რატომ აღარ უნდა “უცნობს” ოპოზიციაზე ლაპარაკი

რატომ აღარ უნდა “უცნობს” ოპოზიციაზე ლაპარაკი

„მაესტროს“ ეთერში უცნობის პროექტი – „საკანი ¹5“ ისევ დაბრუნდა, იმავე, ოღონდ შემცირებული ფორმატით. მიუხედავად იმისა, რომ თავად პროექტის ავტორმა ახსნა დროებითი ტაიმ-აუტის მიზეზი, მოარულმა ხმებმა, როგორც წესი, არ დაიზარა და პროექტის შეჩერების საკუთარი ვერსიები დაასახელა. სწორედ ამიტომ ვესტუმრეთ უცნობს საკანში და ჩვენი თუ სხვათა ეჭვები ადგილზე გადავამოწმეთ.

როგორ ხართ?

– როგორც შეეფერება ტუსაღს.

ტუსაღობა რატომ შეწყდა რაღაც პერიოდის განმავლობაში?

– ავად ვიყავი, გავიკეთე ოპერაცია. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ ავად ვიყო; მკვდარიც ვიყო…

მე ასეთთა რიცხვს არ მივეკუთვნები.

– საერთოდ ქართულ ფენომენზე მაქვს ლაპარაკი. არიან ადამიანები, რომლებიც, რაც უფრო ცუდად არის მოყვასი, მით უფრო კარგად გრძნობენ თავს. ჭორებსაც კი იგონებენ და, რატომღაც, უხარიათ ასეთი რაღაცეები.

მე ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, რომ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.

– მე არც პოლიტიკოსი ვარ და ეს პროტესტიც ჩემი ნებით დავიწყე, არავის დაუძალებია და მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული: როცა მინდა, შევწყვეტ; თუ მომინდა, გავაგრძელებ. ფაქტი ერთი რამაა: ამ ქვეყანაში გარეთ ცხოვრება იმდენად არაკომფორტულია, მირჩევნია, ვიყო ჩაკეტილი და ციხეში მაინც ვგრძნობდე თავს თავისუფლად. ზოგმა თქვა, უცნობმა თავისი სიტყვა გატეხა და არ შეასრულაო. რას ნიშნავს, არ შეასრულა?! უცნობი პოლიტიკოსია?! რამეს შეგპირდა და არ შეგისრულა, ბიუჯეტიდან რამე დაგაკლო?! ჯერ ერთი, შევპირდი და შევასრულე: ვიყავი ცუდად, გავიკეთე ოპერაცია, ვიმკურნალე და ჩამოვედი. საერთოდ, ადამიანი შეიძლება, ითხოვდეს იმას, რის მოთხოვნის არანაირი უფლება არ აქვს. ზოგი ამბობს, ფული აიღოო; ზოგიც სხვა რამეს ამბობს, მაგრამ ამ ყველაფერს მივეჩვიე და არაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ გული მწყდება, რომ ადამიანები ასეთ რამეებს იგონებენ საკუთარი თავის გასამართლებლად, რომ თვითონ ქუჩაში არ გამოვიდნენ იმ მოტივით: ის თუ არ ვარგა, არც ესენი ვარგანანო. მაშინ, შენ თუ ხარ კარგი, შენ გააკეთე?!

ვინც გამოვიდა ქუჩაში, რა მიიღო?

– არაფერი, ხალხი ბრძოლაშია. მე რა მივიღე იმით, რომ საკანში ვარ?! ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ მივიღე და ვიბრძვი, ასევე იბრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ. სამყაროში უბრალოდ არაფერი ხდება, კენჭიც კი არ ვარდება უკვალოდ, ამიტომ ეს სიტუაცია თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ღვთისგან იქნება ბოძებული ის, რომ ჩვენ გავხდებით თავისუფალი ადამიანების ქვეყანა. ჯერჯერობით კიდევ არ ვართ იმის ღირსი, რომ ვიყოთ თავისუფლები და ამიტომაც ვართ ამ რეჟიმის მსხვერპლი. ასეთია უფლის ნება. პაატა ბურჭულაძეს ასეთ რამეს რომ აუგორებ, ესე იგი, არ ვართ თავისუფლების ღირსი.

