დონალდ ტრამპის „გამოცხადება“:  ახალი გამოწვევა თუ შანსი საქართველოსათვის?

დონალდ ტრამპის „გამოცხადება“: ახალი გამოწვევა თუ შანსი საქართველოსათვის?

არ დაგიმალავთ, და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამდე პოლიტიკურ საკვირველებათა „სამჭედლოდ“ წოდებულ სახელმწიფოთა შორის ამერიკას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი. ავსტრია, უნგრეთი, ვენესუელა, ბოლივია, ბელორუსი, თუნდაც საქართველო - კი ბატონო, მაგრამ გასული წლის შემოდგომამდე, თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორპოსტს ზემოთ აღნიშნულ კლიშე ნამდვილად არ მიესადაგებოდა

თუმცა - „ხალხი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდა“. მოსახდენი მოხდა და ის დროა ემოციებისა და ამერიკის ახალი პრეზიდენტისადმი სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის ნაცვლად სერიოზული ანალიზის გაკეთებაც ვცადოთ.

რითია განსაკუთრებული დონალდ ტრამპის ფენომენი? მართლა ასე რადიკალურადაა განსხვავებული წინამორბედებისაგან  ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი? თუ, პირიქით - არაფერი მომხდარა ისეთი და ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გამობრძმედილ ამერიკულ დემოკრატიას უარესიც უნახავს?

ბოლოდან დავიწყებ. უარესი ნამდვილად არ უნახავს!

თუ არ ვცდები, ამერიკის ისტორიაში, სხვადასხვა მიზეზებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამიოდე მცდელობა თუ იყო, რომელთაგანაც სამართლებრივად ვერც ერთი ვერ დასრულდა, თუმცა გასული საუკუნის 70-იან წლებში ე.წ. უოთერგეითის სკანდალთან დაკავშირებით რიჩარდ ნიქსონის გადადგომა ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მსოფლიოს.

რატომღაც მგონია, რომ ნიქსონისეული უოთერგეითი „თითიდანაა გამოწოვილი“ დონალდ ტრამპის მრავალრიცხოვან წინასაარჩევნო სკანდალებთან შედარებით. მარტო ტრამპის არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფის მიზნით რუსული სპეცსამსახურების მიერ  ამერიკაზე განხორციელებული უპრეცედენტოდ მძლავრი  ჰაკერული შეტევა რად ღირს.

ძველი რომაული ანდაზაა: „რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს“. მინიმუმ სამ პრეზიდენტს არ აპატიეს ამერიკელებმა წარსულში არც თუ ისე საშინელი გადაცდომები, ტრამპის სკანდალებზე კი ჯერ-ჯერობით თვალის დახუჭვა ურჩევნიათ და მათი ნებაა ეს. რომაელებსვე არ უთქვამთ: „ხმა ერისა ხმა ღვთისაო“?

ზემოთ აღნიშნულ კონტექსტში საინტერესოდ მეჩვენება იმის დადგენა, არსებობდნენ თუ არა ამერიკის ისტორიაში ტრამპის მსგავსი პრეზიდენტები?

შეიძლება ვინმეს ფრანკლინ დელანო რუზველტი და მისი „ახალი კურსი“ გაახსენდეს. სამწუხაროდ, გავაწბილებ ამ თეორიის მომხრეთ. ჯერ ერთი, რუზველტი სკანდალებისა და ამერიკული „ისთებლიშმენტზე“დაპირისპირების ტალღაზე არ მოსულა ხელისუფლების სათავეში. პირიქით, ის ყველანაირად ხაზს უსვამდა პოლიტიკური მემკვიდრეობითობის მიზანშეწონილობას, გაურბოდა ტრამპისათვის ესოდენ მიმზიდველ პოპულიზმს, არ პირდებოდა ამერიკელებს ამ ქვეყნის ისტორიაში უსაშინლესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის იოლ გზებს და მხოლოდ ხანგრძლივი, შეუპოვარი შრომისა და ეროვნული ერთიანობის მიღწევის შემთხვევაში თვლიდა შესაძლებლად „დიდ დეპრესიაზე“ გამარჯვებას.

„ახალი კურსი“ რუზველტის ტრიუმფად იქცა. ამერიკა გამოვიდა კრიზისიდან, რაც ყველაფერთან ერთად ფრანკლინ დელანო რუზველტის დაპირებების რეალურობითაც იყო განპირობებული. ამერიკის 32-ე პრეზიდენტის ხანგრძლივი მმართველობა წარმატებულად დასრულდა, მისი ქვეყანა კი მსოფლიოს უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოდ იქცა.

ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპიც გულწრფელადაა დარწმუნებული საკუთარი დაპირებების რეალურობაში. მისეული სლოგანიც - „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“ - ერთობ მიმზიდველია. მერწმუნეთ, სულითა და გულით მინდა ასეც მოხდეს ანუ დონალდ ტრამპის ძალისხმევით მართლაც „დაუბრუნდეს ამერიკას დიდება“. სხვისა რა მოგახსენოთ, და საქართველოსათვის ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა.

მაგრამ გულს მიხრავს კითხვა - რამდენად მიღწევადია ტრამპის დიადი მიზნები?

თავად განსაჯეთ, მოახერხებსმუდმივ ეკონომიკურ კრიზისებში მყოფი მექსიკა მისი და ამერიკის საზღვარზე ასაშენებელი გიგანტური კედლის პროექტის დაფინანსებას, რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარს შეადგენს? 

საეჭვოა.

ნუთუ ასე ადვილად აიძულებს ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთს, შეელიოს ამ ქვეყანაში დღეისათვის არსებულ უამრავი საწარმოს,  რათა შესრულდეს დონალდ ტრამპის მიერ ამრიკელთათვის პიცემული პირობა ზემოთ აღნიშნული საწარმოების ამერიკაში გადმოტანის თაობაზე? 

რაღაც, არ მგონია.

იმის „ჩიტია“ ვლადიმერ პუტინი ტრამპის „დაკრულზე იცეკვოს“ და რეალურად დაეხმაროს რუსეთის ნომერ პირველ მტრად შერაცხულ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმოებულ ომში სირიაში, მაშინ როდესაც პუტინის მიზანი მხოლოდ ბაშირ ასადის რეჟიმის შენარჩუნება და ზომიერი სირიული ოპოზიციის სრული განადგურებაა?

ალბათ, რეალურად მიაჩნია დონალდ ტრამპს „რუსული დათვის“ ესოდენ ადვილად მოთვინიერება. „ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ ჯერათ“. საქართველოში კი საკმარისად მოიძებნებიან ტრამპზე უკეთ მცოდნენი იმისა, თუ „რა ჩიტიცაა“ სინამდვილეში პუტინის რუსეთი, რათა ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპის მომხრეთა ზღვარგადასული ოპტიმიზმი არ გაზიარონ.

დონალდ ტრამპის ყველაზე არსებითი სხვაობა 44-ვე ამერიკის პრეზიდენტისაგან მაინც ის არის, რომ სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა ჯერ-ჯერობით საკუთარი პოლიტიკის გარშემო კონსენსუსის მიღწევა, არათუ ამერიკაში, მშობლიურ რესპუბლიკურ პარტიაშიც კი. ამიტომაც მეჩვენება ასევე უადგილოდ დონალდ ტრამპის შედარება მის დიდ თანაპარტიელთან, რონალდ რეიგანთან.

მოკლედ, ამერიკის შეერთებულის შტატების 45-ე პრეზიდენტს, წინა 44-თან ბევრი არაფერი აქვს საერთო.

იყო კი ოდესმე ამერიკის ისტორიაში  დონალდ ტრაპის მსგავსი ფენომენი?

თქვენ წარმოიდგინეთ - იყო, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ლუიზიანის შტატის გუბერნატორისა და მოგვიანებით სენატორის, რადიკალური დემოკრატის ჰიუი პირს ლონგის სახით, რომელიც 1936 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა გამარჯვებას (სხვათა შორის, არც თუ უსაფუძვლოდ).

1935 წლის სექტემბერში სენატორი ლონგი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრა ექიმმა კარლ ვაისმა. მიღებული ჭრილობების შედეგად, რამოდენიმე დღეში ჰიუი ლონგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიუი პირს ლონგმა „დიდი დეპრესიის“ წლებში გაითქვა სახელი, როდესაც სათავეში ჩაუდგა მემარჯვენე-პოპულისტური ხასიათის მოძრაობას „გავუზიაროთ ერთმანეთს სიმდიდრე“ («Share Our Wealth»), რომელიც  რადიკალურად ებრძოდა ფრანკლინ რუზველტის „ახალი კურსს“. ამ მოძრაობას 7,5 მილიონი ამერიკეული მიუერთდა. დონალდ ტრამპის მსგავსად ლონგიც თანაუგრძნობდა იზოლაციონიზმს საგარეო პოლიტიკაში, მხარს უჭერდა შიდა პოლიტიკაში შემოსავლების გადანაწილებისა და მოსახლეობისათვის გადასახადების შემცირების პოპულისტურ იდეებს. ხისტად უპირისპირდებოდა ტრადიციულ „ისთებლიშმენტს“, განსაკუთრებით კი უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციებს. ამ პოლიტიკოსის საყვარელი ლოზუნგი „ყოველი ადამიანი იყოს მეფე, მაგრამ არც ერთს არ  ედგას თავზე გვირგვინი“ («Every man a king, but no one wears a crown») საოცრად წააგავს ტრამპის დღევანდელ სლოგანებს.

