრავალწლიანი მცდელობებისა მაქსიმალურად მიეჩქმალა და უკანა პლანზე გადაეწია ტერიტორიული პრობლემის აქტუალობა (მას-მედიაში ამ საკითხს კარგა ხანია ერთსულოვანი ტაბუ ადევს, უკანასკნელ წინასაარჩევნო პერიოდში ტერიტორიული საკითხი საერთოდ არ გაჟღერებულა), მიზანი დღემდე მიუღწეველია - ჩვენ ხალხს არ სურს დაივიწყოს ტერიტორიული დანაკარგები და მისი აღდგენა უპირველეს ამოცანად მიაჩნია. ამას ადასტურებენ სხვადასხვა წარმომავლობის ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები: ამდენი წელია ტარდება კვლევები, სადაც კითხვარში საკითხს „ეკონომიკური სიდუხჭირე“ 2-3 საკითხად ანაწევრებენ (ცალკე „ფასების ზრდა“, ცალკე „უმუშევრობა“, ცალკე „სიღარიბე“), მაგრამ აქტუალურ პრობლემათა რეიტინგში ტერიტორიული საკითხი არაფრით არ ჩამოდის მესამე ადგილს ქვემოთ.

საქართველოს ხელისუფლება იმიტომაც ცდილობს უკანა პლანზე გადასწიოს დაკარგული ტერიტორიების პრობლება, რომ ვერ ახერხებს მის მოგვარებას, ვერც დამოუკიდებლად და ვერც ჩვენი რეგიონით დაინტერესებულ ზესახელმწიფოთა მეშვეობით. იმყოფება გამოუვალ მდგომარეობაში. ამ მხრივ ხელისუფლება მარტო არ არის. ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრი.

ახლახანს თითქოს გამოჩნდა სინათლე გვირაბში. კვიპროსში ბერძნულ და თურქულ თემებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებმა, აგრეთვე მოლდავეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პრორუსულმა განცხადებებმა შექმნა ამ ქვეყნების (კვიპროსისა და მოლდავეთის) გამთლიანების ილუზიები, რაც ერთობ ნოყიერი საკვები აღმოჩნდა ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსისათვის. მათი აზრით, კვიპროსისა და მოლდავეთის ანალოგიით, ჩვენს ქვეყანას რეინტეგრაციის რეალური პერსპექტივა გაუჩნდა.

სამწუხაროდ, მოვლენები არც ისე წარმატებით ვითარდებიან, როგორც ეს ჩვენთან ეიმედებათ. კვიპროსის შემთხვევაში მოლაპარაკებები, რომელიც გაეროს ეგიდით მიმდინარეობს, შეფერხდა, რადგან თურქეთი ითხოვს ჯარების დატოვებას ქვეყნის გაერთიანების შემდეგაც (დღეს ჩრდილოეთ კვიპროსში 35 000-იანი კონტინგენტია  განთავსებული), აქაოდა მშვიდობის უზრუნველსაყოფად. თურქეთის ჯარის კვიპროსზე დატოვების შემთხვევაში, ერთიანი კვიპროსი დემილიტარიზაციის მაგიერ ავტომატურად ხდება ნატოს წევრი, რაც არ აწყობს რუსეთს, რომელიც სამხრეთ კვიპროსის საზღვაო პორტებს თავისი ახლოაღმოსავლური მიზნებისათვის იყენებს.

პრობლემებია მოლდავეთშიც. პრეზიდენტ იგორ დოდონს არ გააჩნია საკმარისი ძალაუფლება, რომ მისი განცხადება ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტისა და ევრაზიულ კავშირთან მიერთების შესახებ, აგრეთვე დნესტრისპირეთის მოლდავეთთან განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსით მიერთებისა (გასვლის უფლებით) და რუსის ჯარის დატოვების შესახებ პარლამენტმა უყოყმანოდ დაადასტუროს (აკი არც ადასტურებს).

რუსული გეგმა

კვიპროსისა და მოლდავეთის რეინტეგრაციის პროცესი წარმატებითაც რომ დასრულდეს, იგი ანალოგიად მაინც არ გამოგვადგება. ჯერ ერთი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, არავის უღიარებია. რაც შეეხება კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, იგი მართალია, მხოლოდ თურქეთმა აღიარა, მაგრამ რეინტეგრაციის პროცესი კონფლიქტურ მხარეებს შორის უშუალო მოლაპარაკებებით დაიწყო და განვითარდა (თურქეთი მხოლოდ მერე ჩაერთო), რაც ჩვენსა და აფხაზების შემთხვევაში (აგრეთვე ცხინვალელი ოსების შემთხვევაში) ჯერჯერობით მიუღწეველია.

