საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება განხორციელდება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://is.ge/ka-ge/ 6 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სტაჟიორები შეირჩევიან სამეტაპიანი კონკურსის წესით, რომელიც მოიცავს - პროფესიულ ტესტირებას, ტესტირებას ზოგად უნარებში და გასაუბრებას.
სტაჟირების კონკურსის გამოცხადებიდან, პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის თვეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ ვარძელაშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ახალციხისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ამოცანებსა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფიკას. უწყების ხელმძღვანელი პირები ახალგაზრდებს განუმარტავენ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება სტაჟირების პროგრამას პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაში და რა მნიშვნელობა აქვს სტაჟირების პროგრამის წარჩინებით დასრულებას მომავალი დასაქმების პერსპექტივისთვის.
შერჩევითი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტაჟიორები ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლების კურსს გაივლიან სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები გაეცნობიან, საგამოძიებო უწყების საქმიანობას, სამუშაოს სპეციფიკას და ჩაერთვებიან პრაქტიკულ ღონისძიებებში.