რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.
დღევანდელ წერილში ტრადიციულად სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ “თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.
ცნობილია ჟურნალ „ოგონიოკის” კორესპონდენტის ვადიმ სერგეევის მოგონებები სერგო ზაქარიაძეზე.
სერგოს არ უყვარდა ინტერვიუები. ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულს უკან აედევნა. მსახიობი „დინამოს” სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა. იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.
– ბიჭოს, რა ხდება? – უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, – რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობ?
– კი! – უპასუხია ვადიმს, – ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა.
გადარეულა სერგო, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ... და რუს „გულშემატკივარს” ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის „მოუხელთებელ” რესპონდენტს.
რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე... ჭკუაზე არ იყო „ოგონიოკის” ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს?! ჰოდა, წასვლის წინ ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი და თქვა: საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს „ოგონიოკის” ფურცლებზე ნახავთო. სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა. ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა მათ შორის, რაც კი დაუწერია.
რამაზ ჩხიკვაძე ქვემოთ მოყვანილ კურიოზს ხშირად ყვებოდა.
„ეროსი მანჯგალაძე დიდებულად უთავსებდა ერთმანეთს მსახიობობასა და კომენტატორობას. ერთხელ ისე მოხდა, რომ „დინამოს“ საფეხბურთო მატჩი დღის 3 საათიდან საღამოს 6 საათისთვის გადაიტანეს, არა და საღამოს 7 საათზე ერთსაათიანი საბავშვო სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აკაკი ხორავამ უარი უთხრა ეროსის დუბლიორის სპექტაკლში დაყენებაზე. ტელერადიოკომიტეტში კი, რომელსაც ბატონი კაკო ძიძიგური ხელმძღვანელოდა, ეროსის დუბლიორი არ ჰყავდა.
– ბატონ კაკო ძიძიგურს ვერ ვუღალატებო, – მითხრა ეროსიმ და სპექტაკლის გაცდენა გადაწყვიტა, რის გამოც, მას ხორავა თეატრიდან დაითხოვდა.
თეატრში ერთი „გუგულა“ გვყავდა, რომელიც სპექტაკლებში ნაკლებად იყო დაკავებული. სამაგიეროდ, დიდებული იმიტატორი იყო. განსაკუთრებულად კარგად ეროსის რადიორეპორტაჟებს ბაძავდა და შევთავაზე, ის დაესვა, ინკოგნიტოდ სტადიონზე საკომენტატორო ჯიხურში ეროსის მოეწონა ჩემი აზრი. გუგულა სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენც ის ჯიხურში დავსვით, სპექტაკლზე გავქანდით. ვითამაშეთ სპექტაკლი, თეატრიდან ჩემი მანქანით პირდაპირ ტელერადიოკომიტეტში წავედით, რომ „სტადიონიდან“ დაბრუნებულ ეროსის ჟურნალში აღნიშვნა გაეკეთებინა, რადგან მაშინ ასეთი წესი იყო. ამ სიჩქარეში, თამაშის ანგარიშიც კი არ გაგვიგია და როგორც კი, ბატონ კაკოს კაბინეტისკენ გავემართეთ, ის თვითონ გამოვიდა იქიდან. ეროსი რომ დაინახა, შეცბა. შემდეგ ჩაეცინა და უთხრა:
– მოხვედი, ეროსი?
– დიახ, ბატონო კაკო. გამოვიქეცი, როგორც კი რეპორტაჟი დავასრულე. საღამოს რეპეტიცია მაქვს. ჟურნალში ხელს მოგიწერთ და წავალო.
კაკო ძიძიგურმა თავის კაბინეტში შეგვიყვანა და სავარძლებში დაგვსვა. შემდეგ რადიო ჩართო და სწორედ ამ დროს იღრიალა გუგულამ ეროსის ხმით: „არის, არის, „დინამო“ ერთით ნულს იგებს!..“
– აბა, აქ ხარ, თუ იქ? – ირონიით იკითხა ბატონმა კაკომ და ხელი რადიოსკენ გაიშვირა.
მთელი კურიოზი კი ის იყო, რომ თამაში თასზე იყო. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა... კაკო ძიძიგურს სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მიუცია ეროსისთვის და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
გია დანელია შემდეგ „სახალისო“ ამბავს ხშირად იხსენებს.
„მიმინოს“ ერთ-ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვეღო და საამისოდ სასტუმრო „როსიას“ მე-14 სართულზე ნომერი გვქონდა დაჯავშნილი. ეპიზოდში ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ბუბა და ლეონიდ კურავლიოვი მონაწილეობდნენ. რადგან ბუბას ტვინის შერყევა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჯერ ფრუნზიკა და კურავლიოვი გადამეღო და ბუბას მოგვიანებით ჩავსვამდით კადრში. ამიტომ, მკრტიჩიანი „როსიაში“ გავუშვი და ვუთხარი – კურავლიოვი წაიყვანე და რეპეტიცია დაიწყეთ, ხოლო, რომ მორჩებით, მანქანაში დამირეკე და მოვალთ-მეთქი. ამ პერიოდში მოსკოვის მილიციის უფროსმა თავისი ტელეფონიანი „ვოლგა“ მათხოვა და რადგან ბევრს ვმოძრაობდი, იქ მირეკავდნენ და მეც იქიდან ვრეკავდი ხოლმე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ გასულა ერთი საათიც, რომ მოსკოვში ხმა გავრცელდა, სასტუმრო „როსია“ იწვისო. მილიციის „ვოლგით“ იქ გავვარდი, რადგან ჩემი მსახიობები იქ მეგულებოდნენ. აკრძალულ ზონაშიც უპრობლემოდ შემიშვეს, რადგან „მურის“ უფროსის მანქანით ვიყავი და რომ გადმოვედი და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ვიღაც პოდპოლკოვნიკმა „ჩესტი“ ამიღო და მომახსენა:
– სასტუმროს მეცამეტე სართულზე ხანძარი გაჩნდა და მსხვერპლიცააო...
