ჯეიმს ბეიკერი „მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობაზე

ჯეიმს ბეიკერი „მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა. თუ არსებობს ერთგვარი „სოციალური ინსტიქტი“, მოსახლეობა სწორედ ინსტიქტურად გრძნობდა, რომ ამ კავშირის ყრილობით, საფუძველი ეყრება ძალიან მძლავრ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელმაც შესაძლოა გადამწყვეტი პოლიტიკური ფაქტორის როლი შეასრულოს საქართველოში.

ეს აშკარად ითქვა ყრილობის პირველივე დღეს.

ყრილობა გახსნა ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ დამფუძნებელი კრების შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და, რაც მთავარია, გაჩნდა იმედი საქართველოს გადარჩენისა. მხოლოდ ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი მდგომარეობიდან.

ყრილობაზე მობრძანდა სახელმწიფოს მეთაურის პირადი სტუმარი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს ბეიკერი.

ედუარდ შევარდნაძე ასეთი სიტყვებით მიესალმა მეგობარს: „ჩვენ პირველად ვენაში შევხვდით ერთმანეთს, მაშინ ტრაგიკული დაპირისპირება იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ის პირველი შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა, მას შემდეგ მრავალგზის გვისაუბრია მე და ჯიმს. ჩვენ დავამკვიდრეთ პარტნიორობის ატმოსფერო საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ ვენდეთ ერთმანეთს. სწორედ ამ გრძნობამ მიგვიყვანა იმ საოცარ ცვლილებებამდე, როდესაც გათავისუფლდა ევროპა. ცივი ომის ყინულები რომ არ დამდნარიყო, იმპერია არ დაიშლებოდა. უზარმაზარია ამ საქმეში ჯიმ ბეიკერის წვლილი. საქართველოში ის პირველად მაშინ ჩამოვიდა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა და ამ ვიზიტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა იზოლაციის გარღვევაში. ჰელსინკში შეხვედრის დროს სწორედ ბეიკერის თხოვნით გამოუყო ამერიკამ საქართველოს ასი ათასი ტონა ხორბალი. როცა სოხუმი დავკარგეთ და პროვინციული ფაშიზმი მოადგა თბილისს, ჯეიმს ბეიკერმა, სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად, შექმნა საქართველოს მეგობართა ორგანიზაცია. ამერიკაში უკვე გაიცნეს საქართველო, ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარი გახდა, მაგრამ ამერიკა-საქართველოს მეგობრობა არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და ნურავინ ეჭვიანობს ამის თაობაზე.

რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, მისი პრინციპები ჰგავს ამერიკის რესპუბლიკური თუ დემოკრატიული პარტიის პრინციპებს. მაგრამ არის ერთი განსხვავებაც: ამერიკაში დემოკრატები და რესპუბლიკელები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. ჩვენი კავშირი კი, მოვა ხელისუფლებაში და ძალიან დიდხანს დარჩება ქვეყნის სათავეში!“

ჯეიმს ბეიკერი  ცოტა არ იყოს დაბნეული ჩანდა. თუმცა, როგორც ყოველ ამერიკელს ყველგან და ყოველთვის სჩვევია, თავისუფლად ეჭირა თავი. მან გაიხსენა შევარდნაძის ღვაწლი ცივი ომის დამთავრების საქმეში: „შევარდნაძის სიმამაცემ დიდი როლი შეასრულა. ბიპოლარული სამყარო უკვე აღარ არსებობს. ჩვენ ნამდვილი მეგობრობა გვაკავშირებს. უფრო მეტიც: ედუარდ შევარდნაძეს ჩემს ძმად ვთვლი. რაც შეეხება მოქალაქეთა კავშირს, ეს კავშირი მე ასე მესმის: საქართველოს მოქალაქეები ერთიანდებიან კანის ფერის, ეროვნების, სქესის, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. ამერიკაც სწორედ მოქალაქეთა ასეთი გაერთიანებაა. ეს ჩვენი ძლიერების წყაროა და არა სისუსტისა. ეთნიკურობა და კუთხურობა კი მხოლოდ სუსტებს ახასიათებს. ამერიკელები ორ მთავარ პრინციპს ვაღიარებთ. პირველი - ეს არის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და მეორე - ეკონომიკური თავისუფლება. ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, ჩვენ ამოვიყვანეთ მსოფლიოში მშვიდობის მზე. დაე დღევანდელი დღე იყოს დასაწყისი საქართველოს თავისუფლების მზის ამობრწყინებისა“.

ამის შემდეგ ბეიკერმა დატოვა დარბაზი, თუმცა მისი გამოსვლა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო მოქალაქეთა კავშირისათვის, რადგან მან ერთგვარი „ლიბერალური ქარიზმა“ შესძინა ამ პარტიას და აშკარად დააკნინა იმათი არგუმენტები, ვინც ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ საქართველოში „ახალი კომპარტია იქმნება“. არადა, კომპარტიასთან ბეიკერს არაფერი საერთო არ ჰქონდა და არც ექნებოდა.

ბეიკერის წასვლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, რეზო ამაშუკელმა იხუმრა: გელანტია გვინდოდა მოგვეწვია, მაგრამ ბოლოს ბეიკერზე შევჩერდითო.

ყრილობამ მოისმინა გენერალური მდივნის, ზურაბ ჟვანიას მოხსენება, რომელიც ძირითადად ორგანიზაციულ პრობლემებს ეხებოდა. თუმცა მან რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა: მოქალაქეთა კავშირის იდეოლოგია არის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა. პოლიტიკური ტექნოლოგია იქმნება, როდესაც პოლიტიკა წარიმართება ქვემოდან - ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე. სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას საქართველოში სამი ძირითადი ძალა უშლის ხელს: შეიარაღებული საძმოები, მაფიოზური კლანები და პოლიტიკანური გაერთიანებები. კავშირის უპირველესი პრობლემაა აფხაზეთი. შემდეგი - წესრიგის აღდგენა ქვეყანაში. მოქალაქეთა კავშირი ვერანაირად ვერ დაუჭერს მხარს ვერც არსებულ მთავრობას, ვერც ე.წ. კოალიციურ მთავრობის დაკომპლექტებას პარტიული პრინციპით, - მთავრობის კომპლექტაცია მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმისა და პატიოსნების ნიშნით უნდა მოხდეს.

შემდეგ დაიწყო პოლიტიკური დებატები. ყრილობის მუშაობა შაბათ-კვირას გაგრძელდება და დასრულდება სახელმწიფოს მეთაურის საპროგრამო სიტყვით.