2007 წელს ირინა სარიშვილმა ედპ-ის ლიდერის მკვლელობაში ბრალი ოფიციალურად შოთა კვირაიას და ძმებ რურუებს დასდო. ყოფილი მხედრიონელები დღესაც აცხადებენ, რომ გია ჭანტურიას მკვლელობასთან მათ კავშირი არ აქვთ, მეტიც, დოდო გუგეშაშვილი ამტკიცებს, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ნიკა რურუა უკვე ამერიკაში იყო, თუმცა არაფერს ამბობს, სად იყო გიორგი, ანუ ჟორიკა რურუა...
"თავიდან რომ აეცილებინათ, ან შეეფერხებინათ საქართველოს დრეიფი დასავლეთისკენ, რუსეთმა გია ჭანტურია მოკლა ერთგული აგენტის ხელით."
დავით გამცემლიძე,
"გია ჭანტურია მოკლეს და მიივიწყეს", 1996 წ.
"პირველად ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას, რომ ოპერაციას შოთა კვირაია ხელმძღვანელობდა, ასევე ამ ტერორისტულ აქტში ხელმძღვანელი პირები დღევანდელი სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები ნიკა და ჟორიკა (გიორგი) რურუები იყვნენ."
ირინა სარიშვილი,
2007 წ.
"გამოძიებამ ყველაფერი იცის. ჭანტურია შევარდნაძის მოკლულია. ჭანტურია მივიდა და უთხრა, - პრეზიდენტი მე უნდა გავხდე და თენგიზის საბადოებში რომ გაქვს წილი, უნდა დამითმოო. შევარდნაძემ უთხრა, - კი, შვილოო და გააგორა” კიტრივით."
თენგიზ კიტოვანი,
"თბილისელები",
2010 წ.
"ჭანტურია არ მომიკლავს, არ მო-მიკ-ლავს."
ედუარდ შევარდნაძე, 1997 წ.
1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურიას მკვლელობამ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. ყველას აწუხებდა ერთი კითხვა, - ვის შეეძლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მოკვლა. უკვე 4 დეკემბერს ქალაქში ათასგვარი ჭორი გავრცელდა. ცხადი იყო, რომ კრიმინალური სამყარო პოლიტიკური ლიდერის მოკვლას ვერ გაბედავდა, ამის გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას (ამ შემთხვევაში შევარდნაძეს) ან სახელისუფლებო წრეებში მოტრიალე ჯგუფს ("მხედრიონს") შეეძლო. ეჭვს, მკვლელობის პოლიტიკური მოტივის შესახებ, პირად საუბრებში სამართალდამცავებიც გამოთქვამდნენ, თუმცა იმასაც დასძენდნენ, რომ "მიუხედავად აშკარა დაპირისპირებისა, შევარდნაძის ინტერესებში ჭანტურიას მკვლელობა არ შედიოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდშიო"(?!). ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ იმ დროისთვის თურქმენეთში მყოფი შევარდნაძისთვის ჭანტურიას მკვლელობა მოულოდნელი იყო. 1994 წელს პოლიტიკურ წრეებში აშკარა გახდა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ნელ-ნელა სცილდებოდა შევარდნაძის მიერ გატარებულ სახელმწიფო კურსს, ედპ-ს მზად ჰქონდა ახალი საარჩევნო კანონის პროექტი, რის მიხედვითაც პარლამენტის ქვედა პალატა მხოლოდ პროპორციული წესით უნდა არჩეულიყო.
გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიებისთვის 5%-იანი, ხოლო საარჩევნო ბლოკებისთვის - 10%-იანი ბარიერი წესდებოდა, ამასთან, ედპ-ის ლიდერი შევარდნაძისგან ხალხის საკეთილდღეოდ რადიკალურ ნაბიჯებს მოითხოვდა. შევარდნაძე ცდილობდა, თავი აერიდებინა ჭანტურიას მოთხოვნებისთვის, ედპ-ის კონფერენციაზე გია ჭანტურიამ სახალხოდ მიმართაA სახელმწიფოს მეთაურს, - თუ ჩვენს პირობებს არ მიიღებთ, კონფრონტაცია გარდაუვალი გახდებაო. ერთი ვერსიით, გია ჭანტურიას მკვლელობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მის მოხსენებას უკავშირდებოდა.
