საქართველოში ბევრია ოჯახი, სადაც დიდი სიფრთხილით ინახავენ საბჭოთა კავშირის დროინდელ ე.წ. შემნახველი სალაროს წიგნაკებს, რომელშიც ასახულია საბჭოთა მანეთებად დაგროვილი მათი ქონების ოდენობა, ქონებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარმა წაიღო. იმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში ნაგროვები თანხის დაბრუნებას შეძლებენ, ბევრს ჯერაც არ დაუკარგავს. ამ მასალის მომზადებაც ჩვენი მკითხველის თხოვნამ გადაგვაწყვეტინა. შევეცადეთ, გაგვერკვია, შეიძლება თუ არა ამ თანხების დაბრუნება.
ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ანაბრების დაბრუნების საკითხზე ლაპარაკობდა, ამჟამად "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი იყო. როგორც ბატონი კობა ამბობს, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობიდან" მისი წამოსვლის მიზეზი ისიც იყო, რომ ხელისუფლების სათავეში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს თემა უყურადღებოდ დატოვეს. დღეს კობა დავითაშვილი უკვე პოლიტიკაში ჩართული ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორია და მასთან ერთად გეგმავს ხელისუფლების სათავეში მოსვლას. შესაბამისად, საინტერესოა, რას აპირებს ეს პოლიტიკური ჯგუფი, შეძლებს თუ არა ანაბრების საკითხის მოგვარებას, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი თვალი გადავავლოთ სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში როგორ დგას ანაბრების დაბრუნების პრობლემა, სად მოახერხეს მისი მოგვარება და სად - ვერა (იხ. "ცნობისათვის").
საქართველოში საბჭოთა ანაბრების თანხების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ამჟამად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა:
- თუ ვინმე ამგვარ დაპირებას გასცემს, ვფიქრობ, ტყუის, ისევე, როგორც "ვარდების რევოლუციამდე" ტყუოდა მიხეილ სააკაშვილი. მას, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, საერთოდ აღარც უხსენებია ეს თემა. ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც არც კი ვიცი, სრულად თუ არის დაანგარიშებული. როგორც მახსოვს, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჩემი მინისტრობისას ვცადეთ ამ ფულის დათვლა და ასტრონომიული თანხა მივიღეთ. რუსული მანეთის კურსით, თუ არ ვცდები, 200 მილიარდი დოლარი იყო. ამ თანხის გასტუმრების შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ეს თანხა მოქალაქეებს ისე დაუბრუნდებათ, რომ თავი მოტყუებულად არ იგრძნონ. არსებობს სხვა გზაც - ნომინალური თანხის დაბრუნება, მაგრამ ამას აქვს კი აზრი? ანუ, სახელმწიფომ უნდა გაიღოს გარკვეული თნახა, ოღონდ ეს მნიშვნელოვნად არ აისახება რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე, რადგან ძალიან ცოტა იქნება. მე ამგვარი ხარჯის გაწევა არასწორი მგონია. გარდა ამისა, არსებობს ერთი პრობლემაც: ჩვენ გვყავს დევნილები, რომელთა ანაბრების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რა გამოდის, მათ არ უნდა მივცეთ ეს თანხა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანაბრების თემაზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე აქტიურად კობა დავითაშვილი ლაპარაკობდა, მისი მტკიცებით, მოქალაქეებისთვის ანაბრების დაბრუნება შესაძლებელია. მან თავის დროზე კანონპროექტიც კი დაწერა, რომელიც ანაბრების გასტუმრებას სახელმწიფო ქონების გადანაწილებით ითვალისწინებდა. იმხანად დავითაშვილის არგუმენტი ასეთი იყო: "ყველაფერს ყიდიან - მიწას, ტყეს, მდინარეს, რკინიგზას, გეგონება ამათი ბაბუების ნაყიდი იყოს, ეს ამ ხალხის ნაშრომი ქონებაა. შემნახველი სალარო იყო სახელმწიფო, ამიტომაც, როგორც სამართალმემკვიდრეს, ამ ხელისუფლებას აღიარებული აქვს, რომ ეს ვალი უნდა გაისტუმროს. მაშინ ნუ ყიდიან ამ ქონებას სხვაზე. სანამ მოვალე გყავს, ჯერ ის უნდა გაისტუმრო."
რას ფიქრობს ამ თემაზე დღეს კობა დავითაშვილი, ან რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს?
- ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსები თუ სპეციალისტები სწორედ ახლა ვმუშაობთ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, შემუშავდება შესაბამისი პლატფორმა, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს იქნება მზად, მათ შორის, ანაბრების თემაც. უხერხულია, ამ პროცესის პარალელურად დავდგე და ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისედაც იცის. ამიტომაც დაველოდოთ მუშაობის დასრულებას და შემდგომ დავილაპარაკოთ.
ანაბრები მეტად მტკივნეული თემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამიტომაც ფუჭი იმედის გაჩენას, იქნებ სჯობს, ბოლოს და ბოლოს, ითქვას, უნდა შეინახონ ადამიანებმა ზემოთ ნახსენები შემნახველი სალაროს წიგნაკები თუ - არა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე ლაპარაკს გაურბიან, მეტიც, ამბობენ, რომ ანაბრების დაბრუნების დაპირება არასდროს გაუციათ, თუმცა ჩვენს უახლოეს ისტორიას ახსოვს დოკუმენტი სახელწოდებით: "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეკრულება საქართველოსთან," სადაც ერთ-ერთი პუნქტი ანაბრების დაბრუნებაც იყო. როგორც ჩანს, გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ეს თემა მეტად მომგებიანი იყო, რა იქნება მომავალი არჩევნების წინ?
ცნობისთვის:
როგორც გავარკვიეთ, ანაბრების პრობლემა მეტ-ნაკლებად ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ქვეყანამ მოაგვარა, ესენია: ლიტვა და ყაზახეთი.
ლიტვაში სახელმწიფო პრივატიზაციიდან შემოსული თანხების 80% სწორედ მეანაბრეთა თანხების დასაფარავად მიმართეს. თითოეული მეანაბრის გასასტუმრებელი ვალის ოდენობა შემოიფარგლა 6.000 რუსული მანეთით, კურსით: ერთი ლიტი - ერთი რუსული მანეთი.
ყაზახეთში გამოუშვეს სპეციალური ობლიგაციები კურსით: 100 დოლარი ყოველ 15 ათას რუსულ მანეთში.
აზერბაიჯანში იგეგმება, რომ 8-10 წლის განმავლობაში დაფარავენ 5 მილიარდი რუსული მანეთის ანაბრებს კურსით: 0,5 დოლარი - ერთი რუსული მანეთი.
სომხეთში ანაბრების თანხის გასტუმრებას 2015 წლამდე გეგმავენ, სქემით: პირველ საბჭოთა ათას მანეთში გადაიხდიან 200 დოლარს, მეორე და მესამეში - 140 დოლარს. ყოველ შემდეგ ათასზე თანხა იკლებს და 10 000 რუსული მანეთის ზემოთ, ყოველ ათას მანეთზე მეანაბრე მხოლოდ 20 დოლარს მიიღებს.
გადაწყვეტილება გაუფასურებული ანაბრების კომპენსაციაზე მიღებული აქვთ მოლდოვასა და ყირგიზეთის ხელისუფლებასაც. თუმცა კომპენსაცია ისე მცირეა, რომ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
ბელორუსის მთავრობა ამბობს, რომ დღემდე გრძელდება ამ პრობლემის განხილვა, მაგრამ მისი მოგვარებისთვის საჭირო რესურსი ჯერ არ აქვთ. უკრაინაში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო გაისტუმრებს მეანაბრეთა ვალს, თუმცა ჯერჯერობით იქაც ვერ გამოინახა შესაბამისი რესურსი.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეების გაუფასურებული საბჭოთა ანაბრები საშინაო ვალად გამოაცხადა. 2008-2009 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისისას, როგორც იმჟამად ექსპერტები წერდნენ, ქვეყანაში არსებული სოციალური დაძაბულობის მოხსნის მიზნით, ხელისუფლებამ ამ თემაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყო და მოქალაქეებს თანხის დაბრუნებისა და კომპენსაციის შემდეგი სქემა შესთავაზა: 1945 წლამდე დაბადებული მოქალაქეები, მიიღებდნენ ანაბრის სამმაგ ოდენობას რუსულ მანეთში, ხოლო 1945 წლის შემდეგ დაბადებულები - ორმაგ ოდენობას. თუმცა რუსეთს დღემდე ვალის მხოლოდ ნაწილი აქვს გასტუმრებული.