მართალია, დაზუსტებით უცნობია ქვეყნიდან გასული ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, თუმცა ზუსტადაა ცნობილი, რომ სამშობლოში ისინი ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტ თანხას აგზავნიან. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოდანაც იმატა ტრანზაქციების ოდენობამ, განსაკუთრებით, აზიისა და აფრიკის ქვეყნების მიმართულებით. მაგალითად, 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადმა გადარიცხვებმა საქართველოდან 140 მილიონ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება ტრანსფერები აფრიკულ სახელმწიფოებში. კერძოდ, თუკი 2010 წელს მისი მოცულობა 76 ათას დოლარს შეადგენდა, 2011 წელს – 212,6 ათას დოლარს მიაღწია, 2012 წელს კი უკვე 1,2 მილიონი დოლარი გახდა. მაგალითად, ნიგერიაში ფულადი გზავნილების მოცულობამ 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 4 მილიონ 850 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ, როდესაც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში საქართველოდან იმავე პერიოდში 816 ათასი დოლარი გადაირიცხა, ეგვიპტეში – 355 ათასი, განაში – 281 ათასი, კამერუნში – 175 ათასი, ხოლო კოტდივუარში 169 ათასი დოლარი. ჩინეთში ფულადი ტრანსფერები 1 მილიონ დოლარს შეადგენს, ინდოეთში კი – 357 ათასს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულ ტრანსფერებში ლიდერობენ: რუსეთი, საბერძნეთი და უკრაინა.
მეორე მხრივ, არათუ ქვეყნიდან გასული ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა არ ვიცით, არამედ, ჩვენთვის ქვეყანაში არსებულ უცხოელ მიგრანტთა ოდენობაც უცნობია. თუმცა ზემომოყვანილი ციფრები მოწმობს, რომ აზიიდან და აფრიკიდან მიგრანტების სიმცირეს არ ვუჩივით. რა ტენდენციას გვიჩვენებს არსებული სტატისტიკა და როგორ ახერხებენ დასაქმებას უცხოელი მიგრანტები უმუშევრობით შეჭირვებულ საქართველოში, გამომდინარე პრინციპიდან: „ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა” – საკითხს დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე გვიმარტავს.
რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ეს ოფიციალური სტატისტიკა, უცხოელი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა?
– ამ მონაცემებს სერიოზული შესწავლა სჭირდება. თუ დემოგრაფიული კუთხით მივუდგებით საკითხს, მიგრაციული თეორიებიდან გამომდინარე, დღეისთვის ნიგერია, ისევე, როგორც ჩინეთი და სხვა ქვეყნები, გამოირჩევა მაღალი შობადობითა და მატების მაჩვენებლით. შესაბამისად, ისინი ხასიათდებან შრომითი რესურსების სიჭარბით. მაშინ, როდესაც საქართველოში მიმდინარეობს უახლესი ტიპის დემოგრაფიული პროცესი, როდესაც დაწყებულია დეპოპულაცია. ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში არის მაღალი ბუნებრივი მატება, მრავალრიცხოვანია ახალგაზრდული მოსახლეობა და დემოგრაფიული დაბერების პრობლემა საერთოდ არ დგას, საქართველოში კი რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა: აქ მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულია, ახალგაზრდა მოსახლეობის წილი მცირეა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, შობადობის მაჩვენებელი დაბალია. დემოგრაფიული და სოციოლოგიური კონცეფციების თანახმად, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალი ბუნებრივი მატებაა, სამუშაო ძალა გაედინება განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე და შემოსავლები მაღალია, შობადობა კი – დაბალი.
მაგრამ საქართველო არ არის განვითარებული ქვეყანა, მუხედავად იმისა, რომ შობადობის მაჩვენებელი დაბალი გვაქვს.