"1994 წლის 3 დეკემბერს, ედპ-ის ყრილობაზე, გია მოხსენებით უნდა წარმდგარიყო. ტერაქტის შემდეგ მოხსენების ტექსტი საქაღალდიდან გაქრა, ვერსად მივაკვლიეთ".
ლია მარჯანიშვილი
(გია ჭანტურიას დედა)
მეორე, ავთანდილ მარგიანისეული ვერსიით, ედპ-ის ლიდერი დიდ ფულს შეეწირა. "გიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან ავსტრიაში ერთ-ერთი ქართული პარტიის სახელზე მილიონ-ნახევარი დოლარი გადაჰქონდათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, იგორ გიორგაძე ითხოვდა მოსკოვში საქართველოს დესპანის, გია ზუმბაძის დაკითხვას, რომელიც იმ პერიოდში ედპ-ის წევრი იყო, თუმცა, ნება არ დართეს.
ჭანტურია, ჩემი აზრით, სწორედ იმ ფულს შეეწირა".
ავთანდილ მარგიანი
თავად ირინა სარიშვილი მეუღლის მკვლელობაში ბრალს უშიშროების სამსახურს და იგორ გიორგაძეს სდებდა. ამ ეჭვს შემდეგი გარემოებაც აძლიერებდა: მკვლელობიდან მალე ედუარდ შევარდნაძემ იგორ გიორგაძე დააჯილდოვა და გენერალ-ლეიტენანტის წოდებაც მიანიჭა. მაშინ ხელისუფლების ოპონენტები ამბობდნენ, - შევარდნაძის გულუხვობა სწორედ ჭანტურიას მოშორებით იყო გამოწვეულიო. ამის შემდეგ "ეროვნულ-დემოკრატიულმა" ფრაქციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზი დატოვა. თუ საზოგადოების აზრი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გაყოფილი იყო, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ტერაქტის შემსრულებელი "მხედრიონი" უნდა ყოფილიყო. სწორედ მისი ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი თბილისის ქუჩებში სისხლიანი ბაკქანალიების მოწყობა. მკვლელობის მიზეზად ერთხანს ჭანტურია-იოსელიანის კონფლიქტიც სახელდებოდა.
გია ჭანტურიას და ჯაბა იოსელიანის ურთიერთობა ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო. როგორც ამბობენ, 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჯაბა იოსელიანს გია ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელთან გივი გუმბარიძის შემცვლელ კანდიდატურაზე ჰქონდა კონსულტაციები. სავარაუდოდ, საქართველოს ცეკას პირველ პირად გურამ მგელაძე მოიაზრებოდა (აბაშის ექსპერიმენტის ავტორს პარტიაში დიდი რეიტინგი ჰქონდა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძის კეთილგანწყობით სარგებლობდა).
ჯაბა იოსელიანმა კარგად იცოდა, რომ ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები, სურვილის შემთხვევაში, მართლაც შეძლებდნენ გუმბარიძის შეცვლას. ამიტომ კონსულტაციები სწორედ მათთან გამართა. ირაკლი წერეთელმა და გია ჭანტურიამ მაშინ იოსელიანს განუცხადეს, რომ კომუნისტების საქმეში ჩარევა არ სურდათ; თუმცა მიანიშნა, რომ გივი გუმბარიძეს ნებისმიერი ჯობდა, თუნდაც გურამ მგელაძე. მოგვიანებით, 1991 წლის დასაწყისში, როდესაც შავნაბადაზე დაბანაკებულ "მხედრიონს" რუსებმა პროვოკაცია მოუწყვეს (იანვრის ერთ ღამეს შავნაბადაზე, "ბორის ძნელაძეში" "მხედრიონის" შტაბს რუსი სამხედრო ქვეგანაყოფი მოადგა, მხედრიონელებმა სიბნელის გამო დაუპატიჟებელ სტუმრებში რუსები ვერ ამოიცნეს - გამსახურდიას ბიჭები ეგონათ - და თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც რუსების საპასუხო რეაქცია და "მხედრიონის" შტაბის დარბევა მოჰყვა. თბილისიდან მოძმეთა საშველად მისული თბილისის "მხედრიონი", შავნაბადაზე მყოფებთან ერთად რუსებმა დააპატიმრეს და პოლიციას გადასცეს. მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს. ჯაბა იოსელიანი და მისი ვაჟი დაკავებას გადაურჩნენ, რადგან თავს გაქცევით უშველეს, როდესაც მათ ავტომანქანას БМП-მ გადაუარა).
