ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ნაცემია. მას 15-მდე პირი ხუთშაბათს ღამით თბილისში, ქავთარაძისა და ჯიქიას ქუჩების კუთხეში დაესხა თავს. მისი თქმით, წინ გაუჩერა შავი ფერის ავტომობილმა "ოპელ ასტრამ", საიდანაც უცნობი პირები გადმოვიდნენ და ცემა დაუწყეს.
როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, თავდასხმა უკავშირდება მის მიერ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას სამეგრელოში იტალიელების მიერ მიწების შესყიდვის ფაქტს. ის იმყოფებოდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც, ადვოკატის თქმით, ექსპერტმა მას ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი უთხრა. ვინ იყვნენ თავდამსხმელები და იცნობს თუ არა მათ? ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა.
რა მოტივით გითხრათ ექსპერტმა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე?
- არ ვიცი. მითხრა, რომ ცემის ღირსი ვიყავი და ამიტომ მცემეს. მისი გვარი გახლავთ გიგოლაშვილი.
რაც შეეხება თავდასხმას, სად და როდის მოხდა ეს ფაქტი?
- დაახლოებით ღამის 11-დან 12 საათამდე იქნებოდა. საკუთარი მანქანით მივდიოდი სახლში, რა დროსაც მანქანამ გამიჩერა წინ, ასევე უკან გაჩერდა ორი მანქანა. მანქანის კარები რომ გავაღე და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ეგრევე დამარტყეს, რაზეც საპასუხო რეაქცია მქონდა.
რამდენი იყვნენ?
- სამ მანქანაში არ ვიცი, რამდენი ჩაეტეოდა. 15-20 კაცი იყო.
თავდამსხმელები ნიღბიანები იყვნენ?
- არა. არც ერთი არ იყო ნიღბიანი. სახეზე შემიძლია ყველა ამოვიცნო.
შეირაღებული იყვნენ?
- არა. მინდა გითხრათ, რომ მე უარესად ვცემე ისინი. შემიძლია და მაგის შესაძლებლობა ღმერთმა მომცა. ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს და ანალოგიური გაუკეთე მეც.
რას გეუბნებოდნენ თავდამსხმელები?
- სამეგრელოს დაანებე თავი. სამეგრელოს თავი რომ დავანებო, ეს ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა დავანებო დედაჩემს, მამაჩემს და ყველას. ეს თავდასხმა პირდაპირ კავშირშია იმ მიწებთან, რაზეც მე ვწერდი.
მთელი სამეგრელოს ტერიტორიები არის გაყიდული. იტალიურმა ფირმამ იყიდა. მარტვილიდან ჩამოვიყვანე ხალხი, რომლებმაც ღიად ისაუბრეს ამის შესახებ. იმ ხალხს იქით ემუქრებიან, აქეთ მე რაც გამიკეთეს, ხედავთ.
თქვენ ამბობთ, რომ სამეგრელოში მიწების გაყიდვის ფაქტზე მოხდა თქვენზე თავდასხმა. ვის მიერ შეიძლება ყოფილიყო თქვენზე თავდასხმა ორგანიზებული?
- მინდა გითხრათ, რომ გავარკვიე და თითქმის ყველას სახელი და გვარები ვიცი. ესენი არიან სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. მე ვერ გეტყვით ვისი ორგანიზებულია, ჩემს მეგობრებს რომ არ გაუკეთებიათ, ეს ფაქტია. ვიღაცამ გამიკეთა ეს და ეს ვიღაცა არის ხელისუფლება.
სამეგრელოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ?
- არა. თუ ვინმე იცნობს როლანდ ახალაიას დედამიწის ზურგზე, მინდა გითხრათ, რომ მის შვილებზე მეტად მე ვიცნობ მას. როლანდ ახალაია არაა ის კაცი, რომ ეს გაეკეთებინა ჩემთვის. არაა ეს სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებული.
თუ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?
- სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით, უკვე მივეცი ჩვენება გამოძიებას.
ამბობთ, რომ თავდამსხმელები არიან სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. როგორ ფიქრობთ, დააკავებენ მათ?
- არა. მათ არავინ არ დააკავებს. მე მათ სახეზე ვიცნობ და ვიცი, რომ მუშაობენ სოდ-სა და კუდ-ში.
მიიღეთ გაფრთხილება, რომ არ შეეხოთ სამეგრელოს. გამორიცხავთ, რომ ეს იყოს როლანდ ახალაიას მიერ ორგანიზებული. რას აპირებთ?
- ახალაია ამ ქვეყანაზე რომ დავარდეს ძირს და მისგან არ შემორჩეს არანაირი ადამიანური, შალვა ხაჭაპურიძეზე არ გააკეთებს ცუდს. როლანდ ახალაიას ზედამხედველი პროკურორი ვიყავი 2 წელი. სამეგრელოს თემას მე თავს არ დავანებებ. ის, რაც მაქვს ჩაფიქრებული, ამას ვიწყებ სწორედ სამეგრელოდან სექტემბერში.
რა გაქვთ ჩაფიქრებული, რის დაწყებას აპირებთ სამეგრელოდან?
- ორი წელია ამ თემაზე მიდის მუშაობა და ჩვენ შევიმუშავეთ დოქტრინა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს საქართველო. არ მაინტერესებს არც სააკაშვილი და არც პავლიაშვილი. ჩვენ ეს დოქტრინა უნდა გავაცნოთ მთელს საქართველოს და უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის გზა ხსნისა. ამაზე მუშაობდნენ და მუშაობენ პროფესორები და არა მარტო ქართველები, არამედ ინგლისელები. თქვენ იცით, რომ პარტია "ჩვენი საქართველო", რომლის ლიდერი მე გახლავართ, თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით დაარსდა. მისი მეგობრები მიკავშირდებიან ლონდონიდან, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა.
და ბოლოს, მაინც როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად ვინ არის თქვენზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი?
- არ ვიცი ვისი ბრძანებით გაკეთდა. მე ვერსიების დონეზე ვერ ვილაპარაკებ. იურისტი ვარ და კონკრეტიკა მიყვარს.