აღარავის ახსოვს დღეს ჰიუი პირს ლონგი, იმის მიუხედავადაც კი, რომ ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა რობერტ პენ უორენმა უკვდავჰყო მისი ისტორია პოპულარულ რომანში „მეფის მთელი ამალა“ („All the King’s Men“).

ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსების, ჯ. თ. კეინის, ჰ. უილიამსისა და ა. შლესინჯერის ნაშრომებში ცოტაა  კარგი ნახსენები ჰიუი ლონგზე. მის მმართველობას ლუიზიანაში მეცნიერები ტოტალიტარულ დიქტატურად თვლიდნენ, თავად ლონგს კი ხან ჰიტლერსა და მუსოლინის, ხან კი ლათინურ-ამერიკელ დიქტატორებს ადარებდნენ.

არავინ იცის საით წავიდოდა მსოფლიო, 1936 წელს ამერიკის პრეზიდენტად ჰიუი პირს ლონგი რომ აერჩიათ. საეჭვოა ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყანას ეფექტურად დაეღწია თავი „დიდი დეპრესიისათვის“. „იზოლაციონისტური“ ამერიკა ალბათ დიდი ხნით გაემიჯნებოდა ევროპულ პოლიტიკას და მსოფლიო ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის ტოტალიტარული იმპერიების საჯიჯგნად დარჩებოდა გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს მოხდა სინამდვილეში. ვინ იცის, იქნებ  რეალობადაც მოვლინებოდა კაცობრიობას ჯორჯ ორუელის გენიალური ანტიუტოპია „1984 წელი“.

ვაღიარებ, რომ ზედმეტად მუქი ფერებით ავღწერე გასული საუკუნის მსოფლიო ისტორიის შესაძლო განვითარების ზემოთ აღნიშნული სცენარი. ისტორია ხომ არ ცნობს გამოთქმას: „ასე მოხდებოდა“. ისტორიამ იცის მხოლოდ: „ასე მოხდა“.

დიახ, ისტორია სულ სხვანაირად განვითარდა. მით უმეტეს არ გვაქვს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ტრამპის „გამოცხადება“ მსოფლიო პოლიტიკაში პანიკურად შევადაროთ ზოგიერთებივით აპოკალიფსისს.

გადაიტანს ღირსეულად ამერიკელი ერი დონალდ ტრამპის მმართველობისათვის დამახასიათებელ პოპულიზმს  და ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წყალობით ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური სენის„ვირუსის“ საწინააღმდეგო იმუნიტეტი მთელ მსოფლიოში მხოლოდ განმტკიცდება.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ ტრამპის „გამოცხადებამდე“ ჩადენილი უამრავი სერიოზული სტრატეგიული შეცდომის მიუხედავად, პირველ რიგში მიგრაციული პოლიტიკის სფეროში,  მსოფლიო დღეს სულ სხვანაირია ვიდრე იყო 1930-იან წლებში. არც ჰიტლერია გერმანიის სათავეში, არც მუსოლინია იტალიაში. იაპონია და ჩინეთიც საკმაოდ მშვიდობიანი ქვეყნებია. მარტო ვლადიმერ პუტინი ვერ შელევია მეზობელ ერებზე ბატონობის მანიაკალურ იდეებს და მადლობა ღმერთს, მასაც ბევრი არაფერი უნდა გამოუვიდეს, თუნდაც საქართველოში, თავად ქართველებმა თუ არ შევუწყეთ ამაში ხელი. ცალკერძ სულმოკლეობისა თუ მოუთმენლობის, მეორეს მხრივ კი უქნარობისა და არაპროფესიონალიზმის გამო.

ამერიკის ახალი ლიდერის კარგად ცნობილი შეუპოვრობა და უკომპრომისობა მსოფლიო პოლიტიკის ახალი და საინტერესო პერიოდის დადგომას შეიძლება მოასწავებდეს. ახალი რეალობისადმი ფეხის აწყობა კი ყველასთვის რთულია, განსაკუთრებით კი ისეთი მცირე სახელმწიფოსათვის როგორიც საქართველოა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, სამხედრო და ეკონომიკური რესურსებიდან ბევრი არაფერი გაგვაჩნია, ჩვენმა სახელმწიფომ, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური და დიპლომატიური რესურსების არნახული კონცენტრაცია უნდა მოახერხოს.

ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისათვის, ერთის მხრივ - შენარჩუნოს და გააძლიეროს  ერთადერთი  ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, მეორეს მხრივ კი - ადექვატურად და ოპერატიულად გააანეიტრალოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ყველა ჩვენი არაკეთილისმოსურნე სახელმწიფოს ძალისხმევა.   

„ათი თვალი და ათი ყური უნდა გამოიბას“ ქართულმა დიპლომატიამ, რათა ღმერთი არ გაუწყრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გამოცდილების ნაკლებობისა თუ არაპროფესიონალიზმის გამო შეცდომები არ დაუშვას საგარეო პოლიტიკაში, რომელთა ფასი ყოველთვის დიდი იყო, დღეს კი საბედისწეროც შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნისათვის.

ტყუილად კი არ ამბობდა საგარეო პოლიტიკურ სფეროში  დაშვებულ შეცდომაზე ყველა დროის უდიდეს დიპლომატად მიჩნეული შარლ მორის ტალეირანი: „ეს დანაშაულზე უარესია, ეს შეცდომაა“. 

კეთილი ინებონ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელებმა და „პური მეპურეს გამოაცხობინონ“. არა აქვს საქართველოს დღეს იმის ფუფუნება ნაკლებად გამოცდილ ან დიპლომატიაში სრულიად გამოუცდელ ადამიანებს ანდოს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თითოეული გამოცდილი, ასაკოვანი ქართველი დიპლომატის მობილიზაცია  საჯარო სამსახურში. „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს  ქვეყნის გადასარჩენად დიპლომატიური ბრძოლის ველზე.

კარგად ვიცნობ მე ამ ადამიანებს. მათ ვის მხრებზეც გადაიარა ქართული დიპლომატიური სამსახურის დაბადებისა და ფეხზე დადგომის უმძიმესმა წლებმა. ბევრი დღესაც ძალ-ღონითაა სავსე, მაგრამ დათხოვნილია დიპლომატიური სამსახურიდან ასაკის ან პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წლებში.

მიივიწყა და შეეურაცხყო ეს ღირსეული ადამიანები ქართულმა სახელმწიფომ, რომლის სამსახურსაც შეალიეს მათ სიცოცხლის საუკეთესო წლები.

დიდი უსამართლობა იქნებოდა, რომ დღეს, ჩვენი სახელოვანი წინაპრების მსგავსად, გვერდი-გვერდ არ დამდგარიყვნენ სამშობლოსათვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ მამები და შვილები.

ახალგაზრდა დიპლომატებსაც უნდა ედგნენ გვერდში მათი გამოცდილი და მხცოვანი კოლეგები, რომლებიც მერწმუნეთ, ისეთივე შემართებითა და პროფესიონალიზმით იბრძოლებენ ქართული საქმისათვის საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე ოთხმოცს მიტანებული „პატარა კახი“ რომ იბრძოდა ლომივით კრწანისის ომში.

შეუძლებელია ზემოთ აღნიშნულმა სულისკვეთებამ გამარჯვება არ მოგვიტანოს.

1795 წლის კრწანისის კატასტროფა ხომ მხცოვანი ასაკით განპირობებული მეფე ერეკლეს უძლურების გამო არ მომხდარა. საქართველო მაშინ სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ეროვნული ერთიანობისა და იმ დროისათვის შესაფერისი, ევროპული ყაიდის დიპლომატიური გამოცდილების ნაკლებობამ შეიწირა.

სამი ზემოდ ჩამოთვლილი ფაქტორის ერთობლიობამ კი გაუადვილა მოღალატეობრივი მისიის შესრულება მათ, ვინც ჭეშმარიტ ქართველობას, ბაგრატოვანთა სახელოვან სამეფოსა და საკუთარი ერის კეთილდღეობას რუსთა მეფისაგან მიღებული ჩინ-მედლები და „ოცდაათი ვერცხლი“ ანაცვალა.

მოდით ნუ გავიმეორებთ წინაპართა საბედისწეო შეცდომებს. ისტორია და შთამომავლობა ამას ნამდვილად არ გვაპატიებს. .

დასკვნის სახით კი ის შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელია ამერიკის 45-ე პრეზიდენტის არჩევა არ იყოს განხილული, როგორც სერიოზული  გამოწვევა, არა მარტო ამერიკისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვისაც საქართველოს ჩათვლით. ამასთან ერთად, მაღალპროფესიული დიპლომატიური ძალისხმევის მეშვეობით ჩვენ ქვეყანას ხელეწიფება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გაჩენილი  საგარეო-პოლიტიკური გამოწვევების რელევანტური დაძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ახალი ლიდერის მმართველობა  არნახულ შანსს აძლევს საქართველოს საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად საერთაშორისო ასპარეზზე.