ბოლოდროინდელ რუსულ პრესას თუ გადახედავთ, ერთ უცნაურობას უეჭველად შენიშნავთ: რუსეთის შიდა პრობლემების (მათ შორის ჩეჩნეთის) შემდეგ, ყველაზე დიდ ყურადღებას და ზრუნვას ეს პრესა რატომღაც სწორედ აჭარის მიმართ იჩენს. თანაც როგორ ყურადღებას - „მოსკოვსკიე ნოვოსტის“, „კომსომოლსკაია პრავდას“, და სხვა „დემოკრატიულ გამოცემათა“ საუკეთესო ჟურნალისტები არიან ჩართულნი „აჭარაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების“ დიად საქმეში.
გული აგიჩუყდება კაცს, როგორი სითბოთი და სიყვარულით წერენ რუსი ჟურნალისტები აჭარისა და მისი ლიდერის შესახებ. ოღონდ ეგ არის: იმავე გაზეთების ბოლო წლების ყველა ნომერი სათითაოდ რომ გადაათვალიეროთ - ერთ ბწკარს ვერ ნახავთ, იოტისოდენი სიბრალული და თანაგრძნობა იყოს საქართველოს მიმართ. მაგალითად „კომსომოლსკაია პრავდას“ „სობ-კორ“ სერგეი ჩერნიხის სტატიებში იმდენი სიძულვილი და შხამია, რუსულ „ფსკ“-ს ალბათ მთელ წელიწადს ეყოფოდა „ინტერნაციონალური ვალის“ მოხდისას.
აბაშიძე-გლადიშევისა და აბაშიძე-გიორგაძის ურთიერთობისადმი მიძღვნილ მქუხარე სტატიებს, რომლებიც, რასაკვირველია, საქართველოში „სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას“ ისახავდნენ მიზნად, მოჰყვა ირინა ხმარას სტატია „კომსომოლსკაია პრავდაში“, რომელშიც კვლავ იმდენი სითბო და სიყვარულია აჭარის პრეზიდენტის („შემთხვევით“ სწორედ ასე უწოდებს) და აჭარის მიმართ, რომ არ შეიძლება კაცს ეჭვი არ შეგეპაროს: ამ რუს ქალს აჭარა მართლა ჩვენზე მეტად ხომ არ უყვარს - აკი ქართულ პრესაში დითირამბები ამა თუ იმ მხარის მიმართ არცთუ ხშირია და არც ასლან აბაშიძეს უწოდებენ „პრეზიდენტს?“
ირინა ხმარას განსაკუთრებით ის მოეწონა აჭარაში, რომ აჭარა-თურქეთის საზღვარს „რუსი ბიჭები“ იცავენ (русские ребята), ხოლო „ჩვენს მხარეს“ (ასე წერს), გარდა რუსი მესაზღვრეებისა, დისლოცირებულია რუსეთის მოტომსროლელთა დივიზია, რომელიც აჭარლებს, ხმარას მტკიცებით, ისე უყვართ, ისე უყვართ, რომ მის საპატივცემულოდ 23 თებერვალს აღნიშნავენ - რუსული არმიის დღეს. ეს დღე ქცეულა თურმე აჭარლებისათვის მეომრული შემართებისა და თავდადების სიმბოლოდ. მართლაც, როგორ შეიძლება ირინა ხმარას გული ტკბილად არ გაუთბეს იმის შეგნებით, რომ აჭარლებისათვის „მეომრული შემართების“ სიმბოლოდ სწორედ 23 თებერვალი ქცეულა და არა ვთქვათ 12 აგვისტო - დიდგორის გმირული სასწაულის დღე.
ხმარას თქმით, „აჭარაში არ დაუხურავთ რუსული სკოლები, არ მოუთხოვიათ მხოლოდ ქართულად წერა, ხოლო თბილისის მოთხოვნა - შეეწყვიტათ რუსეთის ტელევიზიის ტრანსლაცია, არად ჩააგდეს და არ შეასრულეს“.
ბათუმსა და აჭარაში, რა თქმა უნდა, სრული სიწყნარეა (რუსი მეომრების წყალობით), ხოლო საქართველოში (ხმარას სტატიის მიხედვით) ჯერ კიდევ ომი მძვინვარებს და სისხლიანი ქაოსია გამეფებული.