– ნიგერიის მოსახლეობის ზრდის ტემპი ისეთია, რომ 2050 წლისთვის მოსალოდნელი პროგნოზით მესამე ადგილზე გავა მოსახლეობის რაოდენობით, ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გადაუსწრებს. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ნიგერიელების გადინება ხდება ნიგერიიდან. აქ არის ორი მომენტი: ნიგერიას არ გააჩნია კაპიტალი, იქ არ იდება ინვესტიციები და არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ აქვთ შრომითი კაპიტალი, ადამიანური რესურსი. ოღონდ, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, მათი ადამიანური რესურსი დაბალკვალიფიციურია. ამდენად, მიმღებ ქვეყანაში, თუ ის განვითარებული ქვეყანაა, ნიგერიელები ნაკლებად იკიდებენ ფეხს, იმიტომ რომ, იმ ქვეყნებს შედარებით მაღალკვალიფიციური მუშახელი სჭირდებათ. თუმცა არც დაბალკვალიფიციურ მუშახელზე ამბობენ უარს, რადგან ასეთი მუშახელი საქმდება ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელსაც თაკილობს ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ აზიიდან, აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტები კმაყოფილდებიან.
რა არის საქართველოში მათი ჩამოსვლის მოტივი? როგორც ჩანს, სამუშაო ადგილებს შოულობენ, რაკი ფულს აგზავნიან თავიანთ სამშობლოში.
– ამას წინათ ვიყავი ხაშურში და გამოვიკითხე, რატომ მუშაობდნენ გვირაბის მშენებლობაზე ჩინელები. როგორც აღმოჩნდა, ჩვენებს, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს დღიურ გასამრჯელოდ 25-35 ლარი, მაგრამ სურამელებმა და ხაშურელებმა უარი თქვეს, სამაგიეროდ, უფრო ნაკლებ ანაზღაურებად დათანხმდნენ ჩინელები. ანუ ეს მომენტიც არსებობს: ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს კვალიფიკაცია, ნებისმიერ სამუშაოს არ თანხმდება. ეს ევროპაშიც ასეა და ჩვენთანაც. ჩვენთან არაინირი პერსპექტივა არ გააჩნია მუშად მუშაობას, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა უარს ამბობს ასეთი ტიპის სამუშაოზე.
მაგრამ გვირაბის მშენებლობაზე მუშაობა ხომ დროებითია, უმუშევრად ჯდომას, არ ჯობია დროებითი შემოსავალი?
– ეს მაგალითად მოვიტანე. ჩვენთან ადამიანს მხოლოდ ხელფასი კი არ აინტერესებს, არამედ პერსპექტივაც: კარიერული და სახელფასო მატების. ასეთი ადგილები კი ძალიან ნაკლებადაა. ძირითადად, საბიუჯეტო სფეროში, ბიზნესში ნაკლებად. ადამიანების ვიწრო სპექტრია დასაქმებული ბიზნესში, რომლებსაც აქვთ მაღალი ხელფასები. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბიზნესი იწვევს ნიგერიელს იმ დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე, რომელზეც ქართველი არ თანხმდება. არის მეორე მომენტიც: შეიძლება, ჩამოსული იყოს ნიგერიელი ბიზნესმენი, მაღალ მოგებას იღებდეს და ერთბაშად გზავნიდეს თანხას, რაც წელიწადში 4 მილიონს შეადგენს.
ანუ თანხის ოდენობა ცალსახად არ ნიშნავს, რომ ბევრი აგზავნის?
