“ატეესის” თანამშრომლებს ახალი შინაგანაწესის მიხედვით აბონენტის უხეშ საუბარზე მადლობის გადახდა დაევალათ. „აგრესორები“ კულტურულ პასუხს „მასხრად აგდებად“ თვლიან.
კავშირგაბმულობის სამინისტროში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ შინაგანაწესით ატეესის თანამშრომელი აბონენტთან ურთიერთობისას ზრდილობის ნორმების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დატოვებს სამსახურს, თუმცა აბონენტებიც ხშირად სცოდავენ.
ხშირად დავალიანებული ნომრის გამორთვის ან დაზიანების დროს ტელეფონის პატრონი პასუხს ბუღალტერიის და დაზიანების ბიუროს მაგივრად ატეესს სთხოვს. ატეესის ფუნქციებში კი იმის გარკვევა შედის, თუ რა სახის დაზიანება აქვს ნომერს. დავალიანების დაფარვის შემთხვევაში ბუღალტერიიდან შეტყობინების მიღებისთანავე ტელეფონი ირთვება.
ერთხელ და ორჯერ პასუხის გაცემით აბონენტი არ კმაყოფილდება და ლანძღვაზე გადადის. ატეესის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „რეზონანსს“ განუცხადა: „ერთხელ ოთხი მთვრალი კაცი დამადგა თავზე და დავალიანებული ტელეფონის ჩართვას მთხოვდნენ. იძულებული გამხადეს, ჩამერთო. ტელეფონით ლანძღვა ხომ ხშირია, ამისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამდენი ლანძღვის ატანა ძნელია. რომ გაგინოს, უნდა უთხრა „გმადლობთ“. თუ აჰყვები, ადგილს დაკარგავ. ამის გამო უკვე ორი თანამშრომელი წავიდა. აბონენტი თუ გიჩივლებს, და ბრალს დაგდებს უხეში პასუხისთვის, რა თქმა უნდა ავიწყდება, რომ თავად წამოიწყო ლანძღვა“.
ახალმა შინაგანაწესმა აბონენტების ახალგულისწყრომას დაუდო სათავე. „კულტურულ პასუხს და დამშვიდობებას „მასხრად აგდება“ უძახეს. „დამემშვიდობა კიდეცო“, ირონიულად მითხრა ერთმა აბონენტმა“, - ამბობს “ატეესის” შეწუხებული თანამშრომელი.