რაც შეეხება „აჭარის პრეზიდენტს“ - მას ალბათ მართლა ჰგონია, რომ ეს პროპაგანდისტული „წარმატებანი“ მისი პოლიტიკური ნიჭით და შეძლებით არის გამოწვეული და რომ იგი უფრო ჭკვიანი და დიდი პოლიტიკოსია, ვიდრე, ვთქვათ, ედუარდ შევარდნაძე, რაკი ამ უკანასკნელს რუსული პრესა და ტელევიზია არ წყალობს, გამუდმებით დასცინის, ამცირებს, ხოლო „აჭარის პრეზიდენტს“ სითბოთი და სიყვარულით მოიხსენიებს.
სინამდვილეში, ეს „სითბო და სიყვარული“ რუსული პოლიტიკის იმ მხურვალე სურვილის გამოხატულებაა, რომ როგორმე კვლავ დაძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე გამოიწვიოს ახალი კონფლიქტი, ახალი დაპირისპირება, რათა შემდგომ ნელ-ნელა, ფრთხილად „შემოაპარონ“ ახალი ტერმინი: „აჭარელი ხალხი“. ეს სრულიადაც არ არის შეუძლებელი - სერბები და ხორვატები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია, ერთ ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ სწორედ რელიგიური თუ კონფესიური სხვაობის გამო ხოცავენ ერთმანეთს უკვე მერამდენე საუკუნეა.
ამის მიღწევა თუ მოხერხდა, ირინა ხმარას უფრო დიდი და სასურველი ჯილდო ელის, ვიდრე „აჭარის პრეზიდენტის“ მადლობა, მის მიერ გამართული „სასიამოვნო საღამოები“ ან თუნდაც „დოლარებში“ გამოხატული ჰონორარები.
ამ „საკურორტო“ რეპორტაჟმა კიდევ ერთხელ გამახსენა ასლან აბაშიძის ცნობილი განცხადებანი იგორ გიორგაძის შესახებ - მოკვლას მიპირებსო. ბათუმში ჩასულ თბილისელ ჟურნალისტებს იგი უფრო დაწვრილებით ესაუბრა ამის თაობაზე, რის შედეგადაც უკლებლივ ყველა ჟურნალისტი, რომელსაც ელემენტარული ლოგიკა გააჩნია, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გიორგაძის მიერ აბაშიძის „მოკვლის ისტორია“ თითიდანაა გამოწოვილი და მტკნარი სისულელეა.
„აჭარის პრეზიდენტი“ აშკარად ცრუობს. თანაც ცრუობს დიდი გულმოდგინებით და შემართებით. ისმის კითხვა - რატომ? რაშია საქმე? სინამდვილეში რა აღელვებს ასლან აბაშიძეს? სინამდვილეში კი მას ის აღელვებს, რომ თბილისში მთავრდება ახალი კონსტიტუციის შემუშავება, ამ კონსტიტუციით „აჭარის პრეზიდენტი“ გათვალისწინებული არ არის. აბაშიძეს კი ძალიან, ძალიან უნდა „აჭარის პრეზიდენტობა“. ამ მიზნით მიმართავს რუს მეგობრებს, ამ მიზნით იგონებს სულელურ „ვერსიებს“ იმის თაობაზე, თითქოს იგორ გიორგაძეს მისი მოკვლა უნდა - ის კი თავს იცავს, „ამაგრებს“ აჭარის საზღვრებს და ა.შ.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ამას წინათ გამოქვეყნდა ლაზარე ზაქარიაძის ერთობ საინტერესო სტატია „ამინ იყოს, ბატონო იგორ“, რომელშიც ასლან აბაშიძის „მთავარი სახელმწიფო მრჩეველი“ ცდილობს, გაათეთროს თავისი პატრონი და იგი „საქართველოს ინტერესებისათვის გულმხურვალე მებრძოლად“ წარმოადგინოს.