რადგან პაატა ბურჭულაძე ახსენეთ, მეც გავიხსენებ ერთ ფაქტს: ომის შემდეგ ნინო ანანიაშვილმა იცეკვა მოსკოვში მიწვევით და ამის შესახებ სიუჟეტები გადაიცა საერთო მაუწყებლების ეთერით, თუმცა მაშინ ამას არავინ აღუშფოთებია.

– რაზეც უნდათ, იმაზე გამოთქვამენ აღშფოთებას, რაზეც არ უნდათ – არ გამოთქვამენ. თუ უნდათ, რომ ტალახი გესროლონ, გესვრიან და მერე შენ თავი უნდა იმართლო. ჩემს გონებაში ამ ბრძოლის ფინალი ჩანს, მაგრამ არ ვაპირებ არაფრის წინდაწინ თქმას.

მიუხედავად პროტესტისა, ხელისუფლება ინარჩუნებს თავის პოზიციას და მდგომარეობას, ეს რაზე მეტყველებს: მის სიძლიერეზე თუ ოპონენტების სისუსტეზე?

– რას ინარჩუნებს ხელისუფლება?!

ხელისუფლებას.

– მე ვერ დავარქმევდი ამას ხელისუფლების შენარჩუნებას.

აგვისტოში ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ, რაც ვართ და რის თავიც გვაქვს. იმის შემდეგ ადამიანმა აიშენა მილიარდიანი სასახლე, ჩამოუვიდა სტუმრად ბაიდენი, მიუჭახუნეს ჭიქები ერთმანეთს, დასავლეთი განაგრძობს 4,5-მილიარდიანი დახმარების გამოგზავნას. მე ამას ვუწოდებ ხელისუფლების შენარჩუნებას.

– როდესაც პრეზიდენტს ფეხსაცმელებს ესვრიან და ქუჩაში ვერ დადის თავისუფლად, ის პრეზიდენტი არ არის. შეიძლება, სასახლე აიშენა, მაგრამ ეს დროებითია. აღარ მინდა წინასწარ არაფრის ლაპარაკი, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: მე ამ პროცესის ფინალს ვხედავ და ეს ძალიან მალე დადგება. თუ დასავლეთი რამეს აძლევს, დასავლეთი პასუხსაც მოსთხოვს. მე ერთი რამ ვიცი: ჩვენი საზოგადოება აწარმოებს ისეთ ბრძოლას, რომელიც არც ერთ სხვა ხალხს არ უწარმოებია და რომ ის დღესვე აღარ უნდა იჯდეს იმ სასახლეში. ასე კი არ ხდება. ჭირს იმ ადამიანთან ბრძოლა, რომელსაც სერიოზული რეჟიმი უმაგრებს ზურგს, მაგრამ ბრძოლა ხომ მიდის?! რვა თვეა, ციხეში ვზივარ და ეს პროტესტის ფორმაა, ხალხი, რომელიც ქუჩაში იდგა, კიდევ გამოვა და დადგება თავისი მომავლის დასაცავად. სიტუაცია პოლიტიკურად უნდა მომწიფდეს; ტალიავინის კომისიის დასკვნა უნდა დაიდოს, ამის შემდეგ პოლიტიკური რეალობაც შეიცვლება. ეს ყველაფერი ბრძოლაა და ჩვენ ნაცვლად სხვა ვერ იბრძოლებს. მე არც არასდროს მომიწოდებია და არც მოვუწოდებ მიტინგზე გამოსვლას; არც პოლიტიკური თანამდებობა მინდა. ჩემი ერთადერთი სატკივარი ის არის, რომ გარეთ საშინელი უსამართლობაა, ქვეყანა გადაჩეხვის პირასაა და ხვალინდელი დღის პერსპექტივას ვერ ვხედავ. აი, ესაა ჩემი სატკივარი. თქვენც ხომ გტკივათ ეს?

რა თქმა უნდა.

– არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ სტკივათ და არ განიცდიან. რა ვუყოთ იმ ადამიანებს?! რა უნდა მოხდეს ქვეყანაში იმაზე უარესი, რაც დღეს ხდება, რომ ადამიანებმა აღარ თქვან, მიშა მაგარიაო; რომ ადეკვატურად შეაფასონ სიტუაცია და თქვან, რომ ეს ხელისუფლება გვღუპავს?! იმიტომაც ჭირს ბრძოლა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილიც მოსწონთ და ეს რეჟიმიც, თორემ, თუ ყველა ვიტყვით სიმართლეს, რომ ეს დამღუპველია, სააკაშვილის რეჟიმი ნამდვილად არ იქნებოდა. ეს ხომ არ არის ლიტონი სიტყვები, ადამიანმა დაანგრია ქვეყანა, წააგო ომი, აღარ მინდა იმის ჩამოთვლა, რომ არ არსებობს სასამართლო და თავისუფალი მედია, მაგრამ ადამიანები გიჟებივით იმეორებენ, მიშა მაგარიაო. მეტი რაღა უნდა მოხდეს ქვეყანაში, ესენი დააჯერო, რომ მიშა მაგარი არ არის?!

აჩვენო მიშაზე მაგარი.

– რა უნდა აჩვენო, როდესაც ადამიანი ეჭვიანია?! ვის რა უნდა აჩვენო ქვეყანაში, სადაც ასი წლის წინათ ჭავჭავაძე ილიამ „ბედნიერი ერი“ დაგვიწერა?! რა უნდა აჩვენო იმ უმადურ ხალხს, რომლებსაც დღემდე ვერ დაუნახავთ, რომ მიშა მაგარი არ არის?!

დავასრულებ შეკითხვას: თავგანწირვას ყოველთვის მოაქვს შედეგი და მე ვფიქრობ თქვენ მიერ პოლიციის სამმართველოს ღობეზე გადასვლამაც იმიტომ მოიტანა ის კონკრეტული შედეგი. თუ ატყობთ სააკაშვილის ოპონენტებს ქვეყნისთვის, საკუთარი იდეისთვის შეწირვის სურვილს?

– ძალიან გთხოვთ, ნუ ლაპარაკობთ ჩემთან ოპოზიციაზე.

რატომ?

– ოპოზიციაზე ლაპარაკი არ მიყვარს, იმიტომ რომ მე ოპოზიციაში ვერ დავინახე ხალხი, რომლებისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლისა.

ვერც მე.

– მე ოპოზიციაში დავინახე: პარტია უპირველეს ყოვლისა, თანამდებობა უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში დავინახე საქართველო უპირველეს ყოვლისა. ხალხი გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზეა, ვიდრე ხელისუფლება და ოპოზიცია და სწორედ მათი გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა ეს ხელისუფლება, ამიტომ უნდა ვთქვა, რომ მე ვენდობი ამ ხალხს და ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც თავს გაწირავს. ერთ დღეს გვყავდა ასი ათასი მოწამე და ეს იმის მაჩვენებელია, რომ სისხლში გვაქვს თავისუფლება. უბრალოდ ჯერ ეს დრო არ დამდგარა.

რამ დაგანახვათ, რომ ოპოზიციისთვის საქართველო არ არის უპირველეს ყოვლისა?

– მათმა ქმედებებმა. ოპოზიციის თავყრილობებსაც დავსწრებივარ და მინახავს, არჩევნების წინ ვინ როგორი პრიორიტეტებით გამოდიოდა. როდესაც ებრძვი სააკაშვილის რეჟიმს, როგორ გამოდიხარ სააკაშვილის წინააღმდეგ ექვსი კანდიდატით?!

შემდეგაც არ შეცვლილა ვითარება?

– იგივე მოხდა საპარლამენტო არჩევნებზეც. საპრეზიდენტო არჩევნებზე იმაზე ფიქრობდნენ, ვინ რა სიებით გასულიყო საპარლამენტოზე. ბრმა არ ვარ, ვერ დავინახო, ვისთვის რა არის პრიორიტეტი, მაგრამ საზოგადოების წევრებისთვის პრიორიტეტი არის სამშობლო და თავისი ქვეყანა, თუმცა ბევრისთვის, სამწუხაროდ, სამშობლო არ არის პრიორიტეტი.