1991 წლის ნოემბერში სამართალდამცავებმა ჯერ გია ჭანტურია დააპატიმრეს (ის თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. - იხ. "კვირის პალიტრა" #49), შემდეგ ჯაბა იოსელიანი და გოგა ხაინდრავა. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ედპ-ის ლიდერს და ჯაბა იოსელიანს "გუბერნსკშიც" (ორთაჭალის მე-5 იზოლატორი) კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ე.წ. თბილისის ომის დროს ოპოზიციამ დაკავებული ლიდერები ციხიდან გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წლებში გია ჭანტურია შევარდნაძისგან დაჟინებით მოითხოვდა, "მაშველთა კორპუსის" ("მხედრიონი") თავაშვებულობა აელაგმა, ჯაბა იოსელიანთან სერიოზული კონფლიქტი არასდროს ჰქონია. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იოსელიანს "მაშველთა კორპუსში" გავლენა დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა და ის მხოლოდ "მხედრიონის" სიმბოლურ სახედ მიიჩნეოდა. "მაშველთა კორპუსის" სათავეებთან უკვე სხვები იდგნენ - გიგა გელაშვილი და თემურ ხაჩიშვილი.
სხვათა შორის, ჯაბა იოსელიანი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ჭანტურიას მკვლელობაზე არაფერი იცოდა.
1994 წელი ისე ჩათავდა, რომ სამართალდამცავებს ჭანტურიას მკვლელობაზე სათქმელი არაფერი ჰქონდათ. თბილისში მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ საქმე სამუდამოდ გაუხსნელი დარჩებოდა.
1995 წლის 11 იანვარს ზესტაფონში უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმმა "ომეგამ" უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძის ბრძანებით, გვარდიის ყოფილი სარდალი თენგიზ კიტოვანი დააკავა და ციხეში ჩასვა. როგორც ჩანს, სახელმწიფოს მეთაური არასასურველი ხალხის ჩამოცილებას იწყებდა.
ჯერი "მხედრიონზე" მიდგა. თუმცა, როგორც შევარდნაძის გარემოცვაში ფიქრობდნენ, სახელმწიფოს მეთაური არ ჩქარობდა, რადგან კარგად იცოდა, თენგიზ კიტოვანს ხალხში მხარდაჭერა უკვე აღარ ჰქონდა, ჯაბა იოსელიანს კი საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობოდა და მისი დაპატიმრება სულ სხვა პროცესებს გამოიწვევდა. გია ჭანტურიას მკვლელობაში "მხედრიონის" სავარაუდო მონაწილეობის შესახებ გავრცელებულმა ვერსიამ 1995 წლის დასაწყისში ჯაბა იოსელიანსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობა გაამწვავა.
1995 წლის გაზაფხულზე მარნეულში სამართალდამცავებმა "მხედრიონის" ერთი დანაყოფის განიარაღება გადაწყვიტეს. როდესაც ეს ამბავი "მაშველთა კორპუსმა" გაიგო, რუსთავში "მხედრიონის" მთელი კოლონა ჩავიდა. პრეზიდენტის რწმუნებულ ლევან მამალაძეს გიგა გელაშვილმა თავისსავე კაბინეტში მაგრად სცემა. მაშინ მხოლოდ ერთეულები ფიქრობდნენ, "მხედრიონის" დღეები დათვლილიაო.
1995 წლის 29 აგვისტოს შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა მოიშორა ჯაბა იოსელიანიც და იგორ გიორგაძეც.
29 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ ძალოვნებმა ჯერ გიგა გელაშვილი დააკავეს, შემდეგ უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე თემურ ხაჩიშვილი. იგორ გიორგაძემ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაქცევით უშველა თავს (რუსეთის სპეცსამსახურებმა ის ჯერ ბეირუთში გადააფრინეს, შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს).
ორიოდე კვირის შემდეგ ჯაბა იოსელიანს შინ შოთა კვირაია ესტუმრა და სამინისტროში გაყოლა სთხოვა, სადაც ის დააპატიმრეს კიდეც.
