- მოგესალმები, ნიკა, გენაცვალე.
- როგორა ხართ, პატივცემულო?
- კარგად. როგორ გიკითხოთ?
- არა ხართ აქეთ, ხო, როგორც მივხვდი?
- არა, არა, მე იმაში ვარ, რა ქვია...
(რუსი ბანისა და ნაცი პროკურორის საუბრიდან)
*******
ჯერ კიდევ შარშან, როდესაც პაატა ბ-ს პოლიტიკაში პირველი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით თავში პირველი ფიქრები უტრიალებდა, ანუ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მსოფლიო ბანი იყო და სანამ ადგილობრივი დისკანტი გახდებოდა, ამერიკაში დიდ ხანს ნაცხოვრებმა, ახლადდაბრუნებულმა, საკმაოდ აპოლიტიკურმა მეგობარმა, ისე, სხვათაშორის, მითხრა: "პაატა ბურჭულაძე და თემურ ალასანია უახლოესი მეგობრები არიან. როცა პაატა ნიუ-იორკში ჩამოდის, ის კი არა, რომ რესტორნებში... შოპინგზეც კი ერთად დადიან".
ჩემი მეგობრისთვის ოპერის რუს-ქართველი მაღალჩინოსნისა და კაგებეს რუს-ქართველი, ასევე მაღალჩინოსნის განუყრელი მეგობრობა ბევრს არაფერს ნიშნავს, პოლიტიკაზე ფიქრით თავს დიდად არ იწუხებს, ფიქრისა და განსჯის გარეშე დასკვნის გამოტანა ვის გაუგია? როგორც არაინფორმირებული არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად, დაუფიქრებელი დასკვნაც სულაც არ არის დასკვნა.
თუმცა, ჩემი მეგობრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სრულიად არ ჭირდებოდა ბევრი ფიქრი და განსჯა, უფრო სწორად - საერთოდ არ ჭირდებოდა, რადგან ძველთაგან თქმულა: "ალალად მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და ეგრევე გეტყვი ვინ ხარ შენ".
ჩემი მეგობარი სანდო ადამიანია, პაატა ბურჭულაძის მეგობრისა კი, თავადაც გადასარევად მოგეხსენებათ.
"მე იმაში ვარ, რა ქვია..."
"მე იმაში ვარ..."
მართლაც, რა ქვია იმას, რაშიც ახლა მსოფლიო ბანი იმყოფება? - ამას ამ დღეებში გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან შეიტყობთ, ანაც უკვე შეიტყეთ და რა დიდი შეტყობა მაგას უნდა, ისედაც იცოდით და გული მაინც გიგრძნობდათ.
პარტიის (თუ რაც არის), ბლოკის (თუ რასაც ეძახიან) ლიდერი (როგორც ამბობენ), ამხელა კაცი (სამოცი წლის იუბილე სამჯერ გადაიხადა) ვიღაც ნაპროკურორალ, ტუტუც ევროგოიმს ფეხქვეშ რომ ეგები, ებოდიშები და ხმა გიკანკალებს, მაშ სად ხარ შენ და ვინ ხარ შენ?
შენ ხარ ის და შენ ხარ იქ!
ზოგჯერ ნაცვალსახელებს იქით რამდენი რამ იგულისხმება ხოლმე...
არჩევნებია და მედიასაშუალებააო - ასე იმართლეს თავი ბ-ნ ბურჭულაძის ბექვოკალებმა.
რაც მართალია - მართალია, მედიას უნდა ეფერო და გაუფრთხილდე, თორემ არ მოგეფერება და არ გაგიფრთხილდება, თან ამ გაგანია წინასაარჩევნო ბატალიებისას, როცა ჯერ ხმამ დაგტოვა და შემდეგ მხარდამჭერებმა მიგატოვეს, როცა არც ხმა გაქვს, არც მხარდამჭერები გყავს, ხმების იმედი დაკარგე და მიუხედავად ყველაფრისა, პარლამენტში უმრავლესობით აპირებ მოსვლას, მთავრობის დაკომპლექტებაზე ფიქრობ, საპრემიერო სიტყვას ამზადებ და პირველ უცხოურ ვიზიტს გეგმავ.