სამაგიეროდ, რუსეთი უთუოდ გამოიყენებს კვიპროსისა და მოლდავეთის რეინტეგრაციული პროცესის მისთვის საინტერესო მომენტებს ჩვენი „გამთლიანების“ თავსმოსახვევად. თუ ტრამპსა და პუტინს შორის ხანმოკლე ურთიერთგაგება მაინც დამყარდა (გრძელვადიანი გამორიცხულია), მოსკოვი აუცილებლად შეეცდება შემოგვიტიოს და შემოგვტენოს რეინტეგრაციის მისეული პროექტი, რაც გულისხმობს: საქართველო-აფხაზეთ-ცხინვალის კონფედერაციის ფორმირებას (რისთვისაც მოგვიწევს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობა და შემდეგ სამივე სუბიექტი შევქმნით კონფედერაციას წევრთა გასვლის უფლებით), რომელიც გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში და დააკანონებს რუსის ჯარის გრძელვადიან ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე.

მოსალოდნელი სცენარის განამდვილების შემთხვევაში ჩვენი უბედური ქვეყანა დაუბრუნდება ზუსტად იმ მდგომარეობას, როგორშიც ვიმყოფებოდით ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ნოვო-ოგარევოს სახაროვ-გორბაჩოვისეული პროექტი განახლებულ საბჭოთა კავშირშივე უქადდა საქართველოს ეთნოავტონომიებად დაშლას, რაც საბჭოთა კავშირიდან ჩვენი გასვლის გადამწყვეტი მიზეზი გახდა (გავიხსენოთ ეტაპები: 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვება, 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის ბოიკოტირება, დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს);

მოკლედ, რუსული გეგმის მიხედვით, საქართველოს ე.წ. რეინტეგრაცია შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიაში (პარდონ, თანამეგობრობაში) დაბრუნების შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს, რომ რუსული გეგმა გვთავაზობს რეინტეგრაციას სუვერენიტეტის სანაცვლოდ, რომელსაც მერე კვლავ დეზინტეგრაცია მოჰყვება. ეს აუცილებლად მოხდება, თუ მივიღეთ მათი გეგმა. რუსეთი არასოდეს შეურიგდება საქართველოს გეოპოლიტიკურ მომხიბვლელობას (იგი ერთადერთია კავკასია-შუა აზიის რეგიონში, რომელიც გადის საერთაშორისო ზღვებზე), და მუდამ ეცდება ევრაზიულ კავშირში შეტყუებული ჩვენი სამსუბიექტიანი კონფედერაცია მრავალსუბიექტიანი გახადოს. ანუ გააფართოვოს და გააღრმავოს ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაცია.

ჩვენი დაშლა-დანაწევრება არ არის მხოლოდ ამჟამინდელი კრემლის ახირება. ჯერ კიდევ 1829 წელს დაავალა ნიკოლოზ I-მა გენერალ პასკევიჩს (http://kopomko.ru/pismo-nikolaya-i-general-feldmarshalu-paskevichu-ob-usmirenii-gorskih-narodov/) შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან ანაპიდან ფოთამდე (აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის შემადგენლობაში იყო). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთის ათვისება ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა (ქართველები იმპერიის მოკავშირეები იყვნენ კავკასიის ომში, რაც გამორიცხავდა მათ აყრა-გასახლებას, ხოლო კოლხეთის დაბლობზე გავრცელებული მალარია შეუძლებელს ხდიდა უცხო ხალხების ჩასახლებას, მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს მიზერული სუვერენიტეტი საკმარისი ბარიერი აღმოჩნდა ამ გეგმის აღსრულების გზაზე), პროექტი დღესაც ძალაშია და კრემლი მაქსიმალურად ცდილობს მის რეალიზაციას. ვიმეორებთ, თუ რუსეთმა ვერ გააკონტროლა საქართველოს შავიზღვისპირეთი, ვერც კავკასია-შუა აზიის რეგიონს გააკონტროლებს და ვერც ევროპა-ჩინეთის სატრანსპორტო ნაკადებს, და, შესაბამისად, ვეღარასდროს  დაიბრუნებს დიდი სახელმწიფოს სტატუსს.  ეს მომენტი კარგად უნდა გაითვალისწინონ რუსეთის კალთის ქვეშ შესვლის მსურველებმა.

