ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სკანდალში გაეხვია. კანადური მასმედია ვერა ქობალიას ბიოგრაფიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი კატია ჰოლუვიე, რომელმაც საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრზე სტატია მოამზადა, წერს, რომ ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა.
თუ აქამდე მდგრადი განვითარების მინისტრი და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ქართულ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ქობალია საკმაოდ გამოცდილი კადრია, გარდა იმისა, რომ კანადაში აქვს პურის ბიზნესი, მუშაობდა ერთ-ერთ კანადურ ტელეკომპანიაში პროდიუსერად.
კანადური გაზეთი კი ამტკიცებს, რომ ქობალია კანადური ტელეკომპანიის პროდიუსერი არასოდეს ყოფილა. ჟურნალისტი ქართველი მინისტრის შესახებ თხრობას იმ ფოტოს განხილვით იწყებს, სადაც ახალგაზრდა ქობალია ღამის კლუბში მეგობრებთან ერთადაა გადაღებული. ამის შემდეგ კი ჟურნალისტი ქობალიას ბიოგრაფიით ინტერესდება და წყაროდ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს იყენებს.
ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ქობალიამ მეფე ჯორჯის სკოლა (1999 წელს) და ისშე (2004 წელს) დაამთავრა. იქ ასევე ნათქვამია, რომ ქობალია ვანკუვერის ტელეკომპანიაში პროდიუსერად მუშაობდა.
თუმცა როგორც ჟურნალისტი კატია ჰოლუვიემი წერს, ამ ტელეკომპანიაში ქობალიას სახელი არასოდეს სმენიათ.
"ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვერა ქობალიას შესახებ მათ დეპარტამენტში ჩანაწერი არ არის", - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ისშე-მ კანადურ გაზეთს არც დაუდასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ვერა ქობალია მათი სტუდენტი. "ინსტიტუტში განგვიცხადეს, რომ ასეთ ინფორმაციას იქ სტუდენტთა პირადი ცხოვრების დაცვის გამო არ გასცემენ", - ნათქვამია სტატიაში.
თავად ვერა ქობალია უარყოფს კანადური გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ირწმუნება, რომ ის კანადურ ტელეკომპანია "გლობალ-თივიში" ნამდვილად მუშაობდა. როგორც ქობალია ამბობს, მას კარგად ესმის, რომ რუსეთის ხელისუფლებას და სხვა დაინტერესებულ პირებს უნდათ, საქართველოს ეკონომიკა არ გაძლიერდეს და საქართველო არ გახდეს ძლიერი ქვეყანა, ამიტომ ცდილობენ დეზინფორმაციის და ჭორების გავრცელებით მასაც და სხვა თანამდებობის პირებსაც ხელი შეუშალონ.
"თუ ჰგონიათ, რომ ამ გზით რამე გამოუვათ, ძალიან ცდებიან", - აღნიშნა ვერა ქობალიამ. მან აქვე კომენტარი გააკეთა ინტერნეტით გავრცელებულ მის ფოტოებთან დაკავშირებითაც, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. ქობალიას განცხადებით, თუკი ვინმეს სურს, რომ ამ ჭორებით მის საქმიანობას ხელი შეუშალონ, არაფერი გამოუვათ.
ექსპერტები კი ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების მინისტრს სათქმელი არაფერი აქვს. იურისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქობალიას მხრიდან ადგილი აქვს ბიოგრაფიის გაყალბების ფაქტს, ეს ავტომატურად იწვევს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. "ის პოლიტიკური ფიგურაა და, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური დანაშაული. ასეთ შემთხვევაში ავტომატურად დგება მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი", - ამბობენ იურისტები.
ქართველი ექსპერტებისთვის სიახლეს სულაც არ წარმოადგენს მინისტრის ბიოგრაფიული ცნობები. ვინაიდან, მისი დანიშვნიდან ორ დღეში ეკონომიკის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქობალიას ბიოგრაფია და განათლება არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მას ქვეყნის ეკონომიკის მართვის პრეტენზია ჰქონოდა. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების მინისტრს ცეკვა უკეთ გამოსდის, ვიდრე ეკონომიკის მართვა.
