ეს ფეხებდასამტვრევი ჩემპიონები

ეს ფეხებდასამტვრევი ჩემპიონები

2004 წლის ზაფხულის ერთ საღამოს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზღვა ხალხი შეიკრიბა ათენის ოლიმპიადის ტრიუმფატორების დასახვედრად. ყველაფერი იყო - გაჩახჩახებული ტრიბუნა, დროშების ფრიალი, ტაშ-ფანდური და "გაუმარ-ჯოს" ძახილი... სიტყვას ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გმირებად(!) აცხადებს ქართველ სპორტსმენებს, მათ შორის დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს: - ესენი გმირები არიან, ამათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი ჩემპიონებიო(!)...

2012 წლის ზაფხულის ერთ საღამოს, ნაძალადევის რაიონში, სპორტული კომპლექსის ფასადიდან ზურაბ ზვიადაურის პოსტერს ხსნიან. გნებავთ, გლეჯენ ან ხევენ, მთავარია მოისპოს და გაითელოს გმირი. მეტიც, პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილის ნათქვამს თუ დავუჯერებთ, - მაგას ფეხებიც უნდა დაემტვრესო... საერთოდ, დაივიწყეთ ჩემპიონები, ასე სჭირდება დღეს სიძულვილში ჩაძირულ ქვეყანას...

რა ქნას ახლა ხალხმა? რომელი იწამოს - პრეზიდენტის მიერ გმირად შერაცხილი თუ ვარძელაშვილის მიერ ფეხებდასამტვრევი ზვიადაური? მძიმე დღეშია იმ ქვეყნის ბედი, სადაც ხალხს აზროვნებასა და კრიტერიუმებს, ღირებულებებსა და ფასეულობებს იმის მიხედვით უცვლიან, საიდან დაუბერავს ქარი. ყველა უბედურებასთან ერთად, საზოგადოებას ზნეობრივი დვრიტა გვარიანად შეემღვრა. ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა ფასობს, ნაცარქექიები გმირებად ირაცხებიან, გმირები კი მოღალატეებად...

რას ვეუბნებით მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს, რომლებსაც პოლიტიკა სულაც არ აინტერესებთ და მისაბაძ მაგალითად ჰყავთ ზვიადაური და კალაძე (გნებავთ, ნებისმიერი სპორტსმენი, რომლებიც დღეს ხელისუფლების აზრს არ ეთანხმებიან?) - ეგენი ცუდი ბიძიები არიან, არც ჭიდაობა და ფეხბურთი იციან, შეიძულეთ და დაივიწყეთო? შემოვახიოთ ის მაისურები და კიმონოები, მათი სიყვარულით რომ ატარებდნენ? დავანგრიოთ ის დარბაზები და სტადიონებიც, სადაც კი მათ ფეხი დაუდგამთ?..

საზოგადოება საგანგაშოდ იხლიჩება და ეს ძალიან ჰგავს უახლოეს წარსულს, როცა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამო ოჯახის წევრებიც კი დანასისხლად იყვნენ ერთმანეთს გადაკიდებული.

ხელისუფალნი მიდიან და მოდიან, სამშობლო კი რჩება(!). დღესაც ასეთი ტენდენცია იკვეთება -–ჩემთან არ ხარ? ესე იგი, ჩემი მტერი ხარ, ვინც გინდა იყავი, გინდ ოლიმპიური ჩემპიონი და გინდაც ყანაში თოხით ჩამდგარი გლეხი.

რაც დაგვმართა ასეთმა მიდგომამ, ვისაც არ გახსოვთ, 20 წლის წინანდელი საქართველო და გადამწვარი თბილისი, გაიხსენეთ, როცა ძმებმა მოძმის სისხლიანი ცოდვა დავიდეთ... ეჰ, ადამიანს უკეთესი მეხსიერება რომ ჰქონდეს, ნაკლებ ბოროტებას ჩაიდენდა...

ღმერთმა გვაშოროს ერთმანეთთან შეხლა!.. შესაძლოა, ვიღაცას მარტო რუსთაველზე ზარბაზნების გრიალი ჰგონია ძმათა ომი, მაგრამ როცა ოლიმპიურ ჩემპიონს ფეხების დამტვრევით ემუქრები მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ხუშტურებზე არ ცეკვავს, გინდ ზარბაზანი გისვრია მისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის და გინდ თოფი, სულერთია. ქართველ ხალხს ზვიადაურის ერთი ილეთით მოგვრილი სიხარული ურჩევნია ვარძელაშვილის დირექტივებს და იცით, რატომ? ერთმა სამშობლოს გმირულ მატიანეში  ლამაზი ფურცელი ჩაწერა, მეორე კი ამ ისტორიის წაშლას და ფურცლის ამოხევას ცდილობს(!). ბევრმა სცადა წინათ საქართველოს ისტორიის გაცამტვერება, მაგრამ ამაოდ... ისტორიას გმირები წერენ და არა მედროვეები...

გასულ კვირას კიდევ ერთი ჩემპიონის, ლეგენდარული ფეხბურთელის, მურთაზ ხურცილავას გაშავება სცადეს. აქამდე დიდი ავტორიტეტი და მისაბაძი პიროვნება იყო პელეს, ბეკენბაუერის და ეუსებიოს წინააღმდეგ ღირსეულად მებრძოლი კაცი. როგორც კი ივანიშვილთან მივიდა, მერეღა გაახსენდათ, რომ თურმე ვალები ჰქონია და ხალხი გადაუგდია(?!). გუშინ გმირი იყო, დღეს კრიმინალია(?!)... მოკლედ, ზუსტად ისეა, როგორც ერთ ფილმში - ეს რა ჭირი გვჭირს, ტო!

ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს მხოლოდ ფეხებდასამტვრევი ჩემპიონები შერჩება... დღეის შემდეგ გაჩემპიონებულებს კი იმაზე ფიქრი მოუწევთ, საქართველოს მიუძღვნან თავისი გამარჯვებები, თუ პირადი სიმპათიის გათვალისწინებით აირჩიონ კვარცხლბეკის საფეხურები.