ხალხმა რა ქნას?

– უნდა იბრძოლოს.

ხალხს, სულ მცირე, ორგანიზატორი სჭირდება, თუნდაც, იმის გასარკვევად, სად შეიკრიბოს.

– შეიძლება, არავის არსად წასვლა არც დასჭირდეს. ოცდამეერთე საუკუნეა და მეთოდები შეიცვალა. ბრძოლა ახლებური მეთოდებით შეიძლება. მთავარია, საზოგადოება ხვდება იმას, რომ ამ ხელისუფლებას უნდა ჩამოართვას ძალაუფლება და ისეთს გადასცეს, ვისთვისაც პრიორიტეტია ქვეყანა და ამას საზოგადოება გააკეთებს ძალიან მალე.

2013 წელს?

– არ მინდა არაფრის წინასწარ თქმა, იმიტომ, რომ წინდაწინ ლაპარაკმა და დღეების დაგეგმვამ ნიჰილისტური განწყობილებები გააჩინა ხალხში, თუმცა მე დღესაც ვამბობ, რომ 26 მაისი იყო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ფინალი და დარწმუნებით იმასაც ვიტყვი, რომ არათუ 2013 წლამდე, ნეტავ 2010 წლამდე მიაღწევინა.

რა ფორმატით აპირებთ თქვენი გადაცემის გაგრძელებას?

– ყველაფერი ჭირს, იმიტომ რომ, იცით, როგორ გვებრძვიან ფულის მოზიდვის მხრივ. ფორმატი იქნება ახალი და საინტერესო. ველოდებით ფულს და მალე, ალბათ, ის ფულიც შემოგვეშველება.

კონცეფცია იგივე დარჩება?

– არა, შეიცვლება. რამდენიმენაწილიანი გახდება. „საკანი“ იქნება ერთი ნაწილი, დაემატება „ჟურნალისტური გამოძიებები“ და სხვა სიახლეები.

მანამდე რა იქნება, სანამ ფული გამოჩნდება?

– აქ ვარ და ისე გაგრძელდება, როგორც იყო.

ოღონდ, ეთერში უფრო მცირე ხნით გადიხართ.

– სამი საათის განმავლობაში გავდივარ.

ნუ შეიჩვევდით მაყურებელს და სამ საათს აღარ დაიწუნებდა.

– ეს ჩემთვის სამუშაოცაა და არ არის მხოლოდ სანახაობა.

მხოლოდ სანახაობა რომ იყოს, არც უყურებდა ამდენ ხანს მაყურებელი.

– ეს პროტესტიცაა, რომელიც, შეიძლება, კიდევ უფრო დამძიმდეს და დამძიმდება კიდეც. ზოგიერთს პულტი უჭირავს ხელში და ჩივის, რატომ არ იწყებაო და ვერ ხვდება, რომ პულტით არ იცვლება რეჟიმები. ასეთებს ერთადერთი რამ უნდათ: მივიდნენ ღამით სახლში და გაერთონ.

ვერ დაგეთანხმებით, თუ გართობა უნდა, გადართავს და ეროტიკას უყურებს.

– ეს არ არის სანახაობა, სანახაობა არის ის, რაც თბილისში ხდება, რომ ხვალ ილაპარაკოს, გაჭოროს უცნობი და მისი სტუმარი, როგორი წინდები ეცვა ან ეცვა თუ არა საერთოდ წინდები. ანჯელინა ჯოლიზე ყველამ ყველაფერი იცის, ახლა ის აინტერესებთ, უცნობი რას შესთავაზებს ახალს.

ანუ, ნინო ბურჯანაძეს რა ეცმევა?

– ჰო, უცნობი რას შესთავაზებს ახალს.

და რას შესთავაზებს უცნობი ახალს?

– ყველას ვპირდები, სააკაშვილიანად, რომ არ მოვაკლებ სანახაობას.

პუტინს რატომ აღარ ელაპარაკებით? ხალისი არ გაქვთ?

