გიგანტური ხრონგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე ქადაგებს?!

გიგანტური ხრონგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე ქადაგებს?!

სკულპტურა დაახლოებით 6 მეტრი სიმაღლისა და 12 მეტრი სიგრძისაა. ორი საჭე და ორი, ერთმანეთისკენ მიმართული, სკამი აქვს. ბორბლებზე დაუმონტაჟდება ჰაერის განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტურბინები, პროპელერები, რომლებიც 4 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს ენერგია ბორბლების გასანათებლად დაიხარჯება და შექმნის ეფექტს, რომ ველოსიპედი მოძრაობს

ცნობილია, რომ სულ მალე ვარდების მოედანზე, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გიგანტური ველოსიპედის მონუმენტი დაიდგმება. მონუმენტი (ლათ.) არის არქიტექტურული ან სკულპტურული ნაგებობა გამოჩენილი პიროვნების ან რაიმე ისტორიული მოვლენის უკვდავსაყოფად. სწორედ ამიტომ საზოგადოებას აინტერესებს, რის უკვდავსაყოფად გვჭირდება გიგანტური ველოსიპედი? მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მონუმენტი, უბრალოდ, ძალიან ლამაზია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, თანაც "ქალაქში ველოსპორტის ინფრასტრუქტურა ვითარდება და ეს მონუმენტიც ამ ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია(?!").

თუ "რედისონის" წინ გიგანტური ველოსიპედის დადგმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურება, რა დააშავა ცხენზე ამხედრებულმა დავით აღმაშენებელმა? ნუთუ არაჯანსაღ განცდებს იწვევდა ან საომრად უბიძგებდა საზოგადოებას?

თბილისის მერიასა და ძველი თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდში (რომელიც აღნიშნულ პროექტს აფინანსებს) მიაჩნიათ, რომ ახლა დედაქალაქს უფრო თანამედროვე და ევროპული იმიჯისთვის სწორედ ეს გიგანტური ხრონგი (როგორც გურულები უწოდებენ) სჭირდება.

ძველი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე ამბობს, რომ სკულპტურის შექმნის იდეა ცნობილ ფრანგ მხატვარს, 86 წლის ჟან დიუპის ეკუთვნის, რომელმაც, თურმე, ეს პროექტი საქართველოს აჩუქა.

ჩუქებაზე გამახსენდა - რიკოთის უღელტეხილზე დონ კიხოტის ლითონის ქანდაკება დგას. როდესაც მისი წარმომავლობით დავინტერესდი, გაირკვა, რომ ქანდაკება იქვე მდებარე კვების ობიექტის მეპატრონეების მეგობარ მოქანდაკეს გაუკეთებია. თურმე ძეგლი სახელოსნოში დიდ ადგილს იკავებდა. მოქანდაკეს დონ კიხოტის გამოსაჩენ ადგილზე დასადგმელად ძველი თბილისის განვითარების ფონდის მსგავსი ხელშემწყობი რომ ვერ უპოვია, ნამუშევარი მეგობარი მერესტორნეებისთვის უჩუქებია, სადაც გინდათ, იქ დადგითო. იმათაც რიკოთზე, ზედ ტუალეტის წინ დააკოსეს უზარმაზარი, სევდიანი დონ კიხოტი.

ჟან დიუპის ამბავი ქართველი დონ კიხოტის ავტორის ამბავს მაგონებს. თუ ველოსიპედი აწყობილი ჰქონდა, ცხადია, სახელოსნოში დიდი ადგილს დაიკავებდა, მისთვის სათანადო ადგილი კი   პარიზის ქუჩებში, როგორც ჩანს, ვერ მოიძებნა;

ასეთ სიტუაციაში აბა, საქართველოზე უკეთეს ადგილს სად ნახავდა - აქ ხომ ძეგლებს ვუდგამთ ყველაფერს: შლოპანცებს, კვერცხებს და ა.შ.  ხმა დადის, რომ საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონს მიიღებენ. აი, მერე ნახეთ, გიგანტურ ფოთოლს რომ აღმართავენ ან დაკიდებენ სადმე, მაგალითად, რიყეზე, სადაც სივრცე ჯერ კიდევ თავისუფალია; თან სათქმელიც ექნებათ - ფოთოლი ხელს უწყობს მარიხუანას ლეგალიზაციას, ამასთან, სიგარეტის კოლოფზე ჯანდაცვის სამინისტროს წარწერის არ იყოს, გაგაფრთხილებთ, რომ“კაიფი კლავს! ჰო, მართლა, ფოთოლი ხომ ადამის და ევას პირველი სამოსიც იყო...