ამრიგად, რუსული პროექტის რეალიზაცია გამოიწვევს საქართველოს დესუვერენიზა-ციასა და დეზინტეგრაციას.

დასავლეთის გეგმა

დასავლეთი (ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები) კარგა ხანია „გვინამიოკებს“, რომ ვცნოთ განდგომილი ტერიტორიების დამოუკიდებლობა (ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ეშელონის როგორც ამჟამინდელმა, ისე ყოფილმა წევრებმა ეს კარგად იციან), რათა უპრობლემოდ გავხდეთ დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი (ნატოსი, ევროკავშირის).

2006 წლის ზაფხულში თბილისში ჩამოსულმა ნატოს იმდროინდელმა გენერალურმა მდივანმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პირდაპირ გაგვიცხადა, რომ რადგან ვერ ვახერხებდით ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას, გვეცნო ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა და ამ გზით იოლად გავწევრიანებულიყავით ნატოში.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ქვეყნისათვის უმჯობესია ამ ეტაპზე დაგვეჯერებინა დასავლეთის რჩევისათვის და ლტოლვილების აუცილებელი დაბრუნების პირობით (თუ ქართველები სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებოდნენ), გვეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ხომ არსებობს რამდენიმე გერმანული სახელმწიფო. დაე იარსებოს აფხაზეთის და საქართველოს სახელმწიფოებმა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. სულ არარაობას ხომ სჯობია. მაგრამ არა, დღევანდელ საქართველოში ეს განუხორციელებელია. ზვიად გამსახურდიას თავდადებამ,  როცა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა (1993 წლის ნოემბერი), დევნილმა და ყოველმხრივ გზაშეკრულმა, როცა გადარჩენის ერთადერთ შანსზე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა და ქვეყნის დეზინტეგრაციას სიკვდილი არჩია, იმ სიმაღლეზე ასწია თამასა ანუ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთი ფასი დაადო, რომ არა მგონია აწი რომელიმე ხელისუფალმა ეჭვის ქვეშ დააყენოს საკუთარი რეპუტაცია და აღიაროს განდგომილ ეთნოტერიტორიათა დამოუკიდებლობა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რუსეთმა ცნო ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა, დასავლეთმა მხარი დაგვიჭირა და მანაც ოკუპირებულად მიიჩნია ეს ტერიტორიები. მაგრამ ჩვენი გაწევრიანება დასავლურ სტრუქტურებში მაინც ჭიანურდება. ღიად აღარ გვირჩევენ ამ ტერიტორიების აღიარებას მაგრამ... აი სულ ახლახანს  „ნეიტრალურმა“ კონფლიქტოლოგებმა ბრეიმანმა და პეკმა გულწრფელად გვირჩიეს: გზა გავუხსნათ „დანარჩენ მსოფლიოს აფხაზეთისკენ“ (http://netgazeti.ge/news/177209/). 

მოკლედ, დასავლეთი გვთავაზობს ნატოში გაწევრიანებით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, ოღონდ  ტერიტორიული დანაკარგების სანაცვლოდ.

მთელი იმედი ეხლა იმაზეა, რომ რუსეთი დამარცხდება მეორე ცივ ომში, დატოვებს კავკასიას და ჩვენი ხელისუფალნი თეთრი ცხენით შეგრიალდებიან სოხუმსა და ცხინვალში.

სამწუხაროდ ასე მარტივად არ არის საქმე. იმპერიების დაშლა, როგორც წესი, დროში გაწელილი პროცესია. ევროპულ იმპერიათაგან ყველაზე სწრაფად ავსტრიის იმპერია დაიშალა და მასაც ას წელზე მეტი დასჭირდა (რომის საღვთო იმპერიის დასრულებიდან ავსტრო-უნგრეთის დაშლამდე). რუსეთს აღმასვლა ნამდვილად არ უწერია, მაგრამ როდის დაიშლება იგი, 5 წლის თუ 50 წლის შემდეგ, არავინ იცის.

