„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი, პარტიის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე დააკავეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს, სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე, ინფორმაცია პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიაწოდა. მისი თქმით, სოფრომაძეს დაკავებისთანავე ჰქონდა ერთი ზარის განხორციელების უფლება, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში, ბურჯანაძის განცხადებით, მას არავისთან დაარეკინეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტიამ მედიით გაავრცელა ინფორმაცია სოფრომაძის დაკავების შესახებ, დაკავებულმა მეუღლესთან დარეკვა შეძლო. ბურჯანაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ იციან რომელ საგამოძიებო შენობაშია მათი პარტიის წევრი. როგორც თავად სოფრომაძე ამბობს, მას მოწმის სტატუსით კითხავენ. თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის გამო, მისთვის უცნობია.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ივლისის ბოლოს ხელისუფლება დაიწყებდა ტერორის განხორციელებას პარტიის ლიდერებზე და წევრებზე. ეს არაა გასაკვირი, იმიტომ რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ხელისუფლება კი ყველა თავისი ნაბიჯით ადასტურებს, რომ არ აპირებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“,- ამბობს ნინო ბურჯანაძე. მისივე თქმით, პარტიაში აქვთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გვიან ღამიდან, ვიდრე ზაზა სოფრომაძეს აიყვანდნენ, აკავებდა მის ყოფილ თანამშრომლებს და მათ აიძულებდა სოფრომაძის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ. სოფრომაძე 2006 წლამდე, სადაზღვეო ფონდის ხელმძღვანელი იყო. „დემოკრატიული მოძრაობის“ ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დაკავება შესაძლოა სწორედ სოფრომაძის ძველ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. პარტიის წევრების თქმით, ის ერთხელ უკანონოდ 2006 წელს უკვე დააკავეს, თუმცა 7 თვეში გაათავისუფლეს.
„ვინაიდან სოფრომაძე მხოლოდ მოწმის სტატუსით დააკავეს, ვიმედოვნებთ, რომ მას ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანაში არ დაადანაშაულებენ. ჩვენ უახლოეს ხანებში ვიხილავთ ჩვენს თანამებრძოლს ჩვენს გვერდით“,- დასძენს ბურჯანაძე.