აგვისტოს ომის დროს ქართულმა მხარემ მასობრივად ვერ (ან არ) გამოიყენა ისეთი ეფექტური იარაღი, როგორიც არის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები...
აგვისტოს ომის ხუთი წლის თავზე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი მოწინააღმდეგე მხარეთა საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების თანაფარდობას და დიდი განსხვავება მოგვხვდა თვალში.
ხუთი წლის წინ, ხუთ დღეში, ქართულმა არმიამ 60-მდე T-72 ტიპის ტანკი დაკარგა, თუმცა მათგან ბრძოლებში მხოლოდ ორი ათეული თუ ააფეთქეს, დანარჩენი რუსმა სამხედროებმა გორიდან ნაალაფარის სახით გაიტანეს.
რაც შეეხება რუსული მხარის ტანკების დანაკარგს, ის სამ ერთეულს არ აღემატება, რაც მართლაც ძალიან დაბალი საბრძოლო ეფექტურობის მაჩვენებელია იმ ქართული სამხედრო დანაყოფებისათვის, რომლებიც აგვისტოს ომის დღეებში ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების უკმარისობას ნამდვილად არ განიცდიდნენ.
სამი აფეთქებული რუსული ტანკიდან ერთი მოძველებული T-62M ტიპისაა, ორი კი - T-72. ერთი T-72 ზემო ნიქოზთან რუსი ცისფერჩაფხუტიანების "ვერხნი გოროდოკის" ეზოში ააფეთქეს ქართველმა მებრძოლებმა, მეორე კი სოფელ ზემო ხვითის შარაგზაზე სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ჩვეულებრივი ყუმბარმტყორცნიდან გასროლით დაწვეს.
რუსული მხარის სახმელეთო ტექნიკის დანაკარგი, გარდა სამი ტანკისა, ასევე არის არანაკლებ ცხრა БМП-1, სამი БМП-2, ორი БТР-80, ერთი БМД-2, სამი БРДМ-2, ერთი МТЛБ და სამ ათეულამდე სატვირთო ავტომობილი.
თუმცა ტანკებთან შედარებით ნაკლებად შეჯავშნული ტექნიკის განადგურება უფრო ქართული ტანკების, არტილერიისა და საბრძოლო შვეულმფრენების (ქართულმა Ми-24-ებმა სოფელ ძევერასთან რუსი მედესანტეების ორი "ურალი" დაწვეს, რომლებიც 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმებით იყო დატვირთული) დამსახურებაა, ვიდრე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა.
არადა აგვისტოს ომის წინ ქართული არმიის შეიარაღებაში საკმაოდ იყო ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები, კერძოდ - "ფაგოტები" და "კომბატები".
2008 წლისთვის, ომის წინ, საქართველოს უნდა ჰქონოდა უკრაინისგან შესყიდული 400-მდე Комбат-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა (გაეროს ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრის თანახმად). ამ რაკეტას 125 მმ კალიბრის ქვემეხიდან Т-72 ტიპის ტანკი ისვრის. ორი კუმულაციური ქობინის მქონე "კომბატის" რაკეტას მაქსიმუმ 5 კმ-ის სიშორეზე მოწინააღმდეგის იმ ტანკების აფეთქებაც შეუძლია, რომელთა ჯავშნის სისქე დინამიკური დაცვის ელემენტების ქვეშ 750 მმ-ს აღწევს.
ფაქტობრივად, "კომბატით" ქართველ ტანკისტებს ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი ნებისმიერი რუსული Т-72-ისა და მით უმეტეს - Т-62М-ის აფეთქება შეეძლოთ, თუმცა ამ ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენების შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი.
არ არის გამორიცხული, უკრაინული "კომბატები" ქართველ ტანკისტებს იმ უბრალო მიზეზით ვერ გამოეყენებინათ, რომ სათანადო მომზადება არ ჰქონდათ გავლილი.
რაც შეეხება გადასატან ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებს - "ფაგოტებს", ისინი ქართული არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში გამოჩნდა და ბუნებრივია, აგვისტოს ომის დროსაც იყო არსენალში.
"ფაგოტის" საბრძოლო გამოყენება ორ მებრძოლსაც შეუძლია და ის ორი კმ-ის სიშორემდე 400-460 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს. ჩვენი ინფორმაციით, "ფაგოტები" ცხინვალის რეგიონში, საბრძოლო მოქმედების ზონაში, შეტანილი ჰქონდათ (მათ შორის - საარტილერიო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის არტილერისტებს და ქვეითი ბრიგადების ტანკსაწინააღმდეგო გათვლებს), მაგრამ მათი მასობრივი და მით უმეტეს, ეფექტური საბრძოლო გამოყენების შესახებ არაფერია ცნობილი.
ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული არმიის სარდლობამ ვერ შეძლო, რუსული ჯავშანტექნიკის სწრაფი წინსვლის დროებით შესაჩერებლად მაინც გამოეყენებინა ის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აგვისტოს ომის დაწყების წინ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების არსენალში.