მთავარი კი ის არის, რომ აფხაზეთში რუსეთის ავტომატური ჩანაცვლება არ იქნება მარტივი საქმე. ჩვენ იქ არავინ გველოდება. ღმერთმა არა ქნას, მაგრამ თუ სისხლი დაიღვარა მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ დაირაზმება. ასე რომ, თავს ნუ მოვიტყუებთ, ტერიტორიულ მთლიანობას ვერც დასავლეთის ფარვატერში მიდევნებით აღვადგენთ.

ასე, რომ სრულ ჩიხში ვიმყოფებით.

ჩიხში გამომწყვდევის მიზეზები

გამოუვალ ჩიხში ჩვენ თვითონვე გამოვიმწყვდიეთ თავი.

ეროვნული ხელისუფლება განასხვავებდა აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნოკონფლიქტებს, მათი განსხვავებული ბუნებისა და მიზნების გამო. საკუთარ მხარეში უმცირესობაში მყოფი აფხაზები ცდილობდნენ ისე მორიგებულიყვნენ თბილისთან, რომ აფხაზი ეთნოსი სამართლებრივად დაცული ყოფილიყო  (ამიტომ იყო, რომ მათ 1999 წლის შემოდგომამდე გააჭიანურეს დამოუკიდებლობის გამოცხადება). ცხინვალელი ოსებისათვის კი, უმთავრესი იყო ოლქის სტატუსის ამაღლება ავტონომიურ რესპუბლიკამდე, რათა  მერე გაერთიანებულიყვნენ ჩრდილოეთ ოსეთთან (ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ამის საშუალებას იძლეოდა), რისკენაც დღემდე მიილტვიან. შესაბამისად განვითარდა ურთიერთობანიც. თბილისსა და ცხინვალს შორის მორიგება ვერ შედგა (ვერც შედგებოდა, ოსთა მიზნებიდან გამომდინარე). მეტიც, კონფლიქტმა შეიარაღებული დაპირისპირების სახე მიიღო, სადაც უხვად იყო ორმხრივი ექსცესები. სამაგიეროდ თბილისმა და სოხუმმა წარმატებით შეათანხმეს ურთიერთინტერესები და გადაინაწილეს ხელისუფლება აფხაზეთში (შეთანხმება ეხებოდა საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელებას, რაც ფაქტიურად ხელისუფლების გადანაწილებას ნიშნავდა).

სამწუხაროდ, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ (შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) რადიკალურად შეცვალა კონფლიქტების მოგვარების პარადიგმა. 1991 წლის აფხაზეთის საარჩევნო შეთანხმება აპარტჰეიდად შეფასდა (იხ: პარლამენტის 1994 წლის 15 მარტის დადგენილება, www.parliament.ge/files/613_8104_476160_Doc_4.pdf), ხოლო ქართულ მხარეს ოსთა გენოციდი დაბრალდა (Свободная Грузия, 16.01.1992). მოგვიანებით (2007 წელს), აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ოლქი (სხვა სახელით).

რაც მთავარია, შეიცვალა ეთნოტერიტორიებთან დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა ჩაითვალა, რომ აფხაზებსა და ცხინვალელ ოსებს არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესები და მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის კარნახით. ცხადზე ცხადია, რომ რუსეთი იყენებდა და კვლავაც იყენებს ეთნიკურ სეპარატიზმს ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ (განა სწორედ ამიტომ არ შექმნა ეთნოავტონომიები ჩვენს ტერიტორიაზე), მაგრამ არ აღიარო ეთნიკური ჯგუფების საკუთარი ინტერესები ნამდვილად კონტრპროდუქტიული პოლიტიკაა, რაც დაადასტურეს კიდეც შემდგომმა მოვლენებმა.

პარადიგმის შეცვლამ შესაბამისად შეცვალა პრობლემის მოგვარების ტაქტიკა. თუ აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნოკონფლიქტებს ერთი და იგივე მიზეზი გააჩნიათ და ეს მიზეზი მოსკოვის პოლიტიკაა, მაშინ:

(1) მათ სეპარატულ, შერჩევით მოგვარებას აზრი არ აქვს, პრობლემა ერთად უნდა გადაიჭრას. მართლაც, დღეს ჩვენი ქვეყნის ეთნოტერიტორიულ კონფლიქტებს საერთაშორისო არენაზე ერთ პაკეტში განიხილავენ.

