ქვემოდ წარმოდგენილი თემის გასაშლელად ორი უცხოურენოვანი ტერმინის გამოყენება მიმაჩნია აუცილებელად. ეს სიტყვებია „მეინსთრიმი“ და „ლიდერშიფი“. პირველი ნიშნავს კონკრეტული ქვეყნისათვის (ჩვენ შემთხვევაში საქართველოსათვის) განმსაზღვრელი პოლიტიკური ტენდენციების ერთობლიობას. „მეინსთრიმის“ ქართულენოვანი სინონიმის მოძებნა ცოტაოდენ გამიჭირდა. რაც შეეხება „ლიდერშიფს“, ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ ეს ტერმინი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ისე, სიტყვა „ხელმძღვანელობა“ ჩემში კომუნისტურ წარსულთან არც თუ სასიამოვნოდ გასახსენებელ მოგონებებთანაა დაკავშირებული და ამიტომ ისევ „ლიდერშიფის“ გამოყენებას ვამჯობინებ.
სტატიის სათაურს რაც შეეხება, ანატომიის ხსენება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში დასრულებულია. თუმცა, სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობისა და ვითომ და საპარლამენტო ოპოზიციად ნაციონალური მოძრაობის ინსტიტუციონალიზაციამ ნამდვილად გააჩინა იმის განცდა, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში შევიდა.
მაინც როგორია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური რეალობა? ნუთუ ქართული ოცნების მმართვებისას პოლიტიკური რეჟიმი ისეთივე პრიმიტიულია სააკაშვილის დროს რომ იყო?
ნამდვილად არა! ამის დასტური თუნდაც ის არის, რომ დღევანდელ საქართველოში ერთობ რთულია რეალური „ლიდერშიფის“ იდენტიფიკაცია. ძალიან პრიმიტიულად მეჩვენება მტკიცება იმისა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს არაფორმალურად, ანუ „კულისებს მიღმა“ ხისტ და ერთპიროვნულ მმართველობას. ერთპიროვნული მმართველობის განხორციელება „კულისებს მიღმა“ პოლიტიკური ტექნოლოგიების ყველა არსებულ კანონზომიერებებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, სრულიად უადგილოდ მეჩვენება ზემოთ აღნიშნულ კონტექსტში დენ სიაო პინის ჩინეთისა თუ გვიანდელი ფრანკოს ესპანეთის მაგალითების მოყვანა.
მაშ, ვინ მართავს დღევანდელ საქართველოს? მე, პირადად, მიჭირს ერთმნიშვნელოვნად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც იმას მაინც უნდა ნიშნავდეს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერშიფი საკმაოდ რთულადაა სტრუქტირირებული და როგორც მინიმუმ, მიშას ხელისუფლების პრიმიტიულ და დესპოტურ სტრუქტურასთან არაფერი აქვს საერთო. არ მინდა, ამ სტატიაშივე ჩავღრმავდე ოცნების „ლიდერშიფის“ ავკარგიანობაში. ვფიქრობ, რომ ამას სხვა ნაშრომში უკეთ მოვახერხებ. ამჯერად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სასახელოდ მხოლოდ ის მინდა ავღნიშნო, რომ ქართული ოცნების „მეინსთრიმი“ (მათივე „ლიდერშიფისაგან“ განსხვავებით) საკმაოდ მკაფიოდაა გამოკვეთილი. ზემოთაღნიშნულის გასაანალიზებლად კი აუცილებლად მიმაჩნია ძალიან მოკლედ სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმების შედარებითი ანალიზის ჩატარება.
