ქართველები აფხაზეთში მშენებლობებზე მასობრივად მიდიან

ქართველები აფხაზეთში მშენებლობებზე მასობრივად მიდიან

აფხაზეთში მშენებლობების ბუმია. სოხუმში, რომლის ჩართვას სოჭის ოლიმპიადის კულტურულ პროგრამაში აპირებენ, მშენებლობები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.

სოხუმის რეჟიმი რუსული ინვესტიციების კვალდაკვალ ომს გადარჩენილი სახლების, ომამდელი ქალაქის იერსახის აღდგენასა და შენაჩუნებას ცდილობს.

სამუშაოს შემსრულებლები კი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები და ენგურს გადმოღმა მცხოვრები დევნილები არიან.

ამის შესახებ "რეზონანსს" მშენებლობაზე წასულების ოჯახებმა და სოხუმიდან დაბრუნებულებმა უამბეს.

მათი თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც მათ მშენებლობაზე წასვლა გადააწყვეტინა, ანაზღაურებაა. თვეში 1 000-2 000 დოლარი.

იქ აღებული თანხებით ისინი თბილისში დატოვებულ ოჯახებს არჩენენ. ამბობენ, რომ მშენებლობაზე მომუშავე ქართველების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.