(2) მოსკოვთან უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა: ან მას მოვაგვარებინოთ (შევარდნაძის პოლიტიკა), ან საერთოდ ჩამოვაშოროთ პრობლემას, რომ მხარეს არ წარმოადგენდეს (სააკაშვილის პოლიტიკა), ან მხოლოდ კუდი ვუქიცინოთ (ივანიშვილი პოლიტიკა).

პარადიგმის შეცვლამ ხეირი არ მოგვიტანა. პირიქით, მივიღეთ კონფლიქტების გამწვავება: რუსეთთან ომები, ჯერ აფხაზეთში (წავაგეთ!), მერე ცხინვალში (ისევ წავაგეთ!), დავკარგეთ ტერიტორიები, ჯერ de facto (შევარდნაძის ნობათი), მერე de jure (სააკაშვილის ნობათი). რაც მთავარია, აღმოვჩნდით გამოუვალ ჩიხში და ვირივით ფეხს არ ვიცვლით იქიდან.

რა ვქნათ, რა ვიღონოთ?

ჩიხიდან გამოსვლის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს - უკან დაბრუნება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეთნოკონფლიქტის მხარესთან უშუალო მოლაპარაკებისა და შეთანხმების პოლიტიკა იყო სწორი. მაშინ აფხაზები წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე და შეთანხმებას მივაღწიეთ (რაც მოგვიანებით, ჩვენმა ურა-პატრიოტულმა ელიტამ აპარტჰეიდათ შერაცხა). ცხინვალმა იუარა ჩვენთან ურთიერთობა (მიზეზი ზემოთ იქნა აღნიშნული), და მხოლოდ ამიტომ ვერ მოხერხდა შეთანხმება. მაგრამ ვიმეორებთ, კონფლიქტის მხარესთან შუამავლის გარეშე მოლაპარაკებისა და შეთანხმების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. განვლილმა ოცდახუთმა წელიწადმა ეს თვალნათლივ დაადასტურა.

შეთანხმების წარმატება, როგორც წესი, დამოკიდებულია მხარეთა ინტერესების თანხვედრაზე. ამ მხრივ ჩვენი მდგომარეობა არასახარბიელოა. კონფლიქტის დაწყებიდან საკმაო დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, რუსეთმა აღიარა პრობლემური ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ეთნოკრატიამაც შეიფერა ახლებური მდგომარეობა. მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება მოიძებნოს ინტერესთა თანხვედრა. კეთილი ვინებოთ და მოვნახოთ ურთიერთინტერესთა გადაკვეთის წერტილები. სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ.

ნუ ველოდებით შუამავალს მოლაპარაკების დასაწყებად. შუამავალი თავის სარგებელს ეძებს და არასოდეს გაითვალისწინებს მოდავეთა ინტერესებს. მეტიც, იგი შეეცდება აფხაზეთისა და ცხინვალი პრობლემის ერთ პაკეტში განხილვას და ამით დაასამარებს კიდეც მოლაპარაკებებს. არა და არა, მოლაპარაკებები აუცილებლად შუამავლის გარეშე და სეპარატულად უნდა გაიმართოს, ცალკე სოხუმთან, და ცალკე ცხინვალთან.

მოლაპარაკებები უმჯობესია დავიწყოთ აფხაზეთის de facto ხელისუფლებასთან. მათთან უფრო შესაძლებელია ურთიერთდაინტერესების წერტილების მონახვა. ჯერ ერთი გვაქვს ურთიერთობის დადებითი გამოცდილება, თანაც 2006 წლამდე (სანამ საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობას დაიკავებდა), აფხაზური მხარე მუდმივად ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობას; მეორე, აფხაზები ყველანაირად ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ მოსკოვთან ურთიერთობაში და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარონ; და მესამე, მათაც საკმაო პრობლემები აქვთ აფხაზი ეთნოსის გადარჩენის კუთხით. ასე, რომ შეხების წერტილების მონახვის შანსი ჯერ კიდევ არის. რუსეთის ფაქტორი ნამდვილად ხელისშემშლელია, მაგრამ მაინც ღირს ამ მოლაპარაკებებზე წასვლა. ბოლოს და ბოლოს, თუ შეთანხმება შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იქნება ამჯერადაც.