პირველი ტიპის პოლიტიკური რეჟიმის დროს არ არსებობს არანაირი სახით არც სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის რაიმე ელემენტი და არც სამოქალაქო საზოგადოება; სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ყველასაგან განუკითხავად, დემოკრატიული და სამართლებრივი პროცედურების სრული უგულებელყოფით; სახელმწიფო მიისწრაფვის ზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროების სრული კონტროლისაკენ; სახეზეა სახელმწიფოს მონოპოლური კონტროლი მედიაზე, ეკონომიკაზე, კულტურასა და რელიგიაზე; საზოგადოება პრაქტიკულად მთლიანადაა გაუცხოებული პოლიტიკური ძალაუფლებისაგან; გაბატონებულია საზოგადოებრივი ურთიერთობების აბსოლუტურად ანტისამართლებრივი რეგლამენტაცია, რომელიც ემყარება პრინციპს - „დასაშვებია მხოლოდ ის, რაც პირდაპირაა დაშვებული კანონით“; სახელმწიფო ხელისუფლება ფორმირდება აბსოლუტურად არაკომპეტენტური, მაგრამ პოლიტიკურად ერთგული პარტიული კადრებით, მხოლოდ ბიუროკრატიული მეთოდებს მეშვეობით, საზოგადოებისაგან მალული არხებით და მიუწვდომელია კონტროლისათვის; სახელმწიფოში ცრუ-მრავალპარტიულობისა და ფასადური დემოკრატიის მიუხედავად გაბატონებულია ერთად ერთი პარტია და ფაქტობრივად ადგილი აქვს ჩინოვნიკური აპარატის შეზრდას სახელმწიფოსთან; არ არსებობს არანაირი გარანტიები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის; ერთად-ერთი ოფიციალური იდეოლოგიის არსებობა გამორიცხავს პოლიტიკურ პლურალიზმს; ძალოვანი სტრუქტურები საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა იმყოფებიან და მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა და განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეთა დაშინება-რეპრესიებისათვის არიან მოწოდებულნი; მმართველობის მეთოდებში დომინირებს ძალადობა, იძულება და დაშინება; სერიოზული ბიზნესი პრაქტიკულად შეზრდილია სახელმწიფოსთან და მონოპოლისტური ხასიათისაა; სუპერცენტრალიზებულ სახელმწიფოს ერთპიროვნულად მართავს ქარიზმატიული დიქტატორი, რომელსაც აბსოლუტურად მორჩილ გარემოცვასთან ერთად, ჰყავს ასეთივე მორჩილი, კონტროლირებადი და ხშირ შემთხვევებში ბოლომდე დამონებული პარლამენტი.
მინიმალური აზროვნების უნარის მქონე ყველა ჩვენი თანამემამულისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ზემოთ წარმოდგენილი პოლიტიკური რეჟიმი სააკაშვილის დესპოტიის ტყუპის ცალია და თანამედროვე პოლიტოლოგიაში ტოტალიტარული ტიპის რეჟიმის სახელითაა ცნობილი, რომლის კიდევ ერთი მაგალითია დღევანდელი ჩრდილოეთ კორეა. ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მაინც საოცრებად მიმაჩნია ის, თუ რა დონემდე უნდა ყოფილიყო დეგრადირებული ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ასეთი ტიპის სახელმწიფოს ცხრა წლის განმავლობაში უდრტვინველად რომ შეგუებოდა.
მეორე ტიპის პოლიტიკური რეჟიმის დროსაც აღინიშნება ხელისუფლების კონცენტრაცია ყველა დონეზე, მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფო უარს აცხადებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე სრული კონტროლის განხორციელებაზე და მედია თავისუფალია; ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოთა როლი შემცირებულია; ხელისუფლების არჩევითობისა და ცვალებადობის უზრუნველყოფა შეზღუდულია; ამიტომ, მრავალპარტიულობის არსებობის მიხედავად ოპოზიციის გავლენა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე მკვეთრადაა შეზღუდული ცენტრალურ ხელისუფლების დონეზე, მაგრამ ხორციელდება ადგილობრივ დონეზე; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დეკლარირებულია, მაგრამ მათი უზრუნველყოფა სრული მოცულობით ვერ ხორციელდება; ძალოვანი სტრუქტურები მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც კონტროლდებიან საზოგადოების მიერ; ბიზნესი მნიშვნელოვანწილად თავისუფალია და სამეურნეო სუბიექტებთან მიმართებაში მოქმედებს პრინციპი - „დაშვებულია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით“; სახელმწიფო აპარატი კომპეტენტურია და დაკომპლექტებულია პროფესიონალიზმის პრინციპით; სახელმწიფოს ლიდერის როლი ქვეყანაში მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - ქარიზმატიული.
როგორც ვხედავთ, მეორე ტიპის პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც ავტორიტარულს უწოდებენ, ძალიან წააგავს დღეს არსებულს საქართველოში, რაც მისასალმებელია. თუნდაც იმიტომ, რომ უკეთესისაკენ პოლიტიკური რეჟიმის ესოდენ არსებითი შეცვლა არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური გზით განხორციელდა (ფაქტობრივად - პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში).