მედიას უნდა ეფერო. ვინც მედიას არ მოეფერა, ისინი უკრაინაში სხედან და ეს აქედან ჩანს, რომ თითქოს უკრაინაში სხედან, თორემ სინამდვილეში, მსოფლიო დონის ბანს რომ დავესესხო, იმაში არიან, რა ქვია...
მაგრამ "რუსთავი 2" არ არის მედია, ეგ არის პარტიული ტელევიზია - სააკაშვილის რუპორი, ადეიშვილის რუპორი, კეზერაშვილის რუპორი, გურამ დონაძის, მეგის ქარდავას, ქილერას, მასტერას და მაიმუნას რუპორი, ეგ არის მეგი გოცირიძის რუპორი და ეგ რუპორი პარაშიდან იმართება.
პარაშა - ეს უნდა ეთქვა, როცა შიშმა ენა დაუბა, იმაში ვარო...
იმაში, ანუ გელა გრიშჩენკოს გვერდით. ჩვენი მეხსიერება ხომ მოკლეზე მოკლეა და, ვინ არის გელა გრიშჩენკო? ეგ ის არის, ნიკა გვარამიას დაკვეთით სხვისი ვენახი რომ აჩეხა, აქაოდა ყველაფრის იმედი დავკარგეთო.
ხოლო ნიკა გვარამია ის არის, გურამ დონაძის დაკვეთით რომ გადაიღო "ნოემბრიდან ნოემბრამდე", სადაც ვიღაც-ვიღაცეები რუსულად საუბრის გამო რუსეთის აგენტებად გამოაცხადა.
გურამ დონაძე კი ის არის...
აი, ამათ უთხრა ბ-მა ბურჭულაძემ - "მოგესალმები, ნიკა, გენაცვალე".
და ახლა, როგორც ირკვევა, პრობლემა ის კი არ არის, რომ პაატა ბურჭულაძე ენაცვალება ყველა ჯურის ქურდს, ყაჩაღს, მოძალადეს, კორუმპირებულს და მკვლელს, არამედ, პრობლემა ის არის, რომ ამის შესახებ ყველამ გაიგო და მისი ნულპროცენტიანი რეიტინგი ნულს ქვემოთ ჩამოვიდა.
მოსმენები, რასაკვირველია, პრობლემაა, ისევე როგორც - ფარული ჩანაწერები. ვამბობთ "მოსმენებს" და ვგულისხმობთ ნაციონალურ მოძრაობას. ვამბობთ "ფარულ ჩანაწერებს" და ვგულისხმობთ "სააკაშვილის ნარჩენებს", ვამბობთ "შანტაჟს, დაშინებას და პროვოკაციას" და ისევ ისინი იგულისხმებიან, ქართველმა ხალხმა სანაგვეზე რომ მოისროლა და ვისაც მსოფლიო ბანი "გენაცვალეს" სწორ ნაწლავამდე ჩამწყდარი, აკანკალებული ხმით ეუბნება.
მოსმენები პრობლემაა, ამ პრობლემას მაშინ მოევლება, როცა უკანასკნელი ნაციონალიც, ყოფილების და პორტირებულების ჩათვლით, სანაგვეზე აღმოჩნდება, მაგრამ მოსმენებთან ერთად პრობლემაა ჩაწერებიც. ჩაწერა, ჩაშვება, დასმენა, დაბეზღება, თვალთვალი - ყველაფერი, რაც ნაციონალებმა ნორმად აქციეს.
ერთი ღილაკი, ერთადერთი ღილაკი, და ჩაწერე რაც გინდა, რამდენიც გინდა, როგორც გინდა და ვინც გინდა. შემდეგ, ატვირთე ინტერნეტში, სახალხოდ გამოაჭენე ის, ვინც აკანკალებული ხმით გენაცვალება და რა პრობლემაა, თუ მისი ნულს ქვემოთ მყოფი რეიტინგი ნულს ქვემოთ დაეშვება?
ასე დასრულდა მსოფლიო დონის ბანის "ხანგრძლივი და ნაყოფიერი" პოლიტიკური კარიერა, თუმცა დასრულდა კი? ვინ იცის, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პაატა ბურჭულაძე იქნებ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის პირველ ათეულშიც კი ვიხილოთ, ვითარცა "ნიკა გვარამიას მსხვერპლი".