სკანდალური საკადრო ცვლილებების ანატომია

სკანდალური საკადრო ცვლილებების ანატომია

საკადრო ცვლილება მოსალოდნელი იყო, მაგრამ თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნამ საზოგადოების ერთი ნაწილისა და ექსპერტების ნამდვილი შოკი გამოიწვია.

"მესმის, რომ ბაჩო ახალაიას ჰყავს ბევრი მტერი, მაგრამ გასათვალისწინებელია მისი დამსახურება, საქართველოს კანონიერი ქურდები აღარ მართავენ!.." - ამგვარად ახსნა პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება და იმედი გამოთქვა, რომ ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროში სიღმისეულ რეფორმებს გაატარებს. სამხედრო ექსპერტებს კი განსხვავებული პროგნოზები აქვთ. მაგალითად, გიორგი თავდგირიძის მტკიცებით, გამინისტრებულ ახალაიასგან საზოგადოება უფრო პიარსანახაობებსა და სპექტაკლებს უნდა ელოდეს, ვიდრე თავდაცვის სისტემაში გატარებულ რეალურ, სიღრმისეულ რეფორმებს...

და მაინც, რას შეეწირა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე და რატომ ამჯობინეს მას საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სკანდალებით ცნობილი და კაცთმოძულედ მიჩნეული ბაჩო ახალაია, შევეცადეთ ამ კითხვაზე პასუხი მიგვეღო.

გიორგი თავდგირიძე: - თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილება არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება. ომის შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო რეალური რეფორმის განხორციელება შეიარაღებულ ძალებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სააკაშვილის სურვილიც გახლდათ. ალბათ ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროში აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩაჩიბაია-სიხარულიძის ტანდემი მოვიდა. ეს ორი პერსონა ნაციონალური მოძრაობისთვის განსხვავებული ტიპაჟი აღმოჩნდა. ისინი არ იყვნენ ოდიოზური ფიგურები, მუშაობისას ახასიათებდათ მეთოდური სტილი და შესაბამისად, აქცენტს სისტემურ მიდგომაზე აკეთებდნენ. თანამდებობებზე მათი დანიშვნის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ თავდაცვის სამინისტროში გეგმაზომიერად, მეთოდურად, ნატოს წევრი ქვეყნების რეკომენდაციების გათვალისწინებით გატარდებოდა სიღრმისეული რეფორმები. თუმცა მოულოდნელად მინისტრის მოადგილედ შეიარაღებულ ძალებში ბაჩო ახალაია დაინიშნა. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს უკანასკნელი თავდაცვის სამინისტროში მერაბიშვილის კლანმა მოიყვანა. ამას მოჰყვა შიდა ინტრიგები, რის შედეგადაც ვლადიმერ ჩაჩიბაიას (რომელიც ზაზა გოგავას შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტს იკავებდა) დევი ჭანკოტაძე ჩაენაცვლა. ჩაჩიბაია, რომელსაც აშშ-ში აქვს მიღებული განათლება, ცოდნით და ავტორიტეტით ათი თავით სჯობია დევი ჭანკოტაძეს. ეს უკანასკნელი რუსული მენტალობის მატარებელია, ის საბჭოთა ოფიცერი იყო. რა თქმა უნდა, იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, სრულიად ალოგიკური და გაურკვეველია ამგვარი საკადრო ცვლილების ანატომია. ასეა თუ ისე, ჩაჩიბაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ დავით სიხარულიძეს თავდაცვის მინისტრობას დაატოვებინებდნენ და ეს ვარაუდი კიდეც გამართლდა. ალოგიკური საკადრო ცვლილება, რომელიც განხორციელდა, "შიდანაციონალური" ბრძოლის შედეგი გახლავთ. აშკარაა, ზოგიერთი კლანი ცდილობს, არ დაკარგოს გავლენა სააკაშვილზე და მას მისაღები პირების დანიშვნას აიძულებს. ჩანს, მერაბიშვილისთვის სხვა კანდიდატებზე - გელა ბეჟუაშვილსა და ნიკა რურუაზე მეტად მისაღები ახალაია აღმოჩნდა.