ცხინვალის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ მხოლოდ აფხაზებთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ. აფხაზებთან წარუმატებელი მოლაპარაკება არავითარ შანსს არ დაგვიტოვებს ცხინვალთან ურთიერთობაში.

პროგნოზი

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება უშუალო მოლაპარაკების გამართვა სოხუმის de facto ხელისუფლებასთან (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ცხინვალთან ურთიერთობას მხოლოდ სოხუმთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ აქვს აზრი). რუსეთის ფაქტორის გარდა არის რამოდენიმე შემაფერხებელი გარემოება.

პირველი, საქართველოს პუტჩის შედეგად მოსული ხელისუფლების მიმართ (თავს ნუ მოვიტყუებთ, ხელისუფლება რეალურად არ შეცვლილა), აფხაზებს არ გააჩნიათ ნატამალი ნდობა. სოხუმმა ორჯერ წამოაყენა თბილისთან მოლაპარაკების გამართვის ინიციატივა (1992 წლის ივლისის ბოლოს და 2006 წლის ივნისში) და ორივეჯერ თბილისმა შეიარაღებული აგრესიით უპასუხა (ამ მაგალითიდანაც ნათლად ჩანს, რომ იგივე ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე). არც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ აქვთ დიდი ნდობა. ყოველ შემთხვევაში, მათი ფუჭი და ყავლგასული რიტორიკა არ განაწყობს მათ მოლაპარაკებისადმი.

მეორე, ჩვენმა ხელისუფლებამ უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს, როგორ წარმართოს მოლაპარაკება, რა მოითხოვოს, რა შესთავაზოს, რა დათმოს (შეთანხმება რომ მოთხოვნა- დათმობა-შეთავაზებაზეა დამოკიდებული, მგონი, იციან). არ აქვთ წარმოდგენილი, თუ როგორი უნდა იყოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობა მომავალში. ის კი ალბათ იციან, რომ მოდელი „ავტონომიური საბჭოთა აფხაზეთი - მოკავშირე საბჭოთა საქართველოში“, აღარ აღსდგება.

და ბოლოს, სოხუმთან უშუალო მოლაპარაკებებზე წასვლა ავტომატურად ნიშნავს მის მხარედ ცნობას, რაც ასევე ავტომატურად ნიშნავს ზვიად გამსახურდიას აფხაზური პოლიტიკის სისწორის აღიარებას. ეს მომენტი მეტად საჩოთიროა ჩვენი ხელისუფლებისათვის. დღევანდელი პოლიტელიტისათვის, რომელიც 1992 წლიდან ზეობს საქართველოში, ვინც ებრძოდა და დაამხო კანონიერი ხელისუფლება, ხოლო აფხაზებთან საარჩევნო შეთანხმებას აპარტჰეიდი უწოდა, ვინც იმასაც ძლივს ეგუება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამსახურდიას სახელთან არის დაკავშირებული, ეხლა კიდევ აფხაზური პრობლემის მოგვარებაშიც აღიარონ მისი ღვაწლი, ეს უკვე მეტისმეტია. ასეთი ნაბიჯი მათ შესაძლებლობებს აშკარად აღემატება. ამდენს ნუ მოვთხოვთ.

ასე, რომ დღევანდელი ხელისუფლებისაგან ეთნოკონფლიქტების მოგვარების პროგნოზი უაღრესად პესიმალურია. უმჯობესია დაველოდოთ ხელისუფლების რეალურ შეცვლას.

P.S. ა.წ. 14 მარტს პარლამენტში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე“. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ „არის განწყობა  კონფლიქტის მოგვარების პროცესის ადგილიდან დაძვრისა“ (?!), და „არსებობს ამისთვის  შესაბამისი მზაობაც“ (?!), რომ „უნდა დაიწყოს შემორიგება და დიალოგი“ (?!), რომ „უნდა მომზადდეს შერიგების წინაპირობა“ (?!), რომ საჭიროა „მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელის შემუშავება“ (?!). მოკლედ, კონფერენცია დარჩა მხიარული.                                 

 P.P.S. ინფორმაცია განსჯისათვის: არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ხმა არ მიუციათ (!).

ავტორი არის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პოლიტიკური საბჭოს წევერი