”სააკაშვილის თითო

”სააკაშვილის თითო "გაფრენა-მოფრენა" დაახლოებით 50 მილიონი ლარი ღირს“

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და მძაფრი გამონათქვამებით "ლეიბორისტული პარტია" ყოველთვის გამოირჩეოდა. ამჟამად ისინი პრეზიდენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე მსჯელობენ და ქვეყნის პირველ პირს, როგორც ყოველთვის, მწვავედ აკრიტიკებენ. გვესაუბრება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი -  სოსო შატბერაშვილი:

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პრეზიდენტი მეფურად ცხოვრობს.  რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ხარჯები გასაიდუმლოებულია, მაგრამ ჩვენ  ვცდილობთ, სხვადასხვა წყაროებით რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია მოვიპოვოთ. თუმცა მისი 50-მილიონიანი ფონდის კონტროლზე ხელი არავის მიუწვდება.

მიუხედავათ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, მაინც ვერ შევძელით პრეზიდენტის 50-მილიონიანი ფონდის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება. ვიცით, რომ ამ ფონდის ძირითადი დანიშნულება სტიქიური უბედურების, ფორსმაჟორული სიტუაციების დროს საჭირო, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვაა, მაგრამ სინამდვილეში ეს სააკაშვილის "ჯიბის ფონდია". მას უამრავი ხარჯი აქვს და თანხებს სხვადასხვა ფონდიდან და ქვეყნის ბიუჯეტიდანაც კი "ექაჩება." ასე მაგალითად:

არავინ იცის, საიდან დაფინანსდა მისი ყბადაღებული სასახლის მშენებლობა, თუმცა როდესაც საკრებულოს წევრები გახლდით, თბილისის ბიუჯეტში გაჩნდა ასეთი მუხლი: "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა." სინამდვილეში აქ იგულისხმებოდა რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასეთი ეშმაკური გზებით ხერხდებოდა თანხების მობილიზება და "გადაქაჩვა" არა მხოლოდ თბილისის, არამედ ცენტრალური ბიუჯეტიდანაც.

სხვათა შორის, ვალერი გელაშვილმა, რომელსაც შემდეგ ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ, თავისი პირით მითხრა - ამ სასახლეს მე ვაშენებ ჩემი ხარჯებითო. ანუ, რეზიდენციის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ნაწილი გელაშვილისა და მისი მსგავსი ბიზნესმენების ჯიბიდან არის დადებული, ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ნაწილი თბილისის ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი - შემოსული დახმარებებიდან.

სააკაშვილის მსგავსი რეზიდენცია მსოფლიოს არც ერთ პრეზიდენტს არ აუშენებია. ბრიტანეთის დედოფალი, გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტიც კი არ აძლევენ თავს ამის უფლებას. შეგახსენებთ, რომ "თეთრი სახლი" ისტორიული შენობაა და უზარმაზარი სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტი ამ საკმაოდ მოკრძალებულ, მომცრო შენობაში ცხოვრობს. 

თქვენ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთეთ პრეზიდენტის თვითმფრინავის შესახებაც.

- არანაკლები დაუჯდა სახელმწიფოს მისი თვითმფრინავიც. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის თვითმფრინავის შესაძენად 100 მილიონი ლარი გადაიქაჩა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. ეს არის "ჩელენჯერი" - სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავი, რომელიც ამავე დროს უმაღლესი კომფორტით არის გამორჩეული.

სხვათა შორის, ლეხ კაჩინსკის ტრაგედიის შემდეგ სააკაშვილი საკმაოდ დაშინებულია. ის ვეღარ ვარჯიშობს თავისი სასახლის ღია ვერანდაზე და დახურულ დარბაზში გადაინაცვლა, ვეღარც თავისუფლად გადაადგილდება თბილისის ქუჩებში. ცნობილი ფაქტია, რომ ის ხან ერთ სახინკლესთან ან რესტორანთან აჩერებდა თავის დაცვას, ხან - მეორესთან. დღეს უკვე ამის უფლებას თავის თავს ვეღარ აძლევს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა თავის თვითმფრინავში დაამონტაჟა სპეციალური კაფსულა, ეს არის კატაპულტის მსგავსი მოწყობილობა. ღმერთმა დაიფაროს და, თუ თვითმფრინავს დაემუქრება ტერაქტის ან კატასტროფის მსგავსი რამ, ამ კაფსულით თავისუფლად მოხერხდება პრეზიდენტის ევაკუაცია. ასე რომ, სააკაშვილის უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავენ და ქართველ ერს შეუძლია მშვიდად იძინოს - ის ყველანაირად დაცულია! თუმცა ჩვენს ბიუჯეტს ეს კაფსულა 12 მილიონი დოლარი დაუჯდა, ხოლო თვითმფრინავი, როგორც უკვე გითხარით, 100 მილიონი ლარი.