– დიახ. ჩვენ არც ის ინფორმაცია გვაქვს, რამდენი ნიგერიელია ჩამოსული, იმიტომ რომ, საზღვრები ღია გვაქვს და არ აღირიცხება ეს მაჩვენებელი; არც იმის ინფორმაცია მაქვს, რამდენია დასაქმებული ამ ნიგერიელებიდან და რამდენმა გაგზავნა თანხა თავის სამშობლოში. ბანკი იძლევა ერთ მაჩვენებელს: გაიგზავნა ამდენი და ამდენი თანხა, მაგრამ ხომ არ ვიცით, რამდენმა ადამიანმა გააგზავნა?! ამიტომ რთულია იმის თქმა, რამდენია ჩამოსული. შეიძლება, საერთოდაც ერთი ნიგერიელი ბიზნესმენი აგზავნის. იმავე სოციოლოგიური თეორიით, თანამედროვე პირობებში სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლას მხოლოდ პიროვნება არ წყვეტს, ამას წყვეტს ოჯახი. ისინი აკვირდებიან სიტუაციას: ჯერ ოჯახის ერთი წევრი მიდის, შემდეგ – მეორე, ამას მიჰყვება ნათესავი, მეზობელი. ანუ სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება, რაც საქართველოში. მეორე მხრივ, არ მგონია, ყველანი იმდენ ფულს აგროვებდნენ, რომ ოჯახებსაც გაუგზავნონ და თვითონაც ირჩინონ თავი აქ. ხაზს ვუსვამ, მე თეორიულად ვმსჯელობ: თუ ჩავთვლით, რომ სასწავლებლად მოდიან, ფულს მით უმეტეს ვერ გააგზავნიან, რადგან მუშაობას ვერ შეძლებენ. ამიტომაც ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას მიგრაციული სამსახური, რომელიც გააკონტროლებს მიგრაციას და აღრიცხავს მიგრანტებს, არალეგალებს და შეისწავლის, რამდენი შემოდის, რამდენი გადის. ძალიან რთულია დასკვნების გაკეთება, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი უკონტროლობა ძალიან უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენი სტატისტიკა არ იძლევა ინფორმაციას, რამდენი ნიგერიელი თუ სხვა ეროვნების ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში.
ოფიციალური მონაცემით, 2013 წელს საქართველოდან ჩინეთში მილიონი დოლარი გადაირიცხა, ნიგერიაში – 5 მილიონი, არადა, ჩინელები თითქოს უფრო მეტნი გვხვდებიან, ვიდრე ნიგერიელები. ეს რით აიხსნება?
– ჩინეთს ასეთი პოლიტიკა აქვს: თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში ინვესტირებას უკეთებს. ინდოელებიც ხომ ხედავთ, მიწას ყიდულობენ, შორსმიმავალი მიზნები აქვთ – კომპაქტური დასახლებების შექმნა. ჩინელმა, რომელსაც უკვე ბიზნესი აქვს საქართველოში, ჩამოიყვანა თავისი ცოლ-შვილი ან უფრო ახალგაზრდა მოსახლეობა ჩამოვიდა, დაქორწინდა და აქ შექმნა ოჯახი. შექმნა ბიზნესიც, აქ აწარმოებს და ჩინეთში არანაირ ფულს არ აგზავნის, მაგრამ ჩინეთში მიდის საქონლის შემოსატანად.
იმას ამბობთ, რომ იქ არავინ ჰყავს, რომ ფული გაგზავნოს?
– ფულად გზავნილებს არ აკეთებს. მაგრამ საქონლის შემოსატანად რომ რიცხავს ფულს ჩინეთში?! იქ მისი ნათესავი ან ნაცნობი იღებს ამ ფულს, ნაწილს საქონელს ახმარს, ნაწილს ხელფასად იღებს, ანუ პირდაპირი ტრანზაქცია არ არის, ამიტომ ვერ აღირიცხება, მაგრამ გამოდის, რომ ფულს მაინც აგზავნის. აი, ნიგერიელებს ასეთი ბიზნესები არ გააჩნიათ.
ანუ შედარებით მცირე ოდენობის ტრანზაქციები ჩინეთში მიუთითებს იმას, რომ ისინი საფუძვლიანად არიან უკვე აქ დასახლებულები?
– დიახ, აქ ააწყვეს ბიზნესი, ტყეებიც მათ იყიდეს და შორსმიმავალი მიზნებიც აქვთ. დაარქვით ამას საქართველოს, გნებავთ, ეკონომიკური ანექსია, გნებავთ – ოკუპაცია. მაგალითად, რუსეთში მთელი ურალი აითვისეს ჩინელებმა და ნელ-ნელა ქმნიან თავიანთ კაპიტალს.