.. თქვენი მოსაზრებით, სასწორის ერთ პინაზე დაიდო ამერიკული მხარის რეკომენდაციები, მეორეზე - მერაბიშვილის დაჯგუფების ინტერესები და სააკაშვილმა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება?

- დიახ, ასეა.

ცოტა დაუჯერებელია, როგორ შეიძლება პრეზიდენტი აიძულო, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება...

- მოგახსენებთ... ეს არის თემა, რომელიც ჩვენ სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი არის ფული და ძალაუფლება. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ძალზე გემრიელი ლუკმაა, რომელსაც დიდი დაფინანსება აქვს და ამასთანავე, საზოგადოებისგან დაფარულად ზოგიერთი ფინანსური ოპერაციის ჩატარება ადვილია. ამ დროს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ატყუებს, თითქოს მთელი რიგი ოპერაციები სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენს. შესაბამისად, პრობლემა აღარაა ამ ფინანსური სახსრებით ლავირება.

თავდაცვის სისტემაში საკმაოდ დიდი ფულის მასა არის თავისუფალი და მისი მოძრაობა ძლიერი "ატკატებით" არის გამაგრებული. მეორე მხრივ, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მხრიდან თავდაცვის სამინისტროზე კონტროლის დამყარება არის ძალაუფლების მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალაუფლება თოფიანი ხალხის კონტროლით განისაზღვრება... აქედან გამომდინარე, მერაბიშვილი-ახალაია-სანოძისთვის ამ უწყებაზე კონტროლის მოპოვება მიმზიდველი სამიზნე გახლდათ. აქამდე თუ სააკაშვილი ცუდად, მაგრამ მაინც ახერხებდა ერთგვარი ბალანსის შენარჩუნებას ძალოვან სტრუქტურებში, ახლა სრული დისბალანსი სახეზეა. თუმცა, მინდა დავძინო, ასეთი საკადრო გადათამაშება მერაბიშვილისთვის მცირეოდენი საფრთხის შემცველი მაინც არის. შსს-ს შიგნით არსებული ერთი პოლიციური დაჯგუფების გაძლიერება მის ერთპიროვნულ ძალაუფლებას ემუქრება.

დააზუსტეთ, რას გულისხმობთ...

