ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია თავისი საქმის სკანდალურ დეტალებს იხსენებს...
ვახტანგ, გილოცავთ გათავისუფლებას. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აგვისტოს ომის დროს მაისაია შტაბში ოპერატორის გვერდით იჯდა და ქართული ტანკების ადგილსამყოფლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას მტერს აწვდიდაო. რას იტყვით ამ ბრალდებაზე?
- პრეზიდენტ სააკაშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. 2008 წლის 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სარდლობა და დეპარტამენტის მეთაურები იმყოფებოდნენ გორში. ასე რომ, მე მათ გვერდით ვერ ვიქნებოდი.
მე გეტყვით, საიდან მოდის ეს ბრალდებები... 2009 წლის 5 მაისს, ჩემი დაკავებისას, სახლიც გაჩხრიკეს და კომპიუტერიდან ამოიღეს მასალები ჩემი მომავალი წიგნისა, რომელიც ინგლისურ ენაზე იმავე წლის შემოდგომაზე უნდა გამომეცა ლონდონსა და ბრატისლავაში. წიგნი ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებს. ამ წიგნის ზოგიერთი თავის განხილვა მოეწყო ლონდონში, 2008 წლის 16 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ლორდი რობერტსონი უძღვებოდა და ბევრი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი ესწრებოდა.
სწორედ ამ წიგნიდან ამოღებული ზოგიერთი მონაცემი გამოიყენეს ჩემი ბრალდებისთვის. როგორც ვიცი,
ამ წიგნის ელექტრონული ვერსია სააკაშვილისა და უგულავას ბრძანებით განადგურდა.
დედაქალაქის მერი რა შუაში იყო?
- ამ წიგნში მითითებული იყო, რომ ცხინვალის აღების შემდეგ ყველა პიარღონისძიების ორგანიზება - იქნებოდა ეს დროშების აფრიალება, ტრიბუნების გამართვა თუ აღლუმების მოწყობა - დავალებული ჰქონდა გიგი უგულავას. ამაზე ომის შემდეგ დაუფარავად საუბრობდნენ სამხედრო მაღალჩინოსნებიც. ამ წიგნში მკაცრად ვაკრიტიკებდი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებას, კერძოდ, 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მასირებული საარტილერიო ცეცხლის გახსნას. ეს დანადგარები დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, მათი რაკეტების აფეთქება დიდ ფართობს აზიანებს და ქალაქის წინააღმდეგ ამ სისტემების გამოყენება დაუშვებელია.
ანუ, გინდათ თქვათ, რომ სწორედ ამ წიგნის მომზადება და მასში გამოყენებული ხელისუფლების მამხილებელი მასალები გახდა თქვენი დაკავების მთავარი მიზეზი?
- არა, ეს ერთ-ერთი ფაქტორი გახლდათ. იყო სხვა ფაქტორებიც.
დაკავების შემდეგ მიმიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობის გარდა დამხვდა თვით შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ამირან მესხელი. მინისტრმა წინ დამიდო აგვისტოს ომამდე, 2007 წელს დაწერილი ჩემი ორი ნაშრომი. ერთი ეხებოდა "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებულ კლანურ დაპირისპირებას, მეორე კი განკუთვნილი იყო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის და ეხებოდა ვანო მერაბიშვილის კონტაქტებს ბელორუსიის КГБ-სა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელებთან. ვიქტორ შეიმანი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა, იყო ე.წ. "რუხი კარდინალი" და ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის მთავარი საყრდენი. ამ ნაშრომში ყურადღებას ვამახვილებდი იმაზეც, რომ ბელორუსიის ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობდა "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსული ხელისუფლების სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში. რამდენიმე ბელორუსი "კაგებეშნიკი" მრჩეველი კონსულტაციას უწევდა ვანო მერაბიშვილს, თუ როგორ უნდა მოეხდინათ ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, როგორ უნდა გაენეიტრალებინათ ძალოვანი სტრუქტურების ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლეს. ამ ნაშრომში საუბარი იყო მინსკში მერაბიშვილის სამ ოფიციალურ ვიზიტსა და ბელორუსიიდან იმ სპეცაპარატურის შემოტანაზე, რომელსაც მერაბიშვილის უწყება ოპოზიციონერთა მოსასმენად და სათვალთვალოდ იყენებდა. სხვათა შორის, ამ აპარატურის დიდი ნაწილი რუსული წარმოების გახლდათ.
ნაშრომში ეწერა იმის შესახებაც, რომ ქართული სპეცსამსახურების რამდენიმე ჯგუფი სპეცმომზადებას გადიოდა ბელორუსიის სპეცდანიშნულების რაზმ "ალმასის" ბაზაზე. ლუკაშენკო სწორედ "ალმასს" იყენებდა ოპოზიციის მიტინგების დასარბევად. ამასთან, "ალმასის" მებრძოლები შემჩნეული იყვნენ იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდაში ვიქტორ ბუტთან ერთად, რომელიც ამჟამად აშშ-შია დაპატიმრებული.