ერთხელ ბატონმა კობა სუბელიანმა, რომელსაც დედაქალაქისთვის აქტუალურ პრობლემაზე რაღაც ვკითხე, მითხრა, რომ ქვეყანაში რაც უნდა გაკეთდეს, ჟურნალისტები მაინც უკმაყოფილონი ვართ (თუმცა ყველაზე ამას ვერ ვიტყვით). ალბათ, ამ წერილის წაკითხვის შემდეგაც იმავეს დამაბრალებენ, არადა, ასე სულაც არ არის. აღმაშენებლის გამზირზე ვცხოვრობ და ძალიანაც მომწონს აღდგენილი და განახლებული ქუჩა, ულამაზესი ძველი სახლები. არც იმის თქმა მავიწყდება, რომ ასეთი დიდი პროექტი აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია. სხვა საქმეა, რა ფორმითა და მეთოდებით მიმდინარეობს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია.

ისევ ხელისუფლების მონუმენტებით გატაცებას დავუბრუნდეთ... 

თუ ევროპელობა გვინდა, გონივრულად მივბაძოთ ევროპელებს. მაგალითად, პარიზში, მონმარტრზე, ფრანგი დრამატურგის, მარსელ ემეს სახელობის პატარა მოედანზე, საინტერესო ქანდაკება დგას - კაცი კედლიდან გამოდის. მონუმენტის ავტორია ჟან მარე. ცნობილ მსახიობს, რომელიც ასევე გატაცებული იყო სახვითი ხელოვნებით, ასეთი იდეა მწერლის ნაწარმოებმა შთააგონა. მარსელ ემეს ერთ-ერთი ნოველის მიხედვით, მთავარ გმირს, რიგით სახელმწიფო მოხელეს, კედლებში გასვლა შეუძლია. ამ მონუმენტთან ყოველთვის უამრავ ტურისტს ნახავთ; ის ორიგინალურობით იტაცებს თვალს, ამასთან, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მასპინძელი ქვეყნის ცნობილი დრამატურგისა და ასევე ცნობილი მსახიობის შესახებ. ჩვენ კი მაინცდამაინც არაფრის მთქმელი ველოსპიდები უნდა აღვმართოთ ქუჩებში? ვითომ არაფერი მოგვეძევება კულტურასა და ყოველდღიურობაში ისეთი, რასაც ან ვისაც პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ? საქართველოში ხომ ველოსიპედებით ბავშვების და სპორტსმენების მეტი არავინ დადის!..

- რაც უნდა გავაკეთოთ, ხალხი ყველაფრის მიმართ აგრესიულია, - დანანებით მითხრა ერთხელ ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ.  ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ნაჩქარევი, ხშირად დაუფიქრებელი ქმედებებით ამახინჯებს საუკეთესო იდეებსაც კი. აგრესია ბუნებრივია, როცა ხალხი ხელისუფალისგან იმას ვერ იღებს, რასაც დაჰპირდნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა ინაუგურაცია დავით აღმაშენებლის საფლავთან გამართა და დაიფიცა, რომ მას მიჰბაძავდა, არადა, პირველად სწორედ დავითის ძეგლი მოიშორა დედაქალაქის ცენტრიდან, ახლა კი მის ადგილზე გიგანტურ“ტინგიცურ ველოსიპედს უდგამენ ძეგლს. გაუგებარია, რომ ამის შემდეგ ხალხს პრეზიდენტის ფიცი სწამდეს და ბოლო აკვირვებდეს? აგრესია ბუნებრივია, როდესაც ებრძვი ძველ ძეგლებს იმიტომ, რომ თურმე ისინი ქალაქის იერსახეს აუშნოებს, შენ კი დგამ სრულიად ალოგიკურ, უშინაარსო მონუმენტებს და საზოგადოების აზრი არც გაინტერესებს.

აგრესიას გამოიწვევ, თუ აფეთქებ მემორიალს მხოლოდ იმიტომ, რომ პატივს არ სცემ მის შემოქმედს და იმ ხალხის ინტერესებს, ვის პატივსაცემადაც იგი შეიქმნა, ამასთან, ამ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

აგრესია და დაცინვა ბუნებრივია, როდესაც თვითონ ვერ ხვდები, რა იქნება უკეთესი და სხვასაც არაფერს ეკითხები. არც ამ ველოსიპედის საწინააღმდეგო ექნებოდა ვინმეს რამე, მისთვის სათანადო ადგილი რომ მიეჩინათ რომელიმე სკვერთან, სპორტულ მოედანთან ან სულაც სამტრედიასა და აბაშაში - ამ ორ პატარა ქალაქში ხომ ველოსიპედი განსაკუთრებით უყვართ! ქალაქში არქიტექტურულ დისონანსს არ უნდა ქმნიდე და ეჭვიც აღარავის გაუჩნდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება იდეოლოგიური ძეგლების მოტრფიალე კომუნისტებს ემსგავსება. თბილისისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავისუფლების, ვარდების, გმირთა და სააკაძის მოედნებს (სააკაძე წამომცდა, ნეტავ მას რას უპირებენ), ამიტომ აქ ყველაფერი განსაკუთრებული უნდა იყოს. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს ველოსიპედი პარიზში, ტრიუმფალური თაღის წინ რომ დაედგათ!..