ბატონო სოსო, ლეხ კაჩინსკის ტრაგედიას სწორედ მის გაუმართავ თვითმფრინავს აბრალებენ. ოპონენტები გეტყვიან, რომ ასეც უნდა იყოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

- ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს!  ჩვენ უბრალოდ, ფაქტებს ვაწვდით საზოგადოებას და მან განსაზღვროს, რამდენად სწორია ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში სიკვდილიანობამ იმატა, რადგან ადამიანებს არა აქვთ ექიმის, წამლისა და ოპერაციის ფული. დადექით ნაგვის ყუთთან თუნდაც ერთი საათის განმავლობაში და ნახავთ, რამდენი მათხოვარი მივა და საკვებს ნაგვის ყუთიდან ამოიღებს.  ამის ფონზე საზოგადოებამ განსაჯოს, გამართლებულია თუ არა ჩვენი პრეზიდენტის დაცვაზე გაწეული ხარჯები.

ბატონო სოსო, ალბათ ჩვენი პრეზიდენტის მიმოსვლაც საკმაოდ ძვირი უჯდება სახელმწიფოს.

- თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ გვყავს მთელ მსოფლიოში ყველაზე მოგზაური პრეზიდენტი. სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილი "ვარდების რევოლუციის" დროს აფრთხილებდა ხალხს: მხარი არ დაუჭიროთ, თორემ მიშა სააკაშვილს კაბინეტში ვერავინ ნახავს, თვითმფრინავიდან ვერავინ ჩამოიყვანსო.

მისი "გაფრენა-მოფრენები" თავის ამალიანად, ბიუჯეტს მართლაც ძალზე ძვირი უჯდება. პრეზიდენტის თვითმფრინავი იტევს 180 პერსონას. ჩვენ დავიანგარიშეთ მათი კვების, სასტუმროსა და ყოველდღიური ფული და დავადგინეთ, რომ სააკაშვილის თითო "გაფრენა-მოფრენა" დაახლოებით 50 მილიონი ლარი ღირს.

რა თქმა უნდა, ბებიის წაყვანაც ცალკე ხარჯია. შეიძლება თქვენ მიერ ხსენებულმა ოპონენტებმა მითხრან - როგორ, "ბავშვმა" ბებია უცხოეთში არ უნდა წაიყვანოსო? - გეთანხმებით, ბებიაც უნდა წაიყვანოს…

.. პრეზიდენტის ფონდი ამ ხარჯებს არ ჰყოფნის?

- რა თქმა უნდა, არ ჰყოფნის. წარმოიდგინეთ, საბერძნეთის ოლიმპიადის დროს სააკაშვილი ჩავიდა ათენში და უბრალო სასტუმროში კი არ ცხოვრობდა, არამედ ხმელთაშუა ზღვაში, წყალზე მოტივტივე სასტუმროში, სადაც დაცვის წევრებთან და ამალასთან ერთად თითო ნომერში დღეში 5-6 ათას ევროს იხდიდა. შარშან, ქალბატონი სანდრა მშობლებთან და შვილებთან ერთად ისვენებდა ფლორიდაში და იქ 1.500 დოლარს დღე-ღამეში იხდიდნენ.

შემდეგ პრეზიდენტის ოჯახმა კარიბის ზღვაში წყალქვეშა გასეირნებაც მოაწყო, რაც ასევე ძვირი სიამოვნებაა.  ისე, რაც მართალია, მართალია - ბებიას თუ წაიყვანს იაპონიის იმპერატორთან შესახვედრად, სიდედრ-სიმამრი კარიბის ზღვაზე არ უნდა დაასვენოს?! ყოველივე ამას  ჩემი ოპონენტების გასაგონად ვამბობ, დასკვნების გამოტანა კი საზოგადოებისათვის მიმინდვია.