"რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა"

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომმა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა, რუსეთს კი ოკუპანტის იმიჯი მოუტანა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე საკუთარი პოლიტიკის წარმატებაზე საუბრობს, რუსეთის საერთაშორისო იმიჯი ნამდვილად შემცირდა. პოლიტოლოგი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების განმეორების საფრთხეს დღესაც ხედავს. მისი თქმით, საფრთხე ანალოგიურია, რადგან, როგორც ცისკარიშვილი ამბობს: "ვტკეპნით ერთ ადგილს, ვსაუბრობთ მშვიდობაზე და ეს საუბარი საკმაოდ არადამაჯერებელია იმიტომ, რომ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, არ ჩანს და არც სურვილი ჩანს.

 - ეს ორი წელი თავისი შედეგებით საკმაოდ წინაღმდეგობრივია. ვგულისხმობ, ერთი მხრივ, საკმაოდ აქტიურ მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობისა, რომ საქართველოს მხარდაჭერა არ იყო შესუსტებული და, მეორე მხრივ, სრულ უძრაობას რაიმე პოზიტიური შედეგისკენ ცვლის კუთხით. ქართული ხელისუფლება, შეიძლება, ითქვას, ჩიხშია შესული. საკუთარი რესურსები არ გაჩნია ამ პრობლემის გადასაჭრელად და ვერც ხედვის სისწორეა დამაჯერებელი. არ გაგვაჩნია სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობისა, არ ჩანს სურვილი, უკეთესად გავიგოთ მათი სატკივარი და შევეცადოთ, პირდაპირი დიალოგის საშუალებით მოვახერხოთ კომუნიკაციების აღდგენა.

რასაკვირველია, რუსეთი რჩება სერიოზულ ფაქტორად იმ ვითარებაში, რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. თუმცა რუსეთსაც საკმაოდ უჭირს იმ პოზიციის შენარჩუნება, რომელიც მას ჰქონდა ორი წლის წინათ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. მას აღარც რესურსი გააჩნია, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყანაზე ოკუპირებულ ტერიტორიათა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, და ზოგჯერ სურვილიც მოიკოჭლებს, რადგან თავის ტკივილი მოუხშირდა სხვადასხვა მიზეზით. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. დღეს, როდესაც ბატონ პუტინს გააჩნია ორადორი მილიარდი რუბლი, რომ ცეცხლმოკიდებულ და ალში გახვეულ საკუთარ სამშობლოს ხანძარი ჩაუქროს, ის ხმამაღლა აცხადებს, რომ მხოლოდ ცხინვალში მან 26 მილიარდი რუბლი ჩადო. ბუნებრივი,ა ეს ვერანაირ დადებით მუხტს ვერ შემატებს ზოგადად რუსულ ხელისუფლებას და თავად პუტინს.

როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?

ომის აცილება ნამდვილად შეიძლებოდა. შეიძლებოდა, გაჩერებული ყოფილიყო იმ რეჟიმში, რომელიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, არსებობს ყარაბახის შემთხვევაში. ასეთივე გაყინული კონფლიქტი ჩვენთან, მოგეხსენებათ, 90-იანი წლების დასაწყისიდან იყო სოხუმსა და ცხინვალში. საქართველოს ხელისუფლების მიუღებლობის გამო საზღვაგარეთელი მეგობრებისა და მეზობლების მხრიდან კიდევ უფრო ნაკლებად მისაღები მოდელების განხილვის აუცილებლობა არ არსებობდა. დღესაც იგივე საფრთხეა ანალოგიური, ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელია და ვტკეპნით ერთ ადგილს, ვსაუბრობთ მშვიდობაზე. ეს საუბარი საკმაოდ არადამაჯერებელია იმიტომ, რომ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, არ ჩანს და არც სურვილი მოიძებნება რეალურად ამ ნაბიჯების გადადგმის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ დასავლეთმა და აშშ- საქართველო მიატოვა, როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო დონეზე საქართველოსადმი ინტერესი ხომ არ შემცირებულა?