ნაშრომში ნათქვამი იყო ისიც, რომ ვანო მერაბიშვილი 2005-2006 წლებში ვიქტორ შეიმანის საშუალებით ცდილობდა, რუსეთის ხელისუფლებას დაჰკავშირებოდა.
მოდულის შენობაში ვანო მერაბიშვილმა მომთხოვა, დამესახელებინა ამ ნაშრომებში გამოყენებული მასალების წყაროები. მე ვუთხარი, რომ ეს ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახლდათ. მერაბიშვილმა მითხრა, გასაგებია, მაგრამ შენ ამ წყაროებს მაინც დაასახელებო. და თუკი ამას იზამ, დღესვე გაგიშვებთო, - დამიზუსტა ამირან მესხელმა. კი მაგრამ, სიმართლეა თუ არა ის, რაც აქ წერია-მეთქი, ვკითხე მესხელს. სიმართლე რომ არის, იმიტომაც ხარ აქო, - მიპასუხა.
ჩემთვის მაშინვე ნათელი გახდა, რატომ დამაკავეს და რისთვის მსჯიდნენ. აგვისტოს ომის დროს თითქოსდა ინფორმაციების გადაცემა ერთგვარი საფარი გახლდათ.
ისე, არ შეიძლება, არ ვთქვა - იმ დღეს, როდესაც მოდულის შენობაში დამკითხეს, მუხროვანის ნაწილიდან მოიყვანეს უმოწყალოდ ნაცემი სამხედროები, არადა, როგორც ვიცი, მათ დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ...
თქვენი დაკავების შემდეგ შსს-მ გამოაქვეყნა რამდენიმე რეპორტი, რომლებსაც თითქოს თქვენ უცხო ქვეყნის დაზვერვას გადასცემდით. რაც იმ რეპორტებში ეწერა, თუნდაც ქართული არტილერიის მიერ 500 რუსული ტანკის აფეთქების შესახებ, სამხედრო თვალსაზრისით სრული აბსურდი გახლდათ. რა იყო ეს: თქვენი შეცდომა თუ ბრალმდებელი მხარის არაპროფესიონალიზმი?
- ეს რეპორტები დაწერილი იყო ძალიან სუსტი ინგლისურით; ასეთი ინგლისურით მე არასდროს დავწერ წინადადებებს. ჩემი ნოუთბუკი თავიდან კი დალუქეს, მაგრამ შემდეგ, დაკითხვისას, ვნახე, როგორ თამაშობდა მასში კონტრდაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი; მერე, ერთ-ერთ დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა იგი მხარზე გადაკიდებული შემოიტანა, ყოველგვარი ლუქის გარეშე, მეორე ნივთმტკიცება - "ფლეშკა" კი ჯიბიდან ამოიღო. ბრალდების მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო, ჩემს ნოუთბუკსა და "ფლეშკაში", რაც სურდა, ყველაფერი ჩაემატებინა.
უარესს გეტყვით. რაღაც ბრალდებამ მესამე ნივთმტკიცებად წითელბუდიანი წიგნაკი წარმოადგინა, რომელსაც გარედან ეწერა КГБ СССР, ხოლო შიგნით ჩემი, 12 წლის ასაკში გადაღებული, ფოტოსურათი იყო ჩაკრული და ქვეშ ეწერა, რომ ვიყავი КГБ-ს გენერალ-პოლკოვნიკი(?!). ამ ბრალდების უაზრობას მერე, ეტყობა, თავადვე მიხვდნენ, როდესაც საბრალდებო დასკვნაში მიუთითეს, რომ ნივთმტკიცებად ქცეული წითელყდიანი წიგნაკი КГБ-ს წარწერითა და ჩემი ფოტოსურათით აუცილებლად განადგურებულიყო. თუკი პროკურატურა ამ ნივთმტკიცებას ასე მნიშვნელოვნად თვლიდა, რატომ გაანადგურეს ის?
ვახტანგ, ალბათ, არ იცით, რომ შეიძლებოდა, მეც თქვენს გვერდით აღმოვჩენილიყავი რუსეთის აგენტობის ბრალდებით. თუმცა იმ პოლკოვნიკისაგან განსხვავებით, რომელმაც მაშინ აღიარებითი ჩვენება მისცა თქვენთვის საიდუმლო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, ჩემმა მეგობარმა, ასევე პოლკოვნიკმა, გაუძლო ორთვიან დაკითხვებსა და თავდაცვის მინისტრის კაბინეტში იარაღმომარჯვებული ახალაიას მუქარას და ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენება არ მისცა. ამასთან, ჩემ უკან იდგა საგამომცემლო სახლი "პალიტრამედია", სადაც წინასწარ გადაღებული ვიდეოჩანაწერი მქონდა დატოვებული იმის შესახებ, რომ უდანაშაულო ვიყავი და თუ მაინც დამაპატიმრებდნენ, არ დაეჯერებინათ ჩემი სატელევიზიო აღიარებისათვის, რომელიც მხოლოდ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად იქნებოდა მიღებული...
- სხვათა შორის, დაკითხვისას თქვენზეც მკითხეს, მაწვდიდით თუ არა რაიმე ინფორმაციას. მე თქვენს ჟურნალ "არსენალში" სტატიებსაც ვაქვეყნებდი და ვთანამშრომლობდით, როგორც სამხედრო მიმომხილველები და ანალიტიკოსები, რაშიც არაფერი იყო არაკანონიერი; ბუნებრივია, მე თქვენს წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი.