კანადაში გაზრდილ ქობალიას მიხეილ სააკაშვილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უპირებდა გადაყვანას, თუმცა, როგორც ამბობენ, ქობალიამ კობა სუბელიანის სავარძელი დაიწუნა და ისევ კანადაში დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ ამის შემდეგ მიიღო სააკაშვილმა გადაწყვეტილება მისთვის ეკონომიკის სამინისტროს ჩაბარების თაობაზე.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მისთვის სიახლე არაა ის ფაქტი, რომ ქობალიას შესაბამისი განათლება არა აქვს. "არა მგონია, ეს სისახლე იყოს. ძალიან ოდიოზური სურათებიც ვიხილეთ. საქართველოში უკვე დიდი ხანია, ყველაფერი კარგად არის ცნობილი.
განათლებას რომ თავი დავანებოთ, როდესაც ასეთი სკანდალური ფოტოები იბეჭდება, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი? რაც უნდა ამტკიცოს, 10 წლის წინანდელიაო, ჩანს, საკმაოდ ცხელ-ცხელი სურათებია. სჯობს, თვითონ გააკეთოს ყველაფერზე განმარტება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი. ან რა უნდა თქვას?" - კითხულობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ქობალიას განათლებას, ხუხაშვილი ამბობს, რომ ის ტექნოლოგიის ერთ-ერთ ინსტიტუტში სწავლობდა 2 წლის განმავლობაში.
"ბიზნესი და მარკეტინგი და რაღაცები რომ იძახა, სინამდვილეში ტექნოლოგიის ინსტიტუტში სწავლობდა 2 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, იმ კომპანიის არც მფლობელი იყო და არც - მენეჯერი. თვითონ ეს კომპანიაც მაინცდამაინც დიდი ბიზნეს-სტრუქტურა არაა. უბრალოდ, ჩვეულებრივ პურს უშვებს და საკმაოდ ლოკალური ბაზრის მფლობელია. ეს არის ცხოვრების ის წესი, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. თუ პროფესინალიზმსა და კვალიფიციურობაზე ვილაპარაკებთ, დამერწმუნეთ, არც ვერა ქობალიაა გამონაკლისი", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
"ამ დანიშვნით ხელისუფლებამ სამინისტროს დაარქვა მდგრადი უბედურების სამინისტრო", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. მისი განცხადებით, მდგრადი უბედურების მინისტრი ვინ იქნება, ალბათ, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, თუ ვის აქვს გაყალბების მეტი პოტენციალი.
"სხვანაირად წარმოუდგენელია, ნორმალურმა და გამოცდილმა ადამიანმა მართოს ეკონომიკა, რომლის 70%, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის აღიარებით, არის ჩრდილში მოქცეული და მას არავინ ეკითხება, რა და როგორ არის. აქედან გამომდინარე, თუ ზოგადად ქვეყანაში სამართლიანობაა, მაშინ უფრო უნდა ველოდოთ ქალბატონ ქობალიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, ვიდრე მის გათავისუფლებას რაიმე ბიოგრაფიული სიყალბის გამო", - ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, თუკი აქამდე საქართველოს მიმართ ისმოდა ქილიკი, ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ იქნება ხარხარი.
"ხარხარი დაცინვის ყველაზე მძიმე ფორმაა. რომელსაც საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს. ისინი სასაცილოდ კი არა, სახარხაროდ იმეტებენ საკუთარ სამშობლოს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ჩრდილოვანი ეკონომიკის პროცენტული შეფარდებები მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო 155-ე ადგილზე აღმოჩნდა 69%-მდე ეკონომიკის ნაწილის ჩრდილოვანი მიმოქცევის ფაქტით.
ეს უკვე რეალურად ცვლის იმ სურათს, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებდით ქალბატონი ქობალიას დანიშვნის დროისთვის. ჩვენთვის ეს იყო უცნობი. როგორც ჩანს, ის, ვისაც დაებადა იდეა ქალბატონი ქობალიას მინისტრად დანიშვნის, ეს ინფორმაცია, ჩვენგან განსხვავებით, ჰქონდა და ხვდებოდა, რომ აბსოლუტურად სულ ერთია, ვინ არის ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრი. ესაა ქვეყანა, სადაც რეალური ეკონომიკა რამდენიმე ადამიანის ჯიბეშია განთავსებული და ორიოდე კაბინეტში წყდება მისი ბედი", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.