– ის იუმორისტული ნაწილი იყო, მაგრამ ამის კეთების ხასიათზე უნდა იყო, ამის ხასიათი კი ახლა არ მაქვს.

დროს როგორ საზღვრავთ ხოლმე სტუმართან? წინასწარ იცით, რამდენ ხანს უნდა დარჩეს?

– შინაგანად ვხვდები და იქ ვამთავრებ, როცა საუბარი უინტერესო ხდება.

თქვენ საზღვრავთ, რომ უინტერესოა თუ ვინმეც გეშველებათ?

– მე ვხვდები, როდის ხდება ჩვენი საუბარი ერთფეროვანი.

ვინ დაგამახსოვრათ თქვენი სტუმრებიდან ყველაზე მეტად თავი?

– ზურა ნოღაიდელმა.

რით?

– თავისი პასუხებით: ერთს ვეკითხებოდი და მეორეს მპასუხობდა.

ეს ჩვენი ჩინოვნიკებისა და ყოფილი ჩინოვნიკების საერთო სენია.

– მისი წასვლის შემდეგ განვავრცე ნოღაიდელის სტუმრობა და ძალიან იუმორისტული გამოვიდა.

მოვა ამის შემდეგ ნოღაიდელი კიდევ სტუმრად?

– ეს არც მაინტერესებს. შეიძლება, არც არავინ არ მოვიწვიო და მარტო ვიყო ეთერში.

მოგაბეზრეს თავი სტუმრებმა?

– რამდენჯერ შეიძლება, ერთსა და იმავეზე ლაპარაკი? უკვე ყველაფერი ნათქვამია.

გამეორება ცოდნის დედააო.

– მაშინ ჩაიწერონ გადაცემები და უყურონ.

ანუ?

– სტუმარი, შეიძლება, საერთოდ არ მყავდეს და უფრო საინტერესო ფორმატზე გადავიდე, ან, იყოს ისეთი სტუმარი, რომელიც ჯერ არ მყოლია. ერთი და იმავე სტუმრის გამეორებას, მირჩევნია, სტუმრები განვაახლო, ხალხი მოვიწვიო.

სტუმრებს რის მიხედვით არჩევთ, დღის თემის?

– გააჩნია. ხანდახან დღის თემის მიხედვით, თუ საინტერესო და გამაოგნებელი რამ ხდება, ასეთი რამ კი ხშირად ხდება. არის შემთხვევები, როდესაც სტუმარს ვარჩევთ არა დღის თემის, არამედ პრობლემის მიხედვით.

თუ გაქვთ ასეთი კვლევა: მაყურებელს ვინ მოსწონს ყველაზე მეტად სტუმრის ამპლუაში?

– მაყურებლისთვის ყველაზე კარგად საყურებელი მაინც ის სტუმარია, რომელმაც იცის ეთერში, კამერის წინ ლაპარაკი და მოქცევა.

და ვინ იცის ასეთი მოქცევა და ლაპარაკი?

– ბევრი არ არის საქართველოში ასეთი. ჩემთვის ძალიან საინეტერესო სტუმარია რობერტ სტურუა, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ძალიან მიყვარს ზაზა პაპუაშვილის, ზაზა აბაშიძის სტუმრობა...

ხელისუფლების წარმომადგენლები რა მოტივით გეუბნებიან უარს გადაცემაში მონაწილეობაზე?

– ახლა აღარ ვიწვევ, მაგრამ, როდესაც ვიწვევდი, ზოგი არ იღებდა ტელეფონს, ზოგი უარს ამბობდა.

რამე შეიცვალამაესტროსთვისლიცენზიის აღების შემდეგ?

– რას გულისხმობთ? ველოდებით ფულს და ამის მიხედვით გაკეთდება გადაცემების ბადე.

ფული ლეგალურია?

– რა თქმა უნდა, თორემ, თარგამაძის გამოგზავნილი ფულები აგერ მიდევს „მეშოკში“.

ცოტას არ გამატანთ?

– გაგატანთ. შეკვრით მოგცემთ.

ესემესები რატომ არ გადიოდა?

– გამშვები მოწყობილობა გაფუჭდა. გაკეთდება და ისევ იქნება ესემესები.