- მერაბიშვილი რაც უნდა ძლიერი შს მინისტრი იყოს, მას არ შეუძლია პირადი კონტროლი განახორციელოს მთელ სისტემაზე. ჩვენ არ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში, რომ რეპრესიულმა მანქანამ უპრობლემოდ იმუშაოს და ზოგიერთმა ნიჭიერმა პერსონამ ეს ფაქტორი თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად ეფექტიანად გამოიყენოს. სანოძე-ახალაიას დაჯგუფება საკმაოდ გაძლიერდა და ის ნებისმიერ დროს, სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მერაბიშვილის კონტროლიდან შეიძლება გამოვიდეს. თუმცაღა, დღეს ეს ორი პერსონა მერაბიშვილთან ასოცირდება და ჯერჯერობით საერთო ინტერესები ამოძრავებთ. თუმცა, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ... ნებისმიერ სახელმწიფოში გარდამავალი პერიოდის დროს სახელმწიფოები ხშირად განიცდიან რყევებს და განსაზღვრულ ჯგუფებს დაუსჯელობის სინდრომის გამო შეუძლიათ სახიფათო გადაწყვეტილებათა მიღება მაშინ, როდესაც მათ ფულად წყაროებსა და გავლენას რაიმე საფრთხე დაემუქრება. ფაქტია, ჯერჯერობით სააკაშვილი უძლურია რაიმე კარდინალური გადაწყვეტილება მიიღოს და დემოკრატიული რეფორმების ტალღა დაიწყოს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ისიც საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეა. წამოწყებული აქვს ერთგვარი პოლიტიკური ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის შიგნით და ზოგიერთი ლიდერის სიძლიერის შეზღუდვას ცდილობს. ერთ-ერთ ასეთ ლიდერად შესაძლოა, მივიჩნიოთ უგულავა. სააკაშვილი ამ ეტაპზე უგულავას დაჯგუფების დასუსტებას ნაციონალურ მოძრაობაში სხვა დაჯგუფების გაძლიერებით მიაღწევს, მერე ამგვარი ტაქტიკით დანარჩენებსაც მიხედავს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სააკაშვილი შევარდნაძის ნიჭიერი მოსწავლეა. მისმა წინამორბედმაც ზუსტად ასეთი მანევრები ჩაატარა, - ჯერ გააძლიერა მხედრიონი, მისი საშუალებით ზოგიერთი ძალა პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორა, ხოლო შემდეგ შსს-ს მეშვეობით მხედრიონი ჩამოიცილა. მხედრიონის ჩამომშორებელი შსს-ს ჩინოსნები პირადი უსაფრთხოების სამსახურითა და მის მიერვე დაწინაურებული კადრებით გაანეიტრალა. ასეთი სახიფათო თამაშების განხორციელება სააკაშვილსაც მშვენივრად ძალუძს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახლა უგულავა საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა. ის არის ქალაქის მერი და სერიოზული ფულადი რესურსები მის ხელში გადის. ის ერთგვარ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ალბათ, ბევრი ბიზნესმენი იქნება მის წინაშე ანგარიშვალდებული. უახლოეს მომავალში ქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევნები რომ დაინიშნოს, უგულავა შეიძლება სააკაშვილის კონტროლიდან სრულიად გამოვიდეს, ამიტომ პრეზიდენტს მისი ძალაუფლების შეზღუდვა აქვს განზრახული.

ბატონო გიორგი, ახალაიას გამინისტრება თავდაცვის სისტემას რა ბედს სწევს?

- მე არ ვამბობ, რომ სიხარულიძე ან ჩაჩიბაია გენიოსები იყვნენ, მაგრამ მათ ნატოს წევრი ქვეყნების რეკომენდაციების არსი კარგად ესმოდათ და ისინი შეიარაღებულ ძალებს საკუთარი პიარისთვის არ იყენებდნენ. თქვენ იხილავთ ბაჩო ახალაიას დადგმულ სპექტაკლებს უახლოეს მომავალში... ეს სპექტაკლები კი დაახლოებით ისეთი იქნება, როგორსაც თავის დროზე ოქრუაშვილი დგამდა: ატარებდა ორფოლოს სწავლებებს, გვაყურებინებდა ზოგიერთი დაწესებულების გახსნის ცერემონიას და ა.შ. არადა, თავდაცვის სამინისტროს სიღრმისეული რეფორმა სჭირდება. იგი თავისი არსით მოითხოვს ყველაფრის წინასწარ დაგეგმარებას და ზუსტად იმ ოპერაციებისა და პროცედურების ჩატარებას, რომელიც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე აპრობირებულია. ისეთი პერსონების თვითშემოქმედება, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ოქრუაშვილი, ახალაია... კარგს ვერაფერს მოუტანს ამ სისტემას. ამ პირთათვის უცხოა სისტემური მიდგომა, კანონიერება და თავდაცვის სამინისტროს თავიანთ დაკრულზე აცეკვებენ.

