სოსო ალავიძე და კახა ბაკურაძე მინისტრობას უმიზნებენ

სოსო ალავიძე და კახა ბაკურაძე მინისტრობას უმიზნებენ

თბილისის პოლიციის შეფმა რაღაც ნამეტანი ადრე დაიჯერა ხმები კახა თარგამაძის მინისტრობის გარდაცვალების შესახებ. მართალია, თარგამაძემ კარგად იცის, რომ სკამს ვერ გამოეკერება, მაგრამ არც მთლად ისე ცუდად აქვს საქმე, როგორც ალავიძეს ჰგონია.

კანცელარიასთან დაახლოებული წყაროს თქმით. მოსალოდნელია, რომ თარგამაძის მოხსნის შემდეგ ალავიძესაც და კახა ბაკურაძესაც შევარდნაძემ პირში ჩალა გამოავლოს და ამდენი ხნის ნანატრი მინისტრობა აუხდენელ ოცნებად უქციოს.

შს მინისტრის პოსტს მოქალაქეთა კავშირი ნაკლებად ჭირვეულ და ძლიერ პიროვნებას ჩააბარებს. ასეთები კი მრავლად მოიძებნებიან. სხვათა შორის, ამ მხრივ ყველაზე რეალური პიროვნება იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი და მიხეილ მაჭავარიანის ამჟამინდელი მოადგილე დავით მუმლაძეა. თუმცა, მუმლაძე თურმე შევარდნაძეს არ მოსდის თვალში და „მოქალაქეთა კავშირის“ სიიდანაც კი ამოიღო საპარლამენტო არჩევნების დროს.

ასე რომ, ვინც მინისტრობაზე ოცნებობს, სჯობს, ჯერ საკუთარ სკამს გაუფრთხილდეს. თარგამაძე თურმე ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე ვერ ასწიოს და თვალში შეჩხერილი ხალხი უკან არ გაიყოლიოს.