ლიტვის პრეზიდენტმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა

ლიტვის პრეზიდენტმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თბილისს, სავარაუდოდ არც ისე ბევრი ქვეყნის პირველი პირი ეწვევა. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ 26 მაისს საქართველოში ჩამოსვლაზე უარი უკვე განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "ბალტინფოს" კორესპონდენტი იუწყება.

"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ რომელი ქვეყნის პირველ პირებს გაუგზავნეს თბილისიდან მოწვევა დამოუკიდებლობის დღეზე; მათგან ვინ განაცხადა თანხმობა ჩამოსვლაზე და ლიტვის პრეზიდენტის მსგავსად ვინ თქვა უარი. გუშინ პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე დაგვპირდა, რომ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაგვირკვევდა და მოგვაწვდიდა, თუმცა მოგვიანებით მასთან დაკავშირება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.

ქართველი პოლიტოლოგების ვარაუდით კი, 26 მაისს არც ისე ბევრი ქვეყნის ლიდერები და გავლენიანი პირები ჩამოვლენ თბილისში. ამის მიუხედავად, რამაზ საყვარელიძეს ძალიან გაუკვირდა ლიტვის პრეზიდენტის უარი საქართველოს მიწვევაზე. როგორც საყვარელიძემ "რეზონანსს" განუცხადა, ის ფიქრობდა, რომ თუ კი ვინმე ჩამოვიდოდა 26 მაისს თბილისში, პირველი სწორედ ლიტვის პირველი პირები იქნებოდნენ.

როგორც ლიტვის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში დარიუს სემაშკომ აღნიშნა, პრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს არ შეუძლია თბილისში ჩასვლა, რადგან "უბრალოდ ამ დროისთვის სხვა გეგმები აქვს". თუმცა, არ დაუკონკრეტებია კერძოდ რა გეგმებს გულისხმობდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში ვიზიტი იმიტომ ხომ არ გადაიდო, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი არ გაანაწყენონ, რომელიც შეიძლება 1-2 ივნისს ვილნიუსს ეწვიოს, სემაშკომ უპასუხა, რომ ამის გამო ნამდვილად არა უთქვამთ თბილისის მიწვევაზე უარი. "ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ უკავშირდება", - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტის მრჩეველმა.

რამდენიმე დღით ადრე გაზეთ "ვილნიაუს დიენის" ფურცლებზე გამოჩნდა პუბლიკაცია, სადაც საუბარი იყო, რომ გრიბაუსკაიტეს განსხვავებით თავისი წინამორბედისგან "აშკარად არ აქვს განსაკუთრებული სიმპათიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ".

ამავე პუბლიკაციაში ასევე ეწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულიც კი არ ყოფილა მიმდინარე წლის მარტში, ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლის- თავთან გამართულ ღონისძიებაზე.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიტვის პრეზიდენტის ცივი პოზიცია საქართველოს მიმართ, არ ნიშნავს ლიტვის პოლიტიკის კარდინალურ შემობრუნებას. მითუმეტეს, რომ მრჩეველმა სემაშკომ, უარყო ვერსია ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭების თაობაზე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის აზრით, პირველი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავდა, სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმით საქართველოს მდგომარეობა. სწორედ ამიტომ საყავრელიძეს ლიტვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკვირს.

"მაინც მგონია, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც იციან რუსული აგრესიის მნიშვნელობა, გადმოცემით კი არა საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი, ასეთი ქვეყნები საქართველოს მდგომარეობას უფრო გაგებით ეკიდებიან ხოლმე. ამ ქვეყნებში პირველ რიგში ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვგულისხმობ. ერთის მხრივ ვვარაუდობ, რომ პოლონეთის წარმომადგენლობა იქნება 26 მაისს თბილისში ძალიან შთამბეჭდავი შემადგენლობით, რადგან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩავიდა. ამიტომაც ისინი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ.

"ეს ვარაუდი მაქვს და დანარჩენი ქვეყნის პირველი პირები რას იზამენ, ამაზე საუბარი ძნელია, რადგან სხვა დღესასწაულების დროსაც არ ვყოფილვართ ძალიან ჭარბსტუმრიანნი", - განუცხადა "რეზონანსს" რამაზ საყვარელიძემ.

იგი არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა იმ მიზეზითაც შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისგან თავი, რომ რუსეთი არ გაანაწყენონ. ასევე პოლიტოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოში ჩამოსვლით თავს დიდად იმიტომაც არ შეიწუხებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აღარ აქვს იმხელა ავტორიტეტი, როგორიც წლების წინ ჰქონდა.

"სააკაშვილი აღარ არის დემოკრატიის ისეთი ფავორიტი, როგორც 2 წლის წინ იყო. ასევე სააკაშვილის მიმართ და მისი მართვის სტილის მიმართ ბევრი კრიტიკული შენიშვნა გაჩნდა ბოლო დროს. განსაკუთრებული სიფრთხილით კი საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ეკიდებიან. საქართველოს ექცევიან როგორც ქვეყანას, რომელმაც შეიძლება კონფლიქტურ სიტუა-ციაში გახვიოს თავისი პარტნიორები და სხვა ქვეყნები. ამ კუთხით აგვისტოს ომმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა მსოფლიო მასშტაბით. ამ ფაქტორის გამოც შეიძლება ბევრმა პირველმა პირმა შეიკავოს ასეთი ვიზიტებისგან თავი", - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.

მისივე პროგნოზით, 26 მაისს ჩამოსული სტუმრების სია არც ისე მრავალრიცხოვანი იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის დღეს არც არასდროს ჩამოსულა ძალიან ბევრი სტუმარი თბილისში.

საყვარელიძე იქვე აღნიშნავს, რომ 26 მაისი არ არის ისეთი დღესასწაული, რომ სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა თავი შეიწუხონ. ის ასევე აღნიშნავს, რომ სხვა წლებშიც თუ ვინმე ჩამოდიოდა თბილისში, ამ დღეს არა ქვეყნის პირველი პირები, არამედ უფრო დაბალი თანამდებობის წარმომადგენლები.

პოლიტოლოგი გოგო ხუციშვილიც მიიჩნევს, რომ 26 მაისს თბილისს არც ისე ბევრი გავლენიანი სტუმარი ეყოლება.

"გასათვალისწინებელია, რომ 30 მაისს არჩევნებია. იმის გამო, რომ საქართველოში ამ პერიოდში წინასაარჩევნო ფონი იქნება და სხვადასხვა ქვეყნები დამკვირვებლებს აგზავნიან, მიმაჩნია, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობაც იქნება ჩამოსული. მაგრამ პირველი პირების დონეზე არ მგონია, რომ ჩამობრძანდნენ თბილისში", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ხუციშვილი.

მისი აზრით, თუ ვინმე საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს, ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი უშლის სხვადასხვა ქვეყანას ამაში ხელს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ თავად საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაც სერიოზულ გავლენას ახდენს სხვა ქვეყნის პირველი პირების დამოკიდებულებაზე.

"26 მაისი წინა წლებშიც ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტები არ ჩამოსულან. ზოგადად ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ დღეს პრეზიდენტებმა და პირველმა პირებმა მოიცალონ და ჩამოვიდნენ. ეს რომ იყოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, კიდევ შეიძლებოდა ამაზე გვეფიქრა.

"ასევე უნდა ითქვას, რომ აქ ჩამოსვლისგან მხოლოდ რუსეთის გამო არ იკავებენ თავს, ჩვენ მიმართ თუკი ვინმეს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ეს თავად ჩვენი ქვეყნის პირველი პირების არასწორი პოლიტიკის ბრალია, ასევე ეს იმ უაზრო გადაცემებით და ტელევიზიების არასწორი მუშაობის შედეგია, როგორიც მაგალითად "მოდელირებული ქორნიკა" იყო", - განაცხადა ხუციშვილმა.