ჩემს სახლთან იყო საცხობი, უყიდია ჩინელს, ჰყიდიან პურს და ფუნთუშებს. ჩინელმა მამაკაცმა შემოუბარა იქვე მდგარ ყველა ხეს და პატარა ბოსტანიც გააშენა. მანამდე იმ ხეებისთვის არავის შემოუბარავს, ადგილობრივ მოსახლეობას ვგულისხმობ – სანამ ჩინელი არ ჩამოვიდა ჩინეთიდან მიწა ცდებოდა.
– ძალიან მშრომელი ხალხია. სოფლებშიც ასე მუშაობენ. ერთი პერიოდი მიწები იჯარით აიღეს შიდა ქართლის სოფლებში, ქართულიც ისწავლეს და ბევრი ჩინელი საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ქართულად. პირველად დაზვერეს სიტუაცია. თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინათ მიწისქვეშა გადასასვლელებში ჰყიდიდნენ წვრილ-წვრილ საქონელს, ძირითადად, ბიჟუტერიას. მაგრამ იმ საქონლით არავინ დაინტერესდა, ამით დაზვერეს სავაჭრო გარემო, რა საქონელზე იყო მოთხოვნილება. ნახეს, რომ ქართველისთვის ფასს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ხარისხიანი პროდუქცია იყოს და მოეწონოს. იცით, რომ მათ მიერ თავდაპირველად გახსნილი მაღაზიების დიდი ნაწილი, სადაც იაფფასიანი პროდუქცია იყიდებოდა, დაიხურა.
შედარებით ნორმალური ხარისხის საქონელი შემოიტანეს.
– დიახ და ადგილობრივ წარმოებაში დებენ ფულს, იმავე მიწის ნაკვეთებში. ჩვენ მათი საქმიანობის შესწავლა იმ მხრივაც გამოგვადგება, რომ მათგან დადებითის აღება შეგვიძლია. თურქები ავიღოთ: გარდაბანსა და მარნეულში შეისყიდეს მიწები, ჩვენებს ამუშავებინებენ, თეთრებს უხდიან და პროდუქცია გააქვთ თურქეთში, რადგან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია უფრო ხარისხიანია. იმავე კარტოფილზე ფასი იმიტომ გაიზარდა მოულოდნელად, რომ ჩვენი ბაზარი სხვამ წაიღო. ჩამოდიან სომხეთიდან, თურქეთიდან და ბითუმად მიაქვთ. აქ კი უხარისხო კარტოფილი შემოაქვთ. ამიტომ ნინოწმინდასა და ახალციხეში ლარზე ნაკლებად კილოგრამ კარტოფილს ვერ იყიდი. თურქებიც ყიდულობენ მიწებს, თვითონვე მოჰყავთ მოსავალი, რომელიც შემდეგ აქედან გააქვთ და აქ შემოაქვთ პროდუქცია, რომელიც თურქეთში არ საღდება.
რაკი ჩვენ ვერ ვშოულობთ მაღალკვალიფიციურ სამუშაოს, ვამბობთ, აი, ჩინელი და ინდოელი რომ მუშაობს, იმიტომ ვართ ჩვენ უმუშევრები და ღარიბებიო. არადა, პირიქითაა, ისინიც რომ არ მუშაობდნენ, უფრო ღარიბები ვიქნებოდით. ამ მხრივ, მიგრანტების როლი ქვეყანაში დიდია. თუმცა ნეგატიური მოვლენებიც ახლავს თან. შეიძლება, ჩინელებისთვის ტყის მიყიდვისას იყო კორუფციული მომენტები, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ჩვენ არ ვუფრთხილდებით ტყეს?! რა დღეში ჩავაგდეთ ბორჯომის ტყე?! ტყე გაუკაფავია, არადა, გამოხშირვა უნდა, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. შენ არ უვლი მიწას, სხვამ კი მოუარა, მიიღო მოსავალი და ეს შენს ბიუჯეტზე აისახა. საყოველთაო დაზღვევა რომ გვაქვს, ეს ხომ ბიუჯეტში შესული გადასახადებიდან ფინანსდება?!