დაკავებულ მხედრიონელებს - გიგა გელაშვილს, თემურ ხაჩიშვილს, გოჩა თედიაშვილს (მას ნომერ პირველ კილერადაც მოიხსენიებდნენ ჩადენილი თუ დაბრალებული მკვლელობების გამო), გოჩა გელაშვილს, ჯაბა იოსელიანს, 29 აგვისტოს ტერაქტის ორგანიზების გარდა, გია გულუას, გია ჭანტურიასა და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობასაც უყენებდნენ ბრალად.
1996 წელს მოსკოვში, სამართალდამცავებმა გია ჭანტურიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს - კრიმინალური ავტორიტეტი თემო ქურდიანი ("კულინარიელების" საძმოს ლობისტი). იგი გიგა გელაშვილის დამატებითი ჩვენების საფუძველზე დააკავეს.
"გულუას, ჭანტურიასა და ხაბეიშვილის მკვლელობების დროს ქურდიანი შემთხვევის ადგილზე იყო და მსხვერპლის მოახლოებისას რადიოგადამცემის საშუალებით ნიშანს აძლევდა ჯგუფის სხვა წევრებს".
გიგა გელაშვილი
მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე გიგა გელაშვილმა უარყო დამატებითი ჩვენება და განაცხადა, - ჩვენება ჩემი წამების დროს დამაწერინესო.
"საუკუნის პროცესი" თბილისში ხმაურით მიდიოდა. განსასჯელები უარყოფდნენ წაყენებულ ბრალდებებს, სასამართლო პროცესზე, პროტესტის ნიშნად, არც ირინა სარიშვილი დადიოდა, რადგან ფიქრობდა, რომ გია ჭანტურიას მკვლელები სულ სხვა ხალხი იყო.
რამდენიმე თვის შედეგ "საუკუნის პროცესი" ჩიხში შევიდა. გენერალურ პროკურატურას უკვე უჭირდა განსასჯელებისთვის ბრალის დამტკიცება. მოულოდნელად გოჩა თედიაშვილმა განაცხადა, რომ ის მართთლაც მონაწილეობდა გულუას, ჭანტურიასა და ხაბეიშვილის მკვლელობებში და ამ მკვლელობების ორგანიზებაში დავით სანიკიძეს დასდო ბრალი.
თედიაშვილის აღიარება იმდროისთვის მართლაც რომ სენსაციური იყო (დავით სანიკიძე, მეტსახელად "დავით თბილისელი", ევროპაში ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი და შევარდნაძის მეგობარი იყო. ის ასევე გახლდათ სამშენებლო ფირმა ABV-სა და "მარკო პოლოს" გენერალური მენეჯერი პოსტსაბჭოურ სივრცეში. მისი აშენებულია სასტუმრო "შერატონ-მეტეხი" და სასტუმრო "მარკო პოლო" გუდაურში. გარდა ამისა, მისი სახელი უკავშირდებოდა "მეტეხის საძმოს" და ამ საძმოს მიერ ჩადენილ უამრავ მკვლელობას. მის დაკვეთებს სწორედ გიგა გელაშვილის ჯგუფი ასრულებდა). ვინაიდან იმ დროისთვის დათო სანიკიძე ედუარდ შევარდნაძესთან ახლოს იყო, თედიაშვილის განცხადება ჭანტურიას მკვლელობაში ირიბად, მაგრამ მაინც შევარდნაძის ინტერესებზე მიუთითებდა.
საბოლოოდ, ჭანტურიას მკვლელობისთვის მხედრიონელები გაასამართლეს, თუმცა 2002 წელს შევარდნაძემ ისინი შეიწყალა და გაათავისუფლა, რასაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. 2007 წელს ირინა სარიშვილმა ედპ-ის ლიდერის მკვლელობაში ბრალი ოფიციალურად შოთა კვირაიას და ძმებ რურუებს დასდო, ყოფილი მხედრიონელები დღესაც აცხადებენ, რომ გია ჭანტურიას მკვლელობასთან მათ კავშირი არ აქვთ, მეტიც, დოდო გუგეშაშვილი ამტკიცებს, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ნიკა რურუა უკვე ამერიკაში იყო, თუმცა არაფერს ამბობს, სად იყო გიორგი, ანუ ჟორიკა რურუა.
გია ჭანტურიას მკვლელობიდან 17 წელი გავიდა. საზოგადოებაში კი კვლავ ისმება კითხვა - ვის შეეძლო მოეკლა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი...