რუსეთის სახელმწიფოს ბრძოლა ბალტიისპირეთის (ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის) დაუფლებისთვის მეთექვსმეტე საუკუნიდან, კერძოდ, ივანე მრისხანის (1533-1584) მეფობის დროიდან იწყება. ეს ბრძოლა ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა და იოსებ სტალინის ეპოქაში დასრულდა. ამ თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.
მიუხედავად იმისა, რომ ივანე მრისხანემ ოცდახუთწლიანი ომი აწარმოა ბალტიისპირეთის დაპყრობისთვის, ევროპის სახელმწიფოებმა მოახერხეს რუსეთის უკუგდება. სამაგიეროდ, ოცდაერთწლიანი ომის (1700-1721) შემდეგ, პეტრე დიდმა შეძლო ბალტიისპირეთის დაპყრობა. დღევანდელი ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყვნენ 1917 წლამდე. 1918 წელს ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერით ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს, შექმნილ ვითარებაში საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა, ეცნო ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა. ცხადია, იოსებ სტალინი არასოდეს შეჰგუებია ბალტიისპირეთის დაკარგვას. ის მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა.
ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1939 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებას შეეწირა. ამ ხელშეკრულების „დამატებითი საიდუმლო ოქმის” ძალით აღნიშნული იყო, რომ მოსალოდნელი ცვლილებების შემთხვევაში, ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი, ამავე დროს, იქნებოდა გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფეროს საზღვარი. იქვე აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა კავშირი და გერმანია სცნობდნენ ლიტვის ინტერესს ვილნოს (ვილნიუსის) ოლქზე. 1939 წლის 28 სექტემბერს დაიდო საბჭოთა კავშირ-გერმანიის ხელშეკრულება მეგობრობისა და საზღვრების შესახებ, ხოლო 29 სექტემბერს, ხელმოწერილი იქნა ამ ხელშეკრულების დამატებითი საიდუმლო ოქმები. დამატებითი საიდუმლო ოქმის ძალით, ლიტვის ტერიტორია საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროდ გამოცხადდა – ლიტვის ტერიტორიის მცირე ნაწილი (სამხრეთ-დასავლეთი ლიტვა) გერმანიის გავლენის სფეროდ იქნა აღიარებული. ეს დათმობა სტალინისთვის მიუღებელი იყო (მოგვიანებით, 1941 წლის 10 იანვრის საბჭოთა კავშირ-გერმანიის კიდევ ერთი საიდუმლო ოქმის ძალით, გერმანიის გავლენის სფეროდ აღიარებული ლიტვის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, გერმანიამ საბჭოთა კავშირს დაუთმო 7,5 მილიონ დოლარად).
გერმანიასთან მოლაპარაკების პარალელურად, სტალინი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბალტიის სახელმწიფოებთან. 1939 წლის 28 სექტემბერს დაიდო ურთიერთ დახმარების ხელშეკრულება საბჭოთა კავშირსა და ესტონეთს შორის, 5 ოქტომბერს – საბჭოთა კავშირსა და ლატვიას შორის, 10 ოქტომბერს – საბჭოთა კავშირსა და ლიტვას შორის.
გერმანიისგან მიტოვებული ბალტიის სახელმწიფოები იძულებული გახდნენ, საბჭოთა კავშირთან დაედოთ ისეთი კაბალური ხელშეკრულებები, რასაც ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა შეეწირა. სამივე ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეები ვალდებული იყვნენ, ერთმანეთისთვის აღმოეჩინათ სამხედრო დახმარება. კიდევ უფრო დამღუპველი იყო ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს ავალდებულებდა, საბჭოთა კავშირის გარდა, სამხედრო პოლიტიკური ხასიათის ხელშეკრულება არ დაედო სხვა რომელიმე ქვეყანასთან; არ დაკავშირებოდნენ ისეთ ქვეყანას, რომელიც მტრულად იქნებოდა განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ. ხსენებულმა ხელშეკრულებებმა სხვა მხრივაც შელახა ბალტიის სახელმწიფოთა ინტერესები: ბალტიისპირეთში კუნძულებზე – საარემას და ჰიუმააზზე, ქალაქებში პალდისკიში, ლიეპაიაში, ვენსპილსში განლაგდა საბჭოთა კავშირის წითელი არმიის გარნიზონები, სამხედრო-საზღვაო ბაზები და სამხედრო აეროდრომები. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავდა, რომ მომზადდა საფუძველი ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაციისთვის.
სტალინი იძულებული იყო, დაეცვა გერმანიასთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც ვილნოს (ვილნიუსის) ოლქს ეხებოდა. ამიტომ იყო, რომ 1939 წლის 10 ოქტომბრის საბჭოთა კავშირ-ლიტვის ხელშეკრულების ძალით, ქალაქი ვილნო და ვილნოს ოლქი საბჭოთა მხარემ ლიტვას გადასცა. გადაცემისას ოლქის ტერიტორიაზე 457 ათასი კაცი ცხოვრობდა. მათ შორის 100 ათასი ლიტველი. მოსახლეობის უმრავლესობას კი შეადგენდნენ პოლონელები, ბელორუსები და ებრაელები.
1940 წელი ევროპაში ნაცისტური გერმანიის გამარჯვებებით აღინიშნა – 22 ივნისს საფრანგეთმა გერმანიის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა. გერმანია განაგრძობდა ომს ინგლისის წინააღმდეგ. გერმანიის წარმატებები ძალას მატებდა ლიტველ, ლატვიელ და ესტონელი პატრიოტების ბრძოლას მოსალოდნელი საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ. ცხადია, ბალტიის ქვეყნები იმედებს გერმანიის გამარჯვებაზე ამყარებდნენ. სტალინი საბაბს ეძებდა, ბალტიისპირეთის დაპყრობისთვის. 1940 წლის ივნისში საბჭოთა კავშირის მთავრობამ ლიტვიის მთავრობას ბრალი დასდო წითელი არმიის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებში, ასევე, ანტისაბჭოთა ბლოკის შექმნის მცდელობაში. სტალინი კატეგორიულად ითხოვდა ლიტვის უმნიშვნელოვანეს ცენტრებში წითელი არმიის დამატებითი ძალების განლაგებას. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანია ბალტიის ქვეყნებს ვერ დაიცავდა, 1940 წლის 14 ივნისს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თანხმობა განაცხადეს წითელი არმიის დამატებითი კონტინგენტის შეყვანაზე. ცხადია, იოსებ სტალინის გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე წითელი არმიის ჯარების შეყვანის თაობაზე, შეთანხმებული იყო ადოლფ ჰიტლერთან. ასე რომ, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ბედი საბჭოთა კავშირ-გერმანიის შეთანხმებით გადაწყდა. 1940 წლის ივლისში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტები, მოსკოვის მხრიდან სამხედრო მუქარის პირობებში, იძულებული გახდნენ, თავიანთ ქვეყნებში საბჭოთა წყობილება გამოეცხადებინათ და თხოვნით მიემართათ მოსკოვისთვის საბჭოთა კავშირში შესვლის თაობაზე. ასე აიძულა იოსებ სტალინმა ადოლფ ჰიტლერისგან მიტოვებული ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ხელი აეღოთ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე და ევროპის სუვერენული სახელმწიფოებიდან საბჭოთა რესპუბლიკებად გადაქცეულიყვნენ. ყოველივე ამას, ომი და სისხლისღვრა, იმხანად, არ მოჰყოლია. მაგრამ, სულ მალე ბალტიის ქვეყნებში დაიწყო ფართომასშტაბიანი რეპრესიები. ათასობით პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ინტელიგენციის წარმომადგენელი შეიპყრეს და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილას გადაასახლეს. ეროვნულ ძალთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ევროპაში გადახვეწა. პოლიტიკური ტერორი განსაკუთრებით გაძლიერდა ბალტიისპირეთში საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების წინ.