ის იყო, თავში ხელები უნდა შემომერტყა, რადგან მკრტიჩიანი და კურავლიოვი მე-14 სართულზე იყვნენ, რომ „ვოლგაში“ ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, მკრტიჩიანმა მითხრა:
– გიორგი ნიკოლაევიჩ, მე და კურავლიოვი ინტენსიურ რეპეტიციებს გავდივართ „როსიას“ მეთოთხმეტე სართულზე და კიდევ ორი საათი დაგვჭირდებაო...
მივხვდი, რომ ფრუნზიკა მატყუებდა და სხვაგან იყო. გულზე მომეშვა და ვკითხე:
– ხომ არ გცხელათ-მეთქი?
– კი. შემოქმედებითადო, – მიპასუხა ფრუნზიკამ და სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი გათიშა.
სამწუხაროდ, მე-13, მე-14 სართულებზე ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ფრუნზიკა და კურავლიოვი კი ასევე, ცნობილმა მსახიობმა საველი კრამაროვმა გადაარჩინა სიკვდილს. მან ისინი ქალებში დაპატიჟა და როდესაც „როსია“ იწვოდა, ისინი ქალებში „გულაობდნენ“.
ცნობილმა მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა ერთხელ დიდი შიში განიცადა.
„ერთ-ერთ ფილმში ახალგაზრდა იარაღის ინჟინერ-კონსტრუქტორის როლი უნდა შემესრულებინა და ეს სახე რომ კარგად მომერგო, ორიოდ კვირით სამუშაოდ იარაღის გამოსაცდელ საამქროში მომაწყვეს. თანაც, ისე, რომ მხოლოდ ქარხნის დირექტორმა იცოდა, ვინ ვიყავი, დანარჩენებისთვის კი, ახალბედა კონსტრუქტორი გახლდით.
ოთახში რვანი ვმუშაობდით. თითოეულს საკუთარი მაგიდა და სკამი გვქონდა. უზარმაზარ სეიფში კი საბრძოლო იარაღების ნიმუშები ინახებოდა. შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ხან მოხსნიდა რგოლს, ხან გაუკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. თქმა დავაპირე, შეენახა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, რომ მან კვლავ მოხსნა რგოლი, რომელიც ხელიდან გაუვარდა და მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან დამცავმოხსნილი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეძვრა რგოლის გამოსაღებად. მე გავშრი, რადგან რამდენიმე წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა. ამიტომ, ფეხზე წამოვხტი და სანამ „ჩემს ბედზე“ ღია ფანჯარაში გავფრინდებოდი, ვიღრიალე: ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი... შემდეგ, პირველი სართულის ფანჯრიდან რაკეტასავით გავფრინდი, თან აფეთქების ხმას მივაყურადე. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა. თავი რომ ავწიე და ზემოთ ავიხედე, ფანჯრიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა... დეტონატორს, თურმე, ნემსა ჰქონია ამოცლილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე ნათლავდნენ ახალბედა თანამშრომლებს.
გენიალური ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის მეუღლე, ქალბატონი მზია მახვილაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა.
„ომისა და უბედურების მიუხედავად, ჩემი და თენგიზის ახალგაზრდობა საოცრად რომანტიკული და მხიარული იყო. სკოლა, თეატრალური ინსტიტუტი, დადგმული და ნათამაშები სპექტაკლები, ღუმელში დამწვარი კუნძის სურნელი... ერთი სიტყვით, ბრწყინვალე პერიოდი იყო...
ერთ გაზაფხულზე, არდადეგების შემდეგ, თენგიზი მოსკოვში უნდა წასულიყო. თვითმფრინავის ბილეთი ხუთ რიცხვში ჰქონდა აღებული. შაბათი დღე იყო და მინდოდა, ჩემთან დარჩენილიყო და შევუჩნდი: დარჩი, ორშაბათს გაფრინდი და პირდაპირ ლექციაზე მიხვალ-მეთქი. თენგიზი დარჩა და ბილეთი ორშაბათისთვის გადაცვალა. თვითმფრინავი კი, რომლითაც თენგიზი შაბათს უნდა გაფრენილიყო, ჩამოვარდა... მახსოვს, ამან ძალიან იმოქმედა თენგიზზე, თითქოს ბედისწერა შეიგრძნოო. თენგიზს მტერი არ ჰყოლია და არც თვითონ იყო ვინმეს მტერი. ალბათ, ამან გადაარჩინა. მე კი ღვთის ნება შევასრულე. სწორედ ღმერთის ნება იყო ისიც, რომ თენგიზმა იარა საკუთარი გზით – სწორი და კარგი გზით, რადგან სხვანაირად არ შეეძლო...“