თუ არ ვცდები, ძველი რომაული გამოთქმაა: „ეშმაკი დეტალებში იმალება“. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. კი, ბატონო, კარგია ის მაინც რომ მოვახერხეთ, ტოტალიტარიზმის ჯოჯოხეთს რომ დავაღწიეთ თავი, მაგრამ ერთი კითხვაც დავსვათ - რამდენად ეფექტურად იმუშავებს ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში? ვფიქრობ, რომ ამის ალბათობა ერთობ დაბალია. ვეცდები დავასაბუთო თუ რატომ:
ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის წარმატების უპირველესი და უაღრესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო აპარატის მაღალი პროფესიონალიზმი და, აქედან გამომდინარე - კომპეტენტურობა. გადავხედოთ დღევანდელი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატებს. ვაგლახ, რომ ბევრს დაინახავს იქ ობიექტური ადამიანი. მაგალითად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ასტრონომიულ რაოდენობას, ისეთს, მიშა სააკაშვილსაც რომ შეშურდებოდა. მაღალი რანგის პროფესიონალებს კი, რაც არ უნდა გვიმტკიცონ საპირისპირო პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ (სხვათა შორის ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს ნამდვილად დიდ პატივს ვცემ), ნამდვილად ვერ ვხედავ ბევრს. არადა, მერწმუნეთ, დაუსაქმებელი პროფესიონალების რაოდენობა საქართველოში, ძალიან რომ გამოადგებოდა ჩვენი ქვეყნის საჯარო სამსახურს, საკმაოდ დიდია.
მეორე უმნიშვნელოვანესი წინაპირობა წარმატებისა, მართალია არა ქარიზმატული (რაც არა ავტორიტარული, არამედ ტოტალიტარული რეჟიმებისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი), მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ლიდერის არსებობაა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არა მორალური ლიდერისა (რომელიც ნამდვილად არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პატრიარქის სახით), არამედ პოლიტიკური ლიდერისა, რომელიც რეალურად მართავს სახელმწიფოს (აი აქ კი ნამდვილად დროულია ისეთი ისტორიული მაგალითების მოყვანა როგორებიცაა: ფრანკო, სალაზარი, დე გოლი, ათათურქი თუ სხვები).
„არ ყოფილა საშველი და ეს არის!“ - წამოიძახებს ალბათ ბევრი ჩვენი ფიცხი თანამემამულე.
არც მასეა საქმე. საბედნიეროდ, არის პოლიტიკური სფერო, რომლის რეალური განვითარება საქართველოში დღესვეა შესაძლებელია და ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის. ეს სფერო ადგილობრივი თვითმმართველობაა, სადაც, როგორც ზემოთ ითქვა, ავტორიტარული რეჟიმი არა თუ ზღუდავს, ხელს უწყობს კიდეც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტიურობას (რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს რეალური ოპოზიცია, სადაც ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ხროვის ადგილი ნამდვილად არ არის).
ეს ის შანსია, რომლის გამოყენების შემთხვევაში მოგებული დარჩება არა მარტო ოპოზიცია, არამედ მმართველი უმრავლესობაც და, რაც ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია, მოიგებს ქართული სახელმწიფო. წარმომადგენლობითი -კონსტიტუციური დემოკრატიის გაღმავების თვალსაზრისით კი, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გარღვევა, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროპული, ევრო-ატლანტიკური და მთლიანობაში - დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.
მოვახერხებთ კი ამას?
გაუძლებს ხელისუფლება ცდუნებას, კვლავაც გააგრძელოს „კასიკიზმის“ მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლების გამოყენება არჩევნებში სასურველი (რეალურად კი გაყალბებული) შედეგების მისაღწევად?
გაუძლებს კი ოპოზიცია უპასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კორუფციის ჭაობში კომფორტული არსებობის გაგრძელების ცდუნებას?
მოახერხებს კი ქართული საზოგადოება მისთვის ესოდენ ჩვეულ და საყვარელ კონფორმიზმთან განშორებას?
უნდა მოვახერხოთ ყველაფერი, თუ ვართ მართლა ქართველები და თუ არ არის ჩვენთვის სულერთი, სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები:
ხელმოკლედ და მონურად რუსეთის წარმავალ იმპერიაში,
თუ თავისუფლად, ღირსეულად და მდიდრულად დამოუკიდებელ საქართველოში, სადაც რეალურად არსებობს ხელისუფლების დეკონცენტრაცია-დეცენტრალიზაცია ყველა დონეზე; გარანტირებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითობა, ცვალებადობა და ანგარიშვალდებულობა; ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და მუშაობს სამართლებრივი სახელმწიფო; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები რეალურადაა დაცული მოსახლეობა კი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირება-განხორციელების პროცესში.