ეს, რა თქმა უნდა, ისეთივე სისულელეა, როგორც იგორ გიორგაძისა და დავით ბერძენიშვილის მიერ ერთობლივად მოწყობილი შეთქმულება „აბაშიძის მოსაკლავად“: „საქართველოს ინტერესებისათვის გულმხურვალე მებრძოლს“ – „კომსომოლსკაია პრავდა“ ასეთი სიმპათიური ფერებით არ დახატავდა, მაგრამ ეს იმდენად არ არის საგულისხმო, რამდენადაც ზაქარიაძის სხვა პასაჟები.
მკითხველს შევახსენებ: ეს ის ლაზარე ზაქარიაძეა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ე.წ. „დემოკრატიული რევოლუციის“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა. ალბათ ყველას გახსოვთ კინოს სახლში მისი გულმხურვალე გამოსვლები - „დიქტატურისა“ და „ტირანიის“ წინააღმდეგ. დღეს ლაზარე ზაქარიაძე უკვე ავტორიტარიზმის ადვოკატია. თურმე ნუ იტყვით, ავტორიტარიზმი ზოგჯერ სასარგებლოც კი ყოფილა. აკი სწორედ „ავტორიტარულმა მართვამ“ „შეკრა აჭარა ერთ მუშტად“ და გადაარჩინა იგი. უწინ ზაქარიაძე „დემოკრატიისა“ და „ავტორიტარიზმის“ ცნებებზე, როგორც ჩანს, ცოტა სხვა აზრისა იყო. თავის ახლადგამომცხვარ სტატიაში „ახალქართული ფედერაციული საქართველოს“ „ახალი სუბიექტის“ ეს ახალგაზრდა იდეოლოგი უკვე მართლაც ახალ ამპლუაში გვევლინება - კერძოდ „ძველი კგბ-ს სახელმწიფოს კონტურების“ კრიტიკოსად.
მკითხველი ადვილად შენიშნავს, რომ მისი პასაჟები „კომუნისტ - რევანშისტებზე“ უპირველეს ყოვლისა, სწორედ ედურად შევარდნაძეს ეხება. ზაქარიაძის აზრით, დღეს საქართველო „ნეოკომუნისტური რეჟიმისაკენ“ გადაიხარა; „წონასწორობა დაირღვა“; „ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა ქართველობა“ და ა.შ. ანუ არც ზვიად გამსახურდია ვარგოდა, მაგრამ არც ედუარდ შევარდნაძე ვარგა.
არადა, გარწმუნებთ, პატივცემულო მკითხველო: საქართველოს მოსახლეობა ვერასდროს აირჩევს ხელისუფლებას, - ასლან აბაშიძისა და მისი იდეოლოგების მოსაწონი რომ იყოს! ეს ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში ან „ნეოფაშისტური“ იქნება ან „ნეოკომუნისტური“ და იცით რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არასდროს არ დათანხმდება იმას, რაც სინამდვილეში სურს ასლან აბაშიძეს და მის გუნდს. არც ზვიად გამსახურდია არ დათანხმდებოდა და არც ედუარდ შევარდნაძე არ დათანხმდება იმას რომ საქართველო იქცეს ფედერაციულ სახელმწიფოდ, აჭარა - ფედერაციის სუბიექტად, რომელსაც საკუთარი „პრეზიდენტი“ ეყოლება და ასე შემდეგ.
რაც შეეხება „რუსულ სიბრტყეს“ - ამ პასაჟმაც არავინ მოგატყუოთ. რუსული ორიენტაცია ა. აბაშიძისათვის თვითმიზანი სრულიადაც არ არის - ედუარდ შევარდნაძეზე უფრო „პრორუსული“ პოლიტიკოსი ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ აბაშიძისათვის ეს არ არის მთავარი. შეიძლება რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსი იყო, მაგრამ მაინც არ ეთანხმებოდე აჭარაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებასა და ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმებას „საქართველოსა და აჭარას შორის“.
მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ? მორიგ სულელურ ომს ნამდვილად ვერ დავიწყებთ. მით უმეტეს, აჭარის წინააღმდეგ. ისღა დაგვრჩენია, სიბრალულით ვუცქიროთ - ძალაუფლების ვნებითა და ფანატიკური წყურვილით აცუნდრუკებულ მორიგ ქართველს როგორ აცეკვებენ და ახტუნავებენ „რუსულ სიბრტყეზე“.