- ორი წლის წინათ, აგვისტოში საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობდა ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში. შეიძლება, ეს ჩვეულებრივი სამუშაო ფორმატია, მაგრამ ვერ დარჩება 24 წლის განმავლობაში ყველაზე მწვავე პრობლემად საერთაშორისო ასპარეზზე, მით უმეტეს - ასეთი კონფლიქტებიც და სტიქიური უბედურებებიც ყოველდღე აწუხებს ჩვენს პლანეტას. მიუხედავად ამისა, სიმტკიცე პოლიტიკური პოზიციებისა, რაც გამომჟღანებული იყო დასავლეთის მიერ ჩვენ მიმართ, ამჟამადაც ურყევია. მართალია, ჩვენ გვსურს, უფრო ურყევი ტონი იყოს რუსეთის მიმართ მათი ურთიერთობისას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ თავად ვერ მოვახერხეთ, რაიმე შინარსი შეგვეძინა ჟენევის შეხვედრებისთვის, რატომღაც მარტივად ავყევით რუსეთის ნებას და ტყუპისცალებად წარმოვაჩინეთ სოხუმი და ცხინვალი საკუთარი პრობლემებით.

დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა მოუტანა ამ ომმა რუსეთს და საქართველოს?

- კარგი ვერაფერი მ ოუტანა ვერც ერთს და ვერც მეორეს. გამარჯვებულს აქ ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე საუბრობს საკუთარი პოლიტიკის წარმატებაზე. რუსეთის საერთაშორისო იმიჯი ნამდვილად შემცირდა. ახლა უფრო სიმწრის ნაბიჯებს დგამს პუტინი. რუსეთი ცდილობს, დაარწმუნოს საკუთარი მოსახლეობა, რომ ცხინვალში რუსეთმა დამარცხა ვაშინგტონი და ბრიუსელი და არა - თბილისი. ეს განცდა საკმაოდ პოპულარულია დღესაც რუსეთში და ეს იყო გარკვეული ეიფორიის მიზეზი, როდესაც ფაქტობრივად დღენახევრიან ომში რუსეთმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ისეთი ფეიერვერკებით, თითქოს, რაღაცა უზარმაზარი წინააღმდეგობა აქვს გადალახული ხანგრძლივ ომში. თუმცა საქართველოც გამარჯვებულად თვლიდა თავს და განმუხურში ფეიერვერკებით ზეიმობდა, მაგრამ იმავე ღამეს დაღუპულთა შესანდობარი აქციები ტარდებოდა ცხინვალში. სურვილი იმისა, რომ იყო გამარჯვებული, როგორც ჩანს, სჭარბობს რეალობის განცდის, უნარს ჩვენი ხელისუფლებისას და ნაწილისა იმ საზოგადოების, რომელსაც უჭირს, იყოს თვითკრიტიკული მოვლენათა ანალიზისას.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი იმ ომის გამო, სადაც "ორივე მხარე" გამარჯვებულია?

- ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს ორი წლის განმავლობაში რაიმე წინსვლას ურთიერთობაში. გამომდინარე იმ მიზეზებისგან, რის გამოც დაიწყო ეს ომი, ვფიქრობ, ორივე ქვეყანას აქვს საკმარისზე ცოდვა ამ ომის გაჩაღების გამო. რუსეთის მზაკვრობა და სრული არაადაეკვატურობა საერთაშორისო ნორმებთან უდავოა. როდესაც ვაკრიტიკებ ქართულ ხელიუფლებას, ეს არასოდეს ნიშნავს იმას, რომ რაიმეთი უკეთესია რუსეთის ხელისუფლება მასზე. პირიქით, რუსეთის ვერაგობა ვერ იქნება ზოგადად საქართველოს მიერ რაიმე განმეორებადობის ხარისხის მქონე იმიტომ, რომ არ გვაქვს რეალური თუ მატერიალური შესაძლებლობა. ამიტომ დანაშაული ორივეს მიუძღვის. ცხადია, რუსეთს მეტი, ვიდრე საქართველოს, მაგრამ შედეგი, რასაკვირველია, საქართველოს მიმართ არის სახეზე.

რაც შეეხება ჰააგის სასამართლო პროცესს, რომელიც 13 სექტემბერს დაიწყება, როგორ ფიქრობთ, რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სასამართლოსგან?

ჰააგის ტრიბუნალს ძირითადი დაკვეთა უკვე მისცა ქალბატონ ტალიანივის კომისიამ და არა მგონია, რაიმე სხვა განაჩენი გამოიტანოს.