ისე ანალიზთან დაკავშირებით გამახსენდა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჰქონდა თავისი ანალიტიკური განყოფილება - ისინი შოთა უტიაშვილის ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციას არ ენდობოდნენ. ეგ კი არა, ჩემ თვალწინ, დაკითხვებზე, ძალზე უდიერად მოიხსენიებდნენ შსს-ს სხვა სამსახურებს, მათ შორის - კუდ-საც. იყო შიდაუწყებრივი დაპირისპირებები, რათა ხელმძღვანელობის წინაშე თავი უკეთ წარმოეჩინათ, თუმცა, როდესაც გაყალბებულ, ვითომდა ჩემს რეპორტში ჩაწერენ რუსეთიდან 500 ტანკის შემოსვლისა და მათი აფეთქების შესახებ, რომელ პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი...
თქვენ, თუ არ ვცდები, ციხიდან NATO-საც მიაწვდინეთ ხმა?
- დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გლდანის ციხიდან ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით, რომელსაც ადრეც ვიცნობდი, გავგზავნე სპეციალური წერილი NATO-ს გენერალური მდივნის სახელზე, სადაც იმ პოლიტიკურ ზეწოლაზე ვსაუბრობდი, რომელსაც ხელისუფლება ჩვენსა და ჟურნალისტებზე ახორციელებდა. ეს თანამშრომელი რომ არ გაეშიფრათ, პატარა სცენა გავითამაშე - ვიცოდი რა, რომ ოთახში ვიდეოკამერები და მიკროფონები იყო დამონტაჟებული, ჩემთან მოსულ ადვოკატს სხვა წერილი გადავეცი.
რუსთავში, ზონაზე გადაყვანის შემდეგ, მეორედ ვცადე, დავკავშირებოდი NATO-ს წარმომადგენლებს. შაბათობით დარეკვის უფლება გვქონდა. ტელეფონი, რა თქმა უნდა, ისმინებოდა. ერთ-ერთ შაბათ დღეს ავკრიფე NATO-ს შტაბ-ბინის ნომერი და როგორც კი ინგლისურად წარმოვთქვი პირველი ფრაზა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტობას მაბრალებდნენ, მაშინვე გაწყდა სატელეფონო კავშირი. ცოტა ხანში ზონაში სპეცრაზმი შემოვარდა. ოთახში ამიყვანეს და უმკაცრესად გამაფრთხილეს, რომ თუ კიდევ ვცდიდი დარეკვას, გამანადგურებდნენ. ამის შემდეგ სამი დღე ტელეფონები გამორთული იყო, რათა პატიმრები ჩემს წინააღმდეგ აებუნტებინათ.
ზონაში გამუდმებით მითვალთვალებდნენ. ჩემი საწოლის ქვეშ მცირე ზომის, რუსული წარმოების მოსასმენი ელექტრონული მოწყობილობაც კი აღმოვაჩინე.
განსაკუთრებით კი ჩემს უბის წიგნაკზე ნადირობდნენ, რომელიც ახლაც ხელში მიჭირავს. მასში ჩანაწერებს ვაკეთებდი და მათი წაკითხვა ძალიან აინტერესებდათ. ამ უბის წიგნაკის მოპარვისთვის ჯილდოც კი იყო დაწესებული, მაგრამ ჩემი მეგობრები, რომლებიც ასევე პოლიტპატიმრები იყვნენ, გვერდით მედგნენ და მიცავდნენ, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.
თქვენ განაცხადეთ, რომ საბრალდებო დასკვნაში წერია თქვენი თანამშრომლობის შესახებ NATO-ს წევრი სლოვაკეთის სპეცსამსახურის სასარგებლოდ. გამოდის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი თქვენ ბრალს გდებდათ NATO-სთვის მუშაობაში, არადა, მათ ხომ საქართველო თითქოს სწორედ ამ ალიანსისკენ მიჰყავდათ? თუკი საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა, დამტკიცდება თქვენი სრული უდანაშაულობა და ბრალმდებელი მხარის დანაშაული?
- დიახ, რადგან ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი. მე ამ დღეებში NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს გავუგზავნი სპეციალურ წერილს, რომ მე მაბრალებდნენ არა რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას, არამედ NATO-ს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. მე ვთხოვ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
რომ არა 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მასში "ქართული ოცნების" გამარჯვება, მე და კიდევ ბევრ პოლიტპატიმარს მომავალი არ გვქონდა, ამიტომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ, პოლიტპატიმრები, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
ვახტანგ მაისაიას ინტერვიუს დროს თვალებში ეტყობოდა, რა სიმწარე გამოიარა პატიმრობისას. აუცილებელია, მის საქმეს მოეხსნას გრიფი "საიდუმლო", რათა ყოველ მსურველს შეეძლოს, თავად გამოიტანოს დასკვნა, არის ის დამნაშავე თუ საქმე შეთითხნილია პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის პირადი თუ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით...