აფხაზეთის ეპარქიას რუსებთან ერთად ბერძნები გვედავებიან

აფხაზეთის ეპარქიას რუსებთან ერთად ბერძნები გვედავებიან

რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, აფხაზური ეკლესიის საქართველოს იურისდიქციიდან გასვლის საკითხიც რომ დაისმებოდა, მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესიამ ”კეთილშობილური ჟესტი” გააკეთა და განაცხადა, რომ აფხაზეთის ეკლესიას მხოლოდ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში განიხილავს, როგორც ჩანს, აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფაზე მაინც ბევრი იშრომა.

17-18 სექტემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში აფხაზეთის ეპარქიის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არიან მიწვეული. შეხვედრაზე სწორედ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფაზე უნდა იმსჯელონ. შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, საკითხის დასმა არასასიამოვნო მოლოდინს ნამდვილად აჩენს.

აფხაზმა სასულიერო პირებმა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების წინაშე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციისგან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააყენეს.

გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: ”ზარბაზნების სიჩუმე არ ნიშნავს ომის დამთავრებას. ახლა მძლავრი იდეოლოგიური ომი მიდის, რომელიც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მოგვახვია თავს და შეიძლება შედეგი მეტად არასასურველი იყოს. რუსები ცდილობენ საქართველოს გამოჰგლიჯონ აფხაზეთის ეპარქია ვითომ აფხაზეთის საეპისკოპოსოს სახელით, რომელიც თურმე IX საუკუნემდე ექვემდებარებოდა ბიზანტიას და დღეს თურმე კონსტანტინოპოლს უნდა დაექვემდებაროს.

რამდენიმე მღვდელმსახური - ტბარი, სარსანია, ამბარი - მოსკოვმა რამდენიმე თვის წინ კონსტანტინოპოლში გაგზავნა ამ საკითხის განსახილველად და მალე მსოფლიო პატრიარქთან საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია გაემგზავრება”...

თბილისში უკვე შეიკრიბა აფხაზეთიდან დევნილთა საზოგადოება, რომელმაც მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოს ბართლომე I-ს ასეთი მიმართვა გაუგზავნა: ”ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთიდან იძულებით დევნილთა პოზიცია. აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები მართლმადიდებელი მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა მთლიანად იზიარებს და უერთდება ჩვენს მოთხოვნას და აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფას საქართველოს ეკლესიის იურისდიქციისგან დაუშვებლად მიიჩნევს”.

ჩვენ დავუკავშირდით მიქაელ ბოტკოველს (საპატრიარქოს პრესმდივანი).

- ქართული დელეგაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სტამბოლში მიემგზავრება. დელეგაციაში საქართველოს პატრიარქი არ იქნება. აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ ჩატარდა კრება, სადაც დააყენეს საკითხი აფხაზეთის ეკლესიის საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფის თაობაზე. ჩვენ გვაქვს შეუვალი პოზიცია, რადგან აფხაზეთი ჩვენი ისტორიული მიწაა და უნდა დარჩეს საქართველოს იურისდიქციაში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

კონსტანტინოპოლის ეკლესიამ რომ ეს საკითხი დააყენა, აღელვების საფუძველს არ იძლევა?

- არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ საკითხის დაყენება გადაწყვეტილების მიღებას არ ნიშნავს. ჩვენ მიწვეული ვართ სწორედ იმისთვის, რომ დედაეკლესიამ ჩვენი არგუმენტები და ისტორიული რეალობა გაიცნოს.

რა არგუმენტებით წარდგება საქართველოს ეკლესია?

- ამას სტამბოლიდან დელეგაციის დაბრუნების შემდეგ მოგახსენებთ.