მაგალითად, ოქრუაშვილმა თავის დროზე ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააუქმა სამხედრო აკადემია, რომელიც იყო ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტი. ის პირები კი, რომელთაც აკადემიის სამი კურსი გავლილი ჰქონდათ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. არადა, ამაში ჩადებული იყო უზარმაზარი ფინანსური სახსრები, შრომა, ენერგია და ა.შ. ამგვარად დავკარგეთ და ალბათ თავიდან მოგვიწევს ახალი სამხედრო აკადემიის შექმნა... კეზერაშვილმა კი ისე გააგრძელა ე. წ. სამხედრო ქალაქების მშენებლობა, რომ დოქტრინალურად ამის საჭიროება არ იყო დადგენილი. სამხედრო ქალაქები აშენდა სავარაუდო ფრონტის ხაზთან ახლოს და მივიღეთ ის, რომ პირველ რიგში გორი დაიბომბა... რა თქმა უნდა, წინასწარაც ადვილი იყო იმის განსაზღვრა, რომ რუსები პირველ რიგში სამხედრო ობიექტებს დაბომბავდნენ, რითაც ახლოს განთავსებული სამოქალაქო შენობები და მოსახლეობა დაზარალდებოდა. ეს სავალალო შედეგი უკვე ვიწვნიეთ... არც ბაჩო ახალაიასგან უნდა ველოდოთ უკეთეს გადაწყვეტილებებს. ის ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილედ ყოფნისას უხეშად ერეოდა საკადრო საკითხებში, მთელ რიგ საკვანძო თანამდებობებზე სამხედრო პირების ნაცვლად სამოქალაქო პირები ინიშნებოდნენ. ბაჩო ახალაია ოფიცრებთან ხშირად შედიოდა ხოლმე სამხედრო ნაწილში და მათ სიტყვიერ განკარგულებებს აძლევდა. საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის განვმარტავ, რომ მისი ამგვარი მოქმედება დაუშვებელი იყო, რადგანაც შეიარაღებული ძალები მკაცრად განსაზღვრული ვერტიკალია, მეთაური საფეხურების გამოტოვებით დაქვემდებარებულთან კონტაქტში არ უნდა შედიოდეს (ვთქვათ, ბრიგადის მეთაური არ უნდა ერეოდეს ასეულის მეთაურის საქმიანობაში და ა.შ.). ასეთი ელემენტარული ქმედებებიც კი მართვის ერთიან სისტემას არღვევს.

ბატონო გიორგი, კარგად მახსოვს, რომ აგვისტოს ომის დროს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ფრისის მიმართულებით ქართული შენაერთის შეყვანა დაავიწყდა, სადაც მოგვიანებით სასჯელაღსრულების სპეცრაზმი შეიყვანეს. იქნებ ბაჩო ახალაიას ქვეყნის თავდაცვაში გაწეული ასეთი "წვლილი" დაუფასეს?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი არაკომპეტენტურობის შედეგი იყო ის, რომ ომის დროს ბაჩო ახალაიას დაქვემდებარებაში მყოფ სასჯელაღსრულების სპეცრაზმს ამგვარი ამოცანა დაევალა. საერთოდ, საქართველოში ძალიან უყვართ სიტყვა "სპეცდანიშნულება", რაც უნიკალურობის მაჩვენებელი ჰგონიათ. სინამდვილეში კი ასე არ არის. თავდაცვის სამინისტროში მყვირალა სახელებისა და გვარების მქონე პირთა თანამდებობზე დანიშვნა ზოგს კარგი ჰგონია, სინამდვილეში კი მომრავლდა კადრები, რომლებიც ამერიკული ფილმების გმირის, რემბოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, უფრო მეტი არც არაფერი უნახავთ და გაუგიათ. ერთ-ერთი მათგანი თავად ბაჩო ახალაიაა. მას ქვეყნის თავდაცვაში სამსახური თუ უნდოდა, არა მარტო მინისტრობისას უნდა ჩაეცვა ფორმა, არამედ მაშინ, როცა შესაბამისი ასაკი ჰქონდა. აბა, ჰკითხეთ ბაჩო ახალაიას, თუ აქვს საქართველოს წინაშე თავისი მოვალეობა მოხდილი და თუ უმსახურია შეიარაღებულ ძალებში... ეს მის ბიოგრაფიაში არ იკითხება და შესაბამისად, მას თავის დროზე საკუთარი ქვეყნის წინაშე ასეთი